ფერ­წე­რა ქსო­ვი­ლე­ბით - გზაპრესი

ფერ­წე­რა ქსო­ვი­ლე­ბით

მოქსოვილი ჭაღები და ზარდახშები, ოთხფრთიანი შირმები გამჭვირვალე ულამაზესი ვიტრაჟებით, აპლიკაციურ სუფრებზე ქართველი მეფეების ბორდოსფერი სამოსი, გაწყობილი ოქროსფერი სირმებით, რისთვისაც განსაკუთრებული ძაფები გამოიყენა, კიდევ უამრავი სურათი... მის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. ეს ყველაფერი ქსოვილებისგან შეიქმნა. განათლებით ბიოქიმიკოსმა, ვალიდა ქუთათელაძემ პარალელურად ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი დაამთავრა. როგორ იპოვა თავი ქსოვილებით ფერწერაში და რა წარმატებებს მიაღწია? - ამ კითხვებზე ქალბატონი ვალიდა მპასუხობს და თან სურათებს მათვალიერებინებს.

- გამოფენებზე სიარული დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ერთ-ერთ გამოფენაზე ქსოვილებით შექმნილი ტილოები იყო წარმოდგენილი, რამაც ძალიან დამაინტერესა. ნამუშევრებს გულდასმით ვაკვირდებოდი. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ამის მიღწევა. არავისთვის არაფერი მიკითხავს, უფრო საინტერესოდ მომეჩვენა, ჩემით გამეკვალა გზა. გამოფენაზე ყოველდღე დავდიოდი, სანამ არ დაიხურა. პირველ სურათს, რომელიც შევქმენი, "აპრილი" დავარქვი, არც ისე ცუდი გამოვიდა. ეს იყო მეტალის დიდ სინზე მოთავსებული უამრავი ყვავილი, რაც კი აპრილის თვეში ყვავის. ტილო ჩემს მხატვარ დეიდაშვილს ვაჩვენე, რომელიც საოცარი კრიტიკოსია. უკვე შემდეგში, მისი წაქეზებით გავბედე ნამუშევრების საჯაროდ გატანა.GzaPress

- ჯერ ესკიზს აკეთებთ თუ მუზაა უპირველესი?

- ჩემთვის ფერია მთავარი. საქმე ფერით იწყება და ფერით მთავრდება. რა შეიქმნება, არ ვიცი, მაგრამ დომინანტი ფერი ვიცი. მიუვალ ანუ იმ ადგილებს, სადაც საკერავ მანქანას ვერ ვიყენებ, ხელით ვამუშავებ. ზოგ ნამუშევარს ნაჭრის ჩარჩოს ვუკეთებ, რისთვისაც სხვადასხვა აქსესუარს ვიყენებ, მათ შორის მძივებს. ქსოვილებით სავსე ორი კარადა მაქვს. გამორიცხულია, რასაც ჩავიფიქრებ, იმის შესაფერისი ნაჭერი არ მქონდეს. ქსოვილების შესაძენად ბევრს დავდივარ, ვარჩევ მხოლოდ ხარისხიანს. მაგალითად, ე.წ. დარეზინებული ქსოვილი არ გამომადგება, მუშაობისას იწელება და უგემოვნო ხდება. საერთოდ, ქსოვილები მიყვარს და სწორედ, ამიტომ მიიქცია ჩემი ყურადღება ფერწერის ამ მიმართულებამ. სტილს ქვილთი ჰქვია, ეს სიბრტყეში შესრულებული კომპოზიციებია. ბევრი მუშაობს ამაზე, მაგრამ ჩემი ნამუშევრები იმითაა განსხვავებული, რომ სივრცე და სიცოცხლე იგრძნობა. ქვილთს თავისი წესი და კანონი აქვს, ამას - თავისი.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გატაცებას?

- მეუღლე და ორი ვაჟი კარგი დამთვალიერებლები არიან. მათ სილამაზის აღქმა და სწორი ანალიზი შეუძლიათ. ესეც ნიჭია, მხატვრობას თვალი უნდა მიეჩვიოს, ისევე, როგორც მუსიკაში ყურს უნდა მიჩვევა.

- გამოფენის წინ რა განწყობა გაქვთ?

- ქორწილის დღეს ვადარებ, არ ვამეტებ. როცა პატარძალი ცოლად მიჰყვება საყვარელ ადამიანს, ამ სიხარულს ახლობლებს და მეგობრებს უზიარებს. მეც ასე ვარ, ფარდას ვხსნი და ჩემს ნამუშევრებს დამსწრე საზოგადოებას ვაცნობ. მინდა ჩემი სიხარული და ბედნიერება მათაც გავუზიარო. გამოფენებზე შთაბეჭდილებების წიგნში ბევრი თბილი და სასიამოვნო სიტყვები ჩაუწერიათ. მახსენდება შესანიშნავი მხატვრების: ანტონ ბალანჩივაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, მანანა თავაძის ჩანაწერები. ეს ყველაფერი მუშაობის სტიმულს მაძლევს. თითოეული ტილოს შექმნის ყველა ნიუანსი მახსოვს. სურათების სახელებზე ფიქრისთვის, გამოფენამდე დარჩენილი ერთი თვე მაქვს გამოყოფილი. ესეც ძალიან სასიამოვნო პროცესია. GzaPress

- ბევრი სურათი გაგიყიდიათ?

- ყველა გამოფენა გაყიდვასაც გულისხმობს. რამდენიმე ნამუშევარი ვერ გავიმეტე, შვილებს ვაჩუქე. გერმანიაში კიოლნში ჩავიტანე სურათები და მოხდა ისე, რომ გამოფენის დაწყებამდე ყველა ნახატი ონლაინ გაიყიდა, ამიტომ გამოფენა აღარ გაიმართა. ერთხელ, თბილისში ერთ ცნობილ პიროვნებას ის ნახატი მოეწონა, რომელსაც არ ვყიდდი (შვილისთვის მქონდა). ამ ადამიანმა ზუსტად იმგვარი ტილო შემიკვეთა და მეც, მისთვის ახალი გავაკეთე.

- მხატვრობის რომელი მიმდინარეობა მოგწონთ?

- იმპრესიონიზმი მიყვარს. არ დამავიწყდება შტუტგარტის უდიდეს მუზეუმში ნანახი მსოფლიო შედევრები. როცა გერმანიაში ვიყავი, იქ ყოველ კვირას მივდიოდი. ერთადერთი, რაშიც თანხის გადახდას არ დავინანებ, სურათებია. ჩემს შვილებსაც მხოლოდ ნახატებს ვჩუქნი.

- ალბათ, სურათების გაჩუქებაც ხშირად გიწევთ.

- ერთი უახლოესი მეგობარი მყავს, უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით და იმ დროიდან მოყოლებული 40 წელზე მეტია, ერთად მოვდივართ. მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი ნამუშევარია და მეც დაბადების დღეზე სურათი ბევრჯერ მიჩუქებია. ასე რომ, მასთან ფაქტობრივად ჩემი გამოფენის ნახვა შეიძლება.

- როდის ფიქრობთ გამოფენის მოწყობას?

- ერთი ნახატის დამთავრებას რამდენიმე თვე სჭირდება. ვნახოთ, თუკი კოლექციისთვის საკმარისი ნამუშევრები მოგროვდა...

ნანული ზოტიკიშვილი