ხევსურული დღეები და ზღაპარი, რომლის გახუნებაც შეუძლებელია - გზაპრესი

ხევსურული დღეები და ზღაპარი, რომლის გახუნებაც შეუძლებელია

ვთხოვე, მოცალეობის ჟამს მოეწერა ის, რაც განწყობის შესაბამისად, სამშობლოს გაახსენებდა. ინგაც დამთახმდა და მოკლე ხანში ვრცელი მოგონება ელექტრონულად გამომიგზავნა. მოგონება ხევსურეთს შეეხება და მკითხველს მკვეთრ ფერებში დაანახვებს ამ ეთნოგრაფიულ კუთხეს.

"ერთ დღეს მირეკავს მეგობარი მზია: გაემზადე, ხევსურეთში მივდივართ ერთი კვირით, ხვალ გამოგივლი და მზად იყავი, დანარჩენს გზაში გეტყვიო. ჩავალაგე ჩანთა და დავემშვიდობე ჩემებს. თბილისიდან დუშეთში გამომიარა. საჭირო პროდუქტი უყიდია. მარიამიც უნდა წავიყვანოთ, რადგან მარიამის პაპა-ბებოსთან მივდივართ. იმ გოგოს კი არ ვიცნობ, ის მზიას თანამშრომელია. მერიდება, უცნობ ადამიაანებთან რომ მივდივარ, მაგრამ მზია მაწყნარებს, მოსარიდებელი არაფერიაო.

მარიამი ლამაზი გოგოა, შავგვრემანი, შუაზე გადაყოფილი თმა და ღრმა, მუქი ლურჯი თვალები აქვს. პატარა ძმა მოჰყავს, 5 წლის ლევანი. დუშეთიდან ორ საათზე გამოვედით. როგორც მარიამი ამბობდა, 5-6 საათში უკვე ხევსურეთში უნდა ვყოფილიყავით...

ლევანი ხმამაღლა იცინოდა, ძალიან უხაროდა ხევსურეთში რომ მივდიოდით. ჩვენც გვეღიმებოდა, მარიამი კი უხერხულობდა და ძმის გაჩუმებას ცდილობდა, მაგრამ ეს მცდელობა უფრო მეტად აცინებდა ლევანს... გზა თანდათან უფრო საშიში ხდებოდა. მე არ ვიმჩნევდი შიშსა და დაღლილობას. ამის მერე უკვე "ახლანდელ დროში" მოვყვები ამბებს, რადგან ყველაფერი ცოცხლდება ჩემს წარმოსახვაში.

ბარისახოს მერე გზაც ფუჭდება, მზიას ნელა მიჰყავს მანქანა. უზარმაზარი მთების ძირში გადის ვიწრო გზა, ხეობის მხარეს უფსკრულია და ამიტომ, მხოლოდ წინ ვიხედები. მარიამის პაპა-ბებო გაზაფხულიდან შემოდგომამდე რჩებიან ხევსურეთში. მარიამის პაპას პეტრე ჰქვია, ბებოს - მარიამი. ოთხი შვილი ჰყავთ: ორი ქალი და ორი ვაჟი. ვაჟები საზღვარზე მუშაობენ, ზაფხულში ცოლ-შვილი სოფელში მოჰყავთ და თავისუფალ დროს თავადაც დედ-მამასთან ატარებენ. ახლა სახლში პაპა, ბებო, რძლები და შვილიშვილები არიან.

ბაცალიგოს მივუახლოვდით, ბინდდება. ისეთი აღმართია, მზიას ეჭვი აქვს, რომ ასვლა გაჭირდება. მანქანიდან ჩამოვედით, აღმართი ფეხით ავიარეთ და იქიდან ვაკვირდებით მანქანის ამოსვლას. აქ თუ გაგიჭირდა, არავინ გამოჩნდება მშველელად, რადგან უკაცრიელია იქაურობა. თუმცა, მზიამ ავტომობილი სამშვიდობოს ამოიყვანა!

შორს, ძალიან შორს, მბჟუტავი სინათლე გამოჩნდა. ეს პაპაა, - ამბობს მარიამი და მართლაც, პაპა ფარნით კარგად შორს წამოსულა სახლიდან. ძალიან დაიგვიანეთო, - გვსაყვედურობს. ნელა ვაგრძელებთ გზას. კიდევ ჩანს სინათლე - ეს უკვე ბებოა, ისიც გვეგებება. კიდევ რამდენიმე წუთი და, სახლიც დავინახეთ. მანქანას ეზოში ვაჩერებთ. სახლში შევდივართ, მასპინძლები გავიცანით და რადგან მეტის თავი აღარ გვქონდა, საწოლებს მივაშურეთ.

დილით ოთახი მოვათვალიერე: დიდი ოთახი იყო, ცემენტისკედლებიანი. ოთახში რამდენიმე რკინის საწოლი იდგა. მარიამი უკვე ამდგარიყო და შემოსასვლელში ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ამასობაში პატარა მასპინძლებიც ხმაურით შემოვიდნენ ოთახში. ლევანი ჩამოვიდაო, - გაეგოთ. სამი პატარა ბიჭი იყო, "ქალაქელი" ხევსურები. ხელ-პირი ეზოში, ყინულივით ცივი წყლით დავიბანეთ და აძაგძაგებული შევედით სასაუზმოდ. ზაფხული იყო, მაგრამ სამზარეულოში დიდი ღუმელი ღუღუნებდა, სითბო მესიამოვნა. დღის შუქზე ვაკვირდებოდი მასპინძლებს და უფრო მეტად მომწონდნენ სიტყვაძვირი მოხუცები, ხევსურულ წესებს მორჩილი ახალგაზრდა რძლები. ცოტა რომ ჩამოთბა, გარეთ გამოვედით. ხევსურეთის სილამაზის აღწერა შეუძლებლად მიმაჩნია, ის უბრალოდ, უნდა ნახო! გარშემო მწვანე მინდვრების ზღვაა, შორს მაღალი, თვალუწვდენელი მთებია. ჩვენი სახლი მთის წვერზეა, წინ პატარა ბოსტნით, სახლის უკან გზა გადის. ჩვენი იქ ყოფნის დროს ერთადერთხელ ვნახე ამ გზაზე გავლილი "ვილისი", მანქანის ხმაურს მეტად არ დაურღვევია ხევსურული სიჩუმე. ვფიქრობდი, რომ მანქანა აქ ისევე ზედმეტია, როგორც ყავა, ტორტი ან ქალაქური ყოფის სხვა ელემენტები. აქ დეკის ჩაის სვამ დიდი ჭიქით, ქადას აყოლებ, მსუყეს, გულიანს ან წინა დღით გამომცხვარ მოპიწკინებულ ხაჭაპურს და საუზმედ სხვა რა გინდა? ჰო, კიდევ, თაფლი... განსაკუთრებული გემოს თაფლი აქვთ ხევსურებს. აქ ყვავილებს მანქანების გამონაბოლქვიდან მტვერი და ჭუჭყი არ ეკარება, სუფთაა, კრიალა და ამ თაფლსაც სიამაყით გვაძალებენ მასპინძლები.

სოფელში სულ სამი სახლია, ერთს სახურავი ჩაქცეული აქვს, - მანდ აღარავინ მოდისო. მეორე სახლსაც უპატრონობის კვალი ამჩნევია, - თუმცა ხანდახან მოხედავენ ხოლმეო. ახლა ატაბეში მხოლოდ პეტრე გოგოჭურის ოჯახი ამაგრებს სოფელს და ჩვენ მათი სტუმრები ვართ. მასპინძლებს, რაღა თქმა უნდა, საქონელიც ჰყავთ, ფუტკარიც და ბოსტანში თითქმის ყველაფერი მოჰყავთ, რისი მოყვანაც შეიძლება. დილაობით, ძროხები დაწველილი იყო და უზარმაზარ ქვაბში ბებოს ყველი ამოჰყავდა. ყველის თავებიც უზარმაზარი მეჩვენებოდა.

დავგეგმეთ, რომ მარიამის დეიდას უნდა ვესტუმროთ. დეიდა გაღმა სოფელშია გათხოვილი, მისი სახლი მოპირდაპირე მთის წვერზე დგას. მე ვერ ვხედავ, მაგრამ მასპინძლებს ისეთი მახვილი თვალი აქვთ, მთაზე ბუზისხელად რომ ჩანს, უკვე იციან, ვინ მოდის და რამდენი ხანი დასჭირდება მოსასვლელად. დეიდას ორი შვილი ჰყავს: ჩალხია და თაია. თაია აბიტურიენტია, გამოცდები უკვე ჩააბარა...

მოვემზადეთ გაღმა სოფელში წასასვლელად. ოჯახის რძალი ბელა და მისი პატარა ბიჭებიც მოგვყვებიან. შორი, უსაფრთხო გზით უნდა წავიდეთ, - ასე გვითხრა პეტრე პაპამ. არ გაგიწვიმდეთ, იჩქარეთო. გზა ისეთია, დაღლას ვერ იგრძნობ: ხან ტყეში შევდივართ, ხან მინდვრებს მივუყვებით. პატარა ჯენტლმენები წინ მირბიან, ერთმანეთს ასწრებენ, კრეფენ ყვავილებს და ისევ უკან მორბიან, რომ მოგვართვან.

უკან, შორს ჩვენი მასპინძლის სახლი ჩანდა. ოჯახის მეორე რძალი, ნათია სარეცხს ჰფენდა და ამ სიმწვანეში ჭრელი კაბები პეპლებივით ფრიალებდნენ. დურბინდით ვაკვირდებოდით, ბებოც ეზოში იდგა და გვიყურებდა. ყურადღებით იყო, მთაში ათასი საფრთხეაო.

წვიმამ მოგვისწრო და სიცივით აძაგძაგებულები მივადექით დეიდას. ეს სახლიც ორსართულიანია: პირველი სართული ქვისაა, მეორე - ხის, დიდი აივნით, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. თაიამ ცეცხლი დაანთო, ჩაიდანი შემოდგა, დეიდა ხაჭაპურებს მიუბრუნდა. სახლში თაიას ბებიაცაა. შეგვატყო, "ფეჩიც" ვერ გვათბობდა და ჯიბიდან რკინის კოლოფი ამოიღო, გახსნა, - საუკეთესო ბურნუთიაო, - მოგვაწოდა. ერთი მწიკვი ყველამ შევისუნთქეთ და ვიღას ახსოვდა სიცივე. ბურნუთით მთვრალი ვგრძნობდი, უაზროდ ვიღიმოდი, მაგრამ ყველა ჩემს დღეში იყო და დიდად არ ვდარდობდი.

ეზოში მოხუცი კაცი დადიოდა, ჩალხიას რაღაცას ეუბნებოდა, პატარა ბიჭებსაც გამოელაპარაკა, ჩვენთვის კი არ შემოუხედავს. ვიცოდი, ეს თაიას პაპა იყო. წმინდაობს, ქალებთან ლაპარაკი და შეხედვაც აიკრძალაო, - ბელამ გვითხრა. არც ცოლს სცემს ხმასო. ესეც შენი ხევსურეთი, ზოგჯერ გაუგონარი ტრადიციებით...GzaPress

ჩვენი წასვლის დრო იყო, დაღამებამდე უნდა მივსულიყავით სახლში. ნაწვიმარზე სიარული გაძნელდებოდა. გადაწყდა, რომ მოკლე გზით წავიდოდით და ჩალხია ცხენით გამოგვყვებოდა. ჩალხია ზუსტად ისეთი ბიჭია, როგორიც ტალავარჩაცმული, მხარბეჭიანი ხევსური წარმომედგინა, ძველი ფილმის გმირს ჰგავს. გავყევით, დავმწკრივდით ბილიკზე. ეს მოკლე გზა სულ დაღმართში ჩადის, მერე ორჯერ პატარა ხევი უნდა გავიაროთ, მერე ისევ აღმართს შევუყვეთ და იქ, მთის წვერზე მასპინძლის სახლია! ხევები ცხენით გადავლახეთ. მართალია, პირველად ვიჯექი ცხენზე, მაგრამ არ შემშინებია.

აღმართი კი არა, მთა უნდა ავიაროთ, ტყიანი მთა. ზემოდან ვიღაც მოდის - ეს ამათი ნათესავია, ახალგაზრდა ბიჭი, საშველად გამოუგზავნიათ, მხოლოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გვიშველოს! კიდევ, ძაღლი ჩამორბის დაღმართზე, ვეებერთელა ნაგაზი, ოქროსფერ-ჩალისფერია და ძალიან ჭკვიანი.

ხანდახან ჩემს პროფესიას ვიხსენებ. სახლის შესასვლელში ხის გრძელი მაგიდა დგას, ძელსკამებით. იმ მაგიდასთან სამეცადინო კუთხე გვაქვს, ოთხი მოსწავლე მყავს, ოთხი გონიერი ბიჭი და ვკითხულობთ, ვყვებით, ვხატავთ, გამოფენებსაც ვაწყობთ, უფროსებს რომ სიურპრიზი მოვუწყოთ. მინდორში კარავი გაგვიშალეს. ზოგჯერ, წვიმაში, იმ კარავში ვძვრებით და ზღაპრებს ვყვებით.

საღამოობით ბებო საინტერესო ამბებს იხსენებს. ერთი ამბავი მომეწონა ძალიან: ბალღები პატარები მყავდა და კაცმა (ქმარზე ამბობს) საიდანღაც არწივის მართვე მოიყვანა. ერთხელაც, გაზრდილი არწივი რაღაცას ჭამდა, ბალღმა ჩაუარა გვერდზე და უშნოდ გამოხედა არწივმა. პეტრემ დაინახა და გაუჯავრდა, ფეხი მიარტყა. გაიბუტა დასჯილი, გაფრინდა და სახლის წინ, მორზე ჩამოჯდა. იყო გაუნძრევლად, ერთ წერტილს მიშტერებული. დაუძახებდა პეტრე და თავს შეაბრუნებდა გვერდზე, ძლივს შემოირიგა. თაგვებს უჭერდა ცოცხლად. როცა გაიზარდა და გავუშვით, ყოველდღე მოფრინდებოდა და გვნახულობდა ხოლმე. ერთხელაც, ვიღაც ავკაცს მოუკლავს გაღმა სოფელში, არ სცოდნია, შინაური რომ იყო და კიდევ კარგი, პეტრემაც გვიან გაიგო მკვლელის სახელი, თორემ არ აპატიებდაო... ასეთი ლეგენდური სინამდვილე ხევსურეთში არავის უკვირს, მე კი მიკვირდა... საღამოობით, ფანჯრებზე გაკრული ფარდები მასპინძლებს ბოლომდე უნდა გაეწიათ, - ავი სულები დადიან ღამით და ფანჯრის ჭუჭრუტანაში იყურებიანო. ჩვენ ეს ყველაფერი დავიჯერეთ და შიშით შევცქეროდი ფანჯრებს.GzaPress

რამდენიმე დღე წვიმიანი ამინდი მიება ერთმანეთს. რძლებმა გულიანი ქადები გამოაცხვეს, მარილიანიც და ტკბილიც. მაგიდას შემოვუსხედით და პეტრე პაპას სთხოვეს, დაემწყალობებინა, კარგი ამინდი რომ გამოსულიყო (პეტრე პაპა დასტურია თუ ხევისბერი). დაილოცა. მერე ჩვენც დავლიეთ მსუბუქი ხევსურული არაყი, ძალიან რომ უხდება ის გულიანი ქადები და მერე მზეც გამოვიდა, აიშალნენ ხევიდან ნისლები, გადაეკრა ცას ცისარტყელა, ძალიან, ძალიან მკვეთრი ფერებით და გაბრწყინდა ბალახიც კი!

ერთ დილას ჟრიამულმა გამაღვიძა, ლევანი მოვიდაო. ლევანი მესაზღვრეა, ორი კვირით მიდის საზღვარზე, მერე ისვენებს. მესაზღვრის ფორმა აცვია, მორიდებული და ვაჟკაცურია, საინტერესოდ მოსაუბრე და კიდევ, მიკვირს, ისეთი სინაზით ექცევა დედას... ერთხელ ვიღაცამ იკითხა, - ლევანი სად არისო? რძალმა მიუგო: დედას თავს აბანინებსო. მერე დედას თმაც შესჭრა, დავარცხნა ლამაზად და ერთად გამოვიდნენ. გამიკვირდა, ბიჭები ასე არ იქცევიან დაბლა, ბარში და რომ მეგონა, მთაში უხეში და მკაცრი ადამიანები ცხოვრობდნენ, ამ დამოკიდებულებამ მომხიბლა...

ერთ საღამოს, ღუმელთან შეკრებილები რაღაცას ვიხსენებდით. უცებ ლევანი შემოვიდა და ფარანი აიღო, ცოტა ხნის შემდეგ კი დაგვიძახა, გამოიხედეთო. გავცვივდით გარეთ. სახლის წინ, ბოძზე თეთრი ბუ იჯდა, ლევანი ფარნის შუქით "აბრმავებდა" და ბუ გაოცებული, უფრო ფართოდ თვალგახელილი ჩამოგვცქეროდა. მზიამ აპარატი გამოარბენინა, ბევრი კადრი გადაიღო. ბუ ისევ გაოცებული მოგვჩერებოდა. თეთრი ბუ აქამდე არსად მენახა. ბარტყი იქნებოდაო, - პაპამ...

გამგზავრების დრო მოვიდა, მერე წვიმები იწყებოდა და შეუძლებელი იქნებოდა მანქანით სიარული. მანქანით ქალი ჯერ არ ამოსულა აქო, - წასვლისას ჩაილაპარაკა პეტრე პაპამ. ჰოდა, არც ჩამოსვლა იქნებოდა ადვილი. გულმხურვალედ დავემშვიდობეთ ყველას და ვუთხარით, რომ ხევსურეთზე შეყვარებული ვტოვებდით სოფელ ატაბეს. - მეორე წელსაც თუ ამოხვალთ, დავიჯერებთ, მართლა ასე რომ მოგეწონათო, - გვითხრეს. ვპირდებით, რომ აუცილებლად ვესტუმრებით, თუმცა იქვე ვიცი, რომ მე აღარ ავალ ამ სოფელში, რადგან ის მოგონება, რაც ძალიან ძვირფასია, არ მინდა გაუბრალოვდეს. მინდა, ყველაფერი ზღაპარივით იყოს, მე კი არასოდეს ვკითხულობ საყვარელ წიგნს მეორედ, არც ფილმს ვნახავ ორჯერ...

ახლა, ესპანეთში გამახსენდა ხევსურეთი. მზიას მივწერე, რაღაც მინდა დავწერო-მეთქი. ცოტა ხანში მზიამ მიპასუხა: "ინგა, ბებო იმ პატარა მდინარეში გადავარდა, ჩვენ რომ ცხენით გადმოვედით... გადავარდა და არაგვში იპოვეს დამხრჩვალი, ორმოცი ჯერ არ ყოფილა. გაღმა გასულა თავის გოგოსთან და უკან რომ ბრუნდებოდა, ეტყობა, ფეხი ჩაუცურდა..."

გავშრი. სასიამოვნო მოგონებები უცებ ჩაიძირა ნისლში..."

როლანდ ხოჯანაშვილი