11 წლის ვუნდერკინდის ამბავი და ოცნება, რომელიც "ძვირი ღირს" - გზაპრესი

11 წლის ვუნდერკინდის ამბავი და ოცნება, რომელიც "ძვირი ღირს"

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 11 წლის არის, მის "ანგარიშზე" 90-ზე მეტი სიგელი და სერტიფიკატია. გასულ წელს "წლის ვუნდერკინდის" ტიტული მიიღო. დათუნა ზარდიაშვილი დედასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის სოციალურად დაუცველია. ოჯახს სახელმწიფო ეხმარება, რისთვისაც დათუნა მადლიერია და იმედი აქვს, რომ მომავალში სამშობლოს საკუთარი ცოდნით გამოადგება.

მადლენა ზარდიაშვილი, დათუნას დედა:

- ადრეული ასაკიდანვე ეტყობოდა, რომ გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოებული. ბაღში 2 წლის მივიყვანე, ამ ასაკშიც კი ძალიან დამოუკიდებელი და გონიერი გახლდათ, ამას მასწავლებლებიც აღნიშნავდნენ. მან არა მხოლოდ ის ლექსები იცოდა ზეპირად, რომელსაც მას ასწავლიდნენ, არამედ სხვა ბავშვების ლექსებსაც ამბობდა. ნიჭიერების გარდა, პიროვნული თვისებებითაც განსხვავებულია. ერთხელ ბაღში ფსიქოლოგმა დამიბარა: ბავშვებს ვთხოვე, დედები დაეხატათ და დათუნამ უცნაური რამ დახატა, ქალი, რომელსაც 5 ხელი აქვსო. ამ ნახატის ახსნა მეც გამიჭირდა. დათუნას რომ დაველაპარაკე, მითხრა, - შენ სულ რაღაცას დაატარებ, ზოგჯერ არ გყოფნის ხელები, რომ ჩამჭიდო და ისე ვიაროთ, ამიტომ ზედმეტი ხელები გაჩუქეო. ძალიან უცნაური და თბილი ბავშვია.

- შენი პირველი წარმატების შესახებ მიამბე.

დათუნა:

- ინტელექტის ოლიმპიადაზე გავედი და პირველი ხარისხის დიპლომი ავიღე. მას შემდეგ ყველა ოლიმპიადაზე გავდიოდი, რომელზეც ხელი მიმიწვდებოდა. უმრავლესობაზე ვიმარჯვებდი, სიგელისა და საჩუქრის გარეშე არასდროს ვრჩებოდი.

- რამდენი სიგელი და სერტიფიკატი გაქვს, დაგითვლია?

- 90-ზე მეტი იქნება.

დათუნა ზარდიაშვილი გასულ წელს "კინგსის" ოლიმპიადაზე "წლის ვუნდერკინდი" გახდა. წელსაც გაიმარჯვა. ახლახან კი ევროპის მასშტაბით, მეხუთეკლასელ ბავშვებს შორის, ყველაზე მეტი ქულა აიღო ევროპის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (მათემატიკა და ლოგიკა), რომელშიც 80-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.

დათუნა:

- მათი დაფინანსებით, ამ ზაფხულს ინგლისში ათი დღით მივდივარ. ჩემი მორიგი წარმატების ამბავი 2 დღის წინ გავიგე.

მადლენა:

- მხოლოდ მგზავრობის ხარჯი უნდა დავფაროთ. საქართველოდან სულ 5 ბავშვი მიდის. იქ თან დაისვენებენ, თან - გუნდური ოლიმპიადა ჩატარდება.

დათუნა პირველი კლასიდან ერთ-ერთ კერძო სკოლაში, სრულიად უსასყიდლოდ სწავლობდა. ახლა სხვა კერძო სკოლისგან უკეთესი შემოთავაზება მიიღო და ახალ სასწავლო წელს იქ ისწავლის.

მადლენა:

- მადლობელი ვართ იმ კერძო სკოლის, სადაც სწავლობდა, მაგრამ ახალი შემოთავაზება უკეთესია: გარკვეული ეტაპის შემდეგ, იქ სწავლება ინგლისურ ენაზე მოხდება. საერთაშორისო სკოლაა, სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ. კვებაც მათი იქნება და ჩვენთვის ესეც დიდი შეღავათია. ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ. მათთან არის აუზი, სადაც დათუნა ცურვას შეძლებს. სკოლიოზი აქვს და მისთვის ცურვა მნიშვნელოვანია.

- ბინის პრობლემა რატომ გაქვთ?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ამავე კორპუსში ბინა მქონდა, მაგრამ ერთ დღეს ნაცნობმა მთხოვა, ბანკში თავმდებად დავდგომოდი. მანამდე ბანკთან შეხება არასდროს მქონია და ეს ნაბიჯი გაუაზრებლად გადავდგი. მოკლედ, მან სესხი გამოიტანა, ვეღარ გადაიხადა და ბანკმა ბინას ყადაღა დაადო. თავდაპირველად, პროცენტების გადახდა დავიწყე, მაგრამ თანხის რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. 100 ათასზე მეტი მაქვს ბანკში გადახდილი. მერე ბინა გაიყიდა, მე კი ბევრი ვალი დამრჩა.

- თქვენ არ მუშაობთ, ქირის გადახდას როგორ ახერხებთ?

- სახელმწიფო ძალიან მეხმარება. რაიონის გამგეობა 300 ლარს მიხდის, როგორც უბინაოს, სოციალურად დაუცველსა და მარტოხელა დედას. დათუნას დაბადების დღესაც ულოცავენ ხოლმე. სახელმწიფოს ყურადღება რომ არა, დღეს სად და როგორ ვიქნებოდით, არ ვიცი.

- რამდენი წელია, რაც ქირით ცხოვრობთ?

- მერვე წელია. ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს, შაქრიანი დიაბეტი მაქვს, დღეში ორჯერ ინსულინს ვიკეთებ.

- მეუღლე?

- ვიდრე ბავშვი დაიბადებოდა, მამამისი გარდაიცვალა. დათუნას ძალიან ბევრი რამ აკლია. მეუბნება. რომ გავიზრდები, ისეთი წარმატებული ვიქნები, ყოველ დაბადების დღეზე სამსართულიანი სახლი უნდა გიყიდოო. ამას ისე თავდაჯერებულად მეუბნება, რომ მეც მჯერა მისი. სამსართულიან სახლზე არ ვოცნებობ, საკუთარი 1 ოთახი რომ მქონდეს, მეტი არ მინდა.

იმ პრიზებსა და საჩუქრებს, რომლებსაც დათუნა კონკურსებსა და ოლიმპიადებზე გამარჯვების შედეგად იღებს, ყიდიან, რომ თავი ირჩინონ. ზარდიაშვილებს აქამდე არც საოჯახო ტექნიკა ჰქონდათ, მაგრამ დღეს უკვე აქვთ, კეთილი ადამიანებისგან საჩუქრად მიიღეს.

მადლენა:

- გვირეკავენ, რა გჭირდებათო? ჩვენი პირველი საფიქრალი ბინაა, მაგრამ ეს იმდენად დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, ფიქრსაც ვერ ვბედავთ. საკვები სოციალურად დაუცველთა სასადილოდან მოგვაქვს. ვიცით, დღეში ერთი პური და სადილი მაინც გვაქვს. ჩვენი მთავარი გაჭირვება ბინაა, მერე დათუნა თავის თავსაც სხვაგვარად მიხედავს.

წარსულში დარჩა კადრები, რომელსაც დღეს დათუნა სევდით იხსენებს, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ ეს მისი დროებითი მდგომარეობაა. მაშინ, როცა ელემენტარული რაღაც ენატრებოდა, დედასთან მორიდებით მიდიოდა და ეუბნებოდა: "დე, ხელფასი რომ გექნება, ხომ მიყიდი?" რაც მთავარია, უქონლობა არ თრგუნავდა.

დათუნა საკუთარი თავისგან მაქსიმუმს მოითხოვს. იმედი აქვს, მომავალში ყველაფერი ექნება. სანამ მომავალი დადგება, აწმყოა და დიდი ჩაძიების შედეგად დავაცდენინე, რომ ერთი "სულელური ოცნება" აქვს. იმ ოცნების ფასიც იცის, მაგრამ გამხელისგან მაინც თავი შორს დაიჭირა. ბოლოს ერთი პირობა წამიყენა: თქვენ გეტყვით, არ დაწეროთ. ჰოვერბორდი მინდა ძალიან, მაგრამ ჩემთვის ძვირი ღირს, 300 ლარამდე. მეცადინეობით რომ დავიღლებოდი, მერე ცოტა ხნით ჰოვერბორდით ვისეირნებდიო.

ოცნებაზე მწყრალად საუბრობს, მაგრამ სიტყვაუხვი ხდება, როცა ლაპარაკს სამომავლო მიზნებზე დაუწყებ. უნდა, კომაროვის სკოლაში ჩააბაროს და იმდენად კარგად ისწავლოს, რომ სტიპენდია მოიპოვოს. მერე სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდეს, იქ კარგი ცოდნა მიიღოს და აუცილებლად, სამშობლოში დაბრუნდეს. ბოლო ორ სიტყვას განსაკუთრებით უსვამს ხაზს და როცა მიზეზს ვეძიები, 11 წლის ბავშვივით კი არა, დაბრძენებული კაცივით მპასუხობს:

- საქართველოში აუცილებლად უნდა დავბრუნდე, რომ იქ მიღებული ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ახლა მატერიალურად მიჭირს და ვხედავ, სახელმწიფო მხარში მიდგას. იმედია, ცოტა ხანში ჩემი ცოდნით, მეც გამოვადგები.

- მიხარია, რომ ასე აზროვნებ.

- (უხერხულად იცინის) ახლა ანდროიდის სისტემისთვის ახალი პროგრამების შექმნასაც ვსწავლობ. აქამდე უკეთესი შედეგი უნდა მქონოდა, ვიდრე მაქვს, მაგრამ სახლში კომპიუტერი არ მქონდა და საკუთარ თავზე კარგად ვერ ვმუშაობდი. 2 კვირაა, რაც კომპიუტერი მაჩუქეს.

დათუნას ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან დაუკავშირდნენ, სადაც პროგრამებს ასწავლიან. საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, მას ექნება შესაძლებლობა, შეკვეთები მიიღოს და შესაბამისად, შემოსავალიც ჰქონდეს.

მადლენა:

- პედაგოგი ამბობდა, ამოცანას რომ ვამბობ, დასრულებისთანავე პასუხი მზად აქვს, არადა, ამ პასუხამდე მისვლას, ანგარიში და დრო სჭირდებაო.

დათუნა:

- ყოველი ამოცანის ბოლოს ისმება შეკითხვა, რომელზეც სწორი პასუხი უნდა გავცეთ. მასწავლებელი ამოცანას რომ იწყებს, მე ხომ არ ვიცი, ბოლოს რომელი შეკითხვით დასრულდება? გონებაში ვიაზრებ, ვვანგარიშობ, ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხს ვიღებ და ბოლოს, ნებისმიერი შეკითხვისთვის მზად ვარ. კარგი ინტუიცია მაქვს და ეს სხვა საგნებში მეხმარება, მაგრამ მათემატიკა ისეთი რამ არის, სადაც ინტუიცია არაფერში გიშველის, ცოდნაა საჭირო.

მადლენა:

- დათუნა 46 წლის ასაკში გავაჩინე, მაშინაც შაქრიანი დიაბეტი მქონდა. ექიმების დაჟინებული მოთხოვნა, რომ შვილზე უარი მეთქვა, არ გავითვალისწინე და გავრისკე. დღეს ეს რომ არ მყავდეს, ცხოვრებას აზრი ექნებოდა? 8 თებერვალს დაიბადა და წმინდანი მეფის სახელი დავარქვი. ჩემთვის დათუნა უფლის საჩუქარია.

მართალია, ზარდიაშვილებს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, მაგრამ მათთან ვერ ნახავთ უიმედობასა და შიშს. ისინი ვერ გატეხა, ვერ დათრგუნა სიღარიბემ. ამის დასტური კი ერთადერთი ოთახის ერთ კუთხეში თავმოყრილი "გამარჯვებებია".

P.s. დათუნას დედას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 5(97) 98.23.66 ხოლო თუ ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, თანხის ჩარიცხვას შეძლებთ მაგდალინა ზარდიაშვილის სახელზე გახსნილ ანგარიშზე, საქართველოს ბანკში: GE55BG0000000314371000

თამუნა კვინიკაძე