ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რის ნა­მუ­შე­ვა­რი ნიუ-იორ­კ­ში გა­მო­ფი­ნეს - გზაპრესი

ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რის ნა­მუ­შე­ვა­რი ნიუ-იორ­კ­ში გა­მო­ფი­ნეს

"ჩემი სტილი დიდ შრომასა და ბევრ დროს მოითხოვს. ამიტომაც, ბუნებრივია, ძვირიც უნდა ღირდეს. ხშირ შემთხვევაში ნახატებისთვის ატრიბუტების ყიდვა, კოსტიუმების შეკერვა და ნატურების მოწვევაც მიწევს. მაგალითად, "მარსის საკურთხევლისთვის" ნაყიდი აღჭურვილობის ფასმა 1.200 დოლარს გადააჭარბა და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი უნდა ღირდეს ეს ტილო?" - ბრუნო ვეფხაძის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გამოფენილი.

"ერთი ნახატის შექმნა 1.200 დოლარი დამიჯდა"

- ჩემი ნახატებიდან გამოვარჩევდი "მარსის საკურთხეველს". ვფიქრობ, ეს ჩემი უკვე ყველაზე ცნობილი და წარმატებული ნამუშევარია. 2013 წელს დავხატე და მის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემმა უდიდესმა ინტერესმა ანტიკური და შუა საუკუნეების ისტორიისადმი, რაც ბავშვობიდანვე თან მდევს: მშობლები ზღაპრების ნაცვლად, ბერძნულ მითოლოგიას და რომის ისტორიას მიკითხავდნენ. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი დავხატო ნატურიდან და ამის გამო მთელი აღჭურვილობის შეძენა მომიხდა, რომაული მუზარადით დაწყებული, ხმლით დამთავრებული. სწორედ ეს ნამუშევარია ამჟამად გამოფენილი ნიუ-იორკში, მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენაზე. ჩემი კომპოზიციის მთავარი იდეა - თავიდან დაბადების იდეაა. სურათზე თქვენ ხედავთ სრულიად ახალ, ჩვენს დროში შექმნილ რომაულ აბჯარს (რეკონსტრუქციას), რომელიც დგას ძველ (ორიგინალ) და დაზიანებულ პიედესტალზე. ამ სურათით მინდოდა მეთქვა, თუ როგორ ეძლეოდა მთელი ისტორიის განვითარების მანძილზე ანტიკურ სამყაროს და კლასიკურ კულტურას ახალი სიცოცხლე, რომლის საფუძველიც ძლიერი და სოლიდური წარსულია. ახალი რომაული აბჯარი და ძველი პიედესტალი, სიმბოლურად, სწორედ ამ იდეას გამოხატავს და მაყურებელს უჩვენებს იმ დიდ ინტერესს ანტიკური კულტურისადმი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩნდებოდა საზოგადოებაში. ამ მყარი და ძლიერი საფუძვლისთვის ავარჩიე ომის ღმერთის და რომაული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მითიური ფიგურის, მარსის საკურთხეველი. GzaPress

- ბავშვობიდან ხატავთ?

- ბავშვობაში ვხატავდი, როგორც ალბათ, ყველა ბავშვი, მაგრამ შემდეგ დავანებე თავი, რადგან ჩემთვის გართობა იყო. ხომ იცით, ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ტოვებ ძველ სათამაშოებს... ხატვას სერიოზულად სკოლის დამთავრების მერე მოვეკიდე და ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე, რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე სამხატვრო აკადემიაში. პროფესიის არჩევაში უდიდესი როლი შეასრულა ოჯახურმა ტრადიციამ - მხატვართა მეოთხე თაობის წარმომადგენელი ვარ. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლისას ვმონაწილეობდი გამოფენებში, სწავლის დამთავრების შემდეგ კი საერთაშორისო არენაზეც გავედი. პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა თბილისში, 2009 წელს. 2007 წელს მოვხვდი მოსკოვში გამოცემული რეიტინგების წიგნში, სხვადასხვა ეპოქის ბევრი ქართველი და უცხოელი მხატვრის გვერდით, დაწყებული ფიროსმანით, გუდიაშვილით, რეპინით, სურიკოვით და თანამედროვე მხატვრებით დამთავრებული. 2013 წელს ჩემი ნამუშევრები დაიბეჭდა თანამედროვე ხელოვნების მეთორმეტე საერთაშორისო კატალოგში, რომში. 2016 წელს ვმონაწილეობდი რეალისტური ფერწერის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის Aრტ ღენეწალ ჩენტერ®-ის (აშშ. ნიუ-ჯერსი) მიერ ჩატარებულ მეთორმეტე საერთაშორისო კონკურსში, სადაც ნატურმორტის კატეგორიაში, სამეულში მოხვდა ჩემი ნამუშევარიც - Aლტარ ოფ Mარს. ამჟამად, ნიუ-იორკში ამავე ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ გამოფენაზეა გატანილი ჩემი ნამუშევარი, სექტემბერში ეს ნამუშევრები გადაინაცვლებს ბარსელონაში, ევროპის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

- ალბათ რთულია ნიუ-იორკში მოხვდეს ქართველი მხატვრის ნამუშევარი?

- დღესდღეობით, ჩვენთვის ურთულესია ნიუ-იორკში რეალისტური ფერწერის განხრით კონკურენცია გავუწიოთ სხვებს, რადგან მსგავს პროექტებსა და გამოფენებში მონაწილეობენ მთელი მსოფლიოს საკმაოდ მაღალი დონის მხატვრები, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნების საუკეთესო აკადემიებში აქვთ მიღებული განათლება და მუშაობენ ისეთი ხარისხის მასალებით, რაც საქართველოში არც კი იყიდება. ჩემი სამომავლო გეგმები დაკავშირებულია როგორც საქართველოსთან, ასევე უცხოეთთან. საქართველოში ცხოვრების წესს ვარ მიჩვეული და საკუთარ სახელოსნოში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ წარმატებისთვის უცხოეთში თავის დამკვიდრება აუცილებელია.

ახლა საქართველოში ვარ. სექტემბერში ბარსელონაში ვაპირებ წასვლას, დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად.GzaPress

- დღეს ყველაფერი კომერციაზეა აგებული, ასე არ არის?

- წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, დღეს ავტოგრაფს უფრო ყიდულობენ, ვიდრე ნახატს. უფრო მნიშვნელოვანი გახდა, თუ ვინ იმუშავა კონკრეტულ ტილოზე. კომერცია ხელოვნებაში რაღაც დოზით ყოველთვის იყო, მაგრამ დღევანდელი სახით - არა. ადრე სხვაგვარად რომ იყო საქმე, ამას ისიც ადასტურებს, რომ უამრავი შესანიშნავი უცნობი მხატვრის ნამუშევარია შენახული მსოფლიოს ათასობით მუზეუმში. ვფიქრობ, თავად მხატვარმა უნდა დააბალანსოს შემოქმედება და კომერცია, რადგან უკიდურესობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი, როგორც ხელოვანის დამთავრება ან შიმშილი. მხოლოდ წარმატების მიღწევის შემდეგ ეძლევა მხატვარს ფუფუნება, ხატოს მხოლოდ ის, რაც სურს და იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ ვიდრე აქამდე მიხვალ, საჭიროა შრომა და იღბალიც, რა თქმა უნდა.

მანანა გაბრიჭიძე