რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან? - გზაპრესი

რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან?

დღეს დასავლეთის ქვეყნებში ათასობით ქართველი ცხოვრობს: ზოგიერთი მათგანი სასწავლებლად არის წასული, ზოგი - სამუშაოდ. ბევრმა ოჯახიც შექმნა და უცხოეთში დარჩენა გადაწყვიტა. მატერიალურმა სიდუხჭირემ და უკეთესი ცხოვრებისკენ ლტოლვამ, ეს ადამიანები ემიგრანტებად აქცია და სამშობლოს დააშორა.

საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით:

"ყველაზე მთავარი ის სიყვარულია, რასაც ჩემი ხალხისგან ვიღებ"

მურმან ჯინორია, მსახიობი:

- საერთოდ ვერ ვფიქრობ, რომ შეიძლება, სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავი. მე ქართული ყველაფერი მომწონს და იმიტომაც ვცხოვრობ ამ ქვეყანაში, ხოლო ვისაც არ მოსწონს, გარბის. მიუხედავად ყველაფრისა, რაიმეს შეცვლა რომ შეიძლებოდეს, მაინც საქართველოს ავირჩევდი, აქ ვიცხოვრებდი და მოვკვდებოდი - მთელი მსოფლიო შემოვლილი მაქვს, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ. მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის სიყვარული, რასაც ჩემი ხალხისგან ვიღებ, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე მთავარია.

"ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის ჭკვიანი ხალხი ქვეყნის სათავეში!"

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:

- ის ხალხი, ვისაც გული უცხოეთისკენ მიუწევს, ამ საკითხს მერკანტილური თვალსაზრისით უდგება. მათ საქართველოში ცხოვრება არ მოსწონთ, რადგან აქ უმუშევრობაა, გაუტანლობაა და მხოლოდ 20 პროცენტი ფლობს ყველაფერს, მხოლოდ ეს მცირე ნაწილი ცხოვრობს და "გრიალებს", დანარჩენები კი ცხოვრებას ებრძვიან - ეს არის მიზეზი, რატომაც არ უნდა ქართველს საქართველოში ცხოვრება. მთავარია, საკუთარი თავი, ოჯახი გადაარჩინონ და ძირითადად, სწორედ ამ მიზნით მიდიან უცხოეთში. საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა - მას არნახული ენერგია აქვს. აქ რომ ჩამოდიოდნენ ინდოელი იოგები, გაოცებული რჩებოდნენ - თქვენ არ იცით, რამხელა ენერგეტიკაა ამ მიწაზეო. აქ თავის დროზე მორბოდა ჰიტლერი, რომელმაც იცოდა, რომ საქართველოში არის დიდი ენერგეტიკული ცენტრი. ქართული მუსიკა, ცეკვა, ქართული სუფრა ხომ ნამდვილი სასწაულია! ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის ჭკვიანი ხალხი ქვეყნის სათავეში! ამბიციური ჯგუფი ადამიანებისა წლების განმავლობაში იპყრობს ქვეყნის მართვის სადავეებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. მათი დამსახურებაა, რომ ხალხი აქედან გარბის და სულ მალე, საქართველოში ქართველი აღარ იქნება. მე მათ უნდა ვკითხო: ვის უტოვებთ ამ მიწას - თურქებს, არაბებს თუ ირანელებს? აქ რომ ჩამოიყვანო გერმანელი პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით, საქართველო აყვავდება. ქართველი კი, თანამდებობასთან არ უნდა მიუშვა, რადგან ის სკამზე თავის სახეს კარგავს. საქართველოში ცხოვრება ძნელია, მაგრამ უნდა გავუძლოთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ. გაქცევა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. მე თუ მკითხავთ, უცხოეთში სამოგზაუროდ წავიდოდი, საცხოვრებლად კი - არა.

"გაქცევა პრობლემას ვერ მოაგვარებს"

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

- თუ უმეტესობა საქართველოდან გაქცევას მოინდომებს, მაშინ აღარავინ დარჩება, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე იზრუნებს. ამიტომ, მე ისევ ჩემს ქვეყანაში ცხოვრებას ვისურვებდი. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ სხვაგან ცხოვრება უკეთესია. თუმცა, თუ ადამიანს სურვილი აქვს და რაღაცის გაკეთება სურს, ამის საშუალებას ყველა ქვეყანა იძლევა. გაქცევა პრობლემას ვერ მოაგვარებს. კეთილი ვინებოთ, აქ ვისწავლოთ, ვიშრომოთ და აქ მოვუაროთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. უცხოეთში წასვლა არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად კარგი სამსახური გექნება და მაშინვე მილიონერი გახდები. საქართველოდან ბევრი მიდის, მაგრამ რომ ვაკვირდები, ბოლოს მაინც ყველა უკან ბრუნდება, რადგან პრობლემების მიუხედავად, ქართველებს მაინც გვიყვარს ჩვენი სამშობლო.

"საქართველოში რომ დავიბადე, ესეც ღვთის ნებად მიმაჩნია"

ჯამლეთ ხუხაშვილი, ჟურნალისტი:

- ათჯერ რომ დავბადებულიყავი, ათჯერვე საქართველოში გაჩენას ვისურვებდი. მეც იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც მატერიალურ სიუხვესა და კეთილდღეობას აქ ცხოვრებას ამჯობინებენ. ის, ვინც სხვა ქვეყანაში დაბადებას ნატრობს, წავიდეს, ვერავინ დაუშლის, მე კი არსად მივდივარ, მიუხედავად იმისა, რომ წასვლის ყველანაირი შანსი მაქვს, როგორც ქართველ ებრაელს. საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი, სამშობლოდ რომელ ქვეყანას ავირჩევდი? - რა თქმა უნდა, ისრაელს და ეს ღმერთის ნება იქნებოდა, მაგრამ საქართველოში რომ დავიბადე, ესეც ღვთის ნებად მიმაჩნია.

"მუშახელი უცხოეთიდან არ უნდა ჩამოჰყავდეთ"

ზაზა ხუციშვილი, პარლამენტარი, მუსიკოსი:

- მე სადაც ვისურვებდი, იქ ვცხოვრობ და ამ ქვეყნის დატოვებაზე არასოდეს მიფიქრია. ვისაც გაქცევა სურს, ისიც უნდა იცოდეს, რამხელა კონკურენციაში მოუწევს ცხოვრება. ჩვენი მთავარი პრობლემა ხომ თაროზე შემოდებული დიპლომებია: ჩვენს მოქალაქეებს განათლება ისეთ დროს აქვთ მიღებული, რომ ახლა მათი კვალიფიკაცია საკმარისი აღარ არის. უცხოური ფირმები, რომლებიც აქ შემოდიან, არ უნდა იწუნებდნენ ქართველ მუშახელს და შემდუღებლები უცხოეთიდან არ უნდა ჩამოჰყავდეთ. სტუდენტებიც ისეთი პრინციპით უნდა შეარჩიონ, რომ მათ დასაქმების პერსპექტივა ჰქონდეთ. პირველ რიგში, სწორედ უმუშევრობა აჩენს წასვლის სურვილს და იმ ნიჰილიზმს, რომელიც ჩვენს მოსახლეობაშია. რა თქმა უნდა, საქართველოს ამერიკის ან ინგლისის მსგავსი შესაძლებლობები ვერ ექნება, მაგრამ თუ ქართველების 80 პროცენტი აქედან წავა, ვის უნდა დავუტოვოთ ეს ქვეყანა? ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში განათლებას მიიღებენ, მაგრამ უკან დაბრუნდებიან და თავიანთ ცოდნას სამშობლოს მოახმარენ. არჩევანი რომ მქონოდა, სად ვიცხოვრებდი? სიამოვნებით ვიცხოვრებდი დიდ ბრიტანეთში - მუსიკალური რევოლუციის დროს, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ დიდ კონკურენციაში მოვყვებოდი და მუსიკალური კარიერა შეიძლება, საერთოდ ვერ გამეკეთებინა.

"სხვა ქვეყანაში მაინც უცხო ხარ"

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი:

- ამ საკითხზე ფიქრისას საოცარი სიტყვები მახსენდება, - "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა" - მე ამ აზრის ვარ და ამ პრინციპითვე მოვკვდები. ასე ცხოვრობს ჩემი ოჯახი და ყველა ჩემი ახლობელი. სადაც უნდა წახვიდე და რა კარგადაც უნდა მოეწყო, სხვა ქვეყანაში მაინც უცხო ხარ. მე ჩვენი ქვეყნის ტრაგედიად მიმაჩნია ახალგაზრდა ქალები რომ მიდიან საზღვარგარეთ და უცხოელებზე თხოვდებიან, ამით ხომ ჩვენი გენოფონდი იკარგება? სამწუხაროა, რომ საქართველოში ქართველების რაოდენობა თანდათან იკლებს და სულ სხვა ჯიშისა და ტომის ხალხი მრავლდება. ჩემი აზრით, ამ პრობლემაზე თითოეულმა ქართველმა უნდა იფიქროს და სამშობლო იოლად არ მიატოვოს.

ხათუნა ჩიგოგიძე