რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ სის­ხ­ლის ხა­ზით გა­ყო­ფი­ლი სამ­შობ­ლოს გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა - გზაპრესი

რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ სის­ხ­ლის ხა­ზით გა­ყო­ფი­ლი სამ­შობ­ლოს გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა

"არ ვარ მხატვარი, თორემ შევქმნიდი ტილოს საოცარს, ტილოს სანატრელს, განთიადის სხივებით მოსილს, მე დავხატავდი კახელს - ხელში მძიმე მტევნებით, მხარში რომ ძმურად ამოუდგა გამრჯელი ოსი".

ცოტა ხნის წინ ერთი ქართველი გავიცანი, საქართველოსა და რუსეთს შორის შვილად გაუყოფელი. გივი მდივნიშვილი 30 წელს გადაცილებული კაცია. მისი წინაპრები რაჭიდან ლაგოდეხში გადმოსახლებულან, მერე გივი "რაჭულ მოსიარულე სულს" კახეთიდან რუსეთში გადაუხვეწია და ახლა ორმაგი მოქალაქეობა სურს: საქართველო ძალიან უყვარს, რუსეთში კი მატერიალურად იმაგრებს წელს. არჩევანი დიდი არ არის, თავის რჩენისთვის ქართული გენოფონდი იძულებით, საზღვარგარეთ შრომობს...

გივის საკუთარი თავის გარდა, სხვაც აფიქრებს, განსაკუთრებით, ქართულ-ოსური ურთიერთობები. ალან-ქართველთა კონფლიქტით არავის მოუგია. საუკუნეობით ნალოლიავები კეთილგანწყობა ნელ-ნელა ქრება, არადა, მახსოვს, საჩხერის სოფელ პერევში გადმოსული ცისფერთვალება ოსის ქალი ჩვილით, აქაურ ექიმს რომ გაასინჯა. მახსოვს ოსი გოჩაც, გულს რომ უჩიოდა და ნანა ექიმის რეცეპტით "ხელდამშვენებული" გადავიდა ყვირილაზე გადებულ ხიდზე.

გივი მდივნიშვილს ეს ამბავი რუსი მასწავლებლის მონათხრობის მიხედვით დაუწერია:

"სხედან ჩემ წინ ერთ მერხზე გოგონა და ბიჭუნა, მეხუთეკლასელები. გოგო ოსია ეროვნებით, ბიჭი - ქართველი. არც ერთს არა აქვს კავკასიელისთვის დამახასიათებელი აქცენტი, რადგან ორივე მოსკოვშია დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ ის, რასაც ჰქვია "სისხლის ყივილი", აშკარადაა ხაზგასმული მათ გარეგნულ იერში. ბიჭი ტანად პატარაა, ჩია, რაღაცით მელიასებრთა ოჯახის კეთილშობილ წარმომადგენელს ჰგავს. ოდნავ ხვეული, მუქი თმა შუბლზე ჩამოშლია, არისტოკრატიული სახის ნაკვთები, თეთრი კანის შეფერილობა და შავი, დიდრონი თვალები აქვს, ულამაზესი წამწამთა ჯარით შემორაგული. გაკვეთილზე, როგორც წესი, არ აქტიურობს, თუ კონკრეტულად არ ეტყვი: "რვეული გადავშალოთ, ვახტანგ, ვწერთ!" აი, მაშინ ტაატით შლის რვეულს და აუჩქარებლად გამოჰყავს ასოები. ხანდახან ფანჯარაში უყვარს ყურება, მეოცნებე თვალებით, თითქოს მთელი არსებით კითხულობს, რა ხდება იქ, შორეულ სამყაროს წიაღში? როცა ამდენი საგმირო, კაცური საქმე მელოდება, რას ვაკეთებ აქ? - ამას ღაღადებს მთელი მისი არსება.

ამ კვირას მოგვევლინა ლამაზად შეკრეჭილი, დავარცხნილი თმით, მისი ჯიუტი "ჩოლკაც" კი თვინიერად უფარავდა ნახევარ შუბლს და თვალებზე აღარ ჰქონდა ჩამოფხატული. ოჰ, ვახტანგ თმა შეიჭერი? - აღტაცებით ვეკითხები მე. - დიახ, სვეტლანა გერასიმოვნა, დღეს მეგობრის დაბადების დღეა. იცით, მე მას მთელი მარადისობაა, რაც ვიცნობ! - და ხელებს ისე შლის და სწევს მაღლა, მთელი საქართველოს ყველა დროისა და თაობის მამაკაცთა ხიბლია მის ამ ჟესტში თავმოყრილი. ვახას მერხის მეზობელი, ალანა - ოსი გოგონაც პატარაა სიმაღლით, მაგრამ ოდნავ მეტია ბიჭზე. საყვარლად პუტკუნაა, ლამაზი, ხვეული წაბლისფერი თმით, ლოყაზე საყვარლად ჩაჩვრეტილი ფოსოებით, ბანტივით ტუჩებით. ღმერთმა ქალდღესასწაულად ჩაიფიქრაო, თითქოს. ძალიან ტკბილ, გემრიელ ქალად, მაგრამ მტკიცე, მებრძოლი ხასიათითაც დააჯილდოვა გამჩენმა. ის ლიდერის თვისებებით, იქნება დიდი სახლის ყოჩაღი დიასახლისი, სადაც თვითონ გაუძღვება მეჯლისს. იქნება ლამაზი და ჭკვიანი მეუღლე, ოჯახს იდეალურად მიხედავს. იზრუნებს, რომ დროზე წავიდნენ ბავშვები სკოლაში და თვითონ გადაწყვეტს, სად ან როდის დაისვენონ. ექნება სრულიად ტრადიციული ოჯახი, კარადებში სერვიზები მრავალ სულზე... სტუმართმოყვარე და მარჯვე... ახლა კი, გაკვეთილებზე ცდილობს, ყველაზე ძნელ დავალებებს უპასუხოს და გავიდეს დაფასთან. აზარტული, ძლიერი ხასიათი აქვს და გულდასმით აკონტროლებს ფანჯარაში ღრუბლებისა და ხეთა კენწეროების თვალიერებით გართულ ვახას. იდაყვს გაჰკრავს და დაღლილი ხმით ეტყვის: "ვახა, გეყოს აწი ყვავების დათვლა, რომ გეუბნები, წერე!" ისიც დამჯერად გადაშლის რვეულს და იწყებს წერას. ერთი დიდი სიამოვნება და ზეიმია ამ დროს მათი თვალის დევნება... მიდგება თვალწინ ცნობილი ქართული ფილმების: "მიმინოს", "ქვევრის", "არ დაიდარდოს" კადრები. ამ ყველაფერს ვწერ იმ სიტყვების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი, ოცნებებში გართულ ვახტანგს რომ გაჰკრავს იდაყვს ალანა და ევედრება: "გეყოს ყვავების დათვლა, ვახა..." თითქოს ამ დროს, ამ კეთილად მოკამათე პატარებში ორი უძველესი ერი საუბრობს და წამით არ წყდება დროის მდინარებაში სისხლის მარადიული ძახილი და კავშირი. ჩემს წარმოსახვაში მინდა, ეს პატარა გოგონა და ბიჭუნა ოდესმე დაქორწინდნენ, შექმნან ძლიერი, კავკასიური ოჯახი, ჰქონდეთ დიდი, ლამაზი სახლი, ყველანაირი "როკოკოსა" და "ბაროკოს" სერვიზებით და სტუმართმოყვარეობით. თუმცა, რამდენჯერაც გაერთობა ოცნების სამყაროში, დროსა და სივრცეს თვალმიშტერებული ნაღდი ქართველი ჯიგიტი, ალანა ისევ გაჰკრავს იდაყვს და საყვარლად ეტყვის კვლავაც: "ვახა, გეყოს ყვავების დათვლა, გეყოს..."

* * *

"ცოტა ხნის წინ, პატარა ოჯახური საქმეების გამო, მე და მამაჩემი დავდიოდით ვლადიკავკაზში. ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით, ცემენტის ყიდვა გვინდოდა. მამა ეკითხება გამყიდველს ფასს. უცებ, ქართულად გვესმის: "თქვენთვის უფასოდ, ბატონო რეზო!" ის კაცი მამაჩემის ოსი ძმაკაცი აღმოჩნდა (კომუნისტების დროს ბრიგადირად მუშაობდა კახეთში, ოსებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში). თურმე, მამა სტუდენტობის დროს მასთან გადიოდა პრაქტიკებს და მას მერე მეგობრობდნენ. 1990 წლიდან ვლადიკავკაზში გადასულა საცხოვრებლად... გაუხარდათ, გადაეხვიენ ერთმანეთს. მერე სახლში დაგვპატიჟა, სუფრა გაგვიშალა, ვლადიკავკაზში დაყენებული ღვინო გაგვასინჯა.

- ეჰ, რეზო, კაი ღვინოა, მაგრამ ისეთი ვერ გამომდის, როგორიც კახეთში მქონდა! თითქოს ყველაფერი შევძელი... შვილები, შვილიშვილები დავაბინავე, დიდი სახლი ავაშენე, მაღაზია გავხსენით მე და ჩემმა შვილმა, ფერმაც ავაშენეთ, მაგრამ მაინც, რაღაცა მაკლია!

უცებ, მამას ეკითხება, - როდის იყავი ამ ბოლო დროს საქართვლოშიო? - ერთი თვის წინო, - უპასუხა მამამ. - რეზო, მე ყოველღამე კახეთში ვარ! - ცრემლები წამოუვიდა მასპინძელს: - მე, კახელი კაცი რატომ უნდა მოვკვდე უცხო მიწაზე? ძალიან მინდა, ისევ ჩემს პატარა ეზოში გავიგონო ჩიტების ჭიკჭიკი, ვისუნთქო ლაგოდეხის ჰაერი, გავიდე ბაზარში, გავყიდო ყველი, ქათამი, საქონელი და მერე ვიყიდო ქატო, ხორბალი... შევხვდე ჩემს ძველ ძმაკაცებს და გავესაუბრო, შემდეგ სახლში მივიდე, ჩამოვჯდე ქუჩაში "სკამეიკაზე" და საღამოთი ჩემს ლოგინში დავიძინოო!"

სტატიის დასაწყისში მოყვანილი ციტატა ნინო დარბაისელს ეკუთვნის და ახლა სწორედ ქალბატონი ნინოს მოგონებას გთავაზობთ: "ბებია ჟორჟოლაძის ქალი მყავდა. 58 წლის იყო, როცა დაგვეღუპა. ჰყავდა ოსი მეგობარი, რკინიგზის დამსახურებული ინჟინერი, უაღრესად კეთილშობილი პიროვნება თამარა ჯატიევა. თითქმის ბრმა, ლანდებად ხედავდა ადამიანებს. ბებიას სიკვდილის შემდეგ, ბაბუაც ერთ თვეში მიჰყვა. თამარა დეიდამ გაგვიწია ორივეს მაგივრობა. მის ყოველ სიკეთეს ბავშვები ისე ჩვეულებრივ ვიღებდით, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, ის ხომ ჩვენი "საკუთარი" თამარა დეიდა იყო, სხვანაირად ვერც წარმოგვედგინა. შვილი არ ჰყავდა, ოსეთიდან ჩამოყვანილ ძმისშვილებს ჰპატრონობდა და დღემდე გვიყვარს ერთმანეთი, ნათესაურად. დაუმადლებელ სიკეთეს არ გვაკლებდა მთელი ცხოვრება, ისე, რომ არასოდეს უგრძნობინებია. არც ჩვენ მოგვსვლია აზრად, განსაკუთრებით მადლიერნი ვყოფილიყავით. ახლა მივხვდი და მომენატრა... ჰო, მისი წყალობით, ოსური ცოტა მესმის, სიტყვებიც ვიცი, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. არ დამცინოთ და ასე, მეხუთე კლასში ლექსი მივუძღვენი დაბადების დღეზე, რომელიც ხელნაწერი წიგნების თაროს ვიტრინაში ედო, ყველას აკითხებდა. სირცხვილით ვიწოდი, როცა წამოვიზარდე და მივხვდი, რომ სუსტი ლექსი იყო, ძალიან სუსტი..."

იმ "სუსტი" ლექსის ნაწილია წერილის დასაწყისში მოხმობილი ციტატა... და ალბათ, არსად არ დევს ის ჯადოსნური გასაღები, რომელიც ძველი მეგობრობის კარს გაგვიღებს ოსებთან და აფხაზებთან... თუმცა, სახალხო დიპლომატიის გზით ეგებ გვეცადა სისხლის ხაზით გაყოფილი სამშობლოს გამთლიანება?!

როლანდ ხოჯანაშვილი