როგორ ერთობიან თბილისში დარჩენილი ცნობილები - გზაპრესი

როგორ ერთობიან თბილისში დარჩენილი ცნობილები

თუკი გარკვეული მიზეზების გამო, დასასვენებლად სადმე გამგზავრებას ვერ ახერხებთ, თურმე, დასვენება-განტვირთვა თბილისშიც შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქში დარჩენილი ცნობილები ამას ახერხებენ...

"თბილისში ასეთი კლიმატი მომწონს"

ჯაბა კილაძე:

- ძალიან ცხელა და ვცდილობ, გავგრილდე. ბევრი სამუშაო მაქვს. ხანდახან ვერთობი სტანდარტულად - განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ.GzaPress

- აღნიშნეთ, ცხელაო. არადა, ზაფხულისთვის უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის გამო წუწუნებს ხალხი...

- პირიქით, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ცოტათი დაბალი ტემპერატურაა. როცა ასე არ იყო, ისე ცხელოდა, ლამის დავიხრჩვე. ახლა კარგი ამინდებია: დღისით არ ცივა, ღამით კი - გრილა. მშვენიერია! ასეთი კლიმატი მომწონს.

- განტვირთვისთვის რას აკეთებთ?

- ხანდახან აუზზე მივდივარ. თბილისში ბევრი კარგი გასართობი ობიექტია და კარგი ამბები ხდება. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, დადებითად დავიმუხტო და განვიტვირთო. იქ მივდივარ, სადაც კარგი მუსიკაა და კარგი სიტუაცია სუფევს.

- ანუ ზაფხულში თბილისში დასვენება შესაძლებელია?

- არა, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები: როცა საქმე გაქვს, ამ შემთხვევაში - შეიძლება, თორემ ჯობია, სადმე წახვიდე, მშვიდ გარემოში დაისვენო... ალბათ, ცოტა ხანში დასასვენებლად სადმე მეც წავალ...

"ჩემი საქმის კეთებით ვისვენებ"

მარიტა როხვაძე:

- ბენდთან ერთად ვმუშაობ, კლუბში ვმღერი, კორპორაციული საღამოები მაქვს... ამიტომ ჯერჯერობით, თბილისში ყოფნა მიწევს, თუმცა ბათუმში წასვლასაც ვაპირებ - იქაც კონცერტები გვაქვს დაგეგმილი. მოკლედ, მთელი ზაფხული ვერ ვისვენებ, მაგრამ რაც მთავარია, ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება ის არის, რომ ხალხს ჩვენი პროგრამა მოსწონს. ვცდილობთ, მსმენელები კარგ ხასიათზე დავაყენოთ და ეს მეც მშვენიერ განწყობილებას მიქმნის. ჩემი საქმე არ მღლის. გულახდილად ვამბობ, ჩემთვის განტვირთვა სცენაზე დგომა და სიმღერაა. თუ ისე მოხდა, რომ კვირის განმავლობაში კონცერტი არ გვექნა, სერიოზული დეპრესია მეწყება. ასე რომ, იმის "ფუფუნება" მაქვს - დრო ისე გავატარო, როგორც მინდა.GzaPress

- აუზს არ სტუმრობ? არ ირუჯები?

- სიმართლე გითხრა, გარუჯვაზე არ ვგიჟდები. დღის განმავლობაში, მეგობრები აუზზე დავდივართ, მაგრამ მირჩევნია, ქოლგას შევეფარო, რადგან ძალიან თეთრი კანი მაქვს და ნამზეურს ძნელად ვიღებ.

- შენთვის ზაფხული დასვენებასთან არ ასოცირდება?

- არა, ზაფხულში ყოველთვის კონცერტები მაქვს, ზღვისპირეთში მივდივართ ხოლმე. მართლა ჩემი საქმის კეთებით ვისვენებ. ამიტომ მგონია, სულ დასვენებული ვარ (იცინის)...

"ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რომ ზაფხულს თბილისში ვატარებ"

სალომე კოკუაშვილი:

- ვმუშაობ. დასვენების დღეებში აუცილებლად, აუზზე მივდივარ და მთელ დროს იქ ვატარებ. რა თქმა უნდა, "დასვენებაში" გარემოს გამოცვლა იგულისხმება, რაც ყველაზე მაგარია, მაგრამ როცა ადამიანს ამის საშუალება არა გაქვს, მაქსიმალური კომფორტი იქ უნდა შეიქმნა, სადაც ხარ. ვცდილობ, არ შევიმჩნიო. რომ ზაფხულს თბილისში ვატარებ...

- განტვირთვისთვის მხოლოდ აუზს სტუმრობ?

- კიდევ, მეგობრებთან ერთად, ხანდახან "ივენთებზე" მივდივარ. ძირითად დროს სამსახურს ვუთმობ...

"დასვენება გლდანში, აგარაკზე გვიწევს"

ლაშა რამიშვილი:

- ჯერ კიდევ ვმუშაობ. პლუს, ზეგ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მივემგზავრები, სადაც ჟიურის წევრი გახლავართ. როცა დავბრუნდები, მერე მთელი ოჯახი აბასთუმანში წავალთ... ძირითადად, თბილისში ყოფნისას დასვენება გლდანში, აგარაკზე გვიწევს, რომელსაც "ზედა სახლს" ვეძახით. იქიდან მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანს. საბავშვო ტერიტორია, ატრაქციონები გვაქვს. უზარმაზარი სახლია, 40-წლიანი ხეხილით. ეზოში 2 დიდი აუზი გვაქვს: ერთი - უფროსებისთვის, მეორე - ბავშვებისთვის. ჩვენი სახლი გლდანის ბოლოში, მაღლობზე დგას...GzaPress

"ისეთი სიცხეც არ გვაწუხებს, რომ თბილისში ყოფნა გაუსაძლისი იყოს"

ნინო ძოწენიძე:

- საბერძნეთიდან ახლახან ჩამოვედი - ერთი კვირით კრეტაზე დავისვენე. მართლა საოცარი დრო გავატარე, ულამაზესი ადგილები ვნახე. ძალიან კმაყოფილი ვარ... ახლა ჯერჯერობით, თბილისიდან წასვლას არ ვგეგმავ. ალბათ, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ისევ სადმე დავისვენებ... ამჟამად, სამუშაო რეჟიმში ვარ: ყოველ საღამოს ვმღერი. თბილისში ისეთი სიცხეც არ გვაწუხებს, რომ აქ ყოფნა გაუსაძლისი იყოს. მეგობრებთან ერთად მშვენივრად ვერთობი, ძირითადად - ერთმანეთის სახლებში ან რაიმე საღამოზე მივდივარ. იცი, რა? თუ ადამიანს შესაბამისი განწყობა აქვს, აუცილებლად მოძებნის ადგილს, სადაც გართობას შეძლებს - ეს პრობლემა არ არის.

ეთო ყორღანაშვილი