"ზედმეტი ადამიანების კუნძული"... - გზაპრესი

"ზედმეტი ადამიანების კუნძული"...

სათაური "მოვიპარე" - მსგავსი სახელწოდების სერიალი მაქვს ნანახი და მისი შინაარსი დაახლოებით ასეთია: ორმა მილიონერმა კუნძული იყიდა და იქ თავიანთი ახლობლები გაასახლეს მოტყუებით: ერთმა ცოლი, რადგან საყვარელი უჩენდა შვილს და მეორემ - გალოთებული მამინაცვალი, მათთან ერთად კიდევ ოცამდე ადამიანი, ასევე ახლობლებისგან განწირულები...

ამ ფილმმა უამრავი ქართველის მდგომარეობა გამახსენა. იმ ქართველების, ყველასათვის ზედმეტები რომ აღმოჩნდნენ და მართალია, მათ გამო არც კუნძულის ყიდვით შეუწუხებია ვინმეს თავი, მაგრამ მაინც, გარიყულები და განწირულები აღმოჩნდნენ ახლობლებისგანაც და ქვეყნის მმართველებისგანაც, რომლებმაც ვერა და ვერ მოიცალეს ხალხისთვის...

43 წლის დალი გონებრივად ჩამორჩენილია. ვიდრე მშობლები ცოცხალი ჰყავდა, ასე თუ ისე, უვლიდნენ. მერე რძალმა ერთადერთი ძმა აუმხედრა და სახლიდან გამოაგდეს. ახლა იმ საბავშვო ბაღის ცარიელ ოთახში დაიდო ბინა, ადრე დევნილები რომ ცხოვრობდნენ. არც ლეიბ-საბანი აქვს და არც - თეთრეული. პირადი ჰიგიენა დიდად არ უნდა ადარდებდეს, რადგან ქუჩაში მიმავალი აუტანელი სიბინძურის სუნს ტოვებს და არც ტრანსპორტში უშვებენ მძღოლები. თუმცა, არ გაემტყუნებათ... ვერ გეტყვით, რას ჭამს და რას სვამს. ქუჩის ძაღლებს ემეგობრება და ხშირად, ერთად მიირთმევენ ხმელა პურს - მადას არც ერთი არ უჩივის. ზის დალი შუაში და ირგვლივ ათიოდე ძაღლი დასკუპებულა ლუკმის მოლოდინში. მათ რომ ვუყურებ, გული მეწურება, რადგან დალიც იმ ძაღლებივით მარტოა და მოკვდება თუ მორჩება, არავის ედარდება, არც არავის დააკლდება. პირიქით, ბევრს გაუხარდება კიდეც, თუ მისი მსგავსები ერთბაშად გაუჩინარდებიან...

მიშა, 62 წლისაა. ახლა გალოთებულია და არც ეს მიკვირს. შვილები პატარები ჰყავდა, როცა ქარხანა დაიხურა და სამსახური დაკარგა. მერე დასუფთავების სამსახურში დაიწყო მუშაობა და მაშინვე გრიშაია-მენაგვე შეარქვეს. იმ დღიდან აღარც სუფრასთან დაუძახებიათ მისთვის და აღარც საქმეში წაიკარეს. უბნის უქნარა კაცებიც კი, ცოლები რომ საზღვარგარეთ გაუშვეს სხვათა მონობაში და დღეს დომინოსა და ნარდის თამაშში აღამებდნენ, არ უტოლებდნენ თავს. ეს შეიძლებოდა კიდევ აეტანა, მაგრამ როცა გოგონები წამოიზარდნენ და დათხოვდნენ, მამას ახალ ოჯახებში მისვლა აუკრძალეს: გვრცხვენია გამხელა, რომ მამაჩვენი ხარო! ვეღარ გაუძლო დარდს და გული რომ არ გახეთქოდა, სასმელს მიეძალა. მერე სახლიდანაც წამოვიდა და გარაჟში რჩება დასაძინებლად. არც არავინ ეხვეწება შინ დაბრუნებას...

ლეილა, 74 წლის: ვერ გათხოვდა და პაპისეულ სახლს შემორჩა. თუ შეიძლება, სახლი ეწოდოს სახურავდამპალ და კედლებდაშლილ ძველ ფიცრულს, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს და ქალი ქვეშ მოიყოლოს, მაგრამ ლეილა მაინც არ გამოდის გარეთ, რადგან სიცოცხლე აღარაფრად უღირს: - დავიღალე! ღმერთის პატივისცემა მაქვს და ამიტომ, თავს ვერ ვიკლავ, თორემ სიკვდილი სჯობს ჩემს ყოფას: უპურო, უწამლო და ტკივილებით სავსე ყოველდღიურობასო...

დახმარების სათხოვნელად არავისთან მიდის უკიდურესად გაჭირვებული და არც არჩევნებზე დადის პოლიტიკოსებისთვის ხმის მისაცემად. არასოდეს უსმენს მათ დაპირებებს და არც იმედს ამყარებს: მაგათი მოსატყუებელი კბილები დიდი ხნის წინ დავიცვალეო! - ხელს იქნევს უიმედოდ და ლაპარაკშიც აღარ მომყვება...

ვენერა, 78 წლის: უფროსმა ქალიშვილმა ბინა გააყიდვინა, საზღვარგარეთ წავიდა იმ ფულით და დედა ნაქირავებში დატოვა: მალე უკეთეს ბინას ვიყიდი და აღარაფერს გაგიჭირვებო, მაგრამ მეშვიდე წელიწადი მიიწურება საცაა, რაც სახლი უყიდა კი არა, იმ დაქირავებული ოთახის ფულიც არ გამოუგზავნა: გადავწყვიტე იტალიაში სამუდამოდ დავრჩე და ნუღა დამელოდები, ნურც ჩემი იმედი გექნება, ჩემს დასთან გადადი საცხოვრებლად და იმან გიპატრონოსო! - შემოუთვალა ურცხვად და ტელეფონის ნომერიც გამოცვალა. უმცროსმა ქალიშვილმაც გაწირა დედა და კარი ცხვირწინ მიუხურა: ფული და სახლ-კარი ჩემს დას მიეცი და მე რატომ უნდა გიპატრონოო?!

ახლა ვენერა მეზობლის სარდაფში ცხოვრობს. ხშირად ავადმყოფობს და წამლის ფულიც არა აქვს ყოველთვის. სახელმწიფოც არ ეხმარება. ეუბნებიან: შვილები გყავს, ცხოვრება არ უჭირთ და იმათ უნდა გარჩინონო... თავადაც იცის, რომ უნდა არჩინონ, მაგრამ... ვენერას რომ უსმენ, ხვდები, მას სიკვდილის არ ეშინია. სიცოცხლის ეშინია და ადამიანების...

სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევები არაა და საქართველოში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ახლობლებისა და ქვეყნისთვის "ზედმეტ ადამიანებს", რომლებიც უიმედობის კუნძულზე გარიყულები იტანჯებიან... მათი პატრონი აღარც ევროპაა, აღარც სამშობლო და აღარც სახელმწიფო, ალბათ...

ინგა ჯაყელი