დას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ბო­ლო ღა­მე და დე­დის - ყვე­ლაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლი თვა­ლე­ბი - მა­რი­ამ ქუ­თე­ლი­ას აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა და ჩა­ნა­წე­რი - გზაპრესი

დას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ბო­ლო ღა­მე და დე­დის - ყვე­ლაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლი თვა­ლე­ბი - მა­რი­ამ ქუ­თე­ლი­ას აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა და ჩა­ნა­წე­რი

2015 წლის 13 ივნისი - ამ თარიღს კიდევ დიდხანს ვერ დავივიწყებთ. ორი წლის წინ, თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ 19 ადამიანი წაგვართვა, რამდენიმე დღემდე დაკარგულად მიიჩნევა... დაღუპულებს შორის გახლდათ სტუდენტი გოგონა, რომელზეც იმედს ამყარებდნენ მისი ოჯახის წევრები. მარიამ ქუთელია გამორჩეული გოგონა იყო, გვირილებზე, შემოდგომაზე, ჩიტებზე, ცხოვრებაზე შეყვარებული, რომელიც ოცნებობდა, დედა ერთხელ მაინც ენახა ძალიან, ძალიან ბედნიერი...

მარიამი 24 წლის იყო, როცა მეგობართან, ივლიტა ჯიბუტთან ერთად ადიდებულმა ვერემ გაიტაცა... არ დაინდო ეს სიფრიფანა, ძალიან შრომისმოყვარე და მრავალმხრივ ნიჭიერი გოგონა, რომელსაც უყვარდა ლიტერატურა, პოეზია, თვითონაც წერდა ლექსებსა და ჩანახატებს, ხატავდა და ცეკვავდა...

* * *

გამიფერადე გამჭვირვალე მინები ფანჯრის,

ნაზი ნოტები დამიკიდე ოთახში ფარდად,

რაფებს ქოთნებით დავამშვენებთ - სიყვარულს დავრგავთ,

გრძნობის ფოთლებით გამოყოფილს ვისუნთქებთ ჟანგბადს.

შენი თითებით ეფერები შენს ჩემს თმებს ახლაც,

სუნთქვა გავცვალოთ, მოვიფიქრებთ ხვალ რაღაც ახალს.

გრძნობის ფოთლებით გამოყოფილს ჩვენ ვსუნთქავთ ჟანგბადს.

დიახ, ეს მარიამის ლექსია... ცნობისათვის, ის სწავლობდა თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET)), ეკონომის სამაგისტრო პროგრამაზე. როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო სწავლების დროს, სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა, იყო რამდენიმე გზის პრეზიდენტის სტიპენდიანტი. მაგისტრატურის მეორე კურსის ბოლოს, პირველკურსელ აისეტელებს სემინარებს უტარებდა მაკროეკონომიკაში, როგორც პროფესორის ასისტენტი. ასევე, სტაჟირებას გადიოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CNFA საქართველო. პროექტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, აღნიშნულ სტაჟირების პროგრამას ახლა უკვე "მარიამ ქუთელიას სახელობის სტაჟირების პროგრამა" ჰქვია და მის ფარგლებში მარიამის სახელობის საკვლევი გრანტის (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის პრობლემატური საკითხების საკვლევად) კონკურსი დაწესდა. აგვისტოში პრაღაში მიემგზავრებოდა ტრენინგებზე, სამშობლოში დაბრუნებული კი უნივერსიტეტებში მოწვეულ ლექტორად დასაქმდებოდა. სამწუხაროდ, არ დასცალდა...

მარიამს მისი და, ლიკა ქუთელია იხსენებს. ვგრძნობ, ძალიან უჭირს, ღელავს, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს... ის მარიამის დაა და არ აქვს უფლება, სისუსტე გამოიჩინოს. ის მარიამის დაა და უნდა იყოს ძლიერი, როგორც არასდროს, რათა მისმა მარიამმა "იცოცხლოს"... ესიზმრება, რომ დასთან ერთად დააბიჯებს ქუჩებში და სიზმარში ძალიან ბედნიერია, მაგრამ რეალობა ძალას აცლის...

"ძალიან ვიყავი მარიამს მიჯაჭვული. რაიმე თუ გამიხარდებოდა, პირველს მას ვეტყოდი და თუ რაღაც მიჭირდა, მაშინვე, ჩემი პირველი ზარი მარიამთან იყო. როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ვფიქრობდი, - აი, მარის ვკითხავ და როგორც მეტყვის, ისე მოვიქცევი-მეთქი. მეტიც, ისეთ წვრილმან რაღაცებთან დაკავშირებით ვეკითხებოდი რჩევას, რომ ეცინებოდა: ყველაფერს როგორ მეკითხებიო? ერთხელ ვუთხარი, - რაღაცებს რომ გკითხავ, ნუღარ მიპასუხებ, თორემ შენზე ძალიან დამოკიდებული გავხდი და სულ ასე ხომ არ უნდა ვიყო-მეთქი?.. ახლაც ასეა, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მიწევს, უცებ გავიფიქრებ ხოლმე: "ამას მარიამს ვკითხავ" და... იმის გაცნობიერება, რომ ამას ვეღარ გავაკეთებ, ყველაზე აუტანელი წამებია ჩემს ცხოვრებაში..."

დედასავით მზრუნველი

"ჩვენი ბავშვობიდან სულ ღიმილით მახსენდება ერთი მომენტი. მე და მარიამი სკოლაში ფეხით დავდიოდით, ასე - მეორე-მესამე კლასში ვიყავი, როცა სიარულის დროს, ფეხსაცმელში რაღაცნაირად, სულ კენჭები მივარდებოდა. მერე ვიწუწუნებდი, გავჩერდებოდით, მარი გამხდიდა ფეხსაცმელს, ამოაგდებდა კენჭებს, თან, მებუზღუნებოდა, - ამას როგორ ახერხებო? კიდევ, აღმართზე ასვლა მიჭირდა, მარიამი ან ჩანთას დამიჭერდა, ან მეჯიკავებოდა ზურგიდან, რომ ამევლო აღმართი.

მახსოვს, ქობულეთში ვისვენებდით, მეგობრებთან ერთად. ერთ დილას ბათუმში წავედით, საღამოს აგრილდა. მარიამი მთელი საღამო მეწუწუნებოდა, რატომ არ წამოიღე ჟაკეტიო? ვეუბნებოდი, - კარგი, დამშვიდდი, მარი, არ მცივა-მეთქი. მეგობრებმა უთხრეს, შენ რატომ ნერვიულობო? მარიამმა მათ უპასუხა, - აბა, ვინ ინერვიულოსო? სულ ასე იყო, ყოველთვის დედასავით დამფოფინებდა თავს..."

თიჯი

"პატარები რომ ვიყავით, ერთხელ ტაძარში, წირვაზე, გული წამივიდა. მარიამის ყვირილმა მომიყვანა გონს. "რა მოგივიდა, ჩემი სიცოცხლევ!" - ისე იჭექა მისმა ხმამ, გამოვფხიზლდი... როცა რთულ სიტუაციაში ვიყავი, აუცილებლად მომივიდოდა მარიამის გამამხნევებელი მესიჯი. მეუბნებოდა, მე ხომ ვიცი, როგორ ხარ, მე ხომ ამას ვგრძნობო. მართლაც, ასე იყო. მისი სიტყვები მამხნევებდა, თავდაჯერებულობას მმატებდა, მამშვიდებდა.

ერთხელ ვუთხარი, თოჯინა ხარ და თოჯოს დაგიძახებ-მეთქი. მახსოვს, მაღაზიებში დავდიოდით და იმ დღეს სულ თოჯოს ვეძახდი. მაჩუმებდა, - ასე რომ მეძახი, რას იფიქრებენო? - კარგი, მაშინ თიჯი იქნები-მეთქი და იმ დღიდან, თიჯის ვეძახდი. თავიდან არ იმჩნევდა და ერთხელაც, მახსოვს, გზაში რომ დავუძახე, მოიხედა. მერე უკვე, ჩვენი უახლოესი მეგობრებიც თიჯის ეძახდნენ. ვეუბნებოდი, შენმა სტუდენტებმაც ქალბატონო თიჯითი მოგმართონ-მეთქი. ვიცინოდით...

ერთხელაც მახსოვს, მარიამის ოთახში შევედი და ვხედავ, თან ტირის, ცრემლები მოსდის და თან იღიმის, კალთაში წიგნი უდევს. რა გატირებს-მეთქი? ჰოდა, აი, ეს მონაკვეთი წამიკითხა, დოჩანაშვილის "ვატერ(პო)ლოოდან": "შენ შეგიძლია ახლაც მაკოცო, ოღონდაც ხელზე. - მაშინ, რამონა, - აღფრთოვანდა ბესამე კარო, - მე აღდგომა-დღეს გაკოცებ ხელზე, კარგი? - რატომ, ბესამე? - ეს იმიტომ რომ... რამონა, აი, აღდგომა-დღემდე ბედნიერი ვიქნები, რადგან... რადგანაც იქამდე სულ მეხსომება, ხელზე რომ უნდა გაკოცო". ნახე, როგორ წერსო, - აღტაცებული მეუბნებოდა და თან, ცრემლები მოსდიოდა..."

ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოს...

"ჩემს ტელეფონში ახლაც მაქვს შენახული მესიჯი, სადაც მარიამს ვწერ: "ოცნებები ხდებააა". ეს ის დღე იყო, როცა გაიგო, რომ უნივერსიტეტიდან ჩეხეთში უშვებდნენ ტრენინგებზე. საოცრად ბედნიერი იყო, როცა დამირეკა და ეს ამბავი მახარა..."

ბოლო ღამე ერთად

"13 ივნისი ჩემი დაბადების დღეა. 12-ში მარიამი გვიან ღამემდე იყო IშEთ-ში (თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში), ჯგუფელებთან ერთად. საერთოდ, გამოცდების პერიოდში, თითქმის მთელ დღეებს მანდ ატარებდნენ, შუაღამემდე ერთად მეცადინეობდნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. თან, მაშინ ფინალური გამოცდები ჰქონდათ, ორ კვირაში უნივერსიტეტს ამთავრებდნენ და ძალიან დაკავებული იყო. აისეტიდან ღამის 12 საათზე დამირეკა, მომილოცა: ლიკუ, ყველაზე მეტად მიყვარხარ, გილოცავ და მინდა, ისე იყოს შენს ცხოვრებაში ყველაფერი, როგორც შენ გინდაო. სახლში დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის მოვიდა, გოგონებთან ერთად ვუყურეთ ფილმს, ვისაუბრეთ. რამდენიმე დღით ადრე მითხრა, რომ შაბათ-კვირას ივლიტასთან იქნებოდა. ძალიან ერთგული მეგობარი იყო, ამიტომ, გადაწყვიტა, 13-ში და 14-ში, როგორც ივლიტამ სთხოვა, მასთან ყოფილიყო და მეცადინეობაში დახმარებოდა. ძალიან უყვარდა ივლიტა. სულ ამბობდა, სასწაული ადამიანიაო. დილით ადრე წავიდა... ორშაბათს, 15-ში ბოლოსწინა გამოცდა ჰქონდათ, ამისთვის ემზადებოდნენ. მაგისტრატურას ამთავრებდნენ და უნდოდათ, კარგად ჩაემთავრებინათ... დედამაც, ბოლოს რომ დაურეკა, ასე უთხრა: ცოტაც, დედი და ჩიტივით თავისუფალი იქნებიო. მარიამმა გვიან დამირეკა, მომიკითხა. ჩემთვის ძალიან მძიმეა იმ ღამის გახსენება...

ქალაქი ჩვეული რეჟიმით ცხოვრობდა, ამიტომ, წამითაც არ მიფიქრია, რომ იმ დღეს ბოლოჯერ ვიყავით ერთად. ხანდახან არც მჯერა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად იყო, რომ ეს ყველაფერი გამოვიარეთ. ახლა ვცდილობ, აღარ აღვიდგინო ის საზარელი კადრები.

როცა წარსულზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ყველა ჩემი მოგონება მარიამს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ოჯახი გვქონდა, სანამ ბოლოს არ დავრჩით მე, დედა და მამიდა. მამა მხატვარი იყო, ბოლოს სამხატვრო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ჩვენ სულ პატარები ვიყავით, როცა ის გარდაიცვალა: მე ათი თვის და მარიამი - სამ-წლინახევრის. გაგვზარდეს დედამ და მამიდამ. მარიამი ჩემთვის ეტალონი იყო. ყველაფერს მისგან ვსწავლობდი, ყველა წვრილმანს მასთან ვათანხმებდი. ყოველთვის ფიქრიანი ბავშვი იყო, ყველაფერს სხვანაირად განიცდიდა, საოცარი სიყვარული შეეძლო. ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე გახლდათ, ბევრ წარმატებასაც მიაღწია. განსაკუთრებულ რაღაცებს მოიფიქრებდა ხოლმე, გვირილები უყვარდა და ამბობდა, - 7 მაისი გვირილების დღესასწაულიაო. ამ დღეს მეგობრებს გვირილებს ჩუქნიდა და ეუბნებოდა, შენი წილი მზე გაჩუქეო. ბროწეულები უყვარდა, - ბროწეული ბევრად მეტია, ვიდრე ხილი და ვიტამინებიო. ამბობდა, რომ ჩიტია, "ცასწავალა" მისი საყვარელი მოთხრობიდან და საუკეთესო მეგობრებსაც ჩიტებს ეძახდა. ამბობდა, შემოდგომა ჩემი სეზონია. სად არის გაზაფხულზე ისეთი ფერები, როგორც შემოდგომაზეო. ერთი ჩანაწერი აქვს ასეთი: "იწურება შემოდგომა, ჩემი სახლი მიდის სადღაც". ლიტერატურა, პოეზია ძალიან უყვარდა. სულ გვიკითხავდა ლექსებს, თვითონაც წერდა ლექსებსა და ჩანახატებს, ხატავდა, ცეკვავდა. ბოლოს, საღებავები და ფუნჯები იყიდა, - გამოცდებს რომ მოვრჩები, ზაფხულში ბევრი უნდა ვხატოო. მის რვეულებსა და წიგნებში სულ ვპოულობ შემოდგომის ფოთლებს, გვირილებს, ატმის ყვავილებს. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მამიკოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არც ახსოვდა. დედიკო რომ ეტყოდა, ხელის თითები მამიკოს გიგავსო, ძალიან უხაროდა. ამბობდა, - მხატვრის თითები მაქვსო. სულ სამი მოგონება ახსოვდა მამასთან დაკავშირებული და თქვა, საოცრად ვუფრთხილდები ამ მოგონებებსო. ერთხელ მეგობარს სთხოვა, რაიმე წიგნი მირჩიე მამაშვილურ ურთიერთობაზეო. მარიამი ყოველთვის ცდილობდა, სიხარული ეჩუქებინა საყვარელი ადამიანებისთვის... სულ ჩვენზე ფიქრობდა, ძალიან უნდოდა გავეხარებინეთ. მე მახსოვს, მითხრა, - ერთი ოცნება მაქვს, ლიკა, შენს დაბადების დღეზე მინდა, ლონდონში გაგიშვაო. დედას დაბადების დღეზე ასე მისწერა: "ერთადერთი მიზანი მაქვს ცხოვრებაში, დე, რომ შენ იყო ბედნიერი, ოდესმე მაინც! იმედია, ერთ დღესაც შემოგხედავ შენს ყველაზე, ყველაზე ყველაფრისმთქმელ თვალებში და იქ დავინახავ, რომ ეს შევძელი და იქ დაიწყება ჩემი ბედნიერებაც..."

როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას დღეს

"მას შემდეგ საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ და საშინელი უსამართლობის განცდა მაქვს. უკვე ორი წელი გავიდა და დედა, მამიდა და მე ჯერაც ვერ მოვსულვართ გონს. მგონია, ჩვენი სახლი ცარიელია და ამ სიცარიელეს ვერაფერი ვერასოდეს ამოავსებს. დედა მონასტერმა მოიყვანა აქამდე; მონასტერი და მისი მოძღვარი ძალიან დაეხმარა, თორემ არ ვიცი, ამის გარეშე როგორ გადარჩებოდა. ჩვენ ჯერაც ვსწავლობთ ამ ტკივილით ცხოვრებას.

მე გამუდმებით ვფიქრობ მარიამზე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სადაც უნდა ვიყო...

თითქმის ყოველღამე მესიზმრება. ამ სიზმრებში ხან მეტროში ვართ, ხან ჩვენს ეზოში, ხანაც - ქუჩაში დავდივართ ერთად; ხან ვეძებ და ვერ ვპოულობ, ხანაც ვეძებ და, ვპოულობ. ერთხელაც, რომ დამესიზმრა, ასე მითხრა: მე სულ შენ გვერდით ვიქნები, შენთანო. ვერ გეტყვით, როგორი საშინელი გრძნობაა გამოღვიძება და იმ რეალობაში დაბრუნება, რა რელობასაც სულ ცოტა ხნით ცნობიერად გამოეთიშე, რასაც ცოტა ხნით გაექეცი. თამამად ვიტყვი, რომ საუკეთესო და მყავს. დიახ, მყავს! დედიკოც ასე ამბობს, მე ისევ ორი შვილი მყავსო... მე ყოველთვის ვიამაყებ ჩემი საოცარი მარიამით.

P.s. მარიამის ჩანაწერებს "გზის" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

მაიკო აფაქიძე, მარიამისა და ლიკას მეგობარი:

`მე და მარიამი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ მარიზე ცოტათი უფროსი ვარ, ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით. მახსენდება, ბავშვობაში როგორ ვკითხულობდით ერთად ჟიულ ვერნის `ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემოს~. ერთი წიგნი გვქონდა. მარისთან მოვდიოდი, ის ხმამაღლა კითხულობდა და მე ვუსმენდი ან პირიქით. ვუბარებდი, რომ ჩემ გარეშე ერთი გვერდიც კი არ წაეკითხა. ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან. ახლაც მაქვს ის ბარათი, სადაც მარი წერს: `მარის + მაიკო = დებს. მაიკო, იცოდე, არ დამივიწყო~. გავიზარდეთ და მე თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, მარიამიც თბილისში სწავლობდა. მარი და ლიკა ხშირად მოდიოდნენ ჩემთან. ვეუბნებოდი, ჩემი შვილი უნდა მოგანათვლინო-მეთქი... საოცრად ნიჭიერი და შრომისმოყვარე, ძალიან თბილი ადამიანი ყველაფერში მეიმედებოდა...

ახლაც, თვალწინ მიდგას: ერთხელ, დილით, მე და ლიკას ნინო სადღობელაშვილის `შუაღამის იავნანას~ გვიკითხავდა, გაბრწყინებული თვალებით. ის დღე და ემოცია არასოდეს დამავიწყდება...~

ლიკა ქაჯაია