მიუნხენში "ჯინსების თაობა" დაიდგა - გზაპრესი

მიუნხენში "ჯინსების თაობა" დაიდგა

დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობის" მიხედვით, ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა - თამო გვენეტაძემ გერმანიაში სპექტაკლი დადგა. პრემიერა სახელწოდებით "ცა თბილისის თავზე" მიუნხენში, აინშტაინის კულტურის თეატრის სცენაზე გაიმართა. სპექტაკლში გერმანელი, პოლონელი და ქართველი ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ... წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ პრემიერას დათო ტურაშვილი დაესწრო და აღფრთოვანებულიც დარჩა...

- დიდი ხნის ოცნება ავიხდინე. უკვე მეექვსე წელია, გერმანიაში ვცხოვრობ. აქ იმ მიზნით ჩამოვედი, რომ რეჟისორი გავმხდარიყავი. მეორე კურსს ვამთავრებ და როგორც კი საშუალება მომეცა, მაშინვე შევეცადე განმეხორციელებინა ის, რაც სულ მინდოდა - "ჯინსების თაობა" ჩემი ინტერპრეტაციით დამედგა! როგორც კი ჩემს ოცნებაზე მივწერე შტუდიობüჰნე-ს უფროსს - კატრინ კაცუბკოს. მან მაშინვე მიპასუხა, რომ ძალიან დაინტერესდა ამ ისტორიით და მომცა საშუალება ამ გრანდიოზულ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მემუშავა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

- "ჯინსების თაობა" განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ყველგან...

- დიახ, ყველანი ძალიან დაინტერესდნენ ზუსტად იმის გამო, რომ წიგნი ნამდვილ ამბავზეა დაწერილი, რომელიც 1983 წლის 18 ნოემბერს მოხდა! ეს ისტორია თავისი თემატიკით: გაქცევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილით ისევ აქტუალურია.

- რას გვეტყვით მსახიობებზე?

- თინას როლის შემსრულებელი ჩემი მეგობარია - ნინო იმნაძე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, უნიჭიერესი გოგოა. ბერი - ოთარ ლეჟავა, ჯანმრთელობის მეცნიერებას სწავლობს. გეგა - იოში გოლდბერგი გერმანელია, ჩემი ფაკულტეტის სტუდენტი, პირველ კურსს ამთავრებს. დათოს გერმანიაში დაბადებული, პოლონელი ვიქტორ გრდუსჩაკი ასახიერებს. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. იოშიმ გერმანულად ნათარგმნი "ჯინსების თაობა" წაიკითხა, ვიქტორმა კი ბევრი სხვა რამ - ამ ამბავზეც და საქართველოზეც.

ერთხელ, რეპეტიციაზე მისულებს გვიყვება: "ჰეი, იცოდით, რომ საქართველოს მიწა ღმერთს თურმე, თავისთვის უნდოდა? იცით, მაშინ, როდესაც ღმერთმა მიწები სხვადასხვა ერზე გაანაწილა, ქართველები თურმე, სადღაც ისხდნენ და ქეიფობდნენ, შეხვედრა სულ გადაავიწყდათ და გვიან მოვიდნენ გონს. ღმერთს კიდევ, მთელი დედამიწა უკვე განაწილებული ჰქონია. რაღა ექნა? ადგა და ქართველებს თავისთვის შემონახული მიწა დაუთმო". წარმოგიდგენიათ, მისმა ამ სიტყვებმა როგორ გაგვახარა ქართველები? გერმანიაში გაზრდილი პოლონელი ჩვენი ისტორიით დაინტერესებულა...

ჩემი სპექტაკლი აგებულია დაახლოებით ისე, როგორც დათო ტურაშვილის რომანი.

ჯერ ხდება ტრაგედია თვითმფრინავში, შემდეგ მსახიობები მონოლოგების სახით უყვებიან პუბლიკას, რა ხდებოდა კომუნისტურ საქართველოში. თავიდან ეს მაყურებლისთვის მოულოდნელი და გაუგებარია, მაგრამ თანდათან იძირება საქმის სიღრმეში და ყურადღება აღარ ეფანტება!

ამის შემდეგ არის თინას გამოფენა - ერთი უზარმაზარი ნახატი დგას სცენაზე (ფრთების, რომელიც სხვათა შორის მე დავხატე) და სხვა - პატარები... განსხვავება ის არის, რომ მე უფრო ნაკლები "ფიგურა" მყავს, ვიდრე დათოს წიგნში არიან. მაგალითად, სპექტაკლში ძმები ივერიელები არ არიან, არც - გია ტაბიძე. სამაგიეროდ, ჩემს "ფიგურებს" ძმები ივერიელების და გიას მახასიათებლები აქვთ.

- ამბობთ, რომ ოცნება აიხდინეთ... რა ეტაპები განვლეთ, რომ ყოფილიყავით იქ, სადაც დღეს ხართ?

- დედას დავყავდი: ცეკვაზე, ხატვაზე, გიტარაზე, ჩოგბურთზე და დოლზეც კი ვუკრავდი... სასწავლო წიგნებზე გადამკვდარი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც, სკოლა ოქროს მედალზე დავასრულე. იმედია, მასწავლებლები არ მიწყენენ, ამას რომ ვამბობ. იმდენად კარგები იყვნენ და იმდენად კარგად ხსნიდნენ მასალას, რომ სახლში ბევრი სწავლა არც მიწევდა. "რა, სად, როდის" ვთამაშობდით და იქაც გაგვიმარჯვია უმცროს ლიგაში. ჩვენს გუნდს ერქვა "ბარბაროსა"... დაწყებით კლასებში მასწავლებლები ბანდალას მეძახდნენ, რაც გულს მტკენდა. ახლა მეცინება, მაგრამ ზუსტად მაშინ ვთქვი: მე ამათ ვუჩვენებ-მეთქი და აქამდე მოვედი.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ მალევე წამოვედი გერმანიაში ოპერად. ენის კურსები გავიარე, პარალელურად ბევრს ვმუშაობდი. შემდეგ გერმანიაში, ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩავირიცხე თეატრისმცოდნეობაზე, რომელიც კინომცოდნეობის დიდ ნაწილს მოიცავს. პარალელურად, ისევ ბევრს ვმუშაობ. მე შევძელი გამერღვია ის საზღვრები, რომლებიც ჩემთვის, როგორც ყველა ადამიანისთვის, დაბადებისას წესდება. შეუძლებელი არაფერია! როდესაც არსებობს ოცნება, უნდა იბრძოლო მიზნის მისაღწევად.

მანანა გაბრიჭიძე