"უფროსი ძმის გამაონაცვალში გაზრდილი" - გზაპრესი

"უფროსი ძმის გამაონაცვალში გაზრდილი"

ვიცი, დამაბნეველი სათაური გამომივიდა და ძნელი მისახვედრია, ამჯერად რა მიგვაჩნია მე და ჩემს "'უკეთესი მომავლის" მოლოდინით დაღლილ ქუთაისელებს უსაშველო პრობლემად. სხვა დროსაც მიცდია ამ თემაზე, როგორც ქვეყნის, ასევე ადგილობრივ ახელისუფალთა ყურადღების მიპყრობა, მაგრამ ან მართლა ძალიან არიან დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულები, ან საერთოდ არ კითხულობენ პრესას. წაკითხვის შემთხვევაში რას აკეთებენ, ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან არანაირი რეაგირება და მით უფრო, გამოსწორებული მდგომარეობა არ ყოფილა...

მიდი და ნუ მოინატრებ "'წყეული კომუნისტების" ეპოქას, როცა პრესაში მოხვედრილი კრიტიკა ქვეყნის დაქცევის ტოლფასი თუ არა, თანამდებობის დაკარგვის პირდაპირპროპორციული მაინც იყო. შესაბამისად, საქმე ხალხის თუ არა, თბილი სავარძლის სიყვარულით მაინც კეთდებოდა...

მოკლედ, არავის სიკეთე და უკეთესი ცხოვრება არ გვშურს ქუთაისელებს, მით უფრო, ჩვენი დედაქალაქისა და დედაქალაქელების, მაგრამ როცა ვისმენთ ინფორმაციას თბილისში სუპეთანამედროვე საქალაქო ავტობუსების შემოყვანაზე, რადგან ე.წ. ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავიანთი საქმე გააკეთეს და ამოწურეს, უნებურად გვტკივა გული - რომ ქვეყნის მეორე ქალაქში (ისტორიისა და სიძველის მხრივ პირველშიც) მხოლოდ მეორადი, გადაკეთებული სატვირთო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები დადიან, სადაც ბევრი რამის გამო გრძნობ თავს დამცირებულად - თუნდაც, ვიწრო ასასვლელი კარით და იმდენად მაღალი საფეხურებით, რომ ასვლისას ხან რას უნდა მოებღაუჭო, ხანაც - ვის, რადგან ბევრ მეპატრონეს სახელურების დამონტაჟებისთვისაც არ შეუწუხებია თავი (შშმ პირებსა და მოხუცებს ხშირად არც უჩერებენ, - მაინც ვერ ამოვლენო). მერე ისეთ სკამს ეძებ, მოხერხებულად რომ შეძლო ჩამოჯდომა. ალბათ, მეტი ადგილის შექმნის მიზნით, ისე ახლო-ახლოა ჩადგმული ვიწრო სკამები, ნორმალური სიმაღლისა და საშუალო წონის ადამიანიც რომ ვერ გამართავს მუხლს და მეორე მისნაირმა თუ მოინდომა გვერდით დაჯდომა, შანსი არა აქვს...

არც ერთ ავტობუსს არ გააჩნია უკანა კარი, რაც გამოკვეთილი დანაშაულია საქალაქო ტრანსპორტში. შეიძლება არ ვიდარდოთ იმაზე, რომ ჩამსვლელ-ამომსვლელები ხელს უშლიან ერთმანეთს და დისკომფორტს ქმნიან. საავარიო სიტუაციისას ხომ ასეთ პირობებში ორჯერ და სამჯერ იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა?! გარდა ამისა, ჩვენთან ხომ მძღოლთა ქცევის არავითარი სტანდარტი არ არსებობს და როცა მათი 80% მწეველია და პირდაპირ საჭესთან მჯდომი უკიდებს სიგარეტს სიგარეტზე, წარმოგიდგენიათ, სად მიდის მისგან წამოსული შხამიანი გამონაბოლქვი, რომელსაც ღია ფანჯრიდან მოდენილი ნიავი იმ სალონში აბრუნებს, სადაც უკანა კარი არ არსებობს და ფანჯრებიც დაგმანულია?!

სხვათა შორის, ევროპელობაზე თუ გვაქვს პრეტენზია, სადაც მსგავსი რამ წარმოუდგენელია და სხვისთვის შენი მყრალი ამონასუნთქის ცხირ-პირში შებოლებას არავინ გაპატიებს, როდის ვეღირსებით საქართველოში (ამ მხრივ მხოლოდ ქუთაისელები არ ვიჩაგრებით), რომ მძღოლებს აეკრძალებათ სალონში მოწევა?

მოკლედ, რამდენიც უნდა ვწერო, თუ ვინმეს ქუთაისური ავტობუსებით არ უმგზავრია, ძნელად წარმოიდგენს, რა ძნელია ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. ამიტომაც გვწყდება გული და როგორც ბიძაჩემი ვალიკო ამბობს: უფროსი ძმების გამონაცვალში გევიზარდეთ ყველა და არაფერი დაგვშავებია ამითი. როცა ახლის ყიდვის თავი არ აქვს პატრონს, უფროს შვილებს ეხვეწება, კარგად მოუარონ იმ ნივთებს, რამაც უმცროსიც უნდა დააყენოს ფეხზე და თუ თბილისის გარდა, ვერსად ყიდულობს ჩვენი ღარიბი ქვეყანა ახალ ტრანსპორტს, ის ნახმარი და თავიდანვე ადამიანის ტრანსპორტირებისთვის გათვლილი ავტობუსები მაინც გადაანაწილოს დანარჩენ ქალაქებში და პირველ რიგში, ქუთაისში, რომელსაც ბევრი უცხოელიც სტუმრობს. გასულ ზაფხულს, ჩემმა პოლონელმა სტუმარმა იცით, რით გამაოცა? - ნელა იარე, ხალხი ვართ თუ შეშაო? - უნებურად წამოიყვირა ქართველი მძღოლების მიერ, მგზავრების აყვანის დასასწრებად გამართული "'ჯირითის" შემსწრემ და კარგა გვარიანად დაზაფრულმა. სხვათა შორის, ამის შემდეგ ვერც ავიტყუე საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მართალია, საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მაგრამ ვიდრე ქუთაისში იყო, დაქირავებული მანქანით, უსაფრთხოდ დადიოდა, როგორც თავის ევროპულ და კულტურულ ქვეყანაშია მიჩვეული.

ინგა ჯაყელი