მენიუ ქართველებისთვის, უცხოელებისთვის და მთვრალი უცხოელებისთვის - გზაპრესი

მენიუ ქართველებისთვის, უცხოელებისთვის და მთვრალი უცხოელებისთვის

რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ბარებიდან სამართალდამცველებმა 91 სექსმუშაკი აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარდა რეიდები რუსთაველზე და ისინი პოლიციაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს. 91 დაკავებული სექსმუშაკიდან 71 ქართველია და 20 უცხოელი. ასევე აიყვანეს 56 მამაკაცი, მათ შორის 15 ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე. სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

საზოგადოებას კარგად ახსოვს პრემიერ-მინისტრის განცხადება. მან "რესპუბლიკის მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებში არსებულ პროსტიტუციაზე ისაუბრა. ყველა ელოდა, რომ ამ განცხადების შემდეგ სამართალდამცავები ოპერატიულად გამოავლენდნენ მსგავს ფაქტებს და ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს, მაგრამ ეს მაშინ არ მომხდარა. საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, მაგრამ ეს ბიზნესი კარგად ორგანიზებულია. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა საქართველო და პირდაპირ აღინიშნა, რომ "ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო არის გოგონებისა და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და საბოლოო დანიშნულების ქვეყანა. ქალები და გოგონები საქართველოდან სექსტრეფიკინგს ექვემდებარებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - თურქეთში. ქალები ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან იძულებით პროსტიტუციას ექვემდებარებიან აჭარის რეგიონის სატურისტო ადგილებში".

აჭარაში ამ პრობლემის არსებობაზე საუბრობენ სახალხო დამცველი და არასამთავრობოებიც. მართალია, პროსტიტუციისთვის ფართობის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი შარშან დააკავეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. პრობლემა განსაკუთრებით თვალში საცემია ზაფხულში, როცა იქ დამსვენებლების სიმრავლეა. იმასაც ამბობენ, სპეციალურ ბუკლეტებსაც კი არიგებენ სტამბოლში, იზმირსა და სხვა ქალაქებში და იქ მითითებულია კონკრეტული მისამართები, სადაც არასრულწლოვანი სექსმუშაკები ჰყავთ. ასევე მითითებულია, რომ ამ დაწესებულებებში ნებისმიერი სახის სექსუალურ მომსახურებას მიიღებენ. აჭარაშიც და თბილისშიც ამბობენ, რომ ძირითადად მუსლიმი მამაკაცები სტუმრობენ მსგავს დაწესებულებებს.

GzaPress

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის აჭარის კომიტეტის რეგიონის წარმომადგენელი თიკო აბაშიძე ამბობს, რომ ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, რეგიონში იზრდება იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომლებიც სახლებიდან გამორბიან. აქ ისინი ხვდებიან იმ პირების ხელში, რომლებიც ამ მოზარდებს ე.წ. სექსმუშაკებად ამუშავებენ, რაშიც სოლიდურ თანხას იღებენ. მათი კლიენტები ძირითადად თურქეთის მოქალაქეები არიან. საღამოს საათებში რომ გაიაროთ, დარწმუნდებით, რომ რამდენიმე სასტუმრო და კაფე-ბარია, რომლებშიც არალეგალური ბორდელებია მოწყობილი...

გიორგი ბურჯანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარე:

- ხშირად კითხულობენ, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლას შედეგი მოჰყვება თუ არაო? ამ პრობლემას არც საქართველოში და არც მსოფლიოს ქვეყნებში არაფერი ეშველება. ეს ისეთი სფეროა, რომელსაც სამწუხაროდ, სახელისუფლებო რგოლში მყოფი გარკვეული პირები უდგანან სათავეში და ერთგვარ ორგანიზებასაც უწევენ, რადგან ამ ბიზნესიდან მილიონები შემოდის. ბოლო დღეებში ჩატარებულ რეიდებს რაც შეეხება, 2 ახსნა აქვს. ერთი ის, რომ მართლაც კონკრეტულად დაიწყო შსს-მ მსგავსი გარყვნილების ბუდეების ლოკალიზება, თუმცა ამის 20 პროცენტსაც არ სჯერა ან მეორე: ამით ხომ არ მიუთითებენ აღნიშნული დაწესებულებების მესვეურებს, ფული, რომელიც გარკვეულ ჩინოვნიკებთან გაქვთ გასაგზავნი, დროულად გაგზავნეთო. მგონია, რომ სწორედ ამას ემსახურება. ახლა სეზონია და შეახსენეს, ფული დროზე მოიტანეთო. გვაქვს ინფორმაცია, რომ აქედან შემოსული თანხები საკმაოდ სოლიდურია, მილიონებზეა ლაპარაკი და ეს ჩინოვნიკების ჯიბეში ილექება. რატომღაც, სეზონურად ახსენდება შსს-ს ეს ადგილები. თქვენ რა გგონიათ, რადგან იქ დაიჭირეს ვიღაც, ის ხვალ და ზეგ აღარ იმუშავებს? ისევ იქ მივა. აღნიშნული სახის ღონისძიებებით არაფერი სწორდება, სასწრაფოდ კანონში ცვლილებებია შესატანი.

- აღნიშნეთ, ჩართულები არიან ჩინოვნიკებიო. კონკრეტული გვარები თუ შეგიძლიათ დაასახელოთ?

- ამ ბიზნესში არის ის ხალხი, რომლებსაც თავიანთი ლობი ჰყავთ მთავრობაში და იქ მიდის თანხების გადანაწილება. აღნიშნული ღამის კლუბები წარმოადგენს კორუფციის, გარყვნილების წყაროს. არავის ეგონოს, რომ ღამის კლუბში მხოლოდ პროსტიტუციის პრობლემა მძვინვარებს, უამრავი სქემა მუშაობს, ტურისტებს საშინელ დღეში აგდებენ, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში აღარავინ ჩამოვა.

- რას გულისხმობთ?

- უამრავი დაზარალებული ტურისტი მოგვმართავს. შედის ტურისტი ღამის კლუბში და მას ერთ ჭიქა სასმელში ათასობით ლარს ახდევინებენ. შეიტანე 8-ლარიანი შამპანური და გაყიდე ათას ლარად, ამას არავინ აკონტროლებს. იღებს ერთ ჭიქა ვისკის, რომლის ღირებულება მაქსიმუმ 200 ევრომდეა ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მდებარე მსგავს ბარში და აქ მას ამაში სთხოვენ 1.000-2.000 ლარამდე. ამაზე გიჟდება ტურისტი, რატომ მეუბნებით ამხელა ფასსო?! ითხოვს კორექტირებას, ამ დროს 2 იქაური თანამშრომელი დაადგება თავზე და ეუბნება, - ჩვენთან ეს სასმელი ამდენი ღირს და გინდა თუ არა, გადაიხადეო. ერთი კვირის წინ იყო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთ ინდუსს შამპანურში 50.000 ლარი მოსთხოვეს. ეს ყოვლად არაადეკვატური ფასია, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად, მსგავს დაწესებულებაში თუ მენიუს არ გაეცნობი და წარმოდგენილი ფასი ქვითართან ერთად გადმოგეცემა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კანონიერადაა და შემოსავალი რეგისტრირდება შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული ჭიქა, ჩვეულებრივ იბეგრება. ხშირად ამას აპროტესტებს, ფულს არ იხდის ტურისტი, მერე ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვება ბარის თანამშრომლებსა და მათ შორის. რაც აქვს ჯიბეში, ყველაფერს დაატოვებინებენ და ცემა-ტყეპით გამოაგდებენ იქიდან ან აიძულებენ, მოიტანოს ის თანხა, რასაც სთხოვენ. თუ ამ პრობლემას არ მივხედეთ, ტურიზმი ვერ განვითარდება. კიდევ ვამბობ, ვინც ხელს ითბობს ამით, ისინი მოკალათებული არიან უწყებებში. ჩვენთან მოდიან ტურისტები ამ საჩივრებით და როცა ვცადეთ სამართლებრივად ამის გარკვევა, პოლიციელმა გვითხრა, ჩვენ რა ვქნათ, რომ შედიოდა, სად შედიოდა? უნდა გაერკვია და ელემენტარულად, მენიუ მაინც ეკითხაო. ასე არ გვარდება პრობლემა. ჩვენ წარვუდგინეთ პოლიციელს სამი მენიუ, რომელიც კონკრეტულად ერთ-ერთი ღამის კლუბისაა - ერთი მენიუ საქართველოს მოქალაქეებისთვის, მეორე ტურისტებისთვის, ხოლო მესამე - მთვრალი ტურისტისთვის არის შედგენილი. ქართველისთვის ჭიქა ვისკი ღირს 25-დან 50 ლარამდე და უცხოელებისთვის 1.000 და 2.000 ლარი. ამის მოგვარება ხომ შეიძლება, რომ იქ ერთი მენიუ იყოს?

GzaPress

- კანონით, არაადეკვატური თანხის გადახდა ხომ ისჯება? ბოლო დროს მსგავსი ფაქტები გამოვლინდა და დააკავეს ბარის თანამშრომლები. იქნებ პრობლემა ისაა, რომ მსგავსი ფაქტებით არ მიმართავენ სამართალდამცავებს?

- კანონმდებლობაში უფრო დაკონკრეტებული და მკაფიოდ გაწერილი უნდა იყოს ყველაფერი, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. ბათუმში ღამის კლუბის ხელმძღვანელობა დააკავეს, რადგან ადამიანს არადეკვატური თანხა გადაახდევინეს. აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ შს სამინისტროს, 4 ღამის კლუბი გადავეცით და რეაგირება მოჰყვა. მადლობა ამისთვის, მაგრამ პრობლემა მასშტაბურია, რომელსაც მიხედვა სჭირდება. მთავარია, პირველ რიგში იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც ამ ყველაფერს სათავეში უდგას. კარგად შენიღბულები არიან. ვფიქრობ, გამოავლენენ ასეთ ფაქტებს. პრობლემა ყოველთვის იქნება. მთავარია, მასშტაბები შეიცვალოს. ბათუმში მსგავსი ინფორმაციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შევუშვით ერთ-ერთ ღამის კლუბში და საკონტროლო შესყიდვა გავაკეთეთ. პროდუქტი, რომელიც კლუბში შევიძინეთ, იყო 4,23 ლარის ღირებულების და ამაში 340 ლარი მოსთხოვეს. ჩვენმა თანამშრომლებმა მოითხოვეს, რეალური ფასი წარმოედგინათ. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ჩვენი თანამშრომლები დააკავეს და მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საბოლოოდ, ერთწლიანი პირობითი სასჯელებით გამოვიდნენ იქიდან. როდესაც მე, უფლებადამცველს უფლებებს მილახავენ, ხომ წარმოგიდგენიათ, ტურისტს რას უზამენ? პერიოდულად მივმართავთ საელჩოებს, საკონსულოებს, რათა მათ ინფორმაცია მიაწოდონ ტურისტებს. ასევე, ტუროპერატორებსაც უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ შავ სიაში არსებულ ღამის კლუბებს არ ეწვიონ. ეს კლუბები ძირითადად მორგებულია მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც სარწმუნოება უკრძალავს თუნდაც სასმელს. შედის იქ მოქალაქე, დალია ვისკი, კლუბშივეა საროსკიპო, მიდის მასთან სექსმუშაკი და სთხოვს, მეც დამპატიჟეო. მამაკაცი პატიჟებს და მანდილოსანი 2000-ლარიან სასმელს ირჩევს, ბოლოს ტურისტს 10.000 დოლარის გადახდას სთხოვენ. ის გიჟდება, მაგრამ მუსლიმანია, არ აწყობს ფაქტი გახმაურდეს და ახდევინებენ ამხელა თანხებს. არის კიდევ სხვა სქემა: ასმევენ წამალგარეულ სასმელს, მერე ტაქსით სასტუმროსკენ მიდის სექსმუშაკთან ერთად და სექსმუშაკი გზაში ძარცვავს. ერთი სიტყვით, ეს არის კრიმინალური დაწესებულებები, რომლებმაც მოირგეს კანონმდებლობა და ყვლეფენ ადამიანებს. საკონტროლო შესყიდვების გაკეთება შსს-ს საქმეა და ამას სისტემატურად უნდა აკეთებდეს. ამ საქმეში არასრულწლოვნებიც არიან ჩართული. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები არასრულწლოვან შვილებს თვითონ აიძულებენ სექსმუშაკად მუშაობას, რათა ფული მიიტანონ სახლში.

- პოლიციას კანონი უკრძალავს მეძავების დაკავებას. რა უნდა გააკეთონ ძალოვანებმა?

- ახლო მომავალში დაიდება კადრები, რომელსაც საზოგადოება იხილავს. გვაქვს ჩანაწერი, სადაც ასახულია ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში როგორ ხდება სიტყვიერი და მორალური ზეწოლა სექსმუშაკზე. სექსმუშაკს ეუბნება პოლიციის ჩინოსანი, - არ გამუშავებ არც ერთ ღამის კლუბში და იძულებულს გაგხდი, დატოვო ბათუმიო. უფლებადამცველებს გვეუბნებიან პოლიციის ჩინოვნიკები, - ჩვენ არა გვაქვს კანონით მათზე რეაგირების საშუალება, ერთადერთი შეგვიძლია, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტისთვის ვაგებინოთ პასუხი დამნაშავეს, სხვა ბერკეტი არ გვაქვსო, მაგრამ ეს ვიდეომასალა ცხადყოფს, კანონის გარეშე ძალიან კარგად ავალდებულებენ სექსმუშაკებს, თანხა გადაიხადონ.

თეა ხურცილავა