რა­ტომ არ იწ­ვე­ვენ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­ში" მსა­ჯად, მა­ეს­ტ­რო მო­რისს? - გზაპრესი

რა­ტომ არ იწ­ვე­ვენ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­ში" მსა­ჯად, მა­ეს­ტ­რო მო­რისს?

ლათინურამერიკული ცეკვების სუპერშემსრულებელი - მორის კაჭარავა, იგივე მაესტრო მორისი შემოქმედებითი სიახლეების, ცეკვასთან დაკავშირებული ამბების, მისი ჰობის - დაივინგისა და სხვა თემების შესახებ მოგვითხრობს.

კლუბ-რესტორნები - ხელოვნების რეალიზაციის საშუალება

- განსაკუთრებული სიახლე არაფერია, ჩვეულებისამებრ, სტუდიაში ვმუშაობ და სხვადასხვა რესტორანთან ვთანამშრომლობ. პრინციპში, დღესდღეობით, მომღერლებისა და მოცეკვავეების ასპარეზი, რეალიზაციის საშუალება ძირითადად რესტორნებია. მაყურებელთან უშუალო კონტაქტი გაქვს, თანაც მოცეკვავე ხომ პლუსზე არ მღერის (იცინის), ის ნამდვილად ცეკვავს. ასეთ გარემოში მაყურებელი უფრო მეტად აკვირდება, ამჩნევს ყველაფერს და გინდა თუ არა, უფრო შემართებული და კარგ ხასიათზე უნდა იყო. პირადად ჩემთვის, არანაირ დისკომფორტს არ წარმოადგენს რესტორანსა თუ კლუბში ცეკვა. პრინციპში, მე და ჩემმა დამ და პარტნიორმა - მაიკო კაჭარავამ შემოვიტანეთ ისეთი ცეკვები, როგორიცაა სალსა, ბაჩადა, მაშინდელ თბილისში არ იცოდნენ. ამას დიდი ხნის წინ ჩავუყარეთ საფუძველი - 1996 წლიდან, როცა პეროვსკაიას ქუჩაზე ბარების გახსნა დაიწყო და იქ ერთ-ერთ პირველ პაბში ვცეკვავდით. მისი მეპატრონე ცოცხალ მუსიკასა და ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევდა.

პირველი გამოწვევები სცენაზე და დრო, როცა არავის ეცეკვებოდა...

- ამას წინათ ვიხსენებდით და 38 წელი გასულა, რაც სცენაზე ვდგავართ. ცეკვაზე 12 წლის ასაკში შევედი, ორ თვეში კონკურსზე გავედით, ფილარმონიაში და დიდი სცენის მტვერი სწორედ მაშინ ჩავყლაპე. იმის შემდეგ, სულ სცენაზე ვართ. მაშინდელ საკავშირო კონკურსებში ვმონაწილეობდით, ლაურეატები, გამარჯვებულები ვბრუნდებოდით. მერე ჯარის პერიოდმა მომიწია. ზუსტად იმ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბრეიკ დანსი, რომლითაც იქ დავინტერესდი და ამ მიმდინარეობაში რუსეთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მალე არეულობა დაიწყო და ისეთი დრო დადგა, როცა ნამდვილად არავის ეცეკვებოდა. შესაბამისად, არც მე მიცეკვია, სხვა საქმეს მივყავი ხელი - მამაჩემის პროექტით პატარა უბანი უნდა გაშენებულიყო, რომლის მიხედვითაც, ყველა მოსახლეს თავისი კარ-მიდამოს ბოლოს პატარა ტბა უნდა ჰქონოდა, თავისი პლაჟით. ეს ყველაფერი სამმა ადამიანმა ჩვენი ხელით გავაკეთეთ, სულ ოქროს თევზები გავუშვით შიგ, ულამაზესი სანახავი ადგილი იყო.

სატელევიზიო პროექტების გავლენა სამეჯლისო ცეკვების პოპულარიზაციაზე

- ნამდვილად შეუწყო ხელი, უბრალოდ, ჩემთვის გასაკვირად რჩება ის ფაქტი, რომ არც ერთ სეზონზე, არც ერთ ეპიზოდში, მსაჯად არ მიმიწვიეს. ბევრი მისვამს ამ შეკითხვას, მაგრამ პასუხი არ მაქვს. უბრალოდ არ მეძახიან... არადა, ბევრი ისეთი არაპროფესიონალი ზის, ცეკვასთან საერთოდ კავშირი რომ არ აქვს.

ქართული ცეკვა - განსაკუთრებული ფენომენი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

- საერთოდ, ბავშვობისას, ძალიან მინდოდა მოცეკვავე გავმხდარიყავი და ქართული ცეკვები შემესრულებინა, ვგიჟდები, ისე მომწონს ქართული ჩოხა, თვითონ ცეკვები. მაშინდელ პიონერთა სასახლეში მინდოდა ქართულ ცეკვაზე სიარული, თენგიზ იმნაძე ასწავლიდა, ერთ-ერთი სერიოზული ქორეოგრაფი, მამას მეგობარი. როცა მივედი, მეხუთე კლასში ვიყავი, მიღება კი თურმე მესამე კლასიდან ჰქონიათ. ვიფიქრე, არა უშავს, მაინც ვივლი-მეთქი, მაგრამ ბატონები დამემართა, სამ თვემდე გამირთულდა და როცა გამოვკეთდი, ისინი უკვე ცეკვავდნენ... ასე რაღაცნაირად ვეღარ შედგა ჩემი ქართულის მოცეკვავეობა.GzaPress

ასეთი სერიოზული, ძლიერი ფოლკლორი ალბათ მსოფლიოში არ არსებობს და როგორ შეიძლება, მის მიმართ განსაკუთრებული და კარგი დამოკიდებულება არ გქონდეს. ასეთი მრავალფეროვნება იშვიათია, რამდენი ცეკვა, რამდენნაირი ილეთი გვაქვს და ყველაფერს თავისი ხასიათი, მუსიკა აქვს, მდიდარია. ჩემი აზრით, ქართული ცეკვა ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. ბავშვი, სანამ პატარაა, აუცილებლად უნდა ატაროთ ქართულ ცეკვაზე, აითვისოს და ცოტა რომ წამოიზრდება, 12-13 წლის გახდება, ლათინურამერიკული ცეკვების ინტერესი თუ ექნება, ჯობია, მერე ისწავლოს. ვინაიდან, ისეთი სპეციფიკური ცეკვებია, რომ რაღაცების ახსნა დიდისთვის უფრო გიადვილდება, ვიდრე - ბავშვისთვის, რომელსაც მშრალად უნდა ასწავლო ილეთები და იმ ცეკვის სულსა და გულში ვერ ჩაახედებ. ცეკვა ხომ ილეთების დემონსტრაცია არ არის, სულის მდგომარეობაა, ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა გქონდეს.

სხეულის პლასტიკა - სამეტყველო იარაღი

- ადამიანის სხეულის ენა ცეკვისას სულის მდგომარეობას გადმოსცემს. როგორც ცეკვავს ადამიანი, იმის მიხედვით ხვდები მის განწყობას, რა უნდა, რისი თქმა უნდა. შეიძლება ითქვას, რომ ცეკვა სხეულით ლაპარაკია, მოძრაობით მეტყველებაა. მსოფლიოში ყველა კარგი და ლამაზი ცეკვა მომწონს, მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდაა სერიოზულად დაინტერესებული. ჩვენთან სამეჯლისო ცეკვებს ჩემი პატარაობიდან თენგიზ გაჩეჩილაძემ ჩაუყარა საფუძველი, საქართველოს ამის სერიოზული ტრადიცია აქვს, ყოველწლიურად კავკასიის თასი ტარდება, გარდა ამისა, ევროპიდან და საიდან აღარ ჩამოდიან ხოლმე მონაწილეები. მე და ჩემმა დამ კი ისეთ ლათინურამერიკულ ცეკვებზე გავაკეთეთ აქცენტი, რომლებიც სამეჯლისო ცეკვების პროგრამაში არ შედის, თავისი ხიბლი აქვს, სერიოზული ცეცხლოვანი ცეკვებია. სალსა ძალიან მომწონს.

ცეკვა, როგორც ცხოვრების წესი

- სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, 1994 წელს და ხატვისთვის ვეღარ მოვიცალე. მე და ჩემმა დამ სწორედ იმ პერიოდში დავიწყეთ უფრო აქტიურად ცეკვა, ნელ-ნელა პოპულარობა მოვიპოვეთ, საღამოებზე რომ გვნახეს და მოეწონათ, ხალხმა სურვილი გამოთქვა, ევლოთ, ჯგუფებიც გაჩნდა და ასე აეწყო ყველაფერი. სხვა რამისთვის დრო აღარც მრჩება. ორი რამაა საჭირო, რომ ცეკვა ისწავლო - შენი განწყობა და კარგი მასწავლებელი. თანხვედრაში უნდა იყოს. ეს ორი კომპონენტი, მე მგონი, ნებისმიერ სფეროზე მოქმედებს. წარმოიდგინეთ, საკმაოდ უფროსი თაობის ადამიანებისთვისაც მისწავლებია ცეკვა - 60-65 წლის და დიდი შემართებით იყვნენ. ცეკვის შესწავლა მეტწილად კომპლექსის მოსახსნელად უნდათ, არ იციან, არადა, სურვილი აქვთ, მერე კი, როცა გაერკვევიან და ხვდებიან, რომ განსაკუთრებულად რთული არაფერია, კომპლექსიც ეხსნებათ და ერთობიან. ყოფილა შემთხვევა, როცა სამოყვარული დონეზე სწავლისთვის მოსულან და მერე, სერიოზულ პროექტებში ჩაბმულან, ზოგი საზღვარგარეთაც წავიდა და იქ სარფიანი შემოსავალიც აქვს.GzaPress

- სარფიანი შემოთავაზება ალბათ თქვენც გექნებოდათ, არ გაგჩენიათ წასვლის სურვილი?

- მე ვერ მივატოვე საქართველო. მით უმეტეს, არეულობის პერიოდში თავისუფლად შემეძლო წასვლა. მატერიალური კუთხით, შემოქმედი ადამიანები ცხადია, საზღვარგარეთ უფრო ფასდებიან, მაგრამ მაინც აქ დარჩენა ვარჩიე. კარგად მესმის, რომ ადამიანებს კონცერტებზე სიარულის ფუფუნება არ აქვთ და არც შოუბიზნესისთვისაა ჩვენი ქვეყანა იმხელა, როგორიც თუნდაც რუსეთია - ბევრ ადგილას შეიძლება კონცერტის ჩატარება, ჩვენთან კი ძირითადად, ბათუმი, ქუთაისი. ბათუმში მაინც მეტი გასაქანია, ქართველი დამსვენებლები, ტურისტები, ყველანი იქ იყრიან თავს. ბოლო დროს, თბილისიც სერიოზულ ტურისტულ ადგილად გადაიქცა და ამას რა ჯობია? მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, თავისი ხიბლი აქვს, სტუმართმოყვარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ. არაერთი ტურისტისგან მომისმენია აღფრთოვანება და კმაყოფილება აქაური სიტუაციით. ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ყველანაირ კარგ საქმეში ვგულშემატკივრობ! ყველანაირად ვცდილობ, მისი სახელი დადებითად გავიტანო, კარგად ცეკვაში გამოიხატება ეს თუ უბრალოდ კარგად მოქცევაში, ამას ყველანი უნდა ვეცადოთ.

წარმოშობა

- აბაშაში არის სოფელი საკაჭარაო და ჩვენი ოჯახი იქიდანაა წამოსული. მამაჩემი 13-14 წლის იქნებოდა, თბილისში რომ ჩამოვიდა, ნიკოლაძეში ჩააბარა, მერე სამხატვრო აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ, აქ დავფუძნდით. სამეგრელოსთან ბევრი მოგონება არ მაქვს, მაგრამ ბაბუები მახსოვს, ძალიან საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანები იყვნენ, ბრძენი, ბავშვები პირდაღებულები მივჩერებოდით ხოლმე. ეს იყო ბავშვის გაზრდა, ლაპარაკობდნენ ისე, თითქოს შენ არ გაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ თურმე, სწორედ შენს გასაგონად უყვებოდნენ ერთმანეთს იმ საინტერესო ამბებს. თავისებური იუმორი ჰქონდათ. არ მეგულება საქართველოში კუთხე, რომელსაც მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული იუმორი არ აქვს.

კულინარია

- კულინარიასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მიყვარს საჭმლის მომზადება, გურმანიც ვარ. ალბათ დედისგან გამომყვა, იმერელი ქალი იყო, წარმოშობით სამტრედიიდან და ძალიან გემრიელ კერძებს აკეთებდა. სამწუხაროდ, დიდი ხანია, რაც ჩვენ გვერდით აღარაა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა სტუმარს აქვს დღემდე სალაპარაკოდ, რა გემრიელი იყო დედაშენის გაკეთებული საჭმელებიო. ყველა მზარეულს თავისი ხელი აქვს. თავს არ ვიქებ, მაგრამ როგორც აღნიშნავენ, მეც კარგი კერძები გამომდის, ძირითადად, ხორცეული, კაცებს ეს უფრო გვეხერხება. სოკოს ვაკეთებ ხოლმე ბრინჯში და დიდი პოპულარობით სარგებლობს სანაცნობოში (იცინის). სოკოს კრეფაც მიყვარს, კოჯრისკენ მივდივარ ხოლმე, ვკრეფ, ვამზადებ, სხვადასხვანაირად. თევზეული და თევზაობა მიყვარს ძალიან, მყვინთავი ვარ.

საინტერესო ჰობი - დაივინგი, მოტო, ბილიარდი

- დაივინგი ჩემი ჰობია, დიდი ხანია, ამით ვარ დაინტერესებული და შეიძლება ითქვას, რომ თუკი ვინმე ამას სერიოზულად გასინჯავს, "მოიწამლება~, ძალიან მაგარია! საერთოდ სხვა სამყაროში ხვდები, აბსოლუტურად გავიწყდება დედამიწისეული რამეები, პრობლემები და სულ სხვა რამით ხარ დაკავებული. წყალქვეშა გარემო ულამაზესია, ზღაპარია. ეგვიპტეში ჩავყვინთეთ და ეს საოცრება იყო - დიდი აკვარიუმი. ვერ დაინახავ ფსკერს, სულ სხვადასხვა ფერის მარჯნებითაა სავსე, ულამაზესი, ფერად-ფერადი თევზია და იმდენ რამეს ნახავ, გაოცდები. ზვიგენიც კი ვნახე.

- არ შეგეშინდათ?

- კი და ინსტინქტურად თოკს ამოვეფარე, ვითომ რამეს მიშველიდა (იცინის). მერე ამაზე ბევრი ვიცინეთ. 33 მეტრზე ჩავედით, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული გემი ვნახე, როგორც მუზეუმი წყალქვეშ, ისეა და სწორედ მის დასათვალიერებლად მივდიოდით, ზვიგენს რომ გადავეყარეთ. როცა რაიმე საშიშროება იქმნება, დაივერებს თავიანთი წესი აქვთ, სახით ერთმანეთთან იკრიბებიან, დიდ წრეს აკეთებენ ხელჩაკიდებულები, მასა რომ გაიზარდოს და ზვიგენებმა ვერ აღიქვან ისინი, როგორც თავდასასხმელი ობიექტები და ერთად, ნელ-ნელა ამოდიან ზემოთ. შავ ზღვაში ხშირად ვყვინთავთ ხოლმე. ბევრი ადგილი მაინტერესებს და ვგეგმავ, რომ წავიდე. სხვათა შორის, საქართველოში ყველაზე კარგი საყვინთაო ადგილი სარფშია, სიღრმე დაახლოებით 20 მეტრს აღწევს, მერე უკვე ქვიშა და უდაბნო იწყება (იცინის). კლდეებთან ასე თუ ისე არის წყალმცენარეები და საინტერესოა.

პრომეთეს მღვიმეში მიყვინთია, სიფონებია. ეს დიდი ექსტრემია, გამოქვაბულში ყვინთავ, აბსოლუტური სიბნელეა, კლდეები ჩანს. სიფონი იმიტომ ჰქვია, რომ შეგიძლია ერთ ადგილზე ჩაყვინთო და სულ სხვა ადგილზე ამოყვინთო, ლაბირინთებია და თვითნებურად იქ ჩასვლა, ცხადია, არ შეიძლება, დაკარგვის საშიშროებაა, თავიანთი წესები აქვთ იქ, ეს სპელეოლოგიური ყვინთვაა. ვინც პირველი მიდის, თოკი აქვს მობმული და თუ დასჭირდა, იმ თოკს გამოჰყვება უკან და ლაბირინთებში არ დაიკარგება. დანარჩენი დაივერებიც ამ თოკს მიჰყვებიან. საკუთარი აკვალანგები მაქვს, ჩემმა სიძემ მაჩუქა და ისე გამიხარდა, სამი თვის განმავლობაში ყოველდღე წყალში ვიყავი (იცინის). იქიდან დავიწყე, სერიოზული დაივერები გავიცანი, ბევრი რამ შევისწავლე, უფრო დავხელოვნდი და გავიგე, რა როგორ კეთდება. სეზონი როცა არ არის, წყალში ჩასვლა მაშინაც შეგიძლია. გაყინული წყლის კოსტიუმებიცაა, შიგნით წყალი საერთოდ არ შედის. ვერ ვიტყვი, რომ ზამთარში ყინული ამომიტეხია და იქ ჩამიყვინთავს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს კი ჩავსულვართ ტაბაწყურზე, უნიკალური ტბაა, სუფთა წყალი, რომელიც საკმაოდ ცივი იყო.

მოტოციკლეტით დაცული სადიპლომო

- მოტოციკლეტით დღემდე დავდივარ, სკუტერიც ძალიან მხიბლავს. სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, სხვათა შორის, ჩემი სადიპლომო თემა იყო და ნამდვილი სპორტული მოტოციკლეტი გავაკეთე, მაშინ თბილისში მსგავსი არავის ჰყავდა. მაკეტის ნაცვლად, ნამდვილი მივიყვანე, თავისი ნახაზებით და ასე დავიცავი დიპლომი. თხილამურებით სრიალიც მხიბლავს და ზამთარში სულ მთაში დავდივარ. მთამსვლელობაზე მიკიჟინებს ჩემი მეგობარი, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია. პარაპლანით ვიფრინე და ესეც ზღაპრული, მაგარი შეგრძნებაა. ბილიარდის თამაში ბავშვობიდან მიყვარს და კარგადაც მეხერხება.

შოუბიზნესი

- ცხოვრების დონე როგორც კი აიწევს, შოუბიზნესი მაშინვე განვითარდება, ახლა არანაირი დაფინანსება არ არის, რესტორნები თავიანთ ხარჯზე თუ ახერხებენ ხალხის მოზიდვას. რთული სიტუაციაა, მაგრამ მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება და უკეთესობისკენ შეიცვლება.

თამთა დადეშელი