ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­რა­პია ქარ­თუ­ლი მუ­სი­კით - გზაპრესი

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­რა­პია ქარ­თუ­ლი მუ­სი­კით

ბევრი რამ არის ცნობილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართველების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავს უცხო გარემოს თავიანთი გამორჩეული ნიჭით აცნობენ და ღირსეულ ადგილსაც იმკვიდრებენ. ამის არაერთი მაგალითი მოგვისმენია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პატარა საქართველოში დაბადებული დიდი ადამიანების სახელი უფრო შორს წასულა... ჩვენი რესპონდენტი, ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი გვიამბობს, თუ როგორ მკურნალობენ განუმეორებელი გია ყანჩელის მუსიკით ბარსელონაში, ფსიქიკური პრობლემების მქონეთა ცენტრის პაციენტებს და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველის მიერ შექმნილი მუსიკა ადამიანებს სულიერად კურნავს...

მანანა კუბლაშვილი, ესპანეთში მცხოვრები ქართველი:

- დიდი ხანია, ესპანეთში ვცხოვრობ... ეს არის პატარა ქალაქი კალაორა. მის გარშემო პატარა სოფლებია, უფრო - დაბები, რადგან ქალაქის ტიპის დასახლებებია. მიწათმოქმედების რეგიონია... ბევრი მიზეზის გამო, აქ ძალიან ძნელია თავის დამკვიდრება. საქართველოზე საერთოდ არაფერი იცოდნენ და როდესაც ვიწყებდი ახსნას, რომელი ქვეყნიდან ვიყავი, ვიდრე საბჭოთა კავშირსა და სტალინს არ ვახსენებდი, ვერაფერს ვაგებინებდი. თუ საბჭოთა კავშირს ვახსენებდი, მაშინვე მეტყოდნენ, - ა, გასაგებია, რუსეთიო. ამის გამო ვბრაზდებოდი და უბრალოდ, აღარ ველაპარაკებოდი ამ თემაზე. ინგლისურის სპეციალისტი ვარ და აქ ერთ-ერთ დაბაში, ექიმების ჯგუფს ვასწავლიდი ინგლისურს. ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელთანაც არცთუ ისე ახლო ურთიერთობა მქონდა, მთხოვა, ბარსელონაში არსებული ფსიქიკურად დაავადებულთა ცენტრიდან მთავარი ექიმი ჩამოგვდის, რომელიც წარმოშობით კოლუმბიელია, ეს კაცი ადრე ოპერის მომღერალი ყოფილა, არაჩვეულებრივი მონაცემებით, თუმცა, შემდეგ, რატომღაც პროფესია შეუცვლია და მედიცინა აურჩევია... ეს ამ მიმართულებით მომუშავე ცენტრების გაცნობითი ხასიათის შეხვედრაა და რახან ასეთი საინტერესო მოსაუბრე ხართ, ესპანურსაც ფლობთ, ამ შეხვედრაზე გვინდა დაგპატიჟოთო... კვირა დღე იყო, ვისვენებდი და წავედი... აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი წარმომავლობის შესახებ გარშემო რომ არავინ არაფერი იცოდა, ძალიან მთრგუნავდა და მაბნევდა, ამიტომაც, მართალი გითხრათ, დიდად არ მეხალისებოდა ისევ სტალინისა და საბჭოთა კავშირის ხსენება, მაგრამ მაინც წავედი. ერთ-ერთ რესტორანში შევიკრიბეთ. სტუმარი მართლაც ძალიან განათლებული და საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. თუ ესპანური იცი და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობ, თანდათან უკვე აქცენტებსაც არჩევ.

- ექიმის სახელი და გვარი გახსოვთ?

- ხორხე ერქვა, გვარი, სამწუხაროდ, არ მახსოვს. მოკლედ, ვკითხე, - საიდან ხართ-მეთქი? რადგან აქცენტი მეუცნაურა, თან დავამატე, - ესპანური აქცენტი არ გაქვთ-მეთქი. თანაც რაღაც სასაუბრო თემაც ხომ უნდა გვქონოდა... - თქვენც ძალიან უცნაური აქცენტი გაქვთ, აქამდე მოსმენილს არც ერთს არ ჰგავსო... ეტყობა, ქართული აქცენტით ვსაუბრობ ესპანურად, - კი გეტყვით, რომელი ქვეყნიდან ვარ, ოღონდ, სად მდებარეობს და რასთან ახლოს, ასეთ დეტალებში ნუ ჩამეძიებით, მაინც არ გეცოდინებათ-მეთქი, გავეხუმრე... - მაინც, საიდან ხართო? - ჩამეძია. - საქართველოდან ვარ-მეთქი... უცებ ეს კაცი გაჩერდა, შემდეგ ფეხზე წამოხტა და სუფრის წევრებიც გააჩუმა, - თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ ამ ქალბატონის სამშობლოზე, ეს არის ვირტუოზი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ქვეყანა და ეს კაცი გენიოსია... ავსტრიაში მის ყველა კონცერტს დავესწარი და ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსი... არაჩვეულებრივ მუსიკას ქმნის, მაგრამ ჩემთვის მისი ორი სიმფონია განსაკუთრებულია, ერთი ის, რომელიც ომში დაღუპულ ბავშვებს მიუძღვნა (მეორე ვერ დავიმახსოვრე, რომელი თქვა, რადგან მოსმენილი არ მქონდა და არ ვიცოდი). მისი მუსიკა იმდენად ღრმაა და სულში ჩამწვდომი, რომ სულიერად დაავადებულ ადამიანებში რევოლუციას ახდენსო...

- თერაპიისთვის იყენებდა?

- დიახ, მან თქვა: - როდესაც ჩვენთან ახალი პაციენტები მოჰყავთ და არ ვიცით, მათ რა დიაგნოზი აქვთ, მათზე დაკვირვებისას ვრთავთ ამ ორ მუსიკას და რეაქციებს ვაკვირდებით. ამ დროს ისინი მშვიდდებიან, ჩვეულებრივი ადამიანებივით უსმენენ. ასევე ვიწვევთ კონსილიუმებს და ჯერ დიაგნოზზე ვმსჯელობთ, შემდეგ ვიწყებთ თერაპიას, გია ყანჩელის ნებისმიერ ან სხვა ძლიერ მელოდიას ვასმენინებთ და ასე ვაკვირდებითო... ერთი სიტყვით, ისეთი დეტალები მითხრა საქართველოზე, "აბრეშუმის გზის" პროექტიდან დაწყებული, "სუხიშვილების" ანსამბლით დასრულებული, გაოცებული ვუსმენდი... ამის მერე, იმ ექიმების ჯგუფიც დაინტერესდა საქართველოთი და როგორც გავარკვიე, ინტერნეტში ეძებდნენ ინფორმაციას... იმ დღემ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. თუ აქამდე ეგონათ, რომ გაჭირვებული ქვეყნიდან ვიყავი, საიდანაც ადამიანები საშოვარზე გარბიან, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, ამის შემდეგ, ბევრი რამ წაიკითხეს და უკვე სხვანაირი პატივისცემით განეწყვნენ...

- თქვენმა მოსწავლე ექიმებმა თავად მოუსმინეს გია ყანჩელის მუსიკას?

- ერთ-ერთმა ექიმმა, ლარიოჰას მკვიდრმა, ანა დეამენდოემ, რომელსაც ნატურალური მედიცინის ცენტრი აქვს და ბალახეულით მკურნალობს, გადაწყვიტა, ვახშამი მოეწყო და გია ყანჩელის მუსიკა კოლეგებთან ერთად მოესმინათ... ერთი კვირის შემდეგ მოვიდნენ გაკვეთილზე და აღფრთოვანებული იყვნენ, - აქამდე გვეგონა, რომ თქვენს ქვეყანაში არსებული გაჭირვების მიუხედავად, თქვენ გაგიმართლათ და ძალიან კარგი განათლება გქონდათ მიღებული, მაგრამ ამის მოსმენის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ზოგადად დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო აქვს ეკონომიკური პრობლემებიო... ეს ძალიან დიდი ნუგეში და დადებითი ჟესტი იყო ჩემთვის.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართულმა მუსიკამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა უცხოელ მსმენელზე, მეტიც, მას სამკურნალოდაც იყენებდნენ. გერმანიაში წარმატებით სარგებლობს ქართველი მუსიკოსი, გოჩა იაშაღაშვილი, რომელსაც შემოქმედებითი ფსევდონიმით - "ბავარიელით" იცნობენ და 20 წელზე მეტია, გერმანიაში ცხოვრობს.

გოჩა იაშაღაშვილი:

- მუსიკას 14 წლიდან ვწერ. პირველად ჩემი სიმღერები საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში 80-იანი წლების დასაწყისში გაჟღერდა და ისეთი ცნობილი ქართველი მომღერლების რეპერტუარშია შესული, როგორებიც არიან თემურ წიკლაური, ბესო კალანდაძე, ვალერი ლომსაძე... თუმცა, მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ: წარმოშობით, ტაბახმელიდან ვარ, ბავშვობა იქ გავატარე. ბედნიერი ვარ, რადგან გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი დიდი წინაპარი წმინდა მეფის, თამარის საზაფხულო რეზიდენციაში მსახურობდა. IX კლასიდან სწავლა სამხედრო სკოლაში გავაგრძელე ანუ საშუალო განათლების ატესტატი სამხედრო სკოლაში მივიღე. ამის შემდეგ უკრაინაში ჩავაბარე უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სასწავლებელში, რომლის დამთავრება აღარ ვისურვე და 3 წლის შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი, სადაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. სპეციალობით არ მიმუშავია, რადგან ქვეყანაში არ იყო ისეთი პირობები... გერმანიაში საცხოვრებლად 1996 წლიდან ჩამოვედი. რამდენიმე წელი ბავარიასა და ნიურნბერგში ვიცხოვრე... ხშირად მეკითხებიან, რა ჟანრის მუსიკაზე მუშაობთო? მე არ ვიცი ზღვარი მუსიკალურ მიმართულებებში, უფალი სიმღერას და მუსიკას მაწერინებს ყველა ჟანრში: ბალადა, ბლუზი, როკი, ჯაზ-როკი, დისკო, კლასიკური მუსიკა და მელოდიები ფილმებისთვის... ასაკის მატებასთან ერთად ისეთი ჟანრიც დამემატა, რაშიც ადრე არასდროს დამიწერია, მაგალითად, კლასიკური მუსიკა. თუმცა, პირველად საორკესტრო ნაწარმოები სახელწოდებით - "ჩვენი დედამიწა" თხუთმეტიოდე წლის წინ შევქმენი. მას თან ახლავს იტალიური ტექსტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასმა მეგობარმა და ბრწყინვალე ადამიანმა, იტალიური ენის პროფესორმა, ქალბატონმა ნინო ცერცვაძემ შექმნა.

- თქვენს მუსიკას გერმანიაში სამკურნალოდაც იყენებენ. გვიამბეთ ამაზე...

- დიახ, გერმანიაში მუსიკალურ გაერთიანებაში ვმუშაობ, მაქვს კონცერტები. პედაგოგიური საქმიანობითა და მუსიკათერაპიით ვარ დაკავებული. გერმანელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჩემი მუსიკა უდიდეს პოზიტივს გამოსცემს და რელაქსაციისთვის ძალიან კარგია... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავად მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მკურნალობას გავდიოდი, როიალზე დაკვრის ნებართვა ვითხოვე. საღამოობით, თითების გასავარჯიშებლად ვუკრავდი. პაციენტები შემოდიოდნენ და მისმენდნენ. ბევრმა მითხრა, რომ ჩემი მუსიკის მოსმენის შემდეგ, თავს უკეთ გრძნობდა... მას ეს ამშვიდებდა. ეს ამბავი მალე მთელ ცენტრს მოედო და ჩემი მუსიკით ექიმებიც დაინტერესდნენ...

- ნიურნბერგში პოპულარობით სარგებლობთ?

- დიახ, გერმანიაში ერთ-ერთი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის კონცერტზე ვიყავით მიწვეული. სამახსოვრო ფოტოც გადავიღე ამ ახალგაზრდა ქალბატონთან, რომელიც ნიურნბერგის მერის ანუ ბურგერმაისტერის მოადგილეა და პარტია SPD-ს წარმომადგენელია. ის ებრაელია, ძალიან კარგი ადამიანია და ჩემს შემოქმედებას დიდ პატივს სცემს. ამ პარტიამ საარჩევნო კამპანიის დროს მიმიწვია, სადაც კონცერტი ჩავატარე. SPD - Sozialistische Partay Deutschland, ანუ გერმანიის სოციალისტური პარტიაა. ქალაქის მერი და მისი მოადგილე ამ პარტიის წევრები არიან. გარდა ამისა, სცენაზე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიის მიწვევითაც გამოვსულვარ.

ლალი პაპასკირი