"უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ ვი­ყოთ ში­ნა­გა­ნად სუფ­თა" - ქარ­თ­ვე­ლი სა­ო­პე­რო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა - გზაპრესი

"უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ ვი­ყოთ ში­ნა­გა­ნად სუფ­თა" - ქარ­თ­ვე­ლი სა­ო­პე­რო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაპიტალიც და რეკლამაც დღეს, ნიჭიერი საოპერო მომღერლები არიან, რომელთა წარმატება მართლაც, საყოველთაო და თვალსაჩინოა!" - თითქოს ჩემი და უამრავი ქართველის აზრი გაახმოვანა ერთმა ჩემმა კოლეგამ, როდესაც ეს სიტყვები წარმოთქვა და, რა კარგი იქნებოდა, სხვა სფეროებშიც რომ ასე ფრთაგაშლილები ვიყოთო...

ფრთების გაშლის მორიგი საბაბი, კიდევ ერთხელ (და სათვალავი ამერია უკვე მერამდენეჯერ) მოგვცა ჩვენმა თანამემამულემ, ცნობილმა საოპერო ვარსკვლავმა გიორგი გაგნიძემ. მას ივნისში ლონდონის ძალიან პრესტიჟულმა გამოცემამ -OPERA NOW თავისი გარეკანი დაუთმო...

ამ ამბიდან ძალიან მალევე, ბატონი გიორგი იტალიაში გაემგზავრა და ქალაქ ვერონაში საოპერო სეზონის გახსნისთვის მზადებას შეუდგა. ჟურნალმა - "გზა" მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და რეპეტიციის დასრულების შემდეგ, დათქმულ დროს დაუკავშირდა.

გიორგი გაგნიძე:

- ჩემდამი დაინტერესება თქვენი და ლონდონის ამ პრესტიჟული ჟურნალის მხრიდანაც, ალბათ, იმიტომ დავიმსახურე, რომ საკმაოდ ბევრ სპექტაკლში მაქვს ნამღერი წამყვანი როლები, ისეთ დიდ თეატრებში, როგორიცაა: ლა-სკალა, გრანდ ოპერა... 2008 წლიდან დღემდე, მარტო მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე 90-მდე სპექტაკლი მაქვს ნამღერი. ჩემზე წერენ, რომ ძლიერ როლებს ვასრულებ, რომ მაყურებელს მოვწონვარ და სპექტაკლის პირველივე წუთიდან ვაჯილდოებ მათ განსაკუთრებული ძალის ხმითა და საოცარი ქარიზმატულობით, - ეს ჩემთვის დიდი პატივია.

- როგორც ვიცი, ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი, დარიო აკოსტა მუშაობდა თქვენთან ამ სტატიის მომზადებისას...

- კი, იგი ნიუ-იორკში მოღვაწეობს. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა. ბევრ მსოფლიო დონის ვარსკვლავს ჰქონია ამ ფოტოგრაფთან ფოტოსესია.

- თქვენი რეჟიმი წლის დასაწყისშივე გაწერილია. წელიწადში დაახლოებით რამდენ სპექტაკლს თამაშობთ? ალბათ, ცხოვრების დიდ ნაწილს თვითმფრინავში ატარებთ, არა?

- თვითმფრინავში მართლაც, დიდ დროს ვატარებ. შეიძლება 35 და 40 როლი წელიწადში არც ისე ბევრად მოგეჩვენოთ, მაგრამ კარუზო მაგალითად, 25 სპექტაკლზე მეტს არ მღეროდა. მას შემდეგ დრო შეიცვალა, მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილება გაცილებით გაიოლდა...

- თქვენთვის ყველაზე საყვარელი სცენა რომელია?

- ჩემთვის უსაყვარლესი სცენაა მეტროპოლიტენი ნიუ-იორკში. პედაგოგებისგან ყოველთვის მესმოდა, რომ ლამაზი ხმა და საინტერესო ტემბრი მქონდა, მაგრამ რწმენა და თავდაჯერებულობა ამ თეატრის კედლებში ვიგრძენი.GzaPress

- ახლა სად იმყოფებით?

- იტალიაში ვარ. 2005 წელს, ვერდის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში გამართულ კონკურსში პირველი ადგილი მოვიპოვე და ვერდის პრემია ავიღე. ჰოდა, ამის შემდეგ დაიწყო ჩემი აღმასვლა... ახლა მომიწვიეს ისტორიულ ქალაქ ვერონაში, სადაც 23 ივლისს, "ნაბუკოთი" ვხსნით სეზონს (რეჟისორი არნაუდ ბერნარდი, დირიჟორი დენიელ ორენი), სადაც მთავარ პარტიას ვასრულებ. ბედნიერი ვარ, რომ ხშირად მიკავშირდებიან, როდესაც სეზონის გახსნის მომენტი დგება.

- როგორც საოპერო მომღერალს, რომელი როლი მიგაჩნიათ თქვენს სავიზიტო ბარათად?

- ჩემი კარიერა ისე წარიმართა, რომ რიგოლიტო ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა. "ის არა მარტო დაიბადა რიგოლეტოსთვის, არამედ თვით რიგოლეტოა!" - ეს სიტყვები ხოსე კარერასმა თქვა, როდესაც ჩემი ნამღერი მოისმინა.

- რა კითხვებით მოგმართავენ, როცა იგებენ, რომ ქართველი ხართ?

- პირველად რომ ვიმღერე ცნობილ დირიჟორ ჯეიმს ლივაინთან (რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მეტროპოლიტენის თეატრში მოღვაწეობდა და უდირიჟორა ისეთ დიდ მომღერლებს, როგორებიც იყვნენ: მარია კალასი, ლუჩანო პავაროტი და სხვები), მითხრა: ეხცელლენტ! ეხლცელლენტ! ანუ შესანიშნავიაო. ხმასთან ერთად, სამსახიობო მონაცემებიც შემიქო და მკითხა: სად სწავლობდით, რომელი სკოლა გაქვთ გავლილიო? ვუთხარი, - GEORGIA-ში-მეთქი. - როგორ, ატლანტაში ასეთი შესანიშნავი სკოლა არსებობსო? ავუხსენი, რომ სულ სხვა Gეორგია-ს ვგულისხმობდი. სხვათა შორის, არ დაბნეულა. მითხრა, თქვენგან ბევრ მომღერალს ვიცნობო და პირველ რიგში, პაატა ბურჭულაძე ახსენა. აღნიშნა, - თქვენი ქვეყანა საოცარი ხმების საბადოაო. რა თქმა უნდა, როგორც პიროვნება და როგორც ქართველი - ორმაგად ამაყი ვიყავი, როცა მისგან ასეთ შეფასებას ვისმენდი.

სხვათა შორის, ბავშვობაში მართლაც დავდიოდი თეატრალურ წრეზე რკინიგზის სახლში, პარალელურად გატაცებული ვიყავი მუსიკითაც. თუმცა, ჩემი დისგან განსხვავებით, მუსიკაზე არ დავდიოდი. მე უფრო სპორტზე "მოვიაზრებოდი" და ხან რაგბიზე დავდიოდი, ხან - ჭიდაობაზე. ქართველებს ხომ ასე აქვთ განსაზღვრული: გოგო მუსიკაზე ან ცეკვაზე უნდა დადიოდეს, ბიჭი კი სპორტზე. ასე ფიქრობდა მამაჩემიც, მე კი ამ დროს მუსიკალური კარიერა ავირჩიე.

- როდის გააცნობიერეთ რომ თქვენი ადგილი სცენაზეა?

- 15 წლისა ვფიქრობდი, რომ თეატრის მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. მერე ერთხანს დავეჭვდი, იქნებ ეს უფრო გატაცებაა და ხომ არ ჯობია, სხვა პროფესიას დავეუფლო-მეთქი? ძალიან მომწონდა იურიდიული სამსახურები. სხვათა შორის, მივიღე კიდეც იურიდიული განათლება. ფიქრების, ძიებისა და ორჭოფობის პარალელურად, მოყვარულის დონეზე ყოველთვის ვმღეროდი, ხან მარტო, ხან დასთან ერთად. ჩემი და ახლაც შესანიშნავად მღერის ჯაზს (როგორც მოყვარული მომღერალი). ის კანადაში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად. მუსიკა მისთვის ჰობია, საქმიანობით კი ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია.

- როგორ აღმოჩნდით სცენაზე?

- 17 წლისამ ერთ-ერთ სუფრაზე ვიმღერე და სუფრის ერთ-ერთმა წევრმა მირჩია, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. შევცბი, გავიკვირვე. პლეხანოვზე გაზრდილი ვარ და სხვანაირად აღვიქვამდი ყველაფერს. ვთქვი: რა ოპერა? სად მე და სად ოპერა-მეთქი? მაგრამ ერთმა ბედნიერმა წუთმა ოპერისადმი ჩემი დამოკიდებულება შეცვალა - ეს მაშინ მოხდა, როდესაც ტელევიზორში პავაროტი თავისი არაჩვეულებრივი ხმით "სიყვარულის ნექტარს" მღეროდა და მომნუსხა. ამის შემდეგ დიზი ხელაშვილთან მივედი, რომელიც თავის დროზე პაატა ბურჭულაძის პედაგოგი იყო; გაოცდა ჩემი ხმით და იმასაც მიხვდა, მუსიკალური განათლება რომ არ მქონდა. მირჩია, კონსერვატორიაში ჩამებარებინა, გამოცდაზე გასვლამდე კი კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში, 2 წლის განმავლობაში ავითვისე სოლფეჯიო, ჰარმონია და ფორტეპიანო, რამდენადაც დროის ამ მონაკვეთში შეიძლებოდა, მერე კი კონსერვატორიაში ჩავაბარე. დებიუტი თბილისის ოპერაში მქონდა - "ტოსკაში" ანჯელოტის როლი ვიმღერე. 24 წლის ვიყავი მაშინ... 10 წლის მანძილზე ვმღეროდი თბილისის ოპერაში.GzaPress

- ოჯახზეც მიამბეთ რამე...

- ჩემი მეუღლე, მაია გოგოლაძე ექიმია. ორი შვილი გვყავს: 15 წლის მარიამი და 11 წლის დავითი. ორივე მუსიკას ეუფლება. არ ვიცი, რა გამოვა მათგან, მაგრამ გოგოს სურს, იმღეროს.

- თბილისში ცხოვრობენ?

- 10 წელი ვაიმარში ვიცხოვრეთ, გოეთესა და შილერის ქალაქებში, მერე ცოტა ხანს ბერლინში, რის შემდეგაც ოჯახი თბილისში ჩამოვიყვანე. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთი. ვცდილობთ, შვილები ღირსეულ ადამიანებად გავზარდოთ, ცხოვრებაში ხომ ეს არის ყველაზე მთავარი. ანგელოზები ვერ ვიქნებით, მაგრამ მაინც, უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ შინაგანად სუფთა. სხვას თუ არაფერს გაუკეთებ, ნუ დაუშავებ მაინც. რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი უკან დაგვიბრუნდება - ეს სულ უნდა გვახსოვდეს.

ეკა სალაღაია