სიკ­ვ­დი­ლის მო­ლო­დინ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი - გზაპრესი

სიკ­ვ­დი­ლის მო­ლო­დინ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი

ეს წერილი მოთხრობის სტილში აქვს დაწერილი მოხუც ქალბატონს, რომელმაც ასაკის გამჟღავნება არ ისურვა. ის სიბერეს კალმის მეშვეობით ებრძვის და ცდილობს, მოგონებებით გაიხანგრძლივოს ის სიტკბოება, რომელიც ცხოვრებას მოუტანია მისთვის (წერილის სტილი დაცულია).

"კაცი როცა დაბერდება, აღარავის არ სჭირდება. ძაღლურ ლუკმას თუ გადაუგდებენ, თორემ მისთვის თბილი სიტყვაც ენანებათ. მოხუცს ღმერთის იმედი აქვს, თავსაც ამით ინუგეშებს, მწარე ცრემლით ტირის და მოთქვამს, დარდს ერკინება. ყველამ ზურგი შეაქცია, აღარავის ახსოვს და სიბერე, როგორც ფიფქი, დამძიმებულ მხრებზე ათოვს. არავის ცნობა არ სურს, არც არავინ ენატრება. რომც მოკვდეს, არ დარდობს, რადგან ეს მისთვის არის ნეტარება. "დაისვენებს სამუდამოდ!/ ვინც აქ რჩება,/ მან იდარდოს./ ვისაც უნდა ყვავილები/ მის საფლავზე მიიტანოს,/ ჭიქა ღვინოც გაიყოლოს,/ მჟავე კიტრი, გუდის ყველი,/ დალოცოს და დაილოცოს,/ ეს იქნება ყველაფერი...

სიბერე სახადივითაა, საწამლავია, რომელიც ნელ-ნელა გშხამავს, მერე კი ბოლოს მოგიღებს. ჭირვეული ბავშვივითაა, კარგი უხარია და ცუდი სწყინს, ეს იმიტომ, რომ გულჩვილი ხდება. ბებერი გრძნობს რაღაც უხილავის მოახლოებას. ალბათ, სიკვდილის შიში თუ აქვს. თუმცა, შიში არაფერ შუაშია... როცა სარკეში იყურება, თავის დამჭკნარ სახეს ხედავს, ჩაღრმავებულ უსიცოცხლო თვალებს, უღონო ხელ-ფეხს და შიში ამის მერე იპყრობს. იცის, რომ მალე მოუწევს ამ ქვეყნის დატოვება. აკანკალებული ხმით ამბობს, _ რა ცუდი ყოფილაო სიბერეო... აღარავის ახსენდება, არაფრად მიიჩნევენ და მისი დანახვაც ზარავთ.

აი, ასეთია ძუნწი სიბერე... გინდაც, ასი წელი იცოცხლოს, მაინც ვერ ძღება სიცოცხლით. უხარია, რომ თვალები ღია აქვს და უყურებს სამყაროს. ეს იმიტომ, რომ თვალზე ლიბრი გეფარება და ძლივს იხედები ან ჯოხის კაკუნით მიიკვლევ გზას, იხედები, რომ ვინმემ ხელი შეგაშველოს და გაღმა ნაპირზე გაგიყვანოს.

მაგრამ ოხერი წუთისოფელი, მყრალი ჭაობი ყოფილა მხოლოდ, ზოგიც ეფლობა მასში, ზოგიც ფონს გადის, ყველა ყოფილა ბედის მოშურნე. რაოდენი დამცირება, სიდუხჭრე, ცრემლი იმალება ბებრის დანაოჭებულ სახესა თუ გულში. განა, მის ბრალია, ასაკი რომ მოემატა? იცის, დრო მიდის, რათა აღსარებით წარდგეს უფლის წინაშე. მუხლმოდრეკით, თვალზე მომდგარი კურცხალით შესცქერის თავის უბედურ ცხოვრებას. ნანობს, რომ წამების ფასად განვლო ამხელა ცხოვრების გზა. აი, ასეთი ბებერი, სიკვდილის პირისპირ მდგარი, მაინც სიცოცხლეს ებღაუჭება. დიახ, ისევ და ისევ სიკვდილი, ბნელი, გულზვიადი, დაუმორჩილებელი! ვინ გამოიგონა და შექმნა ისეთი სამყარო, სადაც არც ჭირი, არც ურვაა, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი. ღმერთმა მოგვიტეოს შეცოდებანი და მოგვცეს საუკუნო ცხოვრება.

და მაინც, ღმერთი არ გვიტოვებს არჩევანის უფლებას, თუ რა სჯობს: საუკუნო სიცოცხლე თუ სხვა რამ. თურმე, არც ისეთი მოწყალე ყოფილა. სიკვდილი და სიცოცხლე _ რიტუალია ბუნებაში. სიბერე წელიწადის 4 თვესავითაა: გაზაფხულივით იბადები, ზაფხულივით ისხამს ნაყოფს, შემოდგომით დამწიფდები და ზამთარი მოგიღებს ბოლოს. ეს ოთხი დრო ისე გაგეპარება, მოხედვასაც ვერ მოასწრებ. როცა სარკეში ჩაიხედავ, შენს სახეს დაინახავ დამჭკნარს და მიხვდები, რომ ზამთარი მოდის, თეთრი სუდარაც მოაქვს. დრო მიდის, დრო არა ჩერდება,/ და მიუყვება თავის ბილიკებს,/ არავის მოაქვს ქვეყნად არაფერი,/ ოქროს ფულსაც არავინ არიგებს...

გადავიღალე ამდენი ფიქრით, სიკვდილზე დაუსრულებელი ფიქრით! დაუსრულებლად უფლის იმედით. დავჩაჩანაკდი, მაგრამ სიცოცხლე მაინც მიხარია! ხიფათი თან დამყვება და მაფრთხილებს, რომ ფეხი არსად გადამიბრუნდეს. ამიტომ ძალიან ფრთხილი გავხდი, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე? სიკვდილსაც მოსწყინდება ჩემი ყურება და გამიყენებს გზას. ანდა, რა სასიცოცხლო მე ვარ? მომტირალი ტირიფივით გახლავართ. ქმარი მე არ მივარგოდა და შვილი, ვიყავი მუდამ ტრიალ მინდორში მდგარი ტირიფივით, ვწყევლიდი ჩემს ბედსა და გაჩენას.

არაფერი ყოფილა იმაზე მძიმე, ვიდრე მარტოობა სულისა. საითაც ქარი დაგიბერავს, იქით გადაიხრები, ეძებ მყუდრო ადგილს, რომ თავი შეაფარო, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს თავშესაფარი. ვეხეთქები აქეთ-იქით _ აი, ასე გამოვიარე ბევრი წელი. როცა დაღამდება, მთლად მარტო ვრჩები ჩემს ვიწრო, ნესტიან ბინაში...

რამდენი ტირილი და გლოვაა ამქვეყნად, მაგრამ სიხარულიც ბევრია. რამდენი ადამიანი დაეხეტება ამ დედამიწაზე, ბედისგან დაჩაგრული და გულზე ხელებდაკრეფილი ელოდება განაჩენს, მაგრამ უფალი სამართლიანია, ყველას როდის ალოდინებს სიკვდილს: ზოგს ჩიტივით გააფრენს ფანჯრიდან, ზოგს _ ახალგაზრდას წაიყვანს და იცით, რატომ? ღმერთი არ გვაძლევს უფლებას, უკვდავები ვიყოთ. სამართლიანია ის, რომ სიკვდილი არავის არჩევს...

მაშ, სიკვდილი ყოფილა ჩვენი ღმერთიც და ხატიც, რადგან უნდა მოგკლავს, უნდა გაცოცხლებს. ის გავარდნილი მეხივითაა. შეგიძლია, მეხისგან თავი სადმე შეაფარო, მაგრამ სიკვდილს ვერსად წაუხვალ. თუ გამოგარჩია, არ გაგახარებს, წუთსაც არ მოგცემს.

მახსენდება ერთი კაცის ნაამბობი: კაცმა დაიჭირა ყვავი, მოიყვანა სახლში და მაგიდაზე დასვა. უჯრიდან ერთი ბოთლი არაყი ამოიღო, ჭიქაში დაისხა და დალია, შემდეგ ყვავს დაალევინა. თან, ეუბნებოდა: ძველი ხალხი შენზე ამბობდა, რომ 300 წელს ცოცხლობ. უნდა ვნახო, რამდენ ხანს გაძლებო... ისევ დალია, ყვავსაც დაალევინა. ერთი კვირის თავზე ყვავმა ფეხები გაფშიკა. _ აბა, მე რა ვთქვი? მეც არაყი მკლავს, თორემ სამას წელიწადს ვიცოცხლებდიო. სიტყვა "სიკვდილი" ყველას ეჭვის ჭიას უჩენს, მაგრამ მასთან ხუმრობა არ ვარგა, ის ხომ ბოლოს და ბოლოს, სიკვდილია და ჩვენგან შორს იყოს.

უკვდავი არაფერია,/ კლდეც კი ინგრევა ქვიანი,/ მხოლოდ სიკვდილი ყოფილა,/ ამქვეყნად მარტო ჭკვიანი.

სიკვდილი ყველგან დანავარდობს, მთაში თუ ბარში, ტყეში თუ ღრეში, წყალში თუ ხმელეთზე, მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთაც კი. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ეს გაცნობიერებული გვაქვს და მაინც გვიკვირს, როცა ადამიანი კვდება. იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანს თავისი თავი უკვდავი ჰგონია? როგორიც უნდა იყო, ბოროტი თუ კეთილი, მაინც სიკვდილის შვილი ხარ. მაშ, რატომ ვცდილობთ სიმდიდრის მოხვეჭას, თუ ვიცით, რომ იმ ქვეყნად არავის არაფერი წაუღია? ან რად გინდა, რომც წაიღო, თუ იქ ყველა თანაბარია?..

ზამთარია, ზიხარ ბუხართან და ჩასცქერი ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლეს. ფიქრები გიტაცებს და იგონებ განვლილ გრძელ ცხოვრებისეულ გზას, გაგონდება შენი ბავშვობა, ახალგაზრდობა, პირველი პაემანი და იმ სიყვარულს ნატრობ, რომელიც მრავალი წლის წინ გაქრა. ცეცხლს შეუჩიჩხინებ და თვალებზე მომდგარ ცრემლს მოიწმენდ, ტკბილ მოგონებებში გართული ჩასთვლემ ჯორკოზე.

უცებ, რაღაც ძალა გიბიძგებს. გაგაღვიძებს და ისევ ფიქრებში ჩაიძირები. ზიხარ და ცდილობ, სიკვდილს გაუსწორო თვალები. ეუბნები ჩუმად: ნუთუ, კიდევ დიდხანს უნდა მაწვალოო? შემდეგ ყავარჯენზე დაყრდნობილი, როგორღაც მიხვალ ტახტთან და მოისვენებ... ეხვეწები ღმერთს, რომ წაგიყვანოს იმ ქვეყნად, მაგრამ სიკვდილი იგვიანებს... ჰოდა, აკანკალებული ფიქრობ, რომ შენთვის ჯერ კიდევ ნაადრევია ეს და პირჯვარს იწერ. გულის სიღრმეში გიხარია, რომ ერთი დღის გათენებას კიდევ მოესწარი..."

P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com