ხელახლა დაბადებული ჭიათურის თეატრი - გზაპრესი

ხელახლა დაბადებული ჭიათურის თეატრი

ქართველი თეატრმცოდნეები ჭიათურის თეატრის შესახებ უამრავ დადებითს გეტყვიან. სამთოელთა დასახლებას ამ თეატრმა შესძინა ურბანული დასახლების სტატუსი და ამბობენ, მანამდე იქნება ჭიათურა ქალაქი, ვიდრე მას ექნება თეატრიო. იყო პერიოდი, რომელსაც ჭიათურის თეატრის `ოქროს ხანას~ უწოდებდნენ, მაგრამ გასული საუკუნის მიწურულს, სიტუაცია რადიკალურად, უარესობისკენ შეიცვალა, ბოლო პერიოდში კი ისევ დაიწყო თეატრმა თავისი პოზიციების გამყარება ქართული კულტურის ასპარეზზე. აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შესახებ ქალბატონ ნანა წერეთელს ვესაუბრეთ, რომელიც აღნიშნულ სახელოვნებო კერას ბოლო ათწლეულებია მართავს.

- გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებმა დამანგრეველი გავლენა იქონია ქალაქ ჭიათურის ინფრასტრუქტურაზე, მიგრაციულმა პროცესებმა თითქმის გაანახევრა მოსახლეობის რაოდენობა და ასეთ ვითარებაში, უმძიმეს დღეში აღმოჩნდა ისეთი ტრადიციული კულტურის კერა, როგორიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი გახლავთ. სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, მნიშვნელოვნად დაზიანდა თეატრის შენობის სახურავი, შემდეგ შენობის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, მწყობრიდან გამოვიდა შიდა კომუნიკაციები. მიუხედავად ამისა, თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია და ყოველ სეზონზე იდგმებოდა რამდენიმე ახალი სპექტაკლი...

1997 წელს თეატრმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ფინანსთა ექსმინისტრს, დავით იაკობიძესა და ჭიათურის მაშინდელ მერს - დავით კეკენაძეს მიუძღვით... მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალაქისთვის ეს ფაქტი ახალი სასიცოცხლო ენერგიის შემძენი აღმოჩნდა. სახელმწიფო თეატრი ჭიათურელთათვის ყოველთვის იყო და რჩება ღირსეული არსებობის აუცილებელ პირობად. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა იმედი, რომ გავაგრძელებდით თეატრალურ ტრადიციებს ჩვენს პატარა ქალაქში.

- როგორც ვიცი, 2000 წლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჭიათურის თეატრში...

- დიახ, სოციალური ინვესტიციების ფონდის დაფინანსებითა და იმერეთის ექსგუბერნატორის, თეიმურაზ შაშიაშვილის ძალისხმევით შეკეთდა შენობის სახურავი, აღდგა და მოწესრიგდა შიდა კომუნიკაციები, თეატრმა ახალი სიცოცხლე შეიძინა... 2002 წელს იმერეთის პირველი თეატრალური ფესტივალით გაიხსნა განახლებული შენობა, ჭიათურელთა დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი - `ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს~ ამ ფესტივალის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი გახდა... XXI საუკუნეს ენთუზიაზმით, იმედითა და რწმენით შევეგებეთ.

- ისევე, როგორც ძალიან ბევრი პროფესია, ბოლო პერიოდში მსახიობობაც ნაკლებად პოპულარულია, განსაკუთრებით - ქვეყნის პერიფერიებში. რა გაკეთდა ჭიათურის თეატრში `სისხლის გასაახლებლად~?

- თეატრის შემოქმედებითი პროცესი მუდმივად ძიებებსა და განახლებას მოითხოვს. უმნიშვნელოვანესია დასის ახალი ძალებით შევსება. 2004 წელს ჭიათურის თეატრმა შეძლო ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მსახიობთა ათკაციანი მიზნობრივი ჯგუფის მომზადება. ასევე, ჭიათურის თეატრში მოწვეულ იქნა პროფესიონალი რეჟისორი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ანდრო ენუქიძე, რომელმაც რეპერტუარი საინტერესო სპექტაკლებით, საკუთარი თუ სხვა პროფესიონალი რეჟისორების შემოქმედებითი ნაწარმოებებით გაამდიდრა... 2013 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ ჩაიბარა. მისი აქ მუშაობის პერიოდი დაკავშირებულია თეატრის მეტად საინტერესო საგასტროლო ტურნესთან საქართველოს ქალაქებში. განხორციელდა წარმატებული სპექტაკლები, რომლებსაც გულგრილი არ დაუტოვებია მაყურებელი! 2015-2016 წლებში ჭიათურის თეატრმა ორჯერ მოიპოვა იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრან-პრი და ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სპეციალური ჯილდო `თუმანიშვილის ვაშლი~.

- გასულ წელს თეატრის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნა...

- 2016 წლის 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა და თეატრის 120 წლის იუბილე ჭიათურის თეატრში გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა. აქვე გაიხსნა ყველასათვის საყვარელი მსახიობის, როდერ ჩაჩანიძის სახელობის ვარსკვლავი. ამავე წელს, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით გამოიცვალა და კაპიტალურად შეკეთდა თეატრის სცენა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გადაუდებელ რესტავრაციას მოითხოვს დარბაზის სკამები, ჭერისა და კედლის მოხატულობა, რომელიც რობერტ სტურუას (უფროსის) მიერ გახლავთ შესრულებული. ჭიათურის თეატრს ესაჭიროება ახალგაზრდა, პროფესიონალი მსახიობები... ბევრი სირთულის მიუხედავად, ჩვენი თეატრი ღირსეულად აგრძელებს სხვადასხვა პროფესიონალი რეჟისორების მოწვევისა და მრავალფეროვანი რეპერტუარის შექმნის ტრადიციას, მყარად ინარჩუნებს ადგილს საქართველოს სამ საუკეთესო რეგიონულ თეატრს შორის.

პ.ს. თეატრის ყველაზე დიდი შემფასებელი მაყურებელია. საკმარისია ნახოთ ჭიათურის თეატრის სპექტაკლი თავად სამთოელთა ქალაქში ან გასტროლების დროს, დააკვირდეთ მაყურებლის რეაქციას და დარწმუნდებით, რომ ჭიათურის დრამატული თეატრი ღირსეულად ინარჩუნებს ქვეყნის მასშტაბით წამყვანი თეატრის სტატუსს.

ელე ხოჯანაშვილი