სხვი­სი და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის დას­ჯი­ლი - გზაპრესი

სხვი­სი და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის დას­ჯი­ლი

შვიდი წელიწადი გაატარა ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და რომლის გამოც, შეიძლება ითქვას, ცხოვრება დაენგრა. არაფერს ინანებდა, რომ არა უმადურობა: საყვარელმა ადამიანმა, ვისთვისაც მან თავი გასწირა, ზურგი აქცია და არაფერი გააკეთა მისი ხვედრის შესამსუბუქებლად...

33 წლის დათო ტელეფონით დაგვიკავშირდა:

_ თქვენი ერთგული მკითხველი ვარ. განსაკუთრებით მაშინ იყო შვება `გზის~ ახალი ნომრის ხელში აღება, ოთხ კედელშუა რომ ვიყავი გამოკეტილი და სამყაროსთან საკონტაქტოდ სხვა არაფერი მქონდა. ჩემი ამბავის მოწერაც დიდი ხნის წინ მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, ვიდრე პირადად არ გავარკვიე ყველაფერი და არ დავრწმუნდი, რომ თავი მართლაც, ტყუილად შევწირე უღირს ქალს. არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი ახლა, როცა ეკას ნამდვილი სახე და ზნეობა დავინახე, მაგრამ მაშინ წამითაც არ დავფიქრებულვარ, ისე გადავეფარე და დიდი ტკივილისგან დავიცავი...

ჩვენ თანაკურსელები ვართ. ეკა დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდა დედაქალაქში და მე რომ არ ამოვდგომოდი მხარში, ისიც კი არავინ იცის, სწავლის დასრულებას შეძლებდა თუ არა. გარეგნულად გამორჩეული გოგო მალევე შევამჩნიე და დავუმეგობრდი. პირველივე კურსზე შეექმნა საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა. ქალაქში ნათესავები არ ჰყავდა და სოფლიდან ქირის ფული მშობლებმა ვეღარ გამოუგზავნეს. რომ გავიგე, ქუჩაში რჩებოდა, არც დავფიქრებულვარ, ისე შევთავაზე ჩვენთან გადმოსვლა _ მე და დედა ორსართულიან სახლში მარტო ვცხოვრობდით. მამა წლების წინ წავიდა მოსკოვში სამუშაოდ და იმდენად კარგად წაუვიდა საქმე, საქართველოში წამოსვლა სისულელედ მიაჩნდა. ჩემი და კი გათხოვდა და საკუთარი ოჯახი ჰქონდა. სტუდენტებზე ისედაც ვაქირავებდით ორ ოთახს, მაგრამ ეკასთვის სიმბოლური თანხაც არასოდეს გამოგვირთმევია. ეგ კი არა, რომ მივხვდი, შემიყვარდა და ეს დედამაც შეამჩნია, მერე უკვე ანებივრებდა საჩუქრებითა და ყურადღებით; სადილ-ვახშამსაც ისე ახვედრებდა, როგორც საკუთარ ქალიშვილს.

სიყვარულში რომ გამოვუტყდი, მაშინვე თანამიგრძნო და ყველამ გაიგო, რომ ოჯახის შექმნას ვაპირებდით.

მამამ მანქანა პირველკურსელს მაჩუქა და კარგი მძღოლი ვიყავი. ეკას ხშირად ვასეირნებდი და როცა მანქანის მართვის შესწავლა მოინდომა, არც ამაზე ვუთხარი უარი. თავად ვუტარებდი გაკვეთილებს და როცა დავრწმუნდი, კარგად აითვისა თეორია, საჭესთანაც დავსვი და ქალაქში გასვლის უფლებაც მივეცი, რაც ჩემი ერთადერთი დანაშაულია... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთხელაც, საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა...

ისტერიკაში ჩავარდა. იძახდა: ციხეში ჯდომას სიკვდილი მირჩევნია და თავს მოვიკლავო... არც დავფიქრებულვარ, ისე ავიღე საკუთარ თავზე მისი დანაშაული. შვიდი წელი მომისაჯეს. ერთადერთი, რაც ეკას ვთხოვე: დედაჩემი არ მიატოვო და სანამ დაგიბრუნდებით, ერთმანეთს გააძლებინეთ-მეთქი... მან კი ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი: ზუსტად სამ თვეში გათხოვდა. ვიღაც მოსკოველი ბიზნესმენი გაურიგეს და დაუფიქრებლად გაჰყვა, მე კი მეგობრების საშუალებით შემომითვალა: თბილისში დარჩენა აღარ შემეძლო მომხდარის შემდეგ, შიში ბედნიერების საშუალებას არ მაძლევდაო. ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ ბოდიში უშველის იმ ტკივილს, რაც თავისი ღალატით მარგუნა?!

ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ შურისძიებაზე არც მაშინ მიფიქრია და არც ახლა ვფიქრობ. უბრალოდ, გულის ტკივილის გაზიარება მინდოდა და იმისი აღიარება, რომ სიყვარულის აღარ მჯერა. ასე მგონია, ვერასოდეს შევიყვარებ ვინმეს, ვეღარც ვენდობი. არადა, ეკას ორი შვილი ეზრდება უკვე და ყველაფერი მიიღო ცხოვრებისგან, რაც უნდოდა. მე კი, მისი ღალატის გამო, ერთხელ დანგრეული ცხოვრება საბოლოოდ ხომ არ უნდა გავანადგურო, მაგრამ სამწუხაროდ, თავს ვერაფერს ვუხერხებ...

ციხიდან რომ გამოვედი, მოსკოვში ჩავაკითხე. მინდოდა, თვალებში ჩამეხედა და ისე ეთქვა, რატომ გამიმეტა ასე?! რომ დამინახა, შეეშინდა და მუხლებში ჩამივარდა: ჩემმა ქმარმა შენზე არაფერი იცის, არც იმ ავარიაზე, ოჯახს ნუ დამინგრევო...

რაღა უნდა მეთქვა ქალისთვის, რომელსაც ისიც კი არ გაუმხელია ახლობლებისთვის, რა სიკეთე გავუკეთე და რა ჯოჯოხეთს გადავარჩინე. უსიტყვოდ წამოვედი. მივხვდი, ასეთი ქალი არაა ჩემნაირი კაცის სიყვარულის ღირსი და არც არანაირი სიკეთის, მაგრამ მაინც, ღმერთი იყოს მისი მსაჯული. არ მინდა, რამე ცუდი დაემართოს, მაგრამ სურვილი მაქვს, ისეთი რამე მოხდეს მის ცხოვრებაში, რაც მიახვედრებს, თუ როგორი ტკივილი მაგრძნობინა და როგორ გამანადგურა...

ინგა ჯაყელი