ალა­ლი ლუკ­მის ფა­სი... "ბედ­ნი­ე­რი ხართ, რომ არ იცით, რა დი­დი და მძი­მე ფა­სი ადევს ალალ ლუკ­მას" - გზაპრესი

ალა­ლი ლუკ­მის ფა­სი... "ბედ­ნი­ე­რი ხართ, რომ არ იცით, რა დი­დი და მძი­მე ფა­სი ადევს ალალ ლუკ­მას"

იმ ქალებზე, ოჯახების გადასარჩენად რომ წავიდნენ საზღვარგარეთ და მართლაც თავგანწირვად და გმირობად იქცა მათი ქმედება, ბევრი დაწერილა და ამ მხრივ, არც ჩვენი ჟურნალია გამონაკლისი. მამაკაცებზე კი თითქმის არასოდეს ვლაპარაკობთ და სიმართლე გითხრათ, იმის შემხედვარეს, რაც მხოლოდ ჩემი კორპუსის ეზოში ხდება, ძნელია მამაკაცებზე კარგის თქმის სურვილი გაგიჩნდეს, რაზეც "გზა" #20-ში უკვე ვისაუბრე...

რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან სამარშრუტო ტაქსით მომიხდა გამგზავრება და უნებურად გავხდი ორი მამაკაცის საუბრის შემსწრე. ერთი ახალგაზრდა იყო - დაახლოებით ოცდახუთი წლის, მეორე ალბათ, მასზე ორჯერ უფროსი:

- სამი თვეა, სახლიდან ვარ წამოსული და ისე მენატრება ოჯახი, გული ყელში მაქვს მობჯენილი! - თქვა ახალგაზრდამ.

- მასე ვარ მეც და დილიდან ისე მტკივა თავი, წნევა მაქვს ალბათ აწეული! - ამოიხვნეშა უფროსმა.

- ამდენს რომ იწვალებ და გადეიტან კაცი, იმდენი მაინც უნდა მიგქონდეს სახლში, რომ მთელი წელიწადი აღარ მოგიშივდეს ოჯახი! - იმერულად მოუქცია ბიჭმა.

- ღმერთს ნუ სცოდავ, ბადრია და მადლობა უთხარი იმისთვისაც, რაც გაშოვია. ცოტაა, მარა ალალია და დედის რძესავით შეერგება ჩვენებს! - დაარიგა ასაკოვანმა.

...სამარშრუტო ტაქსი ნახევარი საათით გაჩერდა. მძღოლმა ბოდიში მოგვიხადა: საბურავი უნდა გამოვცვალო. ცოტას დაგაგვიანებთ, მაგრამ შინ მშვიდობით მიგიყვანთო!

დრო ვიხელთე და იმ მამაკაცებს გამოველაპარაკე:

- თქვენი საუბარი მოვისმინე, უნებლიეთ... მაპატიეთ ცნობისმოყვარეობა. სამუშაოდ ყოფილხართ და მთლად კმაყოფილი არ უნდა იყოთ...

- კაცის შრომას ნაკლები ფასი აქვს ყველგან, მარა ქალის გარეშე ოჯახის დატოვებას, მირჩევნია, ისევ მე ვიწვალო! - ხელი ჩაიქნია უფროსმა: - ეს ბიჭი ძმისშვილია ჩემი და მე გოვუკვალე გზა თურქეთისკენ. ჩემი ძმა მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან და ვალდებული ვარ, მის ოჯახსაც მივხედო. ადრე დაქორწინდა ბადრია და ორი შვილი ჰყავს უკვე, ცოლი და დედაც მისი მისახედია. გარდა ამისა, ათასი მტერ-მოყვარე ჰყავს ოჯახს და ყველას ღირსეულად უნდა დახვედრა. საქართველოში მუშადაც არავის ვუნდევართ და ამიტომ ვემსახურებით გადამთიელს, თვარა ძაან გვიჭირს თვეობით ოჯახის გარეშე ყოფნა.

- თურქეთში ადვილად ახერხებთ დასაქმებას?

- იოლი ქეიფი და ღვინის სმაც არაა, მუშაობა კი არა. თანაც, რომ გხედავს თურქი, გიჭირს და ყველაფერზე თანახმა ხარ ორი კაპიკისთვის, ყელში გიჭერს ხელს. თუ უარს ეტყვი, სხვა დაეთანხმება - მთელი საქართველო იქაა სამუშაოს საშოვნელად და სხვა ათასი რჯულის ადამიანიც...

- რას აკეთებთ ხოლმე?

- რას აღარ ვაკეთებთ! - თვალი მომარიდა ახალგაზრდამ და იაფფასიან სიგარეტს მოუკიდა, საუბარი კი ისევ უფროსმა განაგრძო:

- მშენებლობაზეც გვიმუშავია, ჩაის პლანტაციაშიც, თხილის კრეფაც გვიწევს და რა ვიცი კიდევ, რა აღარ... ნაგავიც კი მიზიდია, ოღონდ, ტყუილად არ ვმჯდარიყავი... სამი თვეა, გადავარდნილები ვართ და ათასი დოლარიც ვერ მოგვაქვს სათითაოდ...

- სამი წლის ბიჭი მყავს და ველოსიპედის ყიდვას დავპირდი, მაგრამ ვერ გევიმეტე ფული და არ ვიცი, რა ვუთხრა... მერე საჭმლის გარეშე ხომ არ დავტოვებ ოჯახს?

- ამდენს წვალობთ და შეიძლება, კვების პრობლემაც ვერ მოაგვაროთ?! - ვერ დავიჯერე რატომღაც და მგონი, ვაწყენინე ორივეს:

- ეტყობა, არ გაგჭირვებია და არც პურის ფული გისესხებია ჯერ! - მითხრა უფროსმა და გამეცალა.

- ბედნიერი ხართ, რომ არ იცით, რა დიდი და მძიმე ფასი ადევს ალალ ლუკმას და პატიოსანი მუშაკაცის შრომას! - მომაძახა ახალგაზრდამ და მანაც ზურგი მაქცია. ბევრი ვერაფერი გავიგე მათზე, - მგონი, ბაღდათელები იყვნენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მათ სადაურობას? მთავარი ხომ მათი თავდადება და ის ღირსებაა, მიუხედავად ყველაფრისა, რომ შეუნარჩუნებიათ და სწორედ მათი მსგავსები გადაარჩენენ საქართველოს, განსხვავებით იმ მამრებისგან, რბილი სავარძლებიდან წამოდგომას რომ ვეღარ ახერხებენ და რატომღაც, პოლიტიკოსები და ქვეყნის პატრონები ჰგონიათ თავი...

ინგა ჯაყელი