გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის შეც­ვ­ლა­ზე ოც­ნე­ბობს... - გზაპრესი

გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის შეც­ვ­ლა­ზე ოც­ნე­ბობს...

რამდენიმე ხნის წინ უცნობმა გოგონამ საკმაოდ ვრცელი წერილი მომწერა, სადაც დაწვრილებით განიხილავდა მოზარდების პრობლემებს; მათ ურთიერთობას მშობლებთან და ერთმანეთთან. პუნქტებად აქვს დაყოფილი ყველა ის საკითხი, რომელიც მას აწუხებს. მეგონა, ზრდასრული ადამიანის ნაწერს ვკითხულობდი და ცოტა გამიკვირდა, რატომ იყო მოზარდების პრობლემებით დაკავებული, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ წერილის ავტორი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მივხვდი, ის საკუთარ საწუხარზე მწერდა.

თეა ბათუმში ცხოვრობს, რომელსაც სურვილი ჰქონდა, ინტერვიუ მისი ფოტოთი და სახელითა და გვარით გასულიყო, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჯობს, მისი ამოცნობა ვერ მოხერხდეს და როცა ინტერვიუს ბოლომდე წაიკითხავთ, ალბათ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დამეთანხმებით.

მაშ ასე, გაიცანით თეა:

- 15 წლის ვარ, IX კლასში ვსწავლობ. რომ გითხრათ, ჩემს თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ. ვერ ვუგებთ ერთმანეთს. მათ სხვა შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე, ჰყავთ შეყვარებულები, ერთობიან და სხვადასხვა საქმით არიან დაკავებული. მე წიგნებზე ვარ გადართული, მიყვარს უფროსი ასაკის ადამიანებთან საინტერესო თემებზე საუბარი და მათი განხილვა. არ მიყვარს ჩემს თანატოლებთან ურთიერთობა. ვერ ვუგებ მათ და სულ უფროსებთან ვარ.

არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ვარ გაწევრებული და დემოკრატიული ინსტიტუტის ტრენინგებს ვესწრები. ვწერ ლექსებს, მოთხრობებსა და რომანს.

- რომელ არასამთავრობოში ხარ გაწევრებული?

- "იალქანი".

- მაინტერესებს, იმ ტექსტში, რომელიც თავდაპირველად გამომიგზავნე, რატომ გაქვს პირველ პუნქტად მინიშნებული - შვილების მშობლებისგან გამოყოფა?

რა პრობლემებია შენი ასაკის მოზარდებსა და მშობლებს შორის?

- გეტყვით: ოჯახში ყველაფერი რიგზე არ მაქვს და სულ მეკამათებიან მშობლები იმის გამო, რომ უფროსი ასაკის ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ფსიქიატრთანაც დავდიოდი, მაგრამ ძალიან ცუდი შედეგი მივიღე. ჩემი ასაკის ბავშვებს, ზოგს ჩაცმის სტილზე, ზოგს - ქცევაზე, ზოგსაც შეცვლილ და უცნაურ ვარცხნილობაზე ეტყობა, რომ ჩვეულებრივი ბავშვები არ არიან. ყველაზე ხშირად ამ ფაქტს მშობლები განიცდიან და მტკივნეულად აღიქვამენ. მათ არ იციან, როგორ მიუდგნენ საკუთარ შვილს, ესა თუ ის პრობლემა მათთან ერთად რომ დასძლიონ. ხშირად მშობლებსაც ემართებათ ის, რაც მოზარდებს. ხდებიან ემპათიურები ანუ ვერ იგებენ ან არ უნდათ, გაითვალისწინონ სხვისი აზრი. ამ დროს უჭირთ მშობლებს მოზარდის თვალით დაინახონ ესა თუ ის პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში მოზარდის თანატოლებისგან გამორჩეული ქცევა იმ მიზეზით აიხსნება, რომ სურთ, გამოჩნდნენ მათივე თანატოლების თვალში "კარგი ბიჭები" და "კარგი გოგონები". ავიღოთ ასეთი მაგალითი: როდესაც მიდის კლასი გაკვეთილებიდან ანუ შატალოზე, შესაძლოა, ზოგს არ უნდოდეს წასვლა, მაგრამ მიდის იმიტომ, რომ თანატოლების თვალში კარგ გოგოდ ან ბიჭად წარმოჩნდეს. ასეთ დროს მათთვის თანაკლასელების აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებლის.

- იქნებ მითხრა, კონკრეტულად რა საკითხში ვერ თანხმდები მშობლებთან, გარდა იმისა, რომ უფროს ადამიანებთან ურთიერთობ? შენი მშობლებიც ხომ უფროსები არიან, მათთან რატომ გიჭირს ურთიერთობა?

- მამა და დედა ყოველთვის მირჩევენ, ბავშვობა გავატარო ისე, როგორც სხვა ბავშვები ატარებენ, მაგრამ იცით, ბავშვად არ მივიჩნევ თავს, რადგან უკვე გავიზარდე და ვფიქრობ, როგორც ზრდასრული ადამიანი აზროვნებს, ისე უნდა ვაზროვნებდე ამ ასაკში.

- დავუბრუნდები შენს პირვანდელ წერილს, სადაც საკმაოდ ვრცლად წერ მოზარდებს შორის მეგობრობის აუცილებლობაზე, მაგრამ ამ დროს თავად არ მეგობრობ თანატოლებთან. მიზეზი რა არის? რატომ გაირიყე თანატოლებისგან? რა არ მოგწონს მათი ან მათ რა არ მოსწონთ შენში?

- მათი არც ერთი ქცევა არ მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი, წლები, სწავლა-განათლებაში უნდა გამოიყენო და უქმად არ დაკარგო. ისინი ღადაობენ, იტყუებიან... ატყუებენ მშობლებს, მასწავლებლებს, ერთმანეთს.

- თუ გიფიქრია, რომ დიდობას ყოველთვის მოასწრებ და ბავშვობას ვერასოდეს დაიბრუნებ? შენს უფროს მეგობრებს არასოდეს უთქვამთ შენი თანდასწრებით, რომ ბავშვობა ენატრებათ? მე ვიცნობ შენს თანატოლებს, რომლებიც სწავლასა და გართობას მშვენივრად უთავსებენ. მომწონს, რომ ასეთი მიზანდასახული ხარ და ცდილობ, თავი დაიმკვიდრო, ეს თვისება ბევრ ზრდასრულსაც არა აქვს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც ვერ დააბრუნებ, ვერასოდეს იგემებ, თუ ის იმწუთას არ დააგემოვნე...

- მე ბავშვებს არ ვაკრიტიკებ. პირიქით, გული მტკივა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე. იმას არ ვამბობ, რომ არ ითამაშონ და არ გაერთონ. იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ ერთობი?

- შენს თანატოლებთან თუ გისაუბრია ამ თემაზე? კიდევ არიან შენ გარშემო ახალგაზრდები, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს?

- მილაპარაკია ბავშვებთან, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ. როცა ვუყვებოდი, აშკარად არ მისმენდნენ, როგორც საჭირო იყო და როცა კითხვები დავუსვი, ვერ მიპასუხეს. ვისაც პრობლემა აქვს, მათ მთხოვეს დახმარება.

- თეა, ისეთ ასაკში ხარ, როცა ხშირად პირველი სიყვარული ეწვევათ ხოლმე ახალგაზრდებს. შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს საპირისპირო სქესთან?

- ამ თემაზე არ მიყვარს ლაპარაკი. არც ვფიქრობ მაგაზე. დაკავებული ვარ სხვა საქმით და ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამაზე ფიქრიც კი.

- ჩაცმის სტილი როგორი გაქვს? "დიდური"? თუ თინეიჯერული?

- კლასიკური, უფრო - "დიდური". მე ვხატავ და მყავს დიზაინერი. ჩემი ფანტაზიით ვაწვდი იდეებს.

- რა არის შენი მიზანი, რაზე ოცნებობ, რას გინდა, მიაღწიო?

- ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო მიზნები მაქვს: როცა გავიზრდები და ბავშვთა ფსიქოლოგი ვიქნები, მინდა, რომ დღის ცენტრი გავხსნა აჭარაში - კრიზისული ცენტრი. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან პატარა ბავშვს უჭირს პრობლემების გადაჭრა, აქვს სტრესი და დეპრესია და ასე შემდეგ. ჩემი ოცნებაა, ბევრი ბავშვი ვიშვილო და გავზარდო, როცა გავიზრდები და ასაკი ამის საშუალებას მომცემს.

-

საკუთარი შვილები არ გინდა?

- ვერ გავთხოვდები...

- შეიძლება, გკითხო, რატომ? საპირისპირო სქესი არ გაინტერესებს?

- ცხადია, არ მაინტერესებს და სიმართლე რომ გითხრათ, ამას არც განვიცდი. გულწრფელად ვამბობ. სხვა საფრიქრალი მაქვს: ჩემს თანატოლებს როგორ დავეხმარო.

- წეღან მითხარი, ფსიქიატრთან დავდიოდიო... მიზეზი? შენით მიხვედი, თუ მშობლებმა მიგიყვანეს?

- მშობლებმა მიმიყვანეს და არ ვმალავ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი. სამწუხაროდ, ფსიქიატრმა არასწორი მედიკამენტი დამინიშნა, რამაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. სახლიდან გავიქეცი, წავედი თბილისში, ექიმთან, დახმარება ვთხოვე... ძალიან ცუდად ვიყავი. ამ ექიმის დახმარებით უკეთ გავხდი და ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

- რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

- მე სადაც ვიწექი, იქაურობას - ფსიქიატრიულ კლინიკას შევცვლიდი და იცით, რატომ? იქ ბავშვები ჩაკეტილი ჰყავთ და ისინი ამ მეთოდით ვერ გამოვლენ მდგომარეობიდან. ხალხმა უნდა მიიღოს ისინი, როგორებიც არიან და საშუალება უნდა ჰქონდეთ, დაიმკვიდრონ თავისი ადგილი საზოგადოებაში.

- მათთან ურთიერთობდი?

- კი. პოეზიის საღამოც ჩავატარე. საავადმყოფოში ბავშვებს ვართობდი, რადგან ყველას დეპრესია ჰქონდა. მე მათი საუკეთესო მეგობარი ვიყავი. თავიანთ პრობლემებზე მიყვებოდნენ და ვურჩევდი, რა იყო სწორი და რა - არასწორი.

- რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

- ერთი გოგონა, თავისი მტკივნეული პრობლემით და დღესაც ვფიქრობ, როგორ დავეხმარო მას.

- მითხარი, რა გაქვს ადამიანებისთვის სათქმელი?

- მინდა, რომ ადამიანები გულწრფელები იყვნენ და პატივი სცენ ერთმანეთს. რაც მთავარია, სითბო დაანახონ. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ადამიანები.

- შენ ძალიან კარგი გოგო ხარ...

- დიდი არაფერი. სულ შეყვარებული ვარ სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე, ადამიანებზე... ყველაზე მეტად შეყვარებული ვარ დროსა და სიმართლეზე, ისეთ თვალებზე, რომელიც გულწრფელად შეყვარებულია. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი არაფერი გამაჩნია. არასდროს გავურბივარ პრობლემას, სიყვარულს, ტკივილს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩემ ირგვლივ ხდება.

- თეა, ასე ღიად საუბრობ. ინტერვიუს გამოქვეყნების მერე ხალხის რეაქციის არ გეშინია?

- არ მეშინია, რადგან ყველას მიმართ გულწრფელი ვარ და არასდროს მალავ პრობლემას. ყოველთვის ვამბობ: ჩემი სული არის 300 წლის. ძალიან მიჭირს ადამიანებთან კონტაქტი და რამის მტკიცება, რაც ალბათ ასაკის ბრალია. ისე კი, საინტერესო თავგადასავლებით არის სავსე ყოველი დღე. სულ რაღაც ხდება...

- სკოლაში დადიხარ?

- არა, ექსტერნად ვაბარებ.

- სწავლის გაგრძელებას აპირებ?

- კი. ბავშვთა ფსიქოლოგი უნდა გამოვიდე.

- ამ ეტაპზე შენი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? ალბათ ასაკი? გინდა, მალე გაიზარდო?

- დიახ, სწორად მიხვდით.

- გავა წლები და სასაცილოდ მოგეჩვენება ეგ. მოგინდება, რომ უკან დაბრუნდე, ბავშვობაში. მაინც, რამდენი წლის გინდა, რომ იყო ახლა?

- 31 წლის.

- რისთვის გჭირდება ასაკი? სრული დამოუკიდებლობისთვის? გადაწყვეტილებები რომ შენით მიიღო და უფროსები ვერ ჩაერივნენ?

- ცხადია, მაგისთვის და ასევე, დამაჯერებელი იყოს ჩემი ნათქვამი, წონა ჰქონდეს და მტკიცება არ მჭირდებოდეს.