ცნობილების შვილების საზაფხულო არდადეგები - გზაპრესი

ცნობილების შვილების საზაფხულო არდადეგები

ამჯერად, იმის გარკვევა გადავწყვიტე, თუ როგორ გეგმავენ შვილებისთვის საზაფხულო არდადეგებს ცნობილები: სად ამჯობინებენ დასვენებას? ძვირი უჯდებათ თუ არა? ბავშვთან ერთად, დასვენებას თავადაც ახერხებენ თუ ვერა?..

"ბავშვისთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა"

სოფო გორელაშვილი:

- ამჟამად, წავკისში ვისვენებთ. სავარაუდოდ, შემდეგ საბა კახეთში, ტბაზე წავა - მამასთან ერთად, იქ დაისვენებს, მერე კი ალბათ, ზღვაზე წავალთ.

- შვილთან ერთად კარგად ისვენებ?

- კი, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მით უმეტეს - თუ "ერთი ერთზე" ვართ დასასვენებლად წასულები. დროს მეგობრულად ვატარებთ, ვერთობით... "ერთი ჭკუის" ვართ და ერთად დასვენება გვიადვილდება. შარშან დაახლოებით 10 დღე შეკვეთილში ვიყავით, მეგობრებისა და ახლობლების გარეშე. ძალიან კარგად გავერთეთ. ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობთ თავს, როცა მარტო, ჩვენ ორნი ვისვენებთ.

- თუ აქვს მოთხოვნილება, რომ აუცილებლად, დედასთან ერთად დაისვენოს?

- არა, დასასვენებლად მარტო რომ გაუშვა, წავა (იცინის).

- დასასვენებელ ადგილებს როგორ არჩევ - რაც მას მოსწონს თუ?..

- ვიცით, რომ ზღვა ორივეს ძალიან გვიყვარს და ის საზაფხულო არდადეგების აუცილებელი კომპონენტია. ისე, დასასვენებლად ჯერ მთას ვირჩევ, მერე - ზღვას, რადგან მთის ჰაერი აუცილებელია. წელს მთაში დასვენება როგორ გამოგვივა, არ ვიცი, რადგან დაკავებული ვარ. ამიტომ ჯერჯერობით, წავკისში ვართ.

- ბავშვისთვის 1-თვიანი საზაფხულო დასვენება დაახლოებით რა თანხა ჯდება?

- შეიძლება, ადამიანმა მინიმალურ თანხად დაისვენო, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად კომფორტულად ვიყოთ, რადგან მაინც ბავშვია და ბევრი რაღაც სჭირდება. როცა დასასვენებლად მეგობრები მივდივართ, საცხოვრებელ პირობებს შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ბავშვისთვის კი ყველაფერი საუკეთესო გვინდა... რა თანხა ჯდება, არ დამითვლია, მაგრამ ვიცი, რომ იაფი არ არის - ჩემი საფულით ვგრძნობ, რომ საზაფხულო არდადეგები მცირე თანხას არ უკავშირდება (იცინის).

"შვილის ნახვამდე დღეებს ვითვლი"

გიგი გაჩეჩილაძე:

- ჩემი პატარა რაჭაშია - ზაფხულში იქ დაისვენებს ვაჟბატონი. სამწუხაროდ, ძალიან დიდხანს ვერ ვნახავ - ტურნირები გვაქვს, დაკავებული ვარ... შვილის ნახვამდე დღეებს ვითვლი. უკვე 5 დღეა, არ მინახავს, კიდევ 20 დღე დარჩა... შემდეგ მეც ოჯახს შევუერთდები და დაახლოებით 20 დღეს ერთად დავისვენებთ.

- შვილის პირველი არდადეგები როგორ დაგეგმე?

- რაჭა ძალიან მიყვარს. ჩემი მეუღლე წარმოშობით იქიდანაა. რაჭაში პირველად 2 წლის წინ ვიყავი და მას მერე იქაურობაზე ვგიჟდები, ისე შემიყვარდა! ამიტომ მინდოდა, დასასვენებლად აუცილებლად იქ წასულიყვნენ...

"ჩემი შვილი ბებიებთან ერთად "იზაგრება"

მიშა ცინცაძე:

- ბავშვი დასასვენებლად უკვე გავუშვი - 10 დღით ბათუმში, დედაჩემთან იქნება. სიდედრიც გავაყოლე. მოკლედ, ჩემი შვილი ბებიებთან ერთად "იზაგრება".

- ანუ შენი პატარა მშობლების გარეშე ისვენებს?

- მე ვმუშაობ. შვებულება აგვისტოში მეწყება და შესაბამისად, დასასვენებლად ჯერ ვერ მივდივარ. ისეთი ცხელი ამინდებია, რომ ბავშვი შემეცოდა და თბილისს სასწრაფოდ გავარიდე. ახლა უკვე ჩემი მეუღლეც მასთანაა. ჩვენი შვილისთვის ეს უკვე მეორე არდადეგებია.

- საერთოდ, ბავშვთან ერთად დასვენება შენთვის კომფორტულია?

- როცა ბავშვთან ერთად ვარ, ყველაზე მაგრად სწორედ მაშინ ვისვენებ: ბულვარში დავდივართ, სურათებს ვიღებთ... დელფინარიუმშიც წავიყვანე. სხვათა შორის, იქაურობა ძალიან მოეწონა: ჯერ 2 წლის არის, მაგრამ დელფინებისთვის თვალი არ მოუწყვეტია.

- მიშკა, ზაფხულში 1-თვიანი დასვენება ბავშვისთვის დაახლოებით რა თანხა ჯდება?

- 1 თეთრიც არ მიჯდება, რადგან ბათუმელი ვარ. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ. არც ბინის დაქირავება მჭირდება და არც - საჭმლის ფული. სხვაგან დასასვენებლად შვილი ჯერ არ წამიყვანია. მაგალითად, რომელიმე უცხოურ კურორტზე რომ წავიდეთ, ვერც მშობლები გავერთობით - დროს სულ ბავშვის მოვლაში გავატარებთ და ბავშვიც ჯერ ვერ მიხვდება, სად ისვენებს. როგორც კი ცოტათი წამოიზრდება, აუცილებლად ვაპირებ, რომ რაც შეიძლება, მეტი ქვეყანა ვაჩვენო და ერთად დავისვენოთ.

"ცოტა ხანს უჩემოდ გაძლებს"

სოფო ბედია:

- სამუშაო რეჟიმის გამო, თვის ბოლომდე თბილისში ვიქნები, მაგრამ ალბათ, შვილს სამეგრელოში გავუშვებ, სადაც დედაჩემთან, ბებიაჩემთან და სავარაუდოდ, ჩემს ძმასთან ერთად იქნება. აგვისტოდან მინდა, ზღვაზეც წავიყვანო. ასევე, ბორჯომსაც ვესტუმრებით. ბორჯომში ყოველ წელიწადს ჩავდივართ.

- შვილთან ერთად კარგად ისვენებთ?

- ძალიან კარგად! კომფორტული ბავშვია - კონტაქტური, გულთბილი... კარგი შვილია. ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც "დიდი ბიჭი". შესაბამისად, არ მარცხვენს, პირიქით - მისით ვამაყობ და შვილის წაყვანა არსად მერიდება.

- დედის გარეშე დასვენება დისკომფორტს უქმნის?

- რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჩემთან ერთად ყოფნა სიამოვნებს, მაგრამ დედაჩემი და ბებიაჩემი მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან, ძალიან ანებივრებენ. ცხადია, მეც ვანებივრებ, მაგრამ ზოგჯერ სიმკაცრესაც ვიჩენ - ყოველთვის ვცდილობ, გავაკონტროლო და ურთიერთობაში ბალანსი არ დავკარგო... შესაბამისად, ბებიებთან ყოფნა ძალიან სიამოვნებს და ცოტა ხანს უჩემოდ გაძლებს, მერე კი მათ მეც შევუერთდები.

- ბავშვისთვის 1-თვიანი დასვენება დაახლოებით რა თანხა გიჯდებათ?

- არასოდეს დამითვლია. საერთოდ, ძალიან მხარჯველი ვარ. როცა ბავშვს ეხება საქმე, ვცდილობ, მაქსიმალურად ისიამოვნოს. მოგეხსენებათ, ბავშვის მოთხოვნები იაფი არ ჯდება. მაგალითად, როცა კურორტზე ბევრი ატრაქციონია და 10 დღით ვისვენებთ, ალბათ, მხოლოდ მის გასართობად 500 ლარი მჭირდება, საერთო ჯამში კი - ბევრად მეტი... ყველა პატარას და საერთოდ, ყველა ადამიანს ზაფხულის ლამაზ დღეებს ვუსურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი