"ის ბი­ჭე­ბი ჩე­მი ფან­ჯ­რე­ბის ქვეშ ბღა­ოდ­ნენ" - გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რო­მან­ტი­კო­სი, რო­მელ­საც ქორ­წი­ლე­ბი არ უყ­ვარს - გზაპრესი

"ის ბი­ჭე­ბი ჩე­მი ფან­ჯ­რე­ბის ქვეშ ბღა­ოდ­ნენ" - გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რო­მან­ტი­კო­სი, რო­მელ­საც ქორ­წი­ლე­ბი არ უყ­ვარს

პროფესიით მენეჯერი სალომე კოკუაშვილი, რომელიც დღეს სამსახიობო საქმიანობას ეწევა, არ აღიარებს, მაგრამ როგორც მივხვდი, შეყვარებულია. რა აბედნიერებს და რატომ უწოდებს საკუთარ თავს გამოუსწორებელ რომანტიკოსს? - ამ და სხვა კითხვებზე მსახიობმა გულახდილად გვიპასუხა.

- მამა კალათბურთელი იყო, დედა - ექიმი-კარდიოლოგია.

- დედმამიშვილები გყავს?

- არა, დედისერთა ვარ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მშობლები მანებივრებდნენ.

- პროფესიით მსახიობი არ ხარ, მაგრამ საზოგადოებამ გაგიცნო როგორც მსახიობი...

- მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე. დედას ხათრით ჩავაბარე ამ სპეციალობაზე. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა პროფესიით ვიმუშავე და ეს საქმე ცუდად ნამდვილად არ გამომდიოდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე, ჩავიჭერი, ყოველგვარი მომზადების გარეშე მივედი გამოცდაზე და შედეგმაც არ დააყოვნა. თურმე, გამოცდაზე შეკრული თმითა და მოკლე კაბით უნდა მივსულიყავი, მე კი შარვლითა და გაჩეჩილი თმით გამოვცხადდი და შესვლისთანავე პირველი შენიშვნა ამის გამო მომცეს. შემდეგ გავედი ეროვნულ გამოცდებზე და ზემოხსენებულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მიუხედავად ამისა, ჩემი ბავშვობის ოცნებაა ლოს-ანჯელესის კინოაკადემიაში სწავლა და ვიმედოვნებ, სურვილს ავიხდენ. ვიდრე საზოგადოება სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" მნახავდა და გამიცნობდა, მანამდე ვმუშაობდი "რუსთავი 2"-ში, სხვადასხვა სერიალზე. "ჩვენი ოფისის" ბოლო სეზონში მყუდროს მეგობარ "ბომჟ" გოგოს განვასახიერებდი. ჩემი პირველი სერიალი "მესამე თაობა" გახლდათ, რომელიც "პირველ არხზე" გადიოდა.

- ბავშვობაში ან თინეიჯერობის პერიოდში პრინცზე თუ გიოცნებია და როგორი იყო ის შენს წარმოსახვაში?

- მგონი, პრინცთან შეხვედრაზე არასდროს მიოცნებია. თუმცა, პრინცესობა კი მინდოდა და ამაზე ახლაც არ ვიტყოდი უარს (იღიმის).

- დაგვიხასიათე შენი თავი, როგორი ადამიანი ხარ?

- საკუთარ დადებით თვისებად შრომისმოყვარეობას მივიჩნევ. ისე, საშინლად მიამიტი და ჯიუტი ვარ, ამ თვისებებს ვერაფერი მოვუხერხე.

- ბევრი უარყოფითი თვისება გაქვს?

- კი, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი... ჯიუტი და მიამიტი რომ გახლავართ, ეს უკვე გითხარი. ასევე, ზარმაცი ვარ, ძილი მიყვარს. კიდევ მექნება რაღაცები, მაგრამ ასე უცებ არ მახსენდება. დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ თუ გავბრაზდი, ჯობს გამეცალოთ.

- მშობლები ყველაზე ხშირად, რის გამო გაძლევენ შენიშვნას?

- მადლობელი ვარ, რომ ისეთი გამზარდეს, როგორიც ვარ. სამწუხაროდ, მამა გარდამეცვალა. შენიშვნებს დედისგან ძირითადად, სახლში არეულობის გამო ვიღებდი... ახლა დიდი გოგო ვარ და შენიშვნებს აღარ, მაგრამ რჩევებს კი მაძლევს. უზომოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ მშობლები ყოველთვის მენდობოდნენ, არასდროს არაფერში მზღუდავდნენ.

- რჩევებს თუ ითვალისწინებდი? ერთსა და იმავე შენიშვნას იღებდი?

- ალბათ, ეს უფრო ბავშვობაში მჭირდებოდა. ახლა უკვე ვიცი, რომ დედა ცუდს არაფერს მირჩევს და თუკი მის რჩევას გავითვალისწინებ, ყველაფერი კარგად იქნება.

- ცხოვრებაში შენი დაუდევრობის გამო, ფეხი ხშირად წამოგიკრავს?

- ჩემი დაუდევრობის გამო, ბევრჯერ წამომიკრავს ფეხი... თუმცა, ეს ის "წამოკვრები" იყო, რომელიც შემდგომში გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ გამეორდეს.

- ოდესმე, დეპრესიაში ყოფილხარ? რამ შეიძლება მიგიყვანოს ამ მდგომარეობამდე?

- ვაღიარებ, საკმაოდ დეპრესიული ვარ. თუმცა, ისეთ მდგომარეობამდე არასდროს მივდივარ, რომ საკუთარი თავის კონტროლი ვერ შევძლო.

- როგორი ხარ, როცა ბრაზდები?

- საერთოდ, იშვიათად ვბრაზდები. თუმცა, არავის ვურჩევ, წონასწორობა დამაკარგვინოს.

- ასეთ დროს რას აკეთებ?

- აფექტურ მდგომარეობაში მყოფი რას ვაკეთებ, არ მახსოვს. თუმცა, სიტყვაზე მენდეთ, ასეთ დროს კარგი არაფერი ხდება (იცინის).

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- სხვათა შორის, არა, მაგრამ ვფიქრობ, ტკენასაც გააჩნია. არის რაღაცები, რასაც ადამიანს ვერ აპატიებ და არის წყენაც, რომელსაც ვერ დაივიწყებ. რაც მთავარია, ბოღმის გულში ჩადება არ ვიცი და არც სამაგიეროს გადახდაზე ვფიქრობ ხოლმე.

- ოდესმე გყვარებია? სიყვარულში იმედგაცრუება გამოგიცდია?

- კი, ბედნიერი ვარ, რომ ვიცი, რა არის სიყვარული. ეს ცხოვრების ყველაზე დიდი სტიმულია.

- ვინ არის შენი რჩეული?

- მოდი, ამ კითხვაზე არ გიპასუხებ (იღიმის).

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- კეთილი, თბილი, ყურადღებიანი და კიდევ, ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული მამაკაცები მომწონს.

- გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის თუ მატერიალური მდგომარეობა?

- რა თქმა უნდა, გარეგნობა მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მატერიალური მდგომარეობაა უმნიშვნელო. მამაკაცს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, რომლითაც საყვარელი ქალის უზრუნველყოფას შეძლებს.

- რთულია შენი გულის მოგება? რომანტიკული ხარ?

- გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ (იღიმის). ამ საკითხში არაფერი მეშველება. ღრმად მწამს, რომ სიყვარულის ძალა მილიონ სისულელეს ისე ჩაგადენინებს, არც კი დაფიქრდები. ჩემი გულის მოგება ადვილი ნამდვილად არ არის. ამ მხრივ, ცოტა რთული ადამიანი ვარ.GzaPress

- სიყვარულის გამო სისულელე ჩაგიდენია?

- სიყვარულის გამო სულელურად ბევრჯერ მოვქცეულვარ.

- დაარღვევდი კანონს საყვარელი ადამიანის გამო?

- კი, კანონსაც დავარღვევდი და რისკზეც წავიდოდი.

- შენთვის ფანჯრებთან თუ უმღერიათ?

- კი, ერთხელ, თინეიჯერობის დროს (იცინის)... ისეთი მთვრალები იყვნენ, ბღაოდნენ... ბიჭებო, მოგმართავთ თხოვნით, ფხიზლებმა უმღერეთ გოგოებს, ასე უფრო მოაწონებთ მათ თავს (იცინის).

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- სამწუხაროდ, არ მეხერხება. ამ ეტაპზე მსგავსი რაღაცები არ მჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ჩემს ცხოვრებაში ეს საჭიროება დადგება, ყველაფრის გაკეთებას შევძლებ. ვფიქრობ, მთავარი სურვილი და მონდომებაა.

- სადილების მომზადება თუ იცი?

- არა, სამზარეულოში მხოლოდ მზა საკვების შესათბობად თუ შევდივარ. ამით ნამდვილად არ ვამაყობ, მაგრამ ასეა და რა ვქნა, ხომ ვერ მოგატყუებთ?

- კარტოფილის შეწვაც არ იცი?

- ძალიან თუ მოვინდომებ, კარტოფილს კი შევწვავ და სხვა ბევრ კერძსაც მოვამზადებ. ოღონდ, თუ მოვინდომებ და თან, პარალელურად ზარი ბებიასთან მექნება, რომელიც საოცარ კერძებს ამზადებს. ვიცი, მისი რეცეპტით მეც ყველაფერი გემრიელი გამომივა.

- უთოობა შეგიძლია?

- ვახერხებ, მაგრამ არც ეს საქმე გამომდის საუკეთესოდ.

- ოდესმე თუ გიოცნებია საკუთარ ქორწილზე?

- ვიცი, უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ქორწილებს ვერ ვიტან. შესაბამისად, ამაზე არასდროს მიოცნებია და თქვენ წარმოიდგინეთ, თეთრი კაბის ჩაცმის სურვილიც არასდროს მქონია. თუმცა, გადაღებებზე რამდენჯერმე წილად მხვდა თეთრი კაბის ჩაცმის პატივი.

- მომავალმა მეუღლემ პროფესიული საქმიანობა რომ აგიკრძალოს, როგორი რეაქცია გექნება?

- არ მესმის ადამიანების, რომლებსაც უყვარდებათ პიროვნება და დაოჯახების შემდეგ, მის შეცვლას ცდილობენ. პროფესია ხომ ადამიანის ნაწილია. არანორმალურად მიყვარს ჩემი საქმე... მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროს შესაბამისი განათლება არ მაქვს და შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, - ნეტავ, ამან რა იცისო? მე გეტყვით, რომ ეს ჩემი ნაწილია და აქ დიპლომი არაფერს წყვეტს.

- ასტროლოგიის გჯერა?

- დიახ, ხშირად ვკითხულობ ჩემს ჰოროსკოპს. ასტროლოგები ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს (მერწყული) ყველაზე ერთგულ პიროვნებებად მოიაზრებენ, რასაც ვეთანხმები... იმასაც ამბობენ, რომ თავისუფლების მოყვარული ნიშანია და გულთან არაფერი მიაქვს - თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. უგულო ნამდვილად არ ვარ და შეიძლება, უმნიშვნელო რაღაცაც ძალიან განვიცადო.

- ფიცხი ხასიათი გაქვს?

- გააჩნია განწყობას (იღიმის). ზოგჯერ სიფიცხე მეც მახასიათებს.

- საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

- საყვარელ ადამიანთან ერთად მთელ მსოფლიოში ვიმოგზაურებდი. მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის შესწავლა ძალიან მიყვარს. ალბათ, მოგზაურობა არის ის, რაც მაბედნიერებს. ამ კითხვაში თუ ყველაზე რომანტიკულ წერტილს გულისხმობდი, ჩემთვის ასეთი ადგილი ვენეციაა - იქ "მის" გარეშე არ წავალ.

- რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე?

- სისტემატურად ვერ ვვარჯიშობ, თუმცა ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო.

სოფო ჭონიშვილი