"სალ­სა და შო­კო­ლა­დი" - გზაპრესი

"სალ­სა და შო­კო­ლა­დი"

"აქ ძალიან ბევრია საკუთარ მოტივაციასა და შრომაზე დამოკიდებული. ბოლო პარტნიორთან დაახლოებით წელიწად-ნახევარია ვცეკვავ. ბოლო კონკურსი ჩრდილოეთ გერმანიის ჩემპიონატი იყო, სადაც ვიცე-მაისტერის ტიტული ავიღეთ. ჰამბურგის ტიტულს რაც შეეხება, სამჯერ მაქვს აღებული"... გერმანიაში წარმატებული ქართველი - ქეთევან ნიშნიანიძე ჰამბურგიდან გვესაუბრა...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩემი ზურგი ჩემი ოჯახია და მათ თანადგომას ძალიან ვაფასებ. ათ წლამდე ქართული ცეკვების სტუდიაში დავდიოდი. 12 წლის ლათინურამერიკული სპორტული ცეკვების სტუდიაში შევედი. ჩემი პირველი მწვრთნელები კოტე დონაძე და ია ხატიაშვილი იყვნენ. ისინი ახლაც ასწავლიან ცეკვას, მაგრამ ფლორიდაში. ვარ რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, გერმანიაში ვარ, ჩემს ნაცნობებს ხშირად ვეკონტაქტები საქართველოში, რაც ძალიან მახარებს.GzaPress

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ გერმანიაში წასვლა... როგორ აიწყვეთ კარიერა?

- 8 წელზე მეტია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ. კარგი პერსპექტივა რომ მქონოდა და უცხო ენა კარგად მესწავლა, მშობლებმა გერმანიაში გამგზავნეს. ჩემი უფროსი დები (ორი და მყავს) უკვე აქ ცხოვრობდნენ და მარტო არ ვიყავი. უმაღლესი აქ დავამთავრე. როგორც კი აქ ჩამოვედი, სხვადასხვა ცეკვის სკოლასა და ცეკვის კლუბში დავდიოდი. ძალიან გავოცდი პირველად, რომ აქ ჯგუფური ვარჯიში კვირაში ერთხელ არის, ეგეც საათ-ნახევარი. თბილისში კვირაში სამჯერ ვვარჯიშობდით. დადებითი ის არის, თუ წყვილებს სურვილი და დრო აქვთ, ყოველდღე შეუძლიათ დარბაზში შევიდნენ და დამოუკიდებლად, მწვრთნელის გარეშე ივარჯიშონ, რაც საქართველოში მაშინ შეუძლებელი იყო. აქ ძალიან ბევრია საკუთარ მოტივაციასა და შრომაზე დამოკიდებული. ბოლო პარტნიორთან დაახლოებით წელიწად-ნახევარია ვცეკვავ. ბოლო კონკურსი ჩრდილოეთ გერმანიის ჩემპიონატი იყო, სადაც ვიცე-მაისტერის ტიტული ავიღეთ. ჰამბურგის ტიტულს რაც შეეხება, სამჯერ მაქვს აღებული. მივიღე შემოთავაზება, რომ ცეკვის გაკვეთილები ჩამეტარებინა ჰამბურგის ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ცენტრში. ვასწავლი ცეკვას ლათინურამერიკული სტანდარტისა და სალსას განხრით. ასევე შევქმენი ერთ-ერთი ცეკვის პროექტი, რომელიც უნიკალურია და რომელსაც მე თვითონვე ვხელმძღვანელობ - "სალსა და შოკოლადი" მარტო ქალბატონებისთვის. ჰამბურგში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან წარმატებულია. ამ ყველაფერს სჭირდება დაუღალავი შრომა. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში სამ საღამოს ცეკვის გაკვეთილების ჩატარებას ვუთმობ, ასევე ვვარჯიშობ ჩემს პარტნიორთან ერთად კვირაში ოთხჯერ.

- გერმანიაში რომ ასე წარმატებულია თქვენი შემოქმედება, არ აპირებთ საქართველოში გააცნოთ ის ხალხს?

- წარმატების რა მოგახსენოთ, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ჩემი პროფესიით მარკეტინგის განყოფილებაშიც ვმუშაობ, რაც ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საქართველოშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი მაქვს დაგეგმილი.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და ჩვეულებრივი ცხოვრება გერმანიაში?

- საკმაოდ ადრე იწყება ჩემი დღე და გვიან მთავრდება. დღისით ბიუროში ვარ, საღამოს კი ვცეკვავ. მე თვითონ ვვარჯიშობ ან ცეკვის კურსებს ვატარებ. შიგადაშიგ კონკურსებში ვმონაწილეობ, ან სხვადასხვა შოუში ვცეკვავ. ვცდილობ, შაბათ-კვირას თავისუფალი დრო გამოვნახო, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვახერხებ. იმედია, მომავალში კიდევ დიდხანს ვიცეკვებ.

მანანა გაბრიჭიძე