ამერიკიდან "გამოქცეული" სოფო-მარია ქორიძე
მისმა შვილებმა სხვადასხვა პროფესია აირჩიეს. ერთ-ერთი მათგანი - სოფო-მარიამ ქორიძე მხატვარია, რომელსაც ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და თუმანიშვილის თეატრში დაახლოებით ათი სპექტაკლი გააფორმა (რამდენიმე მათგანში სცენოგრაფიაც და კოსტიუმების მხატვრობაც მას ეკუთვნის).
ამავდროულად, სოფო კინომსახიობთა თეატრში არქივის მენეჯერია, პარალელურად მუშაობს "შიშველ თეატრში" - მთავარ მხატვრად, ჩართულია არაერთ პროექტში და ფესტივალ "საჩუქრის" მენეჯერადაც მოგვევლინა.
- თუმანიშვილის თეატრში 19 წლისა მივედი. პირველად ნუგზარ ბაგრატიონის სპექტაკლზე - "ნუ მიგვატოვებ, მზეო" მამაჩემთან და ჩემს დასთან, ნინოსთან ერთად ვიმუშავე. მოგეხსენებათ, დიდი მაესტროს, მიშა თუმანიშვილის გარდაცვალებამდე მამა კინომსახიობთა თეატრის მთავარი მხატვარი გახლდათ. შემდეგ ვთანამშრომლობდი რეჟისორებთან: ზურა გეწაძესთან, ნუგზარ ბაგრატიონთან, ქეთი დოლიძესთან, ნანა კვასხვაძესთან, კოტე აბაშიძესა და სხვებთან.
- ალბათ მხატვრობა ბავშვობიდან გიზიდავდა...
- კი, სულ მინდოდა, მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ მოდელირება უფრო მეტად მიზიდავდა. მიუხედავად იმისა, რომ "თუმანიშვილში" გავიზარდე, თავდაპირველად, თეატრის მხატვრობას მაინც "შორიდან" ვუყურებდი. 17 წლისა სასწავლებლად ამერიკაში გავემგზავრე. ნატიფი ხელოვნების აკადემია-სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ გამიმართლა და გრანტი მოვიპოვე: 1997 წელს მივიღე აშშ მთავრობის გრანტი, მაიამიში მოდის სამხატვრო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ არ დავრჩი.
- იმიტომ არ დარჩი, რომ ოჯახის წევრები გენატრებოდა?
- საერთოდ, ყოველთვის ვიყავი და ვარ შეყვარებული ჩემს ოჯახზე, მათ გარეშე ყოფნა არ შემიძლია. ამასთან, ამერიკული ცხოვრების სტილი არ მიზიდავდა. ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტები ინტერვიუსთვის რომ მოვიდნენ, საოცრად განვიცადე... სხვათა შორის, ჯერ კიდევ 17 წლის გოგონამ, ამერიკაში შესრულებული ნახატები გავყიდე, თან - საკმაოდ მაღალ ფასად და ის თანხა ქველმოქმედებაში ჩავდე. ვფიქრობ, ჩემთვის ესეც დიდი წარმატება იყო. იმავე პერიოდში გამეცნო ცნობილი ესპანელი დიზაინერი ლუმარი, რომელსაც ტანსაცმლის მაღაზია მეხუთე ავენიუზე ჰქონდა. მან თავის ასისტენტად მიმიწვია. ის აცმევდა რეი ჩარლზს, მადონას და სხვა ვარსკვლავებს. ერთ დღეს მითხრა, რომ ლოს-ანჯელესში უნდა გავფრენილიყავი, სადაც რეი ჩარლზი კონცერტს მართავდა და ვინაიდან თავად ლუმარი გამგზავრებას ვერ ახერხებდა, მომღერლისთვის კოსტიუმი მე უნდა შემერჩია. თუმცა, ჩემი გამგზავრება არ მოხერხდა. თურმე, ჩემი ასაკის გამო და იმიტომაც, რომ "გაცვლილი" სტუდენტი ვიყავი, მუშაობის უფლება არ მქონდა. აქედან გამომდინარე, ქალბატონ ლუმართან თანამშრომლობა ვეღარ გავაგრძელე. ამ დიზაინერმა თავის ჩვენებაში მონაწილეობის მიღებაც შემომთავაზა, მაგრამ შემრცხვა და პოდიუმზე ვერ გავედი. სამაგიეროდ, მოგვიანებით შევძელი მოდელის როლიც მომერგო და ერთ-ერთ ჩვენებაშიც ვმონაწილეობდი, რომელიც "ჰოლიდეი ინში" გაიმართა.
- გამოფენები თუ გქონდა?
- არაერთი. სხვადასხვა გამოფენაზე ჩემი ნამუშევრები პირველ და მეორე ადგილს იკავებდა. დღემდე ვინახავ იმ სიგელებს, რომლებსაც მაშინ მაძლევდნენ. მოკლედ, შემეძლო ამერიკაში დავრჩენილიყავი, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. საქართველოში დაბრუნებულმა სამხატვრო აკადემიაში, მოდელირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. 2001 წელს მონაწილეობა მივიღეYთბილისში გამართულ საერთაშორისო კონკურსში - "რუსკი სილუეტ". მითხრეს, რომ სლავა ზაიცევს მოვეწონე და სამუშაოდ მოსკოვში მეპატიჟებოდა, ასევე, "ლასალის" აკადემიამაც შემომთავაზა სწავლის გაგრძელება სტამბოლში, მაგრამ საქართველოდან წასვლა ვერ გავბედე... ამას გარდა, საზღვარგარეთ წასვლის კიდევ ბევრი შანსი მქონდა: 19 წლის ვიყავი სამხატვრო აკადემიაში რომ შემარჩიეს და სამი თვით ქალაქ რომში მიმიწვიეს. სტაჟირება KOEFIA-ს აკადემიაში გავიარე. მერე დარჩენა და მუშაობაც შემომთავაზეს, მაგრამ იქიდანაც "გამოვიქეცი" (იცინის). თბილისში ერთი კოლექციის - "ხუთი კაბა" ჩვენება მოვაწყვე, მერე კი, როგორც მხატვარ-მოდელიერი, უსახსრობის გამო გავჩერდი.
- სხვა პროფესიაც გაქვს...
- წარმოების ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ექვსი წელი ვიმუშავე ერთ-ერთ ბანკში. დილიდან საღამომდე იქ მიწევდა ყოფნა და შემოქმედებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ერთხელ კი როგორღაც მოვახერხე და შევძელი, რომ პარალელურად სპექტაკლის "მელოტი მომღერალი ქალის" კოსტიუმები შემექმნა. შემდეგ ქალბატონმა ქეთი დოლიძემ შემომთავაზა და ვიმუშავე ფესტივალ "საჩუქარის" პიარ-მენეჯერადაც. ჰოდა, ნელ-ნელა "გადმოვბარგდი" კინომსახიობთა თეატრში სამუშაოდ.
- ახლა "საჩუქარის" გარდა, რა პროექტებზე მუშაობ?
- "შიშველ თეატრში" "ოტელო" იდგმება და ამ სპექტაკლის დეკორაციებსა და კოსტიუმებს ვქმნი. პარალელურად, ვმუშაობ სამოსის ახალ კოლექციაზე. ზოგადად, მომწონს კლასიკური და თანამედროვე "ნარევი" - ძველი სამოსი ახალი დეტალებით. მინდა, ჩვენებაზე 50-მდე კოსტიუმი წარვადგინო...
- სოფო, დედმამიშვილებზეც გვითხარი რაიმე...
- სამი და და ორი ძმა მყავს. უფროსი და - ნინო ქორიძე მხატვარია, მაგრამ ამჟამად მსახიობობს. ანამ სამედიცინო დაამთავრა, მაგრამ მერე ფოტოგრაფიამ გაიტაცა. გვინდა, რომ მისი ფოტოგამოფენა და ჩემი კოლექციის ჩვენება ერთდროულად გავმართოთ. ოჯახში მესამე შვილი მე ვარ, ჩემ შემდეგ კი გაჩნდა დათო. მან სამხატვრო აკადემია დაამთავრა, კომპიუტერული გრაფიკა შეისწავლა, მაგრამ ამ პროფესიას არ გაჰყვა და ბიზნესსაქმიანობას ეწევა ისევე, როგორც გიორგი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. თუმცა, მამის მსგავსად, ორივე გადაიღეს ფილმში: გიო მგელაძის ნამუშევარში - "ჩემი თვითმფრინავი". ჩვენი უმცროსი და გახლავთ^ელენე, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალში მუშაობს.
- დედაზე არაფერი გითქვამს...
- დედა პროფესიით ისტორიკოსი გახლდათ. მცირე ხანს უნივერსიტეტში ასწავლიდა, მაგრამ შვილების გამო საქმეს თავი დაანება. სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. დედა ძალიან მაკლია... სულ გვერდში მედგა. მეუბნებოდა, - ხატე, არ იზარმაცოო.
- "ღიმილის ბიჭების" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მამაშენი პოპულარული ბიჭი გახდა. ბევრი ახლაც თემურს ეძახის...
- (იღიმის) კი, დღემდე სცნობენ და ძალიან უყვართ, რაც მიხარია. მამას ბევრჯერ უთქვამს, - დღეს თემური დამიძახესო. მეც, რამდენჯერმე წარმადგინეს, როგორც თემურის შვილი. სხვათა შორის, მიშა თუმანიშვილის სიცოცხლეში მამას ბევრ საინტერესო სპექტაკლზე უმუშავია და უამრავი დეკორაცია და კოსტიუმი შეუქმნია. თეატრის შენობის რეკონსტრუქციაც მისი პროექტით განხორციელდა. მან მასწავლა თეატრალური მხატვრობა. დღეს მამა ბაგრატოვანთა სამეფო სახლის კანცლერია.
- თქვენს ოჯახს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს ნუგზარ ბაგრატიონთან. როგორც ვიცი, ერთმანეთი "ღიმილის ბიჭების" გადაღების დროს გაიცნეს...
- დიახ. მამას და მის სამეფო უმაღლესობას, ბატონიშვილ ნუგზარს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. იგი ჩემი უფროსი დის, ნინოს ნათლიაა.
- ჩვენს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა სამეფო ოჯახისა და მეფის ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებით. კონსტიტუციურ მონარქიას საქართველოში ბევრი ეწინააღმდეგება. გკითხავ, როგორია შენი აზრი ამ თემაზე?
- მამა-შვილები მხარში ვუდგავართ სამეფო ოჯახს. გვჯერა, რომ კონსტიტუციურ-მონარქიული წყობილება იდეალურია ჩვენი ქვეყნისთვის.
ანა კალანდაძე