სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის და­ბა­დე­ბუ­ლი - ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­ტა­ნი­ლი დი­დი მზე, ნა­თე­ლი სხი­ვე­ბით! - გზაპრესი

სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის და­ბა­დე­ბუ­ლი - ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­ტა­ნი­ლი დი­დი მზე, ნა­თე­ლი სხი­ვე­ბით!

"შშმ პირია ჩემი მეგობრის შვილი. პატარა, ლამაზი გოგო თითქოს გაიზარდა, მაგრამ ისევ პატარაა. დედამ იცის, რომ შვილი გონებაშეზღუდულია. ყველაფერი გაიარა ამ გოგომ, დედობის სიხარულიდან ტკივილამდე, ყველა ჯოჯოხეთი და ყველა სამოთხე. ყველას უპასუხა, მეზობლიდან ვიღაცის მაზლისცოლამდე! ყველას ცნობისმოყვარეობა დააოკა. ამასობაში, გაძლიერდა და ქვად იქცა ლამის. ლამაზი ქალია ჩემი მეგობარი, ლამაზი და ძლიერი! პატარა, კეთილ გოგოს ზრდის და არასოდეს წუწუნებს! არ წუწუნებს, გესმით?! არც სხვისი ჯანმრთელი შვილების შურს... იცით, რას მივხვდი? ასეთი ბავშვები ღმერთმა დაიფარა. ჰო, დაიფარა: ბოღმისაგან, ამპარტავნებისგან, სიხარბისგან, უაზრო ამბიციისგან. ასეთი ბავშვები კეთილები არიან, სუფთა თვალები აქვთ. ისინი არ იტყუებიან, არ გიყურებენ თვალებში და მიწას არ გითხრიან, არ ღალატობენ, არ იხვეჭენ ქონებას, არ უძვრებიან ქვეშ ძლიერებს, იმიტომ, რომ თავისუფლები არიან! არც კენჭს იყრიან არც ერთ უბანში, არც ტყუილ დაპირებებს გასცემენ, არც სამსახურიდან ათავისუფლებენ, არც ჩაშვება იციან, არც სხვის ცოლს დაადგამენ თვალს, არც - სხვის ქმარს... სუფთები არიან და ასეთები რჩებიან.

ჩვენ, "სრულფასოვნები" ვართ, სანამ ერთმანეთს ვჭამთ, ისინი იღიმიან და ვუყვარვართ. შშმ პირებს ის ბედნიერება აქვთ, რასაც ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ. ნუ გეცოდებათ, მიჰბაძეთ..." - ეს ჩემი მეგობრის ემოციური სიტყვებია...

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ემიგრანტებმა თანხა გადმომირიცხეს. სასიამოვნოდ გამიკვირდა მათი სურვილი და ჩანაფიქრი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს არასდროს სცალიათ საკუთარი თავისთვის და გვინდა, ისინი სალონში წავიყვანოთო. თანხა კარგად დავითვალე და ბუღალტრულად გავთვალე, რისთვის იქნებოდა საკმარისი.

საჩხერეში ბავშვთა უპრეტენზიო დღის ცენტრი ფუნქციონირებს და 18 ბენეფიციარი ჰყავთ. იქ მომუშავე პერსონალი ისეთ დაბალ ხელფასზე მუშაობს, თავისთავად ხვდები, რომ მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სიყვარული აჩერებს სამსახურებრივ პოზიციაზე და არა, რამდენიმე ათეულლარიანი ხელფასი! თუ არ ვცდები, გასულ წელს ორჯერ მეტი ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა "ქამარი შემოიჭირა"...

"პირველების" უგულობაზე აღარ მინდა აქცენტის გადატანა და ისევ ჩემს მინიბუღალტერიას ვუბრუნდები: გადმორიცხული თანხა ეყო 18 ბენეფიციარს და მათ მშობლებს: თმის შესაჭრელად, წარბების კორექციისა და საღებავებისთვის. ჰო, კიდევ, რადგან ყველაზე იაფად (საბაზრო ფასის ნახევრად) ჭიათურაში მივაკვლიე სალონს, ამიტომ ტრანსპორტირება და ნაყინიც "ჩავტიე" ხარჯში. იმ სალონში სამი ახალგაზრდა ქალი მუშაობს. ისინი წინასწარ ფსიქოლოგიურ "მოთელვაში" გავატარე და მათაც თქვეს, რომ მზად იყვნენ გამოწვევისთვის, არაკომერციული თვალსაზრისით... ჩამოვიდნენ წითელი მიკროავტობუსით ბავშვები საჩხერიდან და ჭიათურას ჩამოუტანეს დიდი მზე, ნათელი სხივებით!

ალექსის საფეთქელთან ორი ხაზი და რონალდუს ვარცხნილობა უნდოდა, სხვა ბიჭებსაც, რაღაც ამდაგვარი... გოგონებიც გალამაზდნენ და მათი დედიკოებიც. თითოეულზე შეიძლება სტატიის დაწერა, მაგრამ ამჯერად, გიორგი შეყლაშვილზე შევაჩერებ ყურადღებას.

გიორგი 10 წლისაა, მაგრამ სიხარული დააქვს ჯადოსნური ხურჯინით და ერთი გაღიმებით აბედნიერებს დიდსა თუ პატარას! დილით, როცა დღის ცენტრის მიკროავტობუსი სოფლად მიაკითხავს, მძღოლ გელას მიუსკუპდება გვერდით და ხითხითით უწყობს ოინებს! ტრასაზე საპატრულო ეკიპაჟი გამოჩნდება თუ არა, მაშინვე უსაფრთხოების ღვედის ჩამკეტს თითს აჭერს, ცდილობს, გახსნას და მერე ეგებ, გელას "ბიძია პოლიციელები" რაციით შეეხმიანონ: "გააჩერე ავტომობილი!" გელამ იცის გიორგის ამბავი და ეგრე იოლად არ თმობს პოზიციას! ცალი ხელით სწრაფად ამაგრებს ღვედის ბოლოს, მერე მზრუნველად გადახედავს მგზავრებს...

აი, დღის ცენტრში რომ მივლენ, იქ უკვე ახალი "ციხესიმაგრე" აქვს ასაღები ლოყაღაჟღაჟა გიორგის. დირექტორის სკამზე აბრძანდება და კომპიუტერზე მანიპულირებს. დირექტორი ყალბი სიმკაცრით ეუბნება, რომ მისი ადგილი გაათავისუფლოს, გიორგი ამ ცრუ დატუქსვას იგებს და არ აპირებს პოზიციის დათმობას...

ცალკე სალაპარაკოა ფიქრია გომართელთან გიორგის დამოკიდებულება. ფიფო მასწავლებელი დედის მერე, ალბათ, ყველაზე მეტად უყვარს! ფიფო ამას იმსახურებს!

სოფელ გორისაში, შეყლაშვილების ოჯახში გიორგი ყველაზე უმცროსია. უფროსი დები 12 და 15 წლის არიან. მათ დაუნისსინდრომიანი ძმა ძალიან უყვართ. დედა ისტორიის მასწავლებელია და ჭორვილაში მუშაობს, მამა კი მძღოლია.

როცა გიორგი იღვიძებს, პირველი "საქმე" კომპიუტერის ჩართვაა. პატარა ასაკის მიუხედავად, კომპიუტერს კარგად ფლობს ბუთქუნა ბიჭი და განსაკუთრებულად მოსწონს ვოკალურ-ქორეოგრაფიული ვიდეორგოლები. იმიტაცია კარგად გამოსდის. თან ვიდეორგოლს ახმაურებს, თან ჰბაძავს მსახიობებს და მოდის პოზიტივები დილაადრიან შეყლაშვილების ოჯახიდან!

ინგა, გიორგის დედა:

- გიორგიმ ყველას გვასწავლა უანგარო სიყვარული. მე ჯერაც არ ვიცი, ვინაა ჩემი შვილი, რას უნდა ველოდო მისგან. დაიბადა ძალიან სუსტი და 1 თვე არ მინახავს, რადგან საჩხერიდან თბილისში გადაიყვანეს... ჩემმა შვილმა იბრძოლა და გადარჩა! ზოგიერთისგან მესმოდა, რომ "ამნაირებს" ტოვებენ მშობლებიო და არ მესმის, ამას როგორ აკეთებენ... გავეცანი ინფორმაციას დაუნისსინდრომიან ბავშვებზე, ძალიან გამაძლიერა ექიმ ირაკლი ციციშვილის ნათქვამმა: ამ ბავშვს ისეთი გამოხედვა აქვს, თავის სათქმელს აუცილებლად იტყვისო! ახლა ერთგვარ მოდად იქცა ექიმებზე ცუდის ლაპარაკი, მე კი ვერასდროს გადავიხდი მედპერსონალის ვალს. ანა იაკობაშვილმა სხვა თვალით დამანახვა ჩემი შვილი, ხოლო ექთანი თამარ რეხვიაშვილი იმდენად დიდსულოვანი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩემი უმცროსი გოგონა მოვანათვლინე! ექიმმა ანა ყარაულაშვილმა მომცა მიმართულება, რომლითაც დავიწყე ჩემი შვილის საზოგადოებაში ინტეგრირება. მისი რჩევით მოვითხოვე სპეცპედაგოგი სკოლაში და ფიქრია გომართელი დაგვინიშნეს მასწავლებლად. გიორგი ახლა დღის ცენტრშიც დადის, სადაც ფიქრია მასწავლებელი ცენტრის ადმინისტრატორია. ამ ცენტრის დირექტორის დაუღალავი ენთუზიაზმი ჩემთვის გასაოცარია. თავიდან ვფიქრობდი, - თამარ ზაბახიძე შშმ პირის მშობელი იქნება, აბა, რატომ და როგორ ახერხებს ამ ყველაფერს-მეთქი? თურმე, არაფერი ამის მსგავსი არ ხდება! დღის ცენტრის თანამშრომლები თითქმის უხელფასოდ მუშაობენ და ვიცი, რატომაც! მათ უყვართ ეს ბავშვები და ვერ უღალატებენ ამ გულწრფელ სიყვარულს... გიორგი მარტო სიყვარულს კი არ ასწავლის გარშემო მყოფებს, არამედ სიცოცხლის აზრსაც გვიჩვენებს! არც ისე დიდი ხნის წინ, მან მძიმე კარდიოქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ახლა კარგადაა და მიფერადებს ცხოვრებას!GzaPress

რატომღაც, საქართველოში შშმ პირები უფრო "დედისად" ითვლებიან, შეყლაშვილების შემთხვევაში კი ასე არ არის. საღამოს მამას შვილისკენ მიეჩქარება, შვილს კი გაფრენა უნდა ჭიშკარში გამოჩენილი მამიკოსკენ! ჰო, კიდევ, გიორგი არც თავად ამბობს ტყუილს და არც არავინ ატყუებს! დედიკო უბრალოდ, აუხსნის ხოლმე, რატომ არ "ეკუთვნის" კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ან როცა სადმე მიდის, ეუბნება, რომ მოსიყვარულე დებთან უნდა დარჩეს განსაზღვრული დროით...

ფიქრია გომართელი:

- 2014 წლის თებერვალში სტუმრად მეწვია 6 წლის ლამაზი ბიჭუნა - გიორგი შეყლაშვილი. თბილი, მოსიყვარულე და განსაკუთრებული. ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი და დავიწყეთ ბრძოლა განვითარებისათვის. გიო არ მეტყველებდა, რამდენიმე თვე იჯდა და ლამაზი თვალებით მიმზერდა. მალე შევეჩვიეთ, შევიყვარეთ ერთმანეთი, ჩემდამი დიდ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებდა. თითქმის ერთი წელი უსმენდა ფიფოს (ასე მეძახის) მეტყველებას, აინტერესებდა ზღაპრები, განსაკუთრებით კი "კომბლე". ყოველი გაკვეთილის შემდეგ ჯილდო იყო ის, რომ მისთვის "კომბლე" უნდა წამეკითხა და თან, ყველა გმირის განსახიერება მიწევდა, რაზეც ორივე გულიანად ვიცინოდით. გიორგის ბედად, დედამისი არ იყო უქმად. დიდი ბრძოლით, შემართებით მოიარა სამინისტრო და მიაღწია იმდენს, რომ ჭორვილის საჯარო სკოლაში დაიშვა სპეცპედაგოგის შტატი. 2015 წლის თებერვალში, მე და გიომ უკვე საჯარო სკოლაში გავაგრძელეთ ურთიერთობა. გიო იმდენად თბილი და მოსიყვარულეა, ადვილად შეეგუა სკოლის გარემოს, მასწავლებლებს, მეგობრებს. მასში ხომ მხოლოდ სიყვარული ჭარბობს, ცუდი თვისებები მისთვის უცხოა. დროის უმეტეს ნაწილს რესურს-ოთახში ვატარებდით და პარალელურად, გაკვეთილებსაც ვესწრებოდით. შევადგინეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და დავიწყეთ აკადემიურ უნარებზე მუშაობა. მეტყველების მარაგი თანდათან მდიდრდებოდა, აქტივობებს ყველგან ვახორციელებდით, ხან იატაკზე ვისხედით, ხან მერხთან, ხანაც - სარკესთან. დავრბოდით, ვთამაშობდით, ერთმანეთის თანასწორნი უფრო დიდ შედეგზე გავდიოდით. წელიწად-ნახევარში გიოს ზოგადი წარმოდგენა შეექმნა ანბანზე და 10-მდე რიცხვებზე, ფერებზე... სკოლის პარალელურად საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრში დადის, სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენს მეგობრების მიმართ. ფიფო - ეს განსაკუთრებული ბიჭის სიყვარულით დარქმეული სახელია. ვამაყობ, რომ მე გიოს ფიფო და ფეფო ვარ. თავს არ დავზოგავ, შევეცდები უფრო მეტი შევძლო მისთვის. გიორგის სიყვარული ჩემთვის ყველა ხელფასზე მეტია.

მოდით და ცალი თვალით შევიხედოთ დღის ცენტრში მაშინ, როცა ბავშვები სათამაშოდ არიან თავმოყრილი. აი, მარიამს ფეხსაცმელი გასძვრა! რას აკეთებს გიო ბიჭი? ფრთხილად და მორიდებით აცმევს. ეგებ, სხვა რომელიმე ბენეფიციარს უეცრად აგრესია მოეძალა?! გიორგი გაუღიმებს და აგრესიაც მოუსავლეთში იკარგება! ეს უკვე დიდი ნიჭია და ამ ნიჭს უნებლიეთ, დაუნანებლად ახმარს გიორგი გარშემო მყოფებს.

როლანდ ხოჯანაშვილი