"წაიღონ ეს დემოკრატია, ხალხს ასეთ ცხოვრებაზე არ უოცნებია" - გზაპრესი

"წაიღონ ეს დემოკრატია, ხალხს ასეთ ცხოვრებაზე არ უოცნებია"

ქალბატონმა ლალიმ თავისი სამეზობლოს სიტუაციის აღწერით, იმ პრობლემებზე მოგვწერა, რომელიც მას, მის მეზობლებსაც და ქვეყანაში ბევრ სხვა ადამიანსაც აწუხებს. წერილის სტილი დაცულია:

"ჩემს ბავშვობაში დემოკრატია არ იყო, მაგრამ გვქონდა მყარი მეგობრობა, სიყვარული და ერთმანეთისთვის თავგანწირვა. დემოკრატია ნამდვილად ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის _ დედინაცვალი. თანამდებობის პირებისთვის დემოკრატია არის სიხარბე, მომხვეჭელობა, სხვის ცრემლებზე დაგროვილი ფული, სასახლეების ყიდვა, საზღვარგარეთ სეირნობა და მეფურ რესტორნებში დროის ტარება. აი, როგორი ბედნიერება ყოფილა ეს დემოკრატია...

ჩინოვნიკების შვილები ძვირად ღირებულ უნივერსიტეტებში სწავლობენ, ჯიპებით დასეირნობენ, მათ აქვთ ის ყველაფერი, რაზეც ღარიბებს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ.

ბებია ელპიტე იტალიურ ეზოში ცხოვრობს. გათენდება თუ არა, ბებერი კრუხივით გარეთ გამოდის და კრიახს იწყებს, _ წყლის წვეთიც აღარ ჩამოდის ონკანიდან. შენი არგამომშვები შენსავით დაშრეს და გაქრესო, _ მიაწყევლის ხოლმე. ეს რა დროში ვცხოვრობთ? _ უკვირს მოხუცს, რადგან არც წყალი აქვს, შუქისა და გაზის მოხმარებას კი თავად გაურბის, რადგან თვის ბოლოს გადასახადები ყელში გვიჭერს ყველას. ჰოდა, ახლა კიდევ, თურმე აპირებენ, გაზის საფასური გააძვირონ. ჰოდა, ბარემ დაგვხოცონ და იცხოვრონ ყველას მაგივრად... როცა კომუნალური გადასახადების ქვითრები მოდის, ელპიტე გასძახებს ხოლმე თავის მეზობელს _ მარიამს: ქალო, შენს ქვითარზეც ამოდენა ფულია დარიცხული? _ თავი დამანებე, ჯერ ხომ არც გათენებულა ნორმალურად და რას აქოთქოთდი? _ აბა, რა დამაძინებს ამ დემოკრატიაში? ტყავს გვაძრობენ, რომ მერე გამოაშრონ და ჩვენგან ხეირი ნახონ. პატრონი აღარ გვყავს და თქვენ რა ჯანდაბა გაძინებთ?

აი, დემოკრატიის შედეგები, ხალხი შიმშილობს. ბანკებში ჩადეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ, თავი რომ გაეტანათ და არ დახოცილიყვნენ. დრო გადის და ბანკი ოჯახებს ქუჩაში ყრის. არავინ ეცოდებათ: არც ბავშვები, არც მოხუცები, არც დავრდომილები _ ყველას ერთნაირად იმეტებენ ქუჩის ცხოვრებისთვის, მათთვის ხომ ფულია უმთავრესი. ელპიტე მარიამს საყვედურობს: შენ კიდევ გაიძახი, ეს მთავრობა კარგიაო. გამაგებინე ერთი, რა მოგწონს ამათში? ის სიკეთე და სიკარგე, რასაც აკეთებენ, არ გამოულიოს მათ ოჯახებს ღმერთმა... აღელვებული მოხუცი არა და არ ცხრება და ასე ხდება თითქმის ყოველ დილით. გული მაინც რომ არ მოიოხოს ლაპარაკით, ხომ გაუსკდება დარდისგან? სეირის საყურებლად კი ბოლოს, მთელი სამეზობლო იკრიბება; აბა, არ აძინებს მათ ელპიტე და რა ქნან, ხომ არ გაასახლებენ მოხუცს ეზოდან? ჰოდა, ზოგი კვერს უკრავს და თავადაც იოხებს გულს მთავრობის ლანძღვით, ზოგი კი საყვედურობს, ძილი დაგვიფრთხეო.

ელპიტემ უკვე იცის, რომ გარშემო შემოიკრიბა მსმენელები და ქადაგებს: აი, პარლამენტარებია და, სულ მუშტებზე იყურებიან, რომ ვინმეს ცხვირი დაუკომშონ. არც რცხვენიათ, არც ნამუსი აწუხებთ. მათი მუშტი-კრივის შემყურეს, გული აგიცრუვდება ყველაფერზე. აბა, რას უნდა ელოდო ასეთი მთავრობისგან? მოხუცები ვერ დაუპურებიათ, ვერ დაუბინავებიათ და ვისაც თავშესაფარი ჰქონდა, ისინიც ქუჩაში გაყარეს ან გაყრას უპირებენ. გაგვამათხოვრეს. ისე ვართ, წამლის ყიდვის დროსაც ხელი გვიკანკალებს. ჯერ მოიგონეს, _ ურეცეპტოდ არ გაძლევთ წამალსო. ნერვები აგვიშალეს. აბა, ახლა რაც დამჭირდებოდა, ყველაფრისთვის ექიმთან მისვლა როგორ უნდა მომეხერხებინა? მერე კი გაილაღეს აფთიაქებმა და რა აღარ მოიგონეს, თავიანთი პროდუქცია რომ გაესაღებინათ. ახლა მთავარია, აფთიაქამდე მიხვიდე და ყველაფერს იყიდი. გეტყვიან, ჩვენი ექიმი გამოგიწერთო. მერე რაღაც ფურცელს ამოგიბეჭდავენ იმის დასტურად, რომ ექიმი თანახმაა მოგცეს წამალი, მაგრამ არავის რომ არ გაუსინჯიხარ? ყველაფერი სანახაობადაა ქცეული ამ ქვეყანაში...

ახლა ქვეყანაში ძაღლები უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ბანკებისგან გაძარცული ადამიანები. ალბათ, სწორედ ისაა დემოკრატია, რომ ზოგი სასახლეში იყოს და ზოგი ნაგავში იქექებოდეს, მეტროში ბავშვები დარბოდნენ სამათხოვროდ. ჰოდა, თუ ასეა, წაიღონ ბატონო თავიანთი დემოკრატია, ხალხს ასეთ ცხოვრებაზე არ უოცნებია. ჰო, ვითომ კარგსაც აკეთებენ და გახსნეს უფასო სასადილოები, სადაც ხალხს ერთხელ აჭმევენ, რომ შიმშილისგან სული არ გასძვრეთ. თორემ ისევ თავად დაზარალდებიან: ქვეყანაში ადამიანები თუ ამოწყდებიან, მთავრობა ვისთვის იარსებებს?

ივანიშვილი ცუდად არისო. მერე? ვერ იყიდის წამლებს თუ? აიშენა მთაზე საბუდარი და შეფარულად, იქიდან იძლევა ბრძანებებს. ბრძანება კი გზაში იფანტება თითქოს და დემოკრატიამდე ვერ აღწევს. სოფელს რომ ძროხა და ქათამი უნდა, ეს განა არ იცის, მაგრამ გლეხებმა ლამის სულიერი აღარაფერი დაიყენონ ოჯახში, სოციალური დახმარების მოხსნის შიშით.

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია