"დედა, გთხოვ, გამოჩნდი..." - რას ჰპირდება ბიოლოგიურ მშობელს თამუნა მუსერიძე - გზაპრესი

"დედა, გთხოვ, გამოჩნდი..." - რას ჰპირდება ბიოლოგიურ მშობელს თამუნა მუსერიძე

მათი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ მუსერიძემ გადაცემაში _ "პროფილი" ისაუბრა და იქვე საიდუმლოსაც ახადა ფარდა: როგორც თამუნამ თქვა, მან გაიგო, რომ ნაშვილებია. "ძალიან რთული მდგომარეობა მქონდა. შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, დავდიოდი სოფლიდან სოფელში, სულ ვტიროდი. ამით დაიღალა ადამიანი და წავიდა..." _ განაცხადა წამყვანმა.

თამუნამ გადაცემაში მაყურებელს უამბო, რომ ადამიანები, რომლებმაც გაზარდეს, მისი ბიოლოგიური მშობლები არ ყოფილან. ამის შესახებ თამუნამ აღმზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ გაიგო და მას მერე ბიოლოგიურ დედას ეძებს... ცოტა ხნის წინ, თამუნამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ბიოლოგიურ მშობელს მიმართა: დედა, გთხოვ, გამოჩნდი... პირობას გაძლევ, პრობლემებს არ შეგიქმნიო...

"გამარჯობა, მე ვარ თამუნა მუსერიძე, მაგრამ ეს ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის. ერთადერთი მიზეზი, რატომაც მაინტერესებს ბიოლოგიური დედის ნახვა, არის იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომელიც დაახლოებით 10 თვეა, არ მასვენებს. თითქმის ერთი თვეა, "პროფილი" ეთერში გავიდა და მართლა მქონდა იმედი, რომ ვიღაც მაინც გამომეხმაურებოდა, თუმცა, არავის დაურეკავს, არავინ გამოჩენილა, არავის მოუწერია... თუ შენ ახლა მიყურებ და ფიქრობ, მე ის ვარ თუ არა, შეგიძლია მშვიდად და ჩუმად გამომეხმაურო, მე პირობას გაძლევ, რომ პრობლემებს ნამდვილად არ შეგიქმნი და არავის არაფერს გავაგებინებ. აგრეთვე, გაძლევ პირობას, რომ არ გაგკიცხავ და არ გავბრაზდები. გაურკვევლობის, დაძაბულობისა და მუდმივად ფიქრის რეჟიმიდან შეგიძლია მიხსნა, ისევე, როგორც საკუთარი თავი იხსენი 1984 წელს ზედმეტი კითხვებისგან. ვეძებ იმას, ვინც იმალება. მადლობელი ვარ სიცოცხლისთვის, კარგი ოჯახისთვის და დიდი მადლობელი დაგრჩები, თუ გადაწყვეტ და ანონიმურად მაინც გამომეხმაურები..."

რაც შეეხება სანდრო მიკუჩაძეს, თბილისში ჭორაობენ, რომ მან ახალი სიყვარული უკვე იპოვა და ამის დასტურად მოჰყავთ მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოები, სადაც ვინმე ანასტასია ზაზაშვილთან ერთადაა აღბეჭდილი. სანდროს ფოტოები ინსტაგრამზე თავად ანასტასიამაც გამოაქვეყნა და როგორც ამბობენ, ამ გოგონას მომღერლობა სურს.