"ა­რას­დ­როს ვიტყ­ვი, ევ­რო­პე­ლი ვარ-მეთ­ქი" - გზაპრესი

"ა­რას­დ­როს ვიტყ­ვი, ევ­რო­პე­ლი ვარ-მეთ­ქი"

ბატონი ნოდარ მსხვილიძე ქუთაისიდან გვესტუმრა. რედაქციაში მის გამოჩენას სასიამოვნო ხმაური მოჰყვა, რადგან ბატონ ნოდარს არაჩვეულებრივი იმიჯი აქვს და როგორც ამბობს, ქართულად ჩაცმულ-დახურული ხშირად დადის... გული სწყდება, რომ ახალგაზრდები ევროპელობისკენ მივილტვით და გვირჩევს, დავრჩეთ ნამდვილ კავკასიელებად, ვიყოთ გამორჩეულები და მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საინტერესო, მისაბაძი ერი...

- არჩევნები ახლოვდებაო და, პოლიტიკოსები გააქტიურდნენ. უკვე დაიწყეს აგიტაცია. ჰოდა, ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა: მე ისეთ ხალხს ავირჩევ, ვინც მოქალაქეებზე იზრუნებს! მე ვარ კომუნისტი. ერთხელ ავირჩიე ივანიშვილი და ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი. რატომ? - ამ კაცმა ერთხელ გააკეთა სიკეთე, მეორედ, მესამედ და რომ გვეგონა, ქველმოქმედი იყო, ჩემი არ იყოს, ამან ბევრი შეაცდინა. როგორც კი "ოცნებამ" მოიგო არჩევნები, მაშინვე ხელი აიღო ხალხზე და აგრესიულადაც კი განეწყო მათ მიმართ, ვინც აკრიტიკებს.

- თქვენ რისი მოლოდინი გქონდათ, როცა მას უჭერდით მხარს?

- მეგონა, საქართველოში სამართლიანობას აღადგენდა, პენსია დაპირებისამებრ, 220 ლარი მაინც გახდებოდა, როგორც გვეუბნებოდნენ, კომუნალური გადასახადები საგრძნობლად შემცირდებოდა... ახლა რა გამოვიდა? შემცირების ნაცვლად, მოიმატა კიდეც და როგორც ამბობენ, კიდევ უფრო მოიმატებს ზაფხულში. ჰოდა, ესაა ხალხზე ზრუნვა? ასე ასრულებენ პირობას?.. კომუნისტებს რომ აძაგებენ, ნუთუ არ იციან, რომ ჩვენ ხალხისკენ ვიყავით? დასაქმებული გვყავდა ადამიანები და თუ ვინმე არ იმუშავებდა, დავიჭერდით, ძალით ვამუშავებდით, რათა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო ეს შრომა. დღეს კი რა ხდება? ზოგიერთი კი არა, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა უსაქმურად! ეს რა გაუკეთეს საქართველოს? ახლა, მარტო ქუთაისს მოვიყვან მაგალითად: სტალინმა თავის დროზე, იქ ჩამოიყვანა გერმანელი ტყვეები, მათ ააშენებინა ავტოქარხანა, აბრეშუმკომბინატი, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი და ა.შ. ჩამოატანინა დაზგები, დაამონტაჟა, აგიწყო, დაგასაქმა და ხელფასი, ავანსი მოგცა. შვებულება და ბიულეტენი ფასიანი გახლდათ, კურორტი - უფასო. ჰოდა, ამაზე უკეთესი რაღა გვინდოდა? არ მოსწონდათ ეს ყველაფერი და თავად რა ქნეს? დაანგრიეს ეს ყველაფერი, დატოვეს ხალხი უმუშევარი. წარმოგიდგენიათ, რეიგანს ადიდებენ და სტალინის ძეგლს ანგრევენ. თან, ახალგაზრდებს ტვინი ისე გადაუბრუნეს, რომ თეთრისგან შავს ვეღარ არჩევენ.

- რას გულისხმობთ?

- ევროპელი ვარ-მეთქი, არასდროს ვიტყვი. აბა, სადაური ევროპელი ვარ? მე გახლავართ კავკასიელი, ქართველი და იმერელი. რა მოიტანა ევროპამ გარყვნილების გარდა? ქალი კაცად გადაკეთდაო, კაცი - ქალად, ერთსქესიანი ქორწილიო. რა, ეს მოგწონთ?

- კომუნისტურ რეჟიმსაც ხომ ჰქონდა უარყოფითი მხარეები?

- კი, ძალიან მკაცრები ვიყავით, მაგრამ მერწმუნეთ, ეს საჭირო იყო. სხვა მხრივ, უარყოფითი რა ჰქონდა ამ რეჟიმს? ხალხისკენ რომ იყო, ეს? ინსტიტუტში თუ ტექნიკუმში, უფასოდ ისწავლიდი, სტიპენდიასაც გაძლევდნენ. ახლა, სწავლა რომ უნდოდეს ღარიბს, მაგრამ ძალიან ნიჭიერს, ვერაფერს მიაღწევს, რადგან დიდია გადასახადი. მონებად გვაქციეს...

- კომუნისტების დროს ხომ იყო მექრთამეობა?

- ეს ბატონო, სტალინის სიკვდილის შემდეგ ხდებოდა, თორემ ბესარიონიჩს ამას გაუბედავდა ვინმე? მახსოვს, იმერეთში კოლმეურნეობა დასახლებიდან 10 კილომეტრის მოშორებით იყო. ჰოდა, ერთი კვირით მიდიოდა ხალხი სამუშაოდ, მათ კი საკვებით ამარაგებდნენ. იცოდნენ, თითო ადამიანისთვის დღიურად რამდენი უნდა მიეცათ. ხელს უწყობდნენ ყველას და შედეგიც არნახული იყო: ზღვასავით გახლდათ სიმინდის ყანა. მთელი კვირა იტვირთებოდა მანქანები და პროდუქტი ბაზარში მიჰქონდათ, ხალხსაც ურიგებდნენ. ახლა? ხალხი მიწას ვეღარ ამუშავებს და ტრიალი მინდორებია... ახალგაზრდებსაც მოჰბეზრდათ "ტყუილი" შრომა და ვეღარაფერს უდებენ გულს. აბა, როგორია, მთელი წელი უნდა იშრომო და გაყიდული პროდუქტი გაწეული შრომისა და დახარჯული თანხის ნახევარსაც რომ არ მოგიტანს, რაზეა ლაპარაკი? გარბიან მერე უცხოეთში, ჰგონიათ, სხვაგან ფული ხიდან ცვივა.

- ამბობენ, ადამიანი ხელს თუ გაანძრევს, ფულს სამშობლოშიც იშოვისო?

- კი, მაგრამ როგორ? თავად არ ზრუნავენ ხალხზე და თუ დაინახეს, ვიღაცამ ფხა გამოიჩინა და საქმე იშოვა, თავზე დაადგებიან და აშენებულის წართმევას დაუპირებენ. ესაა დემოკრატია და სამართალი? ზესტაფონის რაიონში, სოფელ როდინოულში ჩემმა ახლობელმა, რომელსაც საბერძნეთის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ აქ არის იმიტომ, რომ უყვარს სამშობლო, ააშენა მსხვილფეხა პირუტყვის ფერმა, შეიქმნა შემოსავლის წყარო, რათა საქართველოში საბოლოოდ დაფუძნებულიყო. არადა, გაფრთხილების გარეშე დაადგნენ ადამიანს და დააჯარიმეს. იძულებულს ხდიან, წავიდეს აქედან. არადა, სანიტარიული ნორმები დაცულია, ჩეხური დანადგარები აქვს და რასაც აწარმოებს, ეკოლოგიურად სუფთაა. უთხრეს, რატომ არ გაგვაგებინე, ბიზნესი თუ გქონდაო? ხალხს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, რისი უფლება აქვთ და რისი - არა, რომ უნებურად კანონი არ დაირღვეს. ჯერ გააფრთხილე და თუ კანონს არ დაემორჩილება, მერე დააჯარიმე. იმ კაცმა კი არა, მეც ძალიან ვინერვიულე მის გამო და იცით, რატომ? ჩამოდიან ინდიელები, არაბები, ჩინელები და ათასი სხვა ჯურის ადამიანები, რომლებსაც ყველანაირად უწყობენ ხელს ბიზნესის წამოწყებაში და ჩვენს ხალხს აიძულებენ, წავიდნენ. გეკითხებით, რატომ? რატომ გვესხმიან თავს ყაჩაღურად? ადამიანი საარსებო წყაროს თვითონ ეძებს, რადგან შენი, მთავრობის იმედი არ აქვს, სხვასაც ასაქმებს და ასეთს ხელშეწყობის ნაცვლად, ყველაფრის სურვილს უკარგავ? მაშინ, რატომღა გვიკვირს, რომ აქედან გარბიან ან მუშაობას უსაქმურობას ამჯობინებენ? მთავრობა ხარ თუ ყაჩაღი? დაეხმარე შენს ხალხს და კი არ წაართვა, სტიმული მიეცი...

- უმუშევრობის გარდა, კიდევ რა პრობლემას ხედავთ ქვეყანაში?

- ჩვენ, კომუნისტებს შაბათ-კვირა გამოყოფილი გვქონდა გამწვანებისთვის, ივანიშვილის მთავრობა კი რას შვრება? - დიახ, ანადგურებს. საზღვარგარეთ ტოტზე ფოთოლსაც ვერ მოწყვეტ, მოგკლავენ ამის გამო, რადგან იცავენ ეკოლოგიას, ჩვენთან კი არაფერს უფრთხილდებიან... ჩემი შვილიც საბერძნეთში ცხოვრობს, იქ ითხოვა ტყიბულელი გოგო. ჰოდა, რძალს და შვილიშვილს "სკაიპით" ვიცნობ, წარმოგიდგენიათ? აბა, რა ჰქვია ამას? და კიდევ ჩვენ, კომუნისტებს გვეძახიან ავადმოსაგონარს. რა გვქონდა ავადმოსაგონარი? მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი კაცი ვარ, მაგრამ ამას წინათ რაღაცამ ალერგია მომცა და ექიმმა სამი თავი წამალი გამომიწერა, აფთიაქში მისულს - 116 ლარი მომთხოვეს. ეს არ არის ხალხის გატყავება? კაცს 180 ლარი მაქვს თვეში შემოსავალი და ეს თანხა აფთიაქში თუ დავტოვე, რით გავიტანო თავი?

- როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, თქვენ მაშინ ამის მომხრე არ იყავით?

- არა, საქართველო არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს. აი, ხომ ხედავთ, რეალურად ხალხი კი არა, მთავრობაა დამოუკიდებელი და რასაც როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ, ადამიანები კი ღატაკდებიან... ჩვენ ვართ მოღალატეები, ისტორიულად. აფხაზეთი და ოსეთი რომ დავკარგეთ, თქვენ ეს პერიოდი მაინც ხომ გახსოვთ და მითხარით, რას აკეთებდნენ ომის დროს ქართველები? მაშინ ზუგდიდში, პოლიციაში ვმუშაობდი და ჩემი თვალით მაქვს ბევრი ცუდი რამ ნანახი. იოსელიანს რომ შევჩივლეთ: ბიჭო, შენი ხალხია და უთხარი, მოსახლეობას ნუ გაძარცვავენო, გვიპასუხა, - მოცლილები ხართ, ეს ბიჭები ქართველი ხალხის გამო ტყვიას უშვერენ მკერდსო... ბევრი რამის გამო მწყდება გული, მაგრამ პირველ რიგში იმის გამო, რომ უცხოელებს უწყობენ ხელს და ჩვენ დაგვაჩაჩანაკეს - ამაზე დიდი ღალატი რა გინდა? კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა: არმატურების საამქროში, თუ არ ვცდები, ინდოელი უფროსი ჰყავდათ, რომელიც ქართველ მუშებს 1.000 ლარს აძლევდა ხელფასის სახით. მოვიდა ქართველი დირექტორად და, - რად უნდათ ამათ ამხელა ხელფასი? 200 ლარსაც დასჯერდებიანო და შეუმცირა მუშებს შემოსავალი... ხმას აიმაღლებ? დაგიჭერენ!

- არც ერთი პოლიტიკოსი არ მოგწონთ?

- ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ბრწყინვალე ადამიანია. აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. მაგრამ ვფიქრობ, ეს კაცი ამათ ხელში ცოდოა, რადგან "ზევიდან" არ აქვს ხელშეწყობა... ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, იცოცხლე, წინ მიიწევს ყველაფერი, ამაზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი. პარლამენტი? - როგორც ზღვაში ჩასხმული 1 კოვზი წყალი არაფერს წარმოადგენს, ისეა პარლამენტი ქართველი ხალხისთვის. მოახლოვდება არჩევნები და მერე კარდაკარ დადიან, - მე მომეცი ხმაო. შე კაი ადამიანო, ვიდრე ეს დღე მოახლოვდება, მანამდე გააკეთე საქმე და ხალხს გული მოულბე, თორემ ფარცხალაძის საქმე რომ დაიხვიეს თითზე, ამით რა გამოვიდა? იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკის გაძლიერებაზე იფიქრონ, ერთსა და იმავე იმეორებენ, სხვა საქმე არა აქვთ. გავიგეთ, ფარცხალაძემ და მამალაძემ რაც გააკეთეს. ჰოდა, ახლა გამოიძიეთ ეს საქმე ჩუმად და თუ რამე ახალი იქნება, შედეგი მოგვახსენეთ, ბატონო.

- რუსეთთან ურთიერთობაში ხედავთ ხსნას?

- ახლა აღარ, გვიანია უკვე. გამხეცებულია რუსი, რადგან ისეა დაცემული, 300 წელი მაინც დასჭირდებათ, წელში რომ გაიმართონ. ახლა ისეთი რუსი შემოვა, ყველაფერს რომ ააოხრებს. მოშინაურებულ დათვს ტყვია რომ ესროლო, ისიც ხომ ცუდად შემოგიბრუნდება? მათ ქართველი ყოველთვის სჭირდებოდათ, მაგრამ ახლა ისე არიან დაგეშილები, რომ თუ ნებას მივცემთ, გადაგვივლიან.

- მილიციაში ვმუშაობდიო, აღნიშნეთ. ალბათ, რამდენს არ უყვარდით...

- ბევრს კაცო. თუ ვინმეს უსაქმურად დავინახავდით, ვასაქმებდით ან ურჩობის შემთხვევაში, იძულებით ვამუშავებდით. ასე იმიტომ ვიქცეოდით, რომ გაცნობიერებული გვქონდა, უმუშევრობიდან დანაშაულამდე ერთი ნაბიჯია...

ლიკა ქაჯაია