როგორ ცხოვრობდნენ ქაქუცას შვილები - რას იხსენებს ქეთევან ჩოლოყაშვილის შვილიშვილი - გზაპრესი

როგორ ცხოვრობდნენ ქაქუცას შვილები - რას იხსენებს ქეთევან ჩოლოყაშვილის შვილიშვილი

იყო პერიოდი, როდესაც ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ცოლ-შვილის დანახვაზე, ზოგიერთი ადამიანი გზის მეორე მხარეს გადადიოდა, რათა არ მისალმებოდა... მერე სიტუაცია შეიცვალა... "ქაქუცას შვილიშვილობამ ბევრი სიკეთეც მომიტანა, რა თქმა უნდა, სიხარულიც... სასიამოვნოა, როდესაც წინაპრებს გიქებენ", - ამბობს ჩემი რესპონდენტი, საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის შთამომავალი - გური ხუნწარია....

- 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემი დიდი პაპა "მაგარი კაცი" იყო. სახლში ქაქუცას გრაფიკული პორტრეტი გვეკიდა. სულ ვაკვირდებოდი და მეამაყებოდა. უამრავ კითხვას ვსვამდი, - ხმალს მაგრად იქნევდა? ცხენზე როგორ იჯდა-მეთქი?..

- ამ კითხვებს ყველაზე ხშირად, ვის უსვამდით?

- ქაქუცას მეუღლეს, ჩემს დიდ ბებიას - ნინო მეღვინეთუხუცესს, რომელსაც ნინა ბუბას ვეძახდი. ის იცინოდა და პასუხს არასდროს მცემდა. 6 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. ნინას დასამახსოვრებელი ხმის ტემბრი და საუბრის მანერა ჰქონდა... ქაქუცა 10 წლით უფროსი იყო მასზე. ქორწილი ახმეტის რაიონ სოფელ აწყურში გადაუხდიათ. თეთრებში გამოწყობილი ნეფე-პატარძალი საუცხოო სანახავები ყოფილან. ლეგენდად დარჩა საკუთარ ქორწილში ქაქუცას მიერ შესრულებული ცეკვა. წყვილი თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე ოფიცრების სახლში ცხოვრობდა. 2 ქალიშვილი შეეძინათ - ციცნა ანუ თამარი და ქუთია - ქეთევანი. მე ქეთევანის შვილიშვილი ვარ. GzaPress

- თქვენს დიდ პაპაზე კიდევ, რას გვეტყვით?

- უაღრესად თბილი და კეთილი კაცი ყოფილა. როგორც მისი ნაცნობები იხსენებენ, გამოირჩეოდა თავმდაბლობით, დახვეწილობით, უსამართლობას ვერ იტანდა, დაჩაგრულს აუცილებლად ექომაგებოდა. ერთხელ თურმე, ქაქუცა და მისი მეგობრები თბილისში, ერთ-ერთ სახლში, მეოთხე სართულზე გამართულ წვეულებაზე ყოფილან. ერთს უანგლია, დაგვიანებით მისულა, დაქირავებულ მეკურტნეზე ამხედრებული. ქაქუცას ეს არ მოსწონებია და მეგობრისთვის უთქვამს, ახლა თვითონ შეისვი მეკურტნე, ქვევით ჩაიყვანე და შენი ფეხით ამოდიო.

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ჯარში გაიწვიეს. იბრძოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც ესკადრონს ხელმძღვანელობდა. ამავე წელს მძიმედ დაიჭრა და თავისივე სურვილით, კავკასიის ფრონტზე, არიერგარდის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ქაქუცამ თავი გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლაში. ციხესიმაგრე "არწივის ბუდეზე", რომელსაც ქაქუცა იცავდა, თურქების შეტევის შემდეგ კიდევ დაიჭრა - სამი ჭრილობა მიიღო და ცოცხალი აღარც ეგონათ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. ცნობილია, რომ ამ ბრძოლაში ჩადენილი გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოეს. 1915 წელს, ქაქუცა ახალდაარსებულ საქართველოს ცხენოსანთა რაზმში ჩაეწერება, რომელიც ნიკოლოზ ბარათოვის ხელმძღვანელობით, სპარსეთში იბრძოდა. რაზმმა წარმატებული რეიდი განახორციელა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით, ბრიტანეთის არმიას შეუერთდა.

ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა, ჩოლოყაშვილი კი აქ დარჩა. 1922 წლის 12 მარტს რაზმთან ერთად, ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. თანარაზმელებმა ფიცი დადეს, რომ თავდაუზოგავად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ "შეფიცულთა რაზმი" ეწოდათ. ამავე 1922 წელს შეიქმნა დამკომი - დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელიც ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანებას წარმოადგენდა. ამ ორგანოს დაექვემდებარა "სამხედრო ცენტრი", რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო და დაიწყო მისთვის მზადება...

- ქალბატონი ნინო თუ საუბრობდა მეუღლზე?

- ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თანდასწრებით არაფერს ამბობდა. ერთხელ რაღაც გადაცემას უყურებდა ტელევიზორში და იქ ახსენეს: "ბანდიტი ქაქუცა ჩოლოყაშვილი". ამის გაგონებაზე, შეიცხადა: "ვიშ, ქა!" ბევრი იწვალა ამ ქალმა, ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას.

- რამ გადაარჩინა?

- ლენინის ბრძანებამ მოუსწრო, კონტრრევოლუციონერების ოჯახის წევრების დევნა შეწყდესო, თორემ მაშინ უკვე ციხეში იყო. საერთოდ, ორჯერ იყვნენ პატიმრობაში ნინა და მისი გოგონები: პირველად - 1923 წელს, თელავის მაზრის პოლიციაში. პოლიციის უფროსს, ჭურღულიას დაუქადია: ჩოლოყაშვილი თუ არ ჩაგვბარდება, მის ცოლ-შვილს კასრში ჩავსვამ და ცეცხლში გამოვწვავო, რაზეც ქაქუცას შეუთვლია: ეგეთი მეთოდებით ნუ მებრძვით, თორემ ქვას ქვაზე აღარ დავტოვებო. დაპატიმრებამდე, ბავშვები გაფრთხილებული ჰყავდა დედას, რომ სიმართლე არ ეთქვათ. უამრავ რამეს ჰპირდებოდნენ თურმე მილიციელები 3 წლის ქეთიასა და 7 წლის თამარს, რომ როგორმე, მამის ადგილსამყოფელი შეეტყოთ მათგან. როდესაც დედა და შვილები სახლში გაუშვეს, პატარა ქეთიას შინაურებთან მოუყოლია მისი და პოლიციელების დიალოგი, თან თურმე, თავს იწონებდა: "ისეთი ტყუილები ჩავაბარეო..." რომ უკითხავთ, მამა სახლში მოდისო? ამას უთქვამს - მოდისო. არადა, ქაქუცა ხანდახან თუ მიდიოდა შინ მალულად და მაშინაც ბავშვებს ეძინათ. როგორ გამოიყურებაო? - ქეთიას უთქვამს: სულ ოქროს ქამარ-ხანჯალი უკეთიაო. ვის მოჰყავს ხოლმეო? - ძია მიშასო. ამ ტყუილის გამო, რამდენიმე მიშა აუყვანიათ. საბედნიეროდ, მხოლოდ დაუკითხავთ და გაუთავისუფლებიათ...GzaPress

გარკვეული ხნის შემდეგ დედა-შვილები უკვე მეტეხის ციხეში მოათავსეს. ქეთიას თურმე, სარკმლის რაფაზე დააყენებდნენ პატიმრები, რომელთა შორისაც ძალიან ბევრი ახლობელი იყო და ტაშისკვრით აცეკვებდნენ. პატარაც უდარდელად ცეკვავდა... სწორედ ამ პერიოდში, ნინო ლავრენტი ბერიასთან წაუყვანიათ. ბერია ამ დროისთვის მაინცდამაინც ცნობილი ჩინოვნიკი არ იყო, მაგრამ სულს რა შეუცვლიდა?! უთქვამს: შენ დახვრეტა გემუქრება და ბავშვები მაინც გადაარჩინე, უარი თქვი მათზე და გადმოგვეციო. ჩანს, მათაც არ უნდოდათ ბავშვები ციხეში ჰყოლოდათ. ერთ-ერთი პატიმარი ნინას ნათესავი ყოფილა და მას დაურიგებია, არ დასთანხმდეო. ნინოსაც უარი უთქვამს ბერიას შემოთავაზებაზე... შემდეგ ბავშვები გაუშვეს, ნინო კვლავ ციხეში დარჩა. ილია მეღვინეთუხუცესს წაუყვანია პატარები აწყურში. როდესაც ქაქუცამ საქართველო დატოვა (1924 წელი), ბოლშევიკებს ილია საკუთარ ეზოში დაუხვრეტიათ. თან, დაუბარებიათ: ვინც ამ ბავშვებს შეიკედლებს, დავაპატიმრებთო! უპატრონოდ დარჩნილი ციცნა და ქეთია ოჯახის მოურავს არ მიუტოვებია. მიუხედავად შიშისა, ამ კაცმა შეიფარა ისინი, მაგრამ სახლში ვერ შეიყვანა და საქათმეში დამალა. საჭმელს უზიდავდა მალულად და აფრთხილებდა, თუ ვინმემ მოგაგნოთ, უთხარით, ვითომ აქ თქვენით დაიმალეთო. სწორედ ამ დროს გამოვიდა ლენინის ბრძანება და ნინო თავის გოგონებს დაუბრუნდა.

ისინი თბილისში ქირაობდნენ ბინას. გოგონები სკოლას ხშირად იცვლიდნენ: სასწავლებელში მანამ რჩებოდნენ, ვიდრე სხვები გაიგებდნენ, რომ ქაქუცას შვილები იყვნენ და ნინოც ამავე ინტენსივობით იცვლიდა სამუშაო ადგილს. ერთხანს თურმე, რომელიღაც ინსტიტუტში მუშაობდა დამლაგებლად. ერთ დღეს ინსტიტუტის დირექტორი გამოლაპარაკებია: ქალბატონო, არ ჰგავხართ დამლაგებელს და რატომ იკლავთ თავსო?! ნინო ატირებულა. დაუჟინია იმ კაცს, - მიამბეთ, ვინ ხართო? - ქაქუცას ცოლი ვარო, - ვეღარ დაუმალავს ნინოს. იმ საღამოს ამ კაცს გულის შეტევა დამართნია...

როცა გოგონები წამოიზარდნენ, თურმე კერვა, ქარგვა დაიწყეს და ამით გადიოდნენ ფონს. დროთა განმავლობაში ციცნას კაბებმა სახელი გაითქვა. ძალიან ბევრი შეკვეთა ჰქონდა, ამიტომ მთელი ჩვენი ოჯახის ქალები და რამდენიმე მეგობარი ჩართო ამ საქმეში. მთელი მაშინდელი კომუნისტური ელიტის მეუღლეები მასთან იკერავდნენ... სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს, ორი ადამიანი სწვევიათ. უთქვამთ, ჩვენ ქაქუცას მეგობრები ვართ და გარკვეული კატეგორიის ხალხთან კავშირის დამყარებაში დაგვეხმარეთო. ნინოს უარით გამოუსტუმრებია ისინი. როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ, გარეთ გასვლისთანავე დაუპატიმრებიათ ის ორი კაცი და მათთან ერთად, ნინო და თამარი. დედა-შვილი გადაასახლეს შუა აზიაში, ქეთია კი იძულებული გამხდარა, თავად ჩასულიყო მათთან. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიწყალეს.

- როგორც ვიცი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანარაზმელს, ალექსანდრე სულხანიშვილს შეხვდით.

- გარაყანიძეებთან, დისშვილის ოჯახში შევხვდით ერთმანეთს. ლოგინად ჩავარდნილი ბატონი ალექსანდრე ხშირად მიბარებდა და იხსენებდა შეფიცულთა გარემოცვაში გატარებულ დღეებს. საფრანგეთში ჩასულები, პარიზთან ახლოს, ვიროფლეში, ნაქირავებ ბინაში დასახლებულან. შეფიცულთა უმრავლესობა ოდენკურში, "პეჟოს" საავტომობილო ქარხანაში დასაქმებულა... ქაქუცას პიროვნულ ღირსებებზე მესაუბრებოდა ალექსანდრე სულხანიშვილი. ამბობდა: როგორი მხდალიც უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელშიო.

კომუნისტურ ხანაში, ჩვენი თაობის წარმომადგენლებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. 90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, მახსოვს რესტორან "ბერიკონში" მერაბ კოსტავამ თავისი გამოსვლა ასეთი შეძახილით დაასრულა: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს ქაქუცა ჩოლოყაშვილს!" ასე ხმამაღლა, უშიშრად და ამაყად, ქაქუცას სახელის ხსენებამ სიამოვნების ჟრუანტელი მომგვარა და ლამის გულიც წამივიდა.

- ცოლ-შვილი როგორ აფასებდნენ ჩოლოყაშვილის ცხოვრებისეულ არჩევანს?

- არც ერთისგან არ გამიგია საყვედურები. ძალიან "ქაქუცისტები" იყვნენ. სხვათა შორის, გამგზავრების წინ, ქაქუცასთვის შეუთავაზებიათ, - ცოლ-შვილს გაგატანთო; მას კი უთქვამს, - ვინც გამომყვება, იმათ ცოლ-შვილსაც წავიყვანო. ამის უფლება რომ არ მისცეს, აღარც თავისი ოჯახი წაიყვანა...

საქართველოში საკმაოდ მალე ჩამოსულა ქაქუცას გარდაცვალების ამბავი. ჩემები მორწმუნეები იყვნენ და საკურთხსაც უკეთებდნენ მალულად. ბოლოს, მახსოვს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 100 წლისთავი გადავიხადეთ ციცნას სახლში. ერთი ჩვენი ახლობელი, ხანში შესული კაცი იყო თამადა და ხუმრობით იძახდა: ხალხო, დაგვიჭერენ, არავინ გაგვიგოსო...

რაც შეეხება ქაქუცას უკანასკნელ დღეებს, - თურმე, სასთუმალთან ყოველთვის ტყავში გამოკერილი ქართული მიწა ედო და კიდევ, ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ თამარისთვის გამოურთმევია, რადგან სიჩქარეში თავისი ვერ უპოვია. ღამით თამარი დასიზმრებია: მამაჩემო, მომეცი ჩემი ჯვარიო. რომ გაუღვიძია, უთქვამს: ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო. მართლაც, სწორედ იმ დღეს, 1930 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. თავდაპირველად ცხედარი პარიზის სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს. შემდეგ, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ნეშტი ლევილში გადაასვენეს, 2005 წელს კი მან სამუდამო განსასვენებელი სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში პოვა.

ეკა სალაღაია