ობლობის სევდა და ოცნება, რომლის ახდენაც შეგვიძლია - გზაპრესი

ობლობის სევდა და ოცნება, რომლის ახდენაც შეგვიძლია

ბავშვები ბებიასთან იზრდებიან. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, ავარიულ სახლში ცხოვრობენ, საკვები კი უფასო სასადილოდან მიაქვთ.

მარიამი ცელქი და მხიარულია. ნიკუშა დაიკოზე ბევრად დიდია და შესაბამისად, განსხვავებულია მისი განცდები, ფიქრები. აღარ აქვს ბავშვური სილაღე, აღარ ცელქობს... შეხედავ და, მისი ფიქრების ამოცნობა სულაც არ გაგიჭირდება. სახეზე, თვალებში ობლობის სევდა იკითხება. თან, ეს სევდა ისეთი მძაფრია, ისეთი ტკივილის მატარებელია, დაუკვირვებელი თვალისთვისაც კი ადვილად შესამჩნევია.

ციალა წურიაშვილი, ნიკუშასა და მარიამის ბებია:

- მეუღლე 8 წლის წინ გარდამეცვალა. შარშან, 30 ივლისს შვილიც დამეღუპა და 2 ობოლი დამრჩა. უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობთ. სახლიც ავარიულია, კედლები სულ დაბზარულია.

- ბავშვებს მამა არ ჰყავთ?

- ჩემი შვილი მეორე ქორწინებაში იყო. პირველ მეუღლეს წლების წინ დაშორდა, მისგან ნიკუშა ჰყავს, მარიამი - მეორე მეუღლისგან. ჩემი სიძე ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობას არასდროს გრძნობდა, ალკოჰოლი უყვარს. ხან ქირით იყვნენ, ხან აქ ცხოვრობდნენ. მერე ჩემს შვილს მკერდზე სიმსივნე გაუჩნდა. თავდაპირველად არ ამხელდა, ექიმთან მისასვლელი ფულიც არ ჰქონდა და ბოლოს, როცა მისვლა გაბედა, უკვე შორსწასული ფორმა ჰქონდა, ვეღარ უშველეს.

მარიამის მამა დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ქუჩაში შემთხვევით თუ შეგვხვდება, დაელაპარაკება, ხელში აიყვანს, ეფერება.

- ალიმენტი არ მოგითხოვიათ?

- საბუთები უკვე გამზადებული მაქვს, აქამდე არ უხდიდა და იმედია, მალე დაენიშნება, იურიდიული საკითხები გავიარეთ, სახაზინო ადვოკატი გვყავს.

- შვილის წინაშე არანაირ სოციალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს?

- რომელ პასუხისმგებლობაზე მელაპარაკებით? ჩემს ავადმყოფ შვილსაც მე ვპატრონობდი, ექიმთან დამყავდა, მას იოდიც კი არ უყიდია. სახლში ერთი პურიც არ მოუტანია.

ჩემს გოგოს კი მაინც უყვარდა და ბოლოს ძალიან ცუდად რომ იყო, კარისკენ იყურებოდა, ხომ არ მოვიდაო. ორ დღეში ერთხელ ნახულობდა. მას მერე, რაც ანო გარდაიცვალა, სულ ოთხჯერ მოვიდა. როცა საყვედურს ვეუბნები, ჩუმადაა... ჩემი შვილი სულ მუშაობდა, ლონდონის ბაღში იჯდა და ტკბილეულს, ბუშტებს ყიდდა.

- დღეს თქვენი შემოსავალი რა არის?

- სოციალურად დაუცველის სტატუსი გვაქვს და 180 ლარს ვიღებთ, დამატებით - 10 ლარს თითო ბავშვზე. 37 წელი სამშობიაროში ვმუშაობდი და თავი დავანებე, ბავშვები ვის დავუტოვო? საპენსიო ასაკიც არ მაქვს.

ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, ნიკუშა სულ დადარდიანებული იყო, ერთხელაც არ გაუცინია. საოცრად სევდიანი თვალები აქვს. მითხრა, რომ 7 კლასი უკვე დაამთავრა. როცა დედა ჰყავდა, ცეკვაზეც დადიოდა, მერე იძულებული გახდა, თავი დაენებებინა.

- ნიკუშა, სკოლაში როგორ სწავლობ?

- საშუალოდ. ჯერ არ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევ. ყველაზე მეტად ქართული და გეოგრაფია მიყვარს.

- რაზე ოცნებობ?

- ტელეფონი მინდა, ძალიან, ისეთი, ჩემს მეგობრებს რომ აქვთ, მაგრამ...

- მაგრამ რა?

- ისეთი არავინ მყავს, ვისაც შეიძლება ვთხოვო და მიყიდოს. ისეთი ტელეფონი მინდა, ინტერნეტში რომ შევიდე. კიდევ, შავ ჯინსსა და ახალ მაისურზე ვოცნებობ.

ციალა წურიაშვილი:

- ნიკუშა სკოლიდან დათრგუნვილი ბრუნდებოდა ხოლმე: მასწავლებელი გვეუბნება, ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიეთ. ჰოდა, მე საიდან ვისწავლოო? ამის გამო დედამისი ძალიან ნერვიულობდა. საკრებულოს დეპუტატთან, ქალბატონ რიმა ბერაძესთან მივედი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი და ძალიან დამეხმარა, ონკოლოგიურშიც გაგვიშვა, ნიკუშას ლეპტოპიც აჩუქეს, მაგრამ ინტერნეტი არ გვაქვს.

ნიკუშას წლებია, მამა არ უნახავს. დედაზე ვერაფერი ვკითხე, კითხვის დასმა გამიჭირდა, სათქმელს ფორმა ვერ მოვუძებნე და თან, არ მინდოდა, მისთვის ტკივილი კიდევ ერთხელ შემეხსენებინა. ამიტომ საუბარი ისევ ქალბატონ ციალასთან განვაგრძე.

- ნიკუშას რთული დღეები ჰქონდა, სულ ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა.

- დედას ხშირად ახსენებს?

- რა თქმა უნდა, ახსენებს და როცა სიმართლეს ამბობს, ისევ დედას იფიცებს. რამეს რომ იცვამს, იხსენებს, ეს ანოს ნაყიდიაო.

- მარიამი?

- მარიამი დედას დღემდე ელოდება. იცის, რომ დედიკო ცაშია წასული და თვითმფრინავის ხმა რომ ესმის, ეზოში გავარდება ხოლმე, ხელს უქნევს და ეძახის, დედა მომიყვანეო! 3 წლის 8 ივლისს გახდება. ავტობუსით სასაფლაოსთან რომ ჩავივლით, იმ ადგილს ცნობს, მინას პატარა ხელს ურტყამს და ამბობს: "დედა იქ არის, დედა იქ არის!" როცა ვეუბნები, დედასთან სასაფლაოზე წავიდეთ-მეთქი, მანამდე მაღაზიისკენ პურის საყიდლად ან უფასო სასადილოსკენ თუ გადავუხვევთ, ტირილს იწყებს, ჯერ დედასთან წავიდეთო. საფლავზე სურათს კოცნის, წამოსვლისას ემშვიდობება, - კარგად იყავიო. ტანსაცმელს რომ ვაცმევ და არ მემორჩილება, მაშინაც ითხოვს დედას, ძალიან მეცოდება.

საკვები უფასო სასადილოდან მიაქვთ. მართალია, იქ დაწესებული ნორმა საკმარისი არ არის, გრამობით აძლევენ, მაგრამ მაინც შეღავათია. მაგალითად, როცა გუფთის დღეა, ერთ სულზე ერთი ცალი გუფთა გაიცემა. მარიამზე პურიც არ არის გათვალისწინებული, არ ეკუთვნისო, ამიტომ დღეში მხოლოდ 1 პურს იღებენ.

- თითქოს გაჭირვება არ გვყოფნიდა, სანამ ჩემი შვილი ცოცხალი იყო, მარიამი დაგვეწვა, ცხელი სუპი გადაესხა და ახლა სხეულზე ლაქები აქვს, ნაწიბურებიც, მაგრამ საჭირო მალამოების თანხა არ გვაქვს... კომუნალური გადასახადის გადახდა რომ არ შემიძლია, ზამთარში ბავშვებს ხომ არ გავყინავ? შეშის ღუმელი მიდგას, ხან ქუჩაში ვპოულობ რაღაცას, ხან გირჩებს ვაგროვებ. მრცხვენია, ჩემს გაჭირვებაზე ბოლომდე ვერ ვლაპარაკობ.

ჯანმრთელობის პრობლემები ქალბატონ ცილასაც აქვს. ექიმთან მისვლა მოახერხა, მაგრამ გამოწერილი წამლების ღირებულებამ 400 ლარს გადააჭარბა და შეძენა ვერ შეძლო.

მათთვის საკვები, ჩასაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, ყველაფერი მნიშვნელოვანია.

P.შ. თუ გაგიჩნდებათ სურვილი დაეხმაროთ ობლებს და მათი სევდიანი ცხოვრება ცოტათი მაინც გაახალისოთ, შეგიძლიათ ოჯახს დაუკავშირდეთ ნომერზე: 5(55) 11.96.10

წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის!

თამუნა კვინიკაძე