სტუდენტის თვალით დანახული უნივერსიტეტი - ნინო ზარანდია: "თავისუფლება განაპირობებს ჩვენი განათლების ხარისხსაც" - გზაპრესი

სტუდენტის თვალით დანახული უნივერსიტეტი - ნინო ზარანდია: "თავისუფლება განაპირობებს ჩვენი განათლების ხარისხსაც"

ნინო ზარანდია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ნინო ბაკალავრიატის მესამე კურსზეა, სწავლობს პოლიტიკის მიმართულებით. როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და უნივერსიტეტის საკითხებში გარკვეული სტუდენტი, ზოგადად, განათლებასა და უნივერსიტეტის დადებით მხარეებსა თუ პრობლემებზე გვესაუბრა.

- ვიდრე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, დავფიქრდი, რომ თსუ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მომცემდა საკმაოდ მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას. ჩემი აზრით, დღევანდელ პირობებში, საქართველოში მხოლოდ ამ უნივერსიტეტში შეიძლება ინდოქტრინიზაციისგან და ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი განათლების მიღება. სტუდენტებს ყველაზე მეტად აქ აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია გარე ფაქტორების გავლენისგან. თვალი რომ გადავავლოთ უნივერსიტეტის ისტორიას, სწორედ თსუ-ის სტუდენტები გამოირჩეოდნენ სისტემისადმი პროტესტით. ისინი არასდროს დუმდნენ, როცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური გარდაქმნები ხორციელდებოდა. სამოქალაქო აქტივიზმისკენ მიმართული იმპულსი, ჩემი აზრით, თსუ-დან მოდის. შესაძლოა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან და სამთავრობო კონტროლისგან, მაგრამ მე ვსაუბრობ კონკრეტულად სტუდენტებსა და მათ ერთობაზე. თსუ-ს აქვს განსაკუთრებული სტატუსი, მაგრამ აკადემიური წრის წარმომადგენლები ნამდვილად გვაძლევენ თავისუფლებას. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ნებისმიერი სოციალური და პოლიტიკური გარდაქმნის აქტიური მონაწილე ყოველთვის არის თსუ.

- თსუ-ში განათლებასთან დაკავშირებით რას იტყვი, კმაყოფილი ხარ?

- ვერ დავდებ თავს, რომ თსუ, ყველა მხრივ პირველი უნივერსიტეტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური, პოლიტიკური, იურიდიული და ჰუმანიტარული მეცნიერებები საკმაოდ განვითარებულია და სხვა უნივერსიტეტების იმავე ფაკულტეტებს პოზიციებს არ უთმობენ. არავინ გვაიძულებს ვიფიქროთ ისე, როგორც ვინმეს აწყობს, არ ვართ ინდოქტრინიზებულები. ეს თავისუფლება განაპირობებს ჩვენი განათლების ხარისხსაც.

- მოგწონს უნივერსიტეტში განათლების სისტემა, სილაბუსები, მასალები და ა.შ.?

- ეს პრობლემა ყველაზე მეტად საჭიროებს ყურადღებას. არსებობს რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებაც დაიწყო და დღემდე ვერ დასრულდა. ყოველ წელს საუბრობენ, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, მაგრამ სტუდენტები ამ კუთხით პროგრესს ვერ ვხედავთ. სილაბუსებს რაც შეეხება, ალბათ, ნებისმიერი თანაუნივერსიტეტელი დამეთანხმება, რომ სახეზეა საკმაოდ მოუწესრიგებელი სისტემა. მაგრამ განათლების სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, მივდივართ არა ჩვენი უნივერსიტეტის შიდა განაწესსა და რეგულაციასთან, არამედ სახელმწიფო კანონმდებლობასთან. თსუ-ს არ გააჩნია პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, რაც მისთვის უდიდესი პრობლემაა. ერთ საგანზე 80 კაცი ვსხედვართ, რაც პროფესიონალ ლექტორსაც კი არ აძლევს საშუალებას, ყურადღება სტუდენტებს თანაბრად მიაქციოს და ამის გამო განათლების ხარისხი იკლებს.

- შენი აზრით, ლიტერატურა, რასაც გასწავლიან, მოდერნიზებულია თუ სჭირდება შეცვლა?

- რიგ ლექტორებს აქვთ სწავლების ძალიან პროგრესული მიდგომა, არიან ისეთებიც, რომლებიც 10 წლის წინანდელი მასალებით გვასწავლიან პარტიულ პოლიტიკას, რაც 2017 წლისთვის არარელევანტურია. მასალები, რომლებიც მუდმივად საჭიროებს განახლებას, რატომღაც, ძალიან ძველია (იცინის), ანუ აქ ხარისხზე ლაპარაკი არ არის. თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე ლექტორს ეხება. არ ვიცი, პრობლემა რითია გამოწვეული, ისევ ბიუჯეტის პრობლემით თუ ლექტორების რეტროგრადულობის გამო, რომელთაც არ სურთ, უფრო საინტერესო გახადონ სწავლება. ჩემი აზრით, ეს რომ შეიცვალოს, გაერთიანებული ძალისხმევაა საჭირო. ვთქვათ, პროგრესულ ლექტორს სურს მასალის შეცვლა და სილაბუსის დახვეწა, ამისთვის რიგი სახელმძღვანელოების თარგმნა სჭირდება, რაც უდიდეს ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ვერ ვიტყვით, რომ სწავლება ინგლისურ ენაზე უნდა იყოს, არ არსებობს სტუდენტებისთვის ამის ვალდებულება, ხოლო თუ ეს მოითხოვება, მაშინ ინგლისური ენის სწავლების დონეც შესაბამისი უნდა იყოს, რაც კიდევ სხვა ფინანსურ პრობლემებთანაა კავშირში, ამის მოგვარება კი, სახელმწიფოს გარდა, არავის შეუძლია. პრობლემა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა დაიძლიოს და არ შეიძლება, პასუხისმგებლობა ცალკე მხოლოდ ლექტორს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ან სახელმწიფოს დავაკისროთ.

- რა არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რასაც თსუ იძლევა, გარდა სამოქალაქო აქტივიზმისა?

- თსუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან საკმაოდ მრავალმხრივ საერთაშორისო თანამშრომლობაშია. სტუდენტებს შეგვიძლია, მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, გავხდეთ საერთაშორისო საზოგადოების წევრები და მიღებული გამოცდილება თანაუნივერსიტეტელებს გავუზიაროთ. თსუ-ის ყოველ სტუდენტს შეუძლია, ამ კუთხით წარმატებას მიაღწიოს. თუმცა მგონია, რომ უნივერსიტეტში პრობლემაა ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. ინფორმაციული ინფრასტრუქტურა საკმარისად გამართული არ არის და ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ ვიგებთ სიახლეს გაცვლით პროგრამაზე. ონლაინსივრცე, რომელიც დროულად და რეგულარულად შემოგვთავაზებდა ინფორმაციას, ყოველგვარი ჩახლართული ეტაპების გარეშე, არ არსებობს. მარტივი მაგალითია თსუ-ის საიტის ინტერფეისი, სადაც თვითონ სტუდენტები ვერ იკვლევენ გზას. ასეთი ერთი შეხედვით პრიმიტიული, მცირე პრობლემები ბევრია.

- მაგრამ ხომ არის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გვერდი სოციალურ ქსელში, რომელიც გაცვლით პროგრამებზე ინფორმაციას რეგულარულად იძლევა?

- ეს გვერდი კარგად მუშაობს, თუმცა თვითონ ის გარემოება, რომ "ფეისბუკია" მთავარი ინფორმატორი თსუ-სა და სტუდენტს შორის, შეკითხვებს ბადებს. სოციალური ქსელის მოხმარება სტუდენტისთვის სავალდებულო ხომ არ უნდა იყოს? იქნებ არ მინდა, ამ სივრცით ვისარგებლო და რატომ უნდა ვიყო მასზე დამოკიდებული. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ჩემი გვერდის გაუქმება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან ამ შემთხვევაში, ჩემს სასწავლო კურსებთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვეღარ მივიღებდი. საიტს რაც შეეხება, კონკრეტულად საგნებთან დაკავშირებული ინფორმაცია იქ არ იდება. გაცვლით პროგრამებზე სიახლეები კი მიჩქმალულია, მათ მხოლოდ "ბნელ კუთხეებში" თუ მოიძიებ.

- არსებობს საიტი, რომელზეც სტუდენტებს აქვთ საკუთარი პროფილი და სადაც სასწავლო კურსებს ირჩევენ...

- ეს საიტი საყოველთაო ხუმრობის საგანია. საგნების არჩევა უკანასკნელ წლებში ძალიან პრობლემატური იყო, პირველ მცდელობაზე სასურველ საგანზე მოხვედრა თითქმის შეუძლებელიც გახლდათ. თუ საგანს ვერ აირჩევდი, აუცილებელი იყო მიმართულების ტუტორებთან მისვლა და ხვეწნა, რომ კურსი ჩაესვათ. რომელ გამართულ ონლაინსტრუქტურაზეა ლაპარაკი ამის შემდეგ? მაგრამ ბოლო პერიოდში ეს გაუმჯობესდა და იმხელა სირთულეს აღარ წარმოადგენს. ისევ ბიუჯეტის პრობლემას ვუბრუნდებით - საკმარისი საგნები და სტუდენტების რაოდენობა რომ იყოს, თსუ-ის საიტი არ იქნებოდა ხუმრობის საგანი, რომ სწავლა დასწრებაზეა.

- საიტზე ყოველი სემესტრის ბოლოს აფასებთ ლექტორებსა და საგნებს. როგორ შეაფასებდი ამ სისტემას, რას ემსახურება ის?

- კითხვარი, რომელიც შემოთავაზებულია, არ მომწონს. ასევე, შეფასებების დროს სტუდენტები, ხშირ შემთხვევაში, ტენდენციურები არიან. ვთქვათ, ვიღაც ლექტორზეა ნაწყენი იმის გამო, რომ მინიმალური ქულა ვერ გადალახა. ეს სტუდენტის ბრალია, მაგრამ შესაძლოა, მან წყენის გამო უკიდურესად უარყოფითი შეფასება დააფიქსიროს ლექტორის მიმართ. მგონია, მსგავს შემთხვევაში ბევრი გადაცდომაა ლექტორის რეალურ საქმიანობასა და სტუდენტის მიერ გაკეთებულ შეფასებას შორის. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც ის გამიგონია, რომ აღნიშნული ტრადიციული გამოკითხვის შედეგებმა რაიმე გავლენა იქონია რომელიმე ლექტორის სილაბუსისა და სწავლების მეთოდების შეცვლაზე.

- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაცვლითი პროგრამა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული "ერასმუსის" პროგრამაა. რა კრიტერიუმებით ირჩევენ სტუდენტებს, რომლებიც განათლების მისაღებად გარკვეული პერიოდით ევროპაში მიემგზავრებიან?

- არჩევის კრიტერიუმები ჩემთვის ბუნდოვანია, რეალურად ისინი ძალიან განსხვავდება უნივერსიტეტების მიხედვით. რასაკვირველია, მაღალი რეიტინგის (GPA) და უცხოური ენის ცოდნის პირობა არსებობს, თუმცა, ნათელი კრიტერიუმები ამ პროგრამას არ გააჩნია.

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც არ აურჩევიათ ძალიან წარმატებული სტუდენტი და შემდეგ აუხსნიათ, თუ რა გახდა ამის მიზეზი?

- ასეთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ მიზეზს არასდროს არავინ გიხსნის. სტუდენტი იღებს მხოლოდ ფორმალურ ტექსტს, რომ ძალიან მოეწონათ მისი აპლიკაცია, მაგრამ სამწუხაროდ, ის პროგრამისთვის ვერ აირჩიეს.

- შენს გეგმებზე გვესაუბრე, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ აპირებ თუ არა სამოქალაქო ან პოლიტიკურ აქტივობას?

- თსუ-ს დამთავრების შემდეგ, ისევ ამ უნივერსიტეტში ვგეგმავ მაგისტრატურაზე ჩაბარებას. თუმცა, იმედი მაქვს, სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოვახერხებ. ფრანგულ ენას ვეუფლები და მინდა, სწავლა საფრანგეთში გავაგრძელო. რა იქნება კარიერაში, ეს არავინ იცის, მაგრამ დღესდღეობით არა მგონია, რომ პოლიტიკური საქმიანობით დავკავდე. ალბათ, სამეცნიერო საქმიანობას მოვკიდებ ხელს.

- მომავალ წელს სწავლას ამთავრებ. საბოლოო ჯამში, გაამართლა თუ არა თსუ-მა შენი მოლოდინი?

- დიახ, გაამართლა, რადგან თავიდანვე საკმაოდ რეალური მოლოდინები მქონდა ამ უნივერსიტეტის მიმართ. ის ღია სივრცეა და ინფორმაციის გაცვლა დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ თავისუფალია, ამიტომ სტერეოტიპებისგან მეტ-ნაკლებად დაცლილი მოლოდინები მქონდა. ამ ეტაპზე დიდი იმედი მაქვს, რომ სწავლების მომდევნო საფეხურზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება საზღვარგარეთ ძალიან წამადგება.

ეკა აბაშიძე