"ბასკებს აქვთ "სულიკოს" მოტივებზე შექმნილი ნაციონალური სიმღერა" - გზაპრესი

"ბასკებს აქვთ "სულიკოს" მოტივებზე შექმნილი ნაციონალური სიმღერა"

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართველები უცხო მიწაზე თავს ისე ირჩენენ, როგორც შეუძლიათ, ბევრი მათგანი კი, ალღოსა და ინტუიციის დამსახურებით, მშვენიერ კარიერასაც იწყობს... ქართველი ემიგრანტი - მანანა კუბლაშვილი ამჟამად ბასკეთში, ქალაქ ვიტორიაში ცხოვრობს, სადაც ადგილობრივებსა და ემიგრანტ ქართველებს ინგლისურს ასწავლის.

- თავდაპირველად, ესპანეთის პატარა ქალაქ კალაორაში ისე წავედი, როგორც სხვები - პრობლემების გამო, სამუშაოდ წასვლა მოვინდომე. შემდეგ, რადგან ინგლისური ვიცოდი, აქაურ "წითელ ჯვარში" მივედი. ესპანური არ ვიცოდი, მაგრამ ინგლისურად ვსაუბრობდი, თან წაღებული მქონდა ჩემი დიპლომის თარგმანი. ამ ქვეყანაში პატივისცემას იმსახურებს ის ხალხი, ვისაც განათლება აქვს მიღებული და მეც "კარგ თვალზე" შემომხედეს. როგორც ამბობდნენ, განათლება ჩემს საუბარსა და მოქცევებში გამოიხატებოდა. "წითელ ჯვარში" მითხრეს, სანამ ენას აითვისებთ, ჩვენს საწყობში გაგიშვებთო - ლაპარაკი იყო მეორადი ტანსაცმლის საწყობზე, სადაც სამოსი სეზონურობის მიხედვით უნდა დაგვეხარისხებინა. იქ იმიტომ გამიშვეს, რომ საწყობის დირექტორი, რომელიც წლების განმავლობაში ირლანდიაში ცხოვრობდა, ინგლისურად საუბრობდა. თურმე, მას კალაორაში ინგლისურის კერძო სკოლა ჰქონდა.

- და ამავდროულად, საწყობშიც მუშაობდა?

- დიახ, იქ არანაირი შრომა სათაკილოდ არ მიიჩნევა. ეს ადამიანი, კერძო სკოლის მფლობელი, დილით ჩვენთან ერთად, ფიზიკურად მუშაობდა და საღამოს სკოლაში ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა. თავიდან მიკვირდა, - რა ძალა ადგას, ასე რომ წვალობს-მეთქი? შემდეგ კი ეს ყველაფერი სხვანაირად დავინახე: ამ ქვეყანამ, არც ისე დიდი ხნის წინ, უკიდურესი გაჭირვება გამოიარა და ადგილობრივებს ეს არ დავიწყნიათ. აქ ყოველი თუ არა, ყოველი მეორე ადამიანი მუშისა და გლეხის შვილია, რომელმაც წარმატებას საკუთარი, დაუღალავი შრომის ფასად მიაღწია... ასე რომ, თავიდან გაოცებული ვუყურებდი სკოლის დირექტორ ქალბატონს და ვფიქრობდი: არაფერი აკლია, სკოლიდან მშვენიერი შემოსავალი აქვს და აქ რატომ წვალობს-მეთქი? ამ ქვეყანაში არსებობს ორი სახის სირცხვილი: სიზარმაცე და ანგარებიანი ურთიერთობა. ამ ორი კატეგორიის ადამიანებს, მეგობრებიც არ ჰყავთ და მათ პატივს არავინ სცემს. აქ თავიანთი ტრადიციები აქვთ. მაგალითად, მეგობრები დილით ყავას ერთად მიირთმევენ. ასევე, შუადღეს, მცირეხნიანი შესვენების დროს ღვინოს წრუპავენ... როდესაც საწყობში დავიწყე მუშაობა, სრულიად უცნობი ადამიანებისგან საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი და შემდეგ მივხვდი, რატომაც: დაინახეს, რომ შრომას არ ვთაკილობდი და დილის 8 საათიდან შუადღის ორამდე პატიოსნად ვმუშაობდი. ბინის დაქირავებაშიც დამეხმარნენ. შემდეგ, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ ინგლისური ვიცოდი, ერთ-ერთმა ბავშვის მომზადება შემომთავაზა... ესპანურ-ინგლისური ლექსიკონი კი მქონდა, მაგრამ მაინც, ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო, - ჩემს პირველ მოსწავლეს გაკვეთილს ხელებისა და ფეხების დახმარებით ვუხსნიდი... ასე გაგრძელდა 4 თვე. შემდეგ, ამ ბავშვმა ჩააბარა ინგლისურის გამოცდა და გამსვლელი ქულა მიიღო. ამის შემდეგ, იმ პატარა ქალაქში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ ზომიერად, დისტანციის ფარგლებში და კარგა ხანს შორიდან გაკვირდებიან... ბავშვებს ვამეცადინებდი და ამავდროულად, ტანსაცმლის საწყობში ვაგრძელებდი მუშაობას. მერე კი, შემპირდნენ, რომ უკეთეს სამსახურს მიშოვიდნენ.

- ვინ დაგპირდათ?

- "წითელი ჯვრის" წარმომადგენლობა. ვაღიარებ, ეს არის სახელმწიფო, სადაც დიდად არ მოსწონთ, რომ მათთან უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან ბედის საძებნელად, მაგრამ ადგილობრივი კანონმდებლობა მათ ამის გაპროტესტების უფლებას არ აძლევს. ვინმე ხმას თუ აიმაღლებს, შეიძლება, ამის გამო თუნდაც ისევ ესპანელმა, რასიზმში დასდოს ბრალი და უჩივლოს, რისთვისაც ჯარიმის გადახდა მოუწევს.

- ახალგაზრდები როგორ ცხოვრობენ?

- თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა სწავლის ქირა გადაიხადონ და ამავდროულად, თავი ირჩინონ. უვლიან ბავშვებს, მოხუცებს, ალაგებენ სახლებს. თუ ვინმეს გაუმართლა, ის ბარში ან რესტორანში მუშაობს მიმტანად ან სულაც, სამზარეულოში. ეს ეხება როგორც ლეგალებს, ასევე ადგილობრივებს, რადგან მას შემდეგ, რაც ისინი სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ, საკუთარ ცხოვრებას თავად წარმართავენ... რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მას შემდეგ, რაც ისინი საბუთებს მოაწესრიგებენ, უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობენ, ვიდრე ადგილობრივები. ვისაც თავის ქვეყანაში აქვს დიპლომი აღებული, შეუძლია, იქ გადააბაროს, გაიაროს გასაუბრება და შესაბამისი სპეციალობით დაიწყოს სამსახურის ძებნა...

- ახალი სამსახური სად შემოგთავაზეს?

- იმ ქალბატონმა, ვისაც კერძო სკოლა ჰქონდა, მითხრა, - არ გინდა, ჩემთან ერთად იმუშაო? კიდევ ერთი სამსახური არ გაწყენდაო. თურმე, სახლებს ალაგებდა. ემსახურებოდა ოჯახებს, სადაც ყველას არ შეუშვებდნენ. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. უკვე ნორმალური შემოსავალი გამიჩნდა, ბინის ქირის გარდა, რაღაც დანაზოგს ვაკეთებდი... საწყობის შემდეგ, ორი-სამი საათი ოჯახებში მივდიოდით და ვალაგებდით, შემდეგ კი მოსწავლეები მყავდა. აქ ყველა ასე ცხოვრობს, დღე და ღამე მუშაობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ონკოდაავადებულებიც კი ბოლო სტადიამდე მუშაობენ, თუმცა, დასვენებაც კარგი იციან... რაღაც პერიოდის შემდეგ, უკვე ინგლისურის სწავლის მსურველებმა იმატა და მეც ოფისებში, საავადმყოფოებში, რესტორნებში დავდიოდი, სადაც ჯგუფები მყავდა... შემდეგ ერთ წლით საქართველოში მომიწია ჩასვლამ, რის გამოც, ისევ ესპანეთში დაბრუნებულს, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა.

- ახლა სად ხართ?

- ბასკების დედაქალაქ ვიტორიაში... GzaPress

- ამბობენ, რომ ქართველებსა და ბასკებს შორის დიდი მსგავსება...

- დიახ, ბილბაოს უნივერსიტეტში სერიოზული კვლევები მიდის ამაზე. ამბობენ, რომ ბასკური ევროპული ენა არ არის. ეს ერთადერთი ენაა, რომელიც ლათინურიდან არ გახლავთ წარმოშობილი და თავადაც აღნიშნავენ, ჩვენსა და ქართველებს შორის ძალიან დიდი მსგავსებააო. ერთმა ბასკმა ექიმმა რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, ახლობელივით გადამეხვია, - ჩვენ ნათესავები ვართო. გადამეხვია ზუსტად ისე, როგორც ამას ემოციური ქართველები ვაკეთებთ. ესპანელებს კი ასეთი რამ არ ახასიათებთ... თუ არ ვცდები, დაახლოებით 20 წინ, აქ ჩამოსული იყო ქუთაისური გუნდი, რომლებმაც "სულიკო" შეასრულეს. არ ვიცი, ბასკებს ეს სიმღერა მოეწონათ თუ სხვა რამ ედო საფუძვლად, მაგრამ ახლა იმავე მოტივზე მღერიან ბასკურად. ზოგი ამბობს, რომ ამ მოტივებზე, მცირედი განსხვავებით, თავადაც ჰქონდათ მელოდია... გარდა ამისა, ამ ქალაქში არის ქუთაისის ქუჩა. ბასკები დიდ პატივს სცემენ საკუთარ წარსულსა და ფესვებს. რადიოში ხშირად მოისმენთ "სულიკოს" მოტივებზე დაწერილ ბასკურ, ნაციონალურ სიმღერას.

- ტრადიციებში არის მსგავსება?

- დიახ, ეს ალბათ ერთადერთი ადგილია, სადაც მუსლიმანებმა ფეხი ვერ მოიკიდეს. მათ ბასკებმა არ მისცეს ამის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში 800 წელი ბატონობდნენ. რაც შეეხება ტრადიციებს, ბასკურ სოფლებში ისეთივე სახლებს შეხვდებით, როგორიც საქართველოში აქვთ. ადგილობრივების თქმით, 30-40 წლის წინ, აქაც იმართებოდა ისეთი ქელეხი, როგორიც საქართველოში იციან და მიცვალებულიც სახლში ესვენათ, რაც ესპანელებს არ ახასიათებთ... კერძებშიც კი მსგავსებაა. მაგალითად, ლობიოს ჩვენებურად აკეთებენ. ამასთან, ბასკი კაცი ოჯახის უფროსად მიიჩნევა და მეუღლე თუ ოჯახის სხვა წვერები მას ანგარიშს უწევენ. გარეგნულადაც ჰგვანან ქართველებს. სან-სებასტიანსა და ბილბაოს მხარის მცხოვრებლები, უფრო დასავლეთ საქართველოს შვილებს მოგაგონებთ, ღია კანის ფერითა და თვალებით.

- თქვენი ესპანელი მეგობრები საქართველოში არიან ნამყოფი?

- კი, არაერთხელ და ძალიან უყვართ თბილისი, საქართველო... ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი და მდიდარი კულტურა, ისტორიული წარსული და ამავდროულად, ევროპული ღირებულებები ინახება.

- შვილებზეც გვიამბეთ...

- ჩემი ბიჭი ათი წელია, ამერიკაში ცხოვრობს, კანზასის კოლეჯის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩაირიცხა... გოგონა იტალიაში ცხოვრობს, ოპერის მომღერალია. ძალიან ცუდი ის არის, რომ 7 წელია, შვილები არ მინახავს, დისტანციური ურთიერთობა გვაქვს. ეს მხოლოდ ჩემი კი არა, ზოგადად, ემიგრანტების პრობლემა და უდიდესი ტკივილია - შვილები ჩვენ გარეშე იზრდებიან...

- ესპანეთში ბევრი ქართველია?

- დიახ, ძალიან ბევრი ქართველი აქ ოჯახებით ცხოვრობს. ახლა ჩემი მოსწავლეების უმეტესობა ქართველია და მათ შორის ძირითადად, სვანები არიან. ამ ბავშვების მშობლები წლებია, აქ ცხოვრობენ და ბავშვებიც აქ დაიბადნენ ან მცირეწლოვნები ჩამოიყვანეს ესპანეთში. ის მამშვიდებს, რომ შესანიშნავად წერენ და კითხულობენ ქართულად. სალოცავიც გვაქვს, სადაც ყოველ კვირას ვიკრიბებით.

ლალი პაპასკირი