რა­ტომ არ ეს­რო­ლეს აფხა­ზებ­მა ტყვია ამ­ღე­რე­ბულ ქარ­თ­ვე­ლებს - გზაპრესი

რა­ტომ არ ეს­რო­ლეს აფხა­ზებ­მა ტყვია ამ­ღე­რე­ბულ ქარ­თ­ვე­ლებს

"მშობლები მე და ჩემს დას არაფერს გვაკლებდნენ, ზამთარში - ბაკურიანი, ზაფხულობით - გაგრა... დედა მასწავლებელი იყო, მამა - პარტიული მუშაკი, ამიტომ მანქანა გვემსახურებოდა. მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა, მერე დედაც... ჩემი და ამერიკაში ცხოვრობს და საბალეტო სკოლაში კონცერტმაისტერად მუშაობს", - მომღერალი, რეჟისორი, მსახიობი და ამჟამად, სპორტის სასახლის დირექტორი - გიო ხუციშვილი თავისი ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებს.

სცენას შემოვრჩი

- ბავშვობაში ვცურავდი, თხილამურებზე ვიდექი, წყალბურთში საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი. გარდა ამისა, ვმღეროდი, მაგრამ სცენა არ მიზიდავდა. მშობლები სიმღერას მაძალებდნენ. ბავშვობაში ზუკაზე მაღალი ხმა მქონდა. ჩემი და კარგად მღეროდა - ნანა გელოვანისა და ხათუნა ხუციშვილის დუეტი ცნობილი იყო. ერთხელ, ხელოვნების მუშაკთა სახლში მათ კონცერტს ვესწრებოდი. 5 წლისა ვიქნებოდი, პუტკუნას მოკლე შარვალი მეცვა და პირველ რიგში ვიჯექი. ვიღაცამ წერილი გადმომაწოდა, - კონცერტის წამყვანს გადაეციო. სცენაზე ავედი. თურმე, წერილში ეწერა: "ეს ბავშვი აუცილებლად ამღერეთ". წამყვანმა ხელი მომკიდა. გავჯიუტდი, მაგრამ სცენაზე მაინც დამტოვეს. ვინერვიულე, არ ვიცოდი, რა მემღერა. პატარაობიდან სულ დიდი კაცების სიმღერებს ვასრულებდი. ძალიან სასაცილო იყო 5 წლის ბავშვისგან "მე ვარ თამადა ამ სუფრაზე" - ასეთი და მსგავსი სიმღერების მოსმენა.

მახსოვს, ჩვენს სახლში მუდამ ქეიფი იყო. ზოგჯერ გამაღვიძებდნენ, მეც ავდგებოდი და სტუმრების წინაშე ვმღეროდი. ალბათ, 5-6 წლის ვიყავი, როცა მამაჩემთან ერთად, გია ყანჩელი მოვიდა ღამის 2 საათზე და მთხოვეს, მემღერა. ჩემი და უკრავდა, მე კი ვმღეროდი. დილით, დაახლოებით 11 საათზე, ბატონმა გიამ გამომიარა და ხმის ჩამწერ სტუდია "მელოდიაში" წამიყვანა. მისი უზომოდ მადლობელი ვარ, რადგან ჩემი ხმის პირველი ჩანაწერი დარჩა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. მერე ბევრი ანსამბლი მთხოვდა, რომ მათთან მემღერა, მაგრამ სცენაზე დგომა არ მინდოდა. მამუკა ჩარკვიანის "ბრალია" სცენაზე ჩემი ასვლა. სტუდენტობის მერე, მე და მამუკა ჩარკვიანი, მის სიმღერას ვმღეროდით, ერთხელ სცენაზეც ავედით და შემოვრჩით.

კინო...

- კინო ყოველთვის მიყვარდა. 4 თუ 5 წლისა გადამიღეს შოთა მანაგაძის ფილმში "წუთისოფელი", სადაც სოფიკო ჭიაურელი, ზურა ყიფშიძე და სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობდნენ. იქ ერთი სცენაა, სადაც სამი ბიჭი მღერის "ალილოს", თენგიზ არჩვაძის გმირი კი, რომელიც ფილმში თეთრგვარდიელი ოფიცერია, კანფეტებს გვირიგებს. გადაღებები ბაკურიანში მიმდინარეობდა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ეს ეპიზოდი მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩა და ყოველთვის მინდოდა, კინო თავად გადამეღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, დოკუმენტალისტიკას გავყევი. ჩემთან ერთად სწავლობდნენ: გოდერძი ჩოხელი, ოთარ ლითანიშვილი, ოთარ შამათავა და სხვები. თეატრალურ ინსტიტუტში უდიდეს რეჟისორებს ვხედავდი: თენგიზ აბულაძეს, რეზო ჩხეიძეს... დოკუმენტური ფილმების სტუდიის სამონტაჟოში ერთხელ, რეზო თაბუკაშვილი დამხვდა. აი, ასეთ ხალხთან მომიწია ცხოვრებამ და ურთიერთობამ. შემდეგ გიორგი შენგელაიამ გადამიღო კომედიაში "სიყვარული ყველას უნდა", მერე იყო ფილმი "ხარება და გოგია", სადაც ასევე ცნობილი მსახიობები თამაშობდნენ. რადგან სარეჟისორო ფაკულტეტზე სამსახიობო ოსტატობასაც გვასწავლიდნენ, რაღაც უნარები უკვე გამაჩნდა. პრაქტიკას მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გავდიოდით. იქ უამრავი ფილმი ვნახეთ: ნიკოლსონის, რედფორდის, ნიუმენისა და სხვების მონაწილეობით. ჩემთვის ეს დაუვიწყარი ემოციები იყო. იგივე ფილმები მოგვიანებით თბილისში, ვიდეოკასეტებზე გაჩნდა. კინოზე ოცნება ბოლომდე ვერ ავიხდინე, რადგან მხატვრული ფილმის გადაღება მინდოდა. ამაზე ახლაც ვფიქრობ... მაგრამ იმ დროს ყველაფერი დაინგრა: ინფრასტრუქტურა, სტუდიები... ამიტომ შევიცვალე პროფესია და ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

მაღალი კაცი ანუ არვიდას საბონისი

- სად არ მიმუშავია: გამგებლის მოადგილედ, საბაჟოზე, ღვინის კომპანიაში, კინოსტუდიაში, მომღერლობა და სამსახიობო პროფესიაც შევითავსე. ახლა სპორტის სასახლის დირექტორი ვარ. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ეტაპი იყო და რაღაცის თავიდან დაწყების არასდროს შემშინებია. ვამაყობ, რომ უზარმაზარი ისტორიის მქონე სპორტის სასახლის დირექტორი ვარ. ერთი პატარა ეპიზოდი მახსენდება: ერთხელ, დაცვის თანამშრომელმა მითხრა, რომ ძალიან მაღალი ადამიანი მკითხულობდა. სასახლეში ბევრი მაღალი ადამიანი შემოდის. მოგეხსენებათ, იქ კალათბურთელები ვარჯიშობენ. ჩავედი და დავინახე, რომ დგას კალათბურთის ლეგენდა - არვიდას საბონისი. მან მითხრა, რომ თბილისში პირად საქმეებზე ჩამოვიდა, სპორტის სასახლეს გვერდს ვერ აუვლიდა და აღნიშნა, - ასეთი კარგი დარბაზი არც ყოფილ საბჭოთა კავშირში და არც ამერიკაში არ მინახავსო. საბონისი იმ პერიოდში თამაშობდა, როდესაც ჩვენი თბილისის "დინამოს" უდიდესი კალათბურთელები გამოდიოდნენ არენაზე. მახსოვს, მაშინ ბილეთის შოვნა კალათბურთის მატჩზე პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ახლაც, როდესაც სპორტის სასახლეში ჩვენი საკალათბურთო ნაკრები თამაშობს, დასწრების დონე საკმაოდ მაღალია.

მუსიკის ენაGzaPress

- აფხაზეთის ომის დროს ოჩამჩირეში, დამწვარ, დანგრეულ სახლში შევედით, სადაც როიალის გარდა, არაფერი დაგვხვდა. ჩემმა მეგობარმა, მიშა ჭაბუკიანმა დაუკრა, მე ვიმღერე, ბიჭებიც ამყვნენ და სიმღერა სამ ხმაში გავშალეთ. პატარა მიხომ იცეკვა (ასე ვეძახდით ერთ ბიჭს, რომლის გვარი არ მახსოვს). ყველა გავმხიარულდით და რაღაც მომენტში, ომი გადაგვავიწყდა. ჩვენ ვმღეროდით და მეორე სახლში აფხაზები იყვნენ ჩასაფრებული. მუსიკის ხმა და ჩვენი სიმღერა რომ გაიგონეს, გაჩუმდნენ და... ერთი ტყვიაც არ გვესროლეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუსიკამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. ეს ერთგვარად, სიმბოლური ფაქტი იყო. ასე ხდება, მუსიკის ენა ყველას ესმის.

მაია და ზუკა

- მეუღლე - მაია ჯორჯაძე მისი შემოქმედების წყალობით გავიცანი. პედაგოგიური ინსტიტუტის კვარტეტში მღეროდა. მოსკოვში, კონცერტზე გამოდიოდნენ და პირველად იქ შევხვდი. გოგონები შესანიშნავად მღეროდნენ. ალბათ, ბედისწერა იყო, რადგან შემდეგ თბილისში საერთო მეგობრებთან შევხვდით. როდესაც დროს ტარებას ვაპირებდით, ყოველთვის ვურეკავდი. მინდოდა, რომ გოგოებიც მოსულიყვნენ. მაია ძალიან კარგად უკრავდა გიტარაზე. სიყვარულის ახსნა არ დაგვჭირვებია - რადგან ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ისე ვმღეროდით, არაფრის თქმა აღარ იყო საჭირო. მან დიდი მუსიკალური სკოლა გაიარა, პიონერთა სასახლის ანსამბლ "მზიურის" მეორე შემადგენლობაში ბას-გიტარაზე უკრავდა. მაიამ პირადად ჩემთვის დაწერა რამდენიმე სიმღერა. მაგალითად, "იასამანი", რომელსაც ლელა წურწუმიასთან ერთად ვასრულებ. მაიას სიმღერებს ზუკაც მღერის. პატარა ზუკა მოსკოვში სპივაკოვის კონკურსის ლაურეატი რომ გახდა, მაშინ ქართული რომანსი იმღერა. ნიკა მემანიშვილი (ნიკოლოზ რაჭველი) ფორტეპიანოზე უკრავდა. გვეუბნებოდნენ, ზუკა ისეთი ხმის პატრონია, რომ საოპერო მომღერალი უნდა გამოვიდესო, მაგრამ არ მოინდომა. საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა და ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ცოტა ხნის წინ დაქორწინდა კიდეც.

ექსპერიმენტები სიმღერაში

- დიდი ხნის წინ, როდესაც ნატო გელაშვილი გავიცანი, მან პირდაპირ მითხრა, - მაქვს სიმღერები, რომლებშიც შენი ხმა მესმისო. ყველა ის სიმღერა მაშინვე ჰიტად იქცა. "აყვავდება როცა ნუში" ჩავწერეთ და, მაშინვე პოპულარული გახდა. ყოველთვის მიყვარდა ექსპერიმენტები. მყავდა ჯგუფი - "გიო და ბიჭები". ბოლოს ახალი პროექტი "გიო+" გავაკეთე. ჯგუფის წევრია ზურა მახნიაშვილი, რომელსაც ქართველ კუინსი ჯონსს ვეძახი, რადგან ყველა ინსტრუმენტზე უკრავს. ასევე, გვყავს გიტარისტი - მიშა ჩეკურიშვილი და ვოკალისტი - ძალიან ნიჭიერი ბაბი კირკიტაძე. შარშან ზაფხულში ბათუმში მქონდა კონცერტი, რომელსაც ეს გოგონა ესწრებოდა. ჩემი შესრულების დროს ტაშს უკრავდა და თან, ცეკვავდა. ვიცოდი, რომ მღეროდა. სცენაზე ამოსვლა და ჩემთან ერთად ნატო გელაშვილის სიმღერის შესრულება შევთავაზე. ძალიან კარგად იმღერა, ჩვენი ხმები შეეწყო. ბაბი ადვილად მიხვდა იმას, თუ რისი მიტანა მსურდა ამ სიმღერებით მსმენელამდე.

სასექტემბროდ შენახული ჯინსის შარვალი

- ჩემი მეგობარი დათო გოგიაშვილი, იგივე თავგასა და მე ბათუმში ვისვენებთ. ის გემით კრუიზში მიდიოდა ორი კვირით. ახალი ნაყიდი ჯინსი მქონდა, რომელიც თბილისში დავტოვე. სტუდენტი ვიყავი და სექტემბერში სწავლის დაწყების დროისთვის ვინახავდი. მაშინ ჯინსი თბილისში მხოლოდ რამდენიმე კაცს ჰქონდა. თავგასამ მკითხა, - შენი ჯინსი სად არისო? ვუთხარი, არ წამომიღია-მეთქი. ეს კაცი ორი დღით სადღაც გაქრა, მერე ერთმა გოგომ წერილი მომიტანა. გამიკვირდა, ვისგან უნდა ყოფილიყო? დედაჩემის წერილი აღმოჩნდა. მსაყვედურობდა, რატომ არ მირეკავო და კიდევ, ეწერა: "დათო იყო ჩემთან, გამოვატანე ჯინსი და თანხა". ერთი სიტყვით, ჯინსიც და თანხაც თავგასამ გემზე წაიღო. ისე ვიყავი გადარეული, ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნდებოდა. ჩამოსვლის დღეს პორტში მივედი. მინდა, ვეჩხუბო, ამიტომ დავლიე კიდეც. ყველა მგზავრი ჩამოვიდა, თავგასა არ ჩანს. ილუმინატორიდან თავი გამოყო და მეძახის: სულ ორჯერ მეცვაო! ხელზე გადაკიდებული დაუთოებული ჯინსით მომიახლოვდა. გამეცინა და აღარაფერი მითქვამს.

ნანული ზოტიკიშვილი