ორი მუზის მსახური - ნიკა ფაიქრიძის თოკებზე გაფენილი სიგიჟე და თუთიყუში, რომელმაც სტრესი მიიღო - გზაპრესი

ორი მუზის მსახური - ნიკა ფაიქრიძის თოკებზე გაფენილი სიგიჟე და თუთიყუში, რომელმაც სტრესი მიიღო

ის უკვე ორი მუზის მსახურია, ამიტომ ასე უნდა წარვადგინო: მსახიობი და პოეტი ნიკოლოზ ფაიქრიძე. 16 მაისს 26 წლის გახდა. ვინც ახლოს იცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ მორიდებული ბიჭია, სამაგიეროდ, თავხედია პოეზიაში და როგორია სცენაზე, ვუწევ რეკომენდაციას, თავად იხილოთ. წერს, რომ დედამიწას მხრებით დაატარებს. წერს მაშინ, როცა რაღაც აწუხებს. მისი სხეული, ლექსში ჩადებული ყველა განცდის გამტარია. უყვარს ფიქრი, ადამიანების მოსმენა და არასდროს ავიწყდება, რომ: "სიბრძნეშია სიცრუე,/ ქვეყნის მტყუან-მართალი,/ სიცოცხლეში აგროვე,/ სიკვდილისთვის საგზალი".

მისი "ავტოპორტრეტი" კი ასეთია:

"ქრონიკული უძილობით ტეხავს ღამეებს,/ ტროპიკული ციებ-ცხელებით აგრილებს ოთახს,/ ის ჩქარობს ძალზედ და ყველაფერს თხოულობს ორმაგს,/ გიჟი რას ჰქვია? ალბათ უფრო ნაგიჟარს მოჰგავს./ თან სულ არტისტობს, საშიშია მისი როლები,/ ის დიდებს ეტრფის, ეჩაგრება გვერდით ტოლები./ უწყრება ამინდს, ჯიშად მოსდევს ბაბუის გენი./ უყვარდა ერთ დროს სოფელი და სოფელში რთველი./ ოცდამეერთე საუკუნის ირგებს განწყობებს,/ იგებს უამრავს, ხშირად ტირის ობოლ ბავშვივით,/ ვერ გადიდკაცდა, 26 ცოტაა წელი,/ სახეზე არ აქვს, ვერ შეივსო უაზრო წვერი./ აღარ სვამს, თუმცა სამადლობელს ბოლომდე დალევს,/ ქუჩებზე ფიქრობს, ყველგან თავის სიჩუმე დასდევს,/ ის ამჩნევს საგნებს, სულს აძლევს და აბამს დიალოგს,/ მერე უცინის, ხელს ართმევს და დახეტიალობს./ გიჟი რას ჰქვია? ალბათ უფრო ნაგიჟარს მოჰგავს,/ მაღალფარდოვნად სისულელე დასტურად მოჰყავს,/ ჩქარობს რატომღაც და ყველაფერს ითხოვს ახლავე,/ უნდა მოასწორს, გააკეთოს, სულის წასვლამდე,/ ახლაც არტისტობს, 26 წელია ასე,/ გიჟის თვალებით ჯუჯღუნით და უცბად მოწყენით/, ლექსს თუ დაგიწერს? შენ სთხოვე და უცბად, მოფრენით,/ სულსაც დაგითმობს, ქეიფით და დიდი მოლხენით,/ გიჟი რას ჰქვია? ალბათ უფრო ნაგიჟარს მოჰგავს".

26 წლის იუბილე მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ თარიღად იქცა. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ნიკას მონოსპექტაკლის - "ღამე და თუთიყუში" (თამაზ ბაძაღუას პიესა, დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმა) ჩვენება და ნიკას პირველი პოეტური კრებულის - "შენ ჩემს სიგიჟეს თოკებზე გაფენ" წარდგენა მოხდა. მაყურებლისთვის ეს საღამო ერთი დიდი დღესასწაული იყო...GzaPress

დიმიტრი ხვთისიაშვილი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- შეიძლება, ვინმეს ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ დღევანდელი საღამოს შემდეგ, ნიკა ფაიქრიძე ორი მუზის მსახური ხდება. პოეტური კრებული უკვე სახეზეა. სპექტაკლშიც ნიკას რამდენიმე ლექსია გამოყენებული. ეს კრებული მთავრდება იმ ლექსით, რომელსაც სპექტაკლის ბოლოს კითხულობს: "ცაზე დავწერ ოცნებას, ვიწყებ ახალ ცხოვრებას"...

ლექსების წერა რომ შეეძლო, მგონი, ეს საკუთარ თავში აღმოჩენილი და გაცნობიერებული თავადაც არ ჰქონდა. თავიდან თითქოს, გატაცება იყო. როცა საქმე წიგნის გამოცემაზე მიდგა, თეატრის განრიგს ჩავხედე და ნიკას ვუთხარი, - მგონი ვასწრებთ, თავისუფალი დღეა და 16-ში გავაკეთოთ-მეთქი. ვითომ არ მახსოვდა, რომ ამ რიცხვში ნიკას დაბადების დღე იყო. დღეს ის 26 წლის გახდა. ვუსურვებ, არავისზე სწორება არ გააკეთოს, მასში არის სიყვარული გალაკტიონისადმი, ტიციანისადმი, პაოლოსადმი, ტერენტისადმი და მაინც არავის ჰგავს. ქართულ პოეზიაში ახალი თვითნაბადი ნიჭი გამოჩნდა. სამსახიობო კუთხით რომ ვიმსჯელო, მას ეს ნიჭი განგებამ უხვად დააბერტყა და რეალიზებულიც არის. დღევანდელი რეპერტუარით ნიკა თვეში 34-38 სპექტაკლს თამაშობს. ამ ყველაფრის ფონზე, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საოცრად მზრუნველი მამაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მამა პეტრე (კვარაცხელია):

- დღეს ამ ახალგაზრდა ადამიანის მონოსპექტაკლი პირველად ვნახე. ნიკოლოზი ძალიან ნიჭიერია. სპექტაკლიც აქტუალურ თემას ეხება: თითქოს მასშია პასუხი ადამიანის შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაინტერესებს, მაგრამ არ გვაქვს გამბედაობა, საკუთარი თავისადმი დასმულ შეკითხვებს ობიექტურად ვუპასუხოთ. მსგავსი სპექტაკლები საზოგადოებას საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება.

რაც შეეხება ნიკოლოზ ფაიქრიძის პოეზიას, ეს არის პირველი ძალიან შთამბეჭდავი, სიყვარულით სავსე ნაბიჯები. წარმატებას ვუსურვებ! რომც არ დაწეროს, ის თავისთავად შემოქმედია, რადგან სცენაზე უამრავ პერსონაჟს ასახიერებს. მთავარია, ამ ნიღბებში საკუთარი თავი არ დაკარგოს. ყველაზე დიდი შემოქმედება საკუთარი თავის რეალიზაციაა.

საშა გველესიანი, პოეტი:

- ეს სპექტაკლი პრემიერის დღეს ვნახე, მერე აღარ მინახავს, დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა, როგორც მსახიობი, ძალიან გაზრდილია.

- თქვენ ნიკას ბავშვობიდან იცნობთ, ბიძა ბრძანდებით, არა?

- დიახ, ბიძა ვარ. ჩემი სახით ერთი გადარეული შევიდა დანარჩენი გადარეულების ოჯახში და დღეს ყველა გადარეულები ვართ. როგორც პოეტი, ძალიან ნიჭიერია. ყველაზე კარგი, რაც აქვს, ისაა, რომ არ არის კმაყოფილი თავისი შემოქმედებით და სანამ ეს ეჭვი ექნება, განვითარდება და დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.

პირველად ნიკას ლექსები სოციალურ ქსელში დაიდო, მაგრამ მისი ფოტო არ გამოქვეყნებულა. ყველას 40-45 წლის კაცი ეგონა. დღესაც ასეა, მისი ნაწერები 26 წლის ბიჭის დაწერილს არ ჰგავს.

ნიკა ფაიქრიძე:GzaPress

- 26 წელი ის ასაკია, როცა არ უნდა ფიქრობდე მარადისობაზე, უკვდავებაზე... პირველი ლექსი სოციალურ ქსელში რომ დავდე, ეგრევე გამოვედი. თან საათს ვუყურებდი, მინდოდა დრო გასულიყო. საკუთარ თავს უამრავი კითხვა დავუსვი. დრო უჩვეულოდ გაიწელა, ვკვდებოდი ინტერესით, იქ რა ხდებოდა. ტერორიზმის მსხვერპლ სირიელი ბავშვების ტრაგედიაზე ლექსი დავწერე, თითქოს უფალს ვეკამათებოდი და ვითხოვდი, ადამიანებისთვის მოეცა იმდენი ძალა, რომ ეს ყველაფერი შეგვეჩერებინა. ერთმა მკითხველმა შემაქო, მეორე შეეკამათა, - აქ მოსაწონი რა არის, ღმერთს ეპაექრებაო. მიხარია, რომ ნათქვამი უმრავლესობამ სწორად გაიგო.

- კრებულის "დაბადება" რა განცდაა? რას შეგიძლია, შეადარო?

- სტამბაში მიტანის წუთიდან, სანამ დაიბეჭდებოდა, რამდენიმე ღამე არ მეძინა. სულ მქონდა შიში, შეიძლება რაღაც მოხდეს, შეიძლება ლექსები წაიშალოს... ჩანაწერი 3-4 მეხსიერების ბარათზე მქონდა შენახული. წიგნი რომ გამოვიდა და ვნახე, მხოლოდ გარედან ვუყურებდი, ვერ გადავფურცლე. მერე გაჩნდა სხვა შიშები. ახლა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავარ. ბევრი ვიფიქრე და გამოვიტანე დასკვნა, რომ ეს წიგნი წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია. როცა მარტო ვრჩები, სრულიად მარტო და წიგნს ვიღებ, ეს სხვა ინტიმია. ყველა ლექსს თავისი თავგადასავალი აქვს. გახსენდება, სად დაწერე, როგორ დაწერე, რამ დაგაწერინა.

ნიკას წიგნის პრეზენტაციის მეორე დღესაც შევხვდი, თეატრის ფოიეში მელოდებოდა. შესვლისთანავე შევნიშნე, რომ რაღაცას წერდა:

- მე სულ ვწერ. ამჯერად, რაღაც ფრაზები ჩავინიშნე, რომელიც შემდეგ ლექსად იქცევა. "დაუბერავს სიცოცხლეს სიო დასავლეთიდან", "შენ ასუფთავებ ხიდებს ცოდვისგან, ათავისუფლებ აზრებს ბოდვისგან". "ხმაურობს სიჩუმე, სიჩუმე ქაოსობს"...

5 წუთის წინ, აქ პატარა გოგონები და ბიჭები შემოვიდნენ. ქარი იყო და გოგონებს სკოლის ფორმებს უფრიალებდა. ერთ-ერთს რცხვენოდა, ძალიან საყვარელი იყო. ჩემთან კი უეცრად "მოფრინდა" ფრაზა: "ურცხვად გიფრიალებს კაბას"... ეს სიტყვები პირველი აგურებია. როგორც კი დრო მექნება, მივუბრუნდები. ხვალ დილისთვის ყველა ლექსი დაწერილი მექნება.

- ლექსს რომ წერ, მერე შორდები? ივიწყებ იმისთვის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, საკუთარი ნაწერი ემოციაზე გამოცადო?

- აუცილებლად, 2 დღით მაინც ვშორდები. მერე სრულიად უცხოსავით ვკითხულობ. ის ან მონატრება უნდა იყოს, ან ბრძოლა, ან სიყვარული... თუ რომელიმეა, ძალიან მიხარია.

- მორიდებულობა ცხოვრებაში და სითავხედე ლექსებში, ეს შენი ხასიათის ორი მხარეა.

- ძალიან მორიდებული ვარ, თამამი განცხადებებით არ გამოვირჩევი. როცა საქმე შემოქმედებას ეხება, სულ სხვაა - მე ხომ სცენაზე ნიკა ფაიქრიძე არ ვარ, იქ პერსონაჟს ვთამაშობ, სხვა განზომილებაში გადავდივარ, ენერგიით ვივსები. პოეზია სპექტაკლის თამაშია, თორემ მე არ ვარ ისეთი თავხედი, მართლა მჯეროდეს, რომ დედამიწას მხრებით დავატარებ, არც ღმერთთან პაექრობა შემიძლია. ოდესმე უფალს თუ შევხდები, ალბათ სინანულითა და სირცხვილით მოვკვდები.

ადამიანების მოსმენა და ფიქრი მიყვარს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს არ ვუსმენთ და ნაჩქარევი დასკვნები გამოგვაქვს. მოსმენა სტუდენტობის წლებში ვისწავლე. მაშინ ბარში ვმუშაობდი, რთული პერიოდი იყო. ადამიანები მოდიოდნენ, იღებდნენ სასმელს და იწყებდნენ საკუთარი ამბების მოყოლას, მე კი, შეიძლება ითქვას, რომ იმ წუთებში მათთვის ფსიქოლოგი ვიყავი. განვლილი ცხოვრების ყველა შემთხვევა გამოვიყენე, როგორც გამოცდილება, როგორც გაკვეთილი.

"ღამე და თუთიყუში" პირველად 23 წლის ასაკში ითამაშა. მონოსპექტაკლით ბევრი უფრო გამოცდილი მსახიობი ვერ დაიკვეხნის.

ეს სპექტაკლი ახალგაზრდა პოეტის არშემდგარი შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრების ერთგვარი აღსარებაა. ნიკა კი ისე თამაშობს, მაყურებელს არ აძლევს საშუალებას, ოდნავ მაინც მოდუნდეს. სხვა გზას არ უტოვებს, გმირის განცდებს, მთელი სიმძაფრით საკუთარივით განაცდევინებს. განსაკუთრებით ემოციური ბოლო სცენაა, გაქვს განცდა, რომ ყულფში თავი შენც უნდა გაყო და ამ დროს შეუძლებელია, მასთან ერთად არ ატირდე. ეს ძალიან გულწრფელი ემოციაა.

- ერთ-ერთ სპექტაკლზე ისეთი რამ მოხდა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ასეთ შრომას სხვა ფასი აქვს. დარბაზში 50 წლამდე ქალბატონი იჯდა და ყულფში თავის გაყოფა რომ დავაპირე, წამოიყვირა, - არა, შვილო, ეგ არ გააკეთოო!

- მაყურებელიც როლში შეგყავს...

- მადლობა ასეთი შეფასებისთვის.GzaPress

- ბოლოს თუთიყუშზე გკითხავ, რომელიც სპექტაკლში პარტნიორობას გიწევს, - თომა შენ დაარქვი? ეს ხომ შენი შვილის სახელია.

- როდესაც ამ სპექტაკლზე მუშაობა დავიწყეთ, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და ბუნებრივია, ვღელავდი. შევთანხმდით, რომ დეტალები შეგვეცვალა. სცენარის მიხედვით, თუთიყუშს სახელი არ ჰქონდა, მე კი გამიჩნდა სურვილი, სახელით მიმემართა. შეუძლებელია, ასეთ მარტოსულ ადამიანს სახლში "მეგობარი" ჰყავდეს და მას სახელი არ შეურჩიოს. ბატონმა დიმამ მკითხა, რას დაარქმევო? მაშინ ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო, სახლში რომ ვბრუნდებოდი, სულ ველაპარაკებოდი. ამ დიალოგს ისე მიჩვეული ვიყავი, ვთხოვე, თომას დავარქმევ-მეთქი.

თუთიყუში თომა ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა, ზოგჯერ ისე აჟღურტულდება, მახარებს. ის სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შევიძინეთ. ერთი პერიოდი მადა არ ჰქონდა და გახდა. ვეტერინარმა გვითხრა, სტრესი აქვს მიღებულიო. სპექტაკლში არის მომენტი, როცა ჩემი გმირი თომას უყვირის. თურმე, თუთიყუშები ხმაურზე წუხდებიან და ჭამის მადა უქრებათ. ეს ამბავი ძალიან განვიცადე, თომა სულ აბუზული, შეშინებული იყო... მერე ცოტა ხნით პაუზა გვქონდა, თეატრში პრემიერები იყო და მონოსპექტაკლი აღარ მითამაშია. თომას სულ ვნახულობდი, ბოდიშს ვუხდიდი, ვეფერებოდი, ვაჭმევდი. ახლა უკვე შემდგარი მსახიობია. გალიიდანაც ვუშვებთ და დაფრინავს. არ გვეპარება, იცის, გალიაში რა დროს უნდა დაბრუნდეს.

თამუნა კვინიკაძე