"უცხოეთში ადამიანი პენსიაზე რომ გავა, მერე იწყებს ცხოვრებას" - თაკო ჩხეიძე ქართველ ქალებსა და საკუთარ ოცნებაზე - გზაპრესი

"უცხოეთში ადამიანი პენსიაზე რომ გავა, მერე იწყებს ცხოვრებას" - თაკო ჩხეიძე ქართველ ქალებსა და საკუთარ ოცნებაზე

მიუხედავად იმისა, რომ თაკო ჩხეიძის სამუშაო რეჟიმი ყოველთვის მეტისმეტად გადატვირთულია, იგი ინტერვიუზე დავითანხმეთ და გემოვნებაზე ვესაუბრეთ.

- დავიწყოთ წიგნებით. რა სახის ლიტერატურაა თქვენთვის სიამოვნებით საკითხავი?

- რომანებისა და ისეთი წიგნების კითხვა მიყვარს, რომლისგანაც იღებ განათლებას, სიამოვნებას, ავითარებ წარმოსახვას. განსაკუთრებით, ზღვაზე ყოფნისას, სანაპიროზე მიყვარს წიგნების კითხვა... რასაკვირველია, წლების მატებასთან ერთად, ადამიანის ინტერესი იცვლება და თაობის გემოვნებაც. მახსოვს, ბავშვობაში "ტომ სოიერი" და "ბიძია თომას ქოხი" რომ წავიკითხე, გაგიჟებული ვიყავი, ძალიან მომეწონა. ჩემი შვილი უკვე "ჰარი პოტერის" თაობაა და როდესაც დავაძალე "ტომ სოიერი" წაეკითხა, მივხვდი, შევცდი, ახლა ბავშვებს უკვე სხვა ინტერესები აქვთ. თუმცა, ჩემი აზრით, არსებობს კლასიკა, რომელიც ყველა თაობამ აუცილებლად უნდა წაიკითხოს.

- როცა მოგზაურობას გეგმავთ, როგორი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი?

- ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებლად მოგზაურობა... ქართულ ცეკვებზე დავდიოდი და პირველი გასტროლი იტალიაში გვქონდა. ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იქ ჩასვლა არასდროს მბეზრდება. ყველაფერი მაინტერესებს, დაწყებული ძველი ისტორიიდან, დღევანდლით დამთავრებული... პატივს ვცემ: იქაურ სტილს, გემოვნებას, არქიტექტურას, დიზაინს, კულტურას, კულინარიას... ჩემი ბოლო მოგზაურობაც იტალიაში იყო. მოვიარე რომი, ვენეცია, ფლორენცია... ამ ქვეყანაში ტანსაცმლის თუ ინტერიერის ძალიან ბევრი ბრენდია, დახვეწილი გემოვნება ხალხში განსაკუთრებულად იგრძნობა. თუმცა, მე ძალიან მომწონს სკანდინავიური მოდაც! მიყვარს მეგაპოლისებიც... მაგალითად, პატარა ასაკიდან ნიუ-იორკში მომიწია ცხოვრებამ და იქაურობა კარგად მახსენდება. ათი წელი სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდი, ბევრსაც ვმოგზაურობდი... საცხოვრებლად იდეალურია ჟენევა. იქ ცხოვრება ყოველივე საუკეთესოსთან არის დაკავშირებული, რადგან იყო მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა და ოჯახური კუთხითაც ბევრი დადებითი რამ მოხდა...GzaPress

- ამბობენ, რომ დღესდღეობით ე.წ. თბილისური მოდა დაიკარგა. ადრე დედაქალაქში უფრო მაღალი გემოვნებით იცვამდნენო...

- ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები! თბილისური ჩაცმულობა რეგიონში ყოველთვის გამორჩეული იყო და დღესაც ასეა! ჩვენი დიზაინერები ლამაზ სამოსს ქმნიან და ქართული მოდა, ერთ-ერთი გამორჩეულია! სხვათა შორის, ამას ხელი შეუწყო მოდის კვირეულის დაარსებამაც. მოგეხსენებათ, თავიდან მხოლოდ ოთხი დიზაინერი გვყავდა. შემდეგ ჩვენმა პროექტმა მოდის ინდუსტრია ძალიან განავითარა და დღეს ქართველი დიზაინერები დიდ წარმატებას აღწევენ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში! დიდი კონკურენცია გაჩნდა ბაზარზე, ეს კი ყოველთვის განვითარებისკენ გიბიძგებს! ქართული მოდა პოპულარული გახდა და ამას ისიც მოწმობს, რომ აქ ჩამოსული უცხოელები ინტერესდებიან ქართველი დიზაინერების ნამუშევრებით და სვამენ კითხვას, სად შეიძლება შევიძინოთ ამა თუ იმ ადამიანის ნამუშევარიო?

- ქართველი ბებიების თაობაზე რას გვეტყვით?

- ჩვენი ბებიების თაობა გამორჩეული გემოვნების იყო. ახლა უამრავი საშუალებაა ინფორმაციის მხრივ და მაშინ ასე არ იყო. ბებია მიყვება, რომ ყიდულობდნენ ქსოვილებს, ჰყავდათ მკერავები, რომლებსაც ანდობდნენ კაბის შეკერვას. ძალიან ლამაზები და ელეგანტურები იყვნენ... ვისურვებდი, რომ ქართველ ქალბატონებს ბევრად უფრო ლაღი და ბედნიერი სიბერე ჰქონდეთ, ვიდრე აქვთ. ყველაფერი ცუდი სიდუხჭირიდან მოდის. საქართველოში პენსიონერები ძირითადად, შვილებზე არიან დამოკიდებული, რაც ცუდია! უცხოეთში პირიქით ხდება - ადამიანი პენსიაზე რომ გავა, მერე იწყებს ცხოვრებას, მოგზაურობას, კაფეებში შეხვედრებს... მაგალითად, შვეიცარიაში რომ ვიყავი, ხშირად ვხედავდი კაფეებში ჭაღარა ქალბატონებს, სალონში დაყენებული ვარცხნილობით, გამოპრანჭულებს, მეგობრებთან ერთად. მინდა, რომ ჩვენმა ქალბატონებმაც მათნაირად, სიბერე ბედნიერად გაატარონ!GzaPress

- როგორი აქსესუარები მოგწონთ?

- აქსესუარი ძალიან ალამაზებს და აგვირგვინებს ჩაცმულობას. ერთი დეტალიც კი, ზოგჯერ ყველაფერს სხვანაირად აჩენს... თუმცა, შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ჩაცმულობა სრულიად გააფუჭოს რაღაც დეტალმა ან უზომოდ ბევრმა აქსესუარმა. პირადად მე, სისადავე მიყვარს. მაქვს საათი, რომელსაც ყოველდღე ვატარებ. ასევე, მიყვარს საყურეები, ბეჭდები... თუმცა, ყველაფერს ერთად არ ვატარებ. ვიკეთებ ან საყურეს და ბეჭედს, ან მხოლოდ საათს და ა.შ. მომწონს ძვირფასი ქვებით დამშვენებული და უბრალო, მაგრამ გემოვნებიანი სამკაულებიც... ასევე, ნიჭიერად შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებიც!

- რომელი ფერები გიყვართ?

- ალბათ, ყველა ფერი ძალიან მიყვარს, დაწყებული რუხი გრადაციით, დამთავრებული - წითელი, მწვანე, მუქი ლურჯი, ჟოლოსფერი ტონებით.

- რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს?

- ძალიან რთულია, ვინმეს რჩევა მისცე, რადგან ყველაფერი ინდივიდულურია და სილამაზისთვის კონკრეტულად ერთი კანონი არ არსებობს! მთავარია, ადამიანმა იცოდეს, რა უხდება და გაითვალისწინოს, რომ მოდის ტენდენციების ბრმად მინდობა სულაც არ არის კარგი. შენს გარეგნობაში რაც ყველაზე კარგია, ის ყოველთვის ხაზგასმით უნდა ჩანდეს! ზოგს უფრო ლამაზი ფეხი აქვს, ზოგს ხელი, სახე და რაც უფრო კარგია, ის უნდა გამოაჩინო! მთავარია, შენი სტილი იგრძნო და გიხდებოდეს, რაც გაცვია!

- სახლის დიზაინში თანამედროვე ელემენტები მოგწონთ თუ ანტიკვარების მოყვარული ხართ?

- სახლის დიზაინს რაც შეეხება, ძალიან მომწონს თანამედროვესა და ძველის შერწყმა. ჩემს სახლში თანამედროვე სტილიც არის და ძველებურ ავეჯსაც ნახავთ.

- თქვენთვის ყველაზე კომფორტული ავტომობილი რომელია?

- იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვცხოვრობ, ჯიპი ჩემთვის ყველაზე კომფორტულია. როდესაც ბევრი შვილი გყავს, მანქანა პრაქტიკული უნდა იყოს!

- რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?

- თავადაც მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. საღამოს სახლში რომ დავბრუნდები, სუფრას რომ გავაწყობთ და ყველა ერთად მივუსხდებით, ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურის საქმეებით ძალიან დაკავებული ვარ, ხშირად ვერ ვფუსფუსებ სამზარეულოში... შეიძლება ითქვას, რომ გურმანი ვარ. მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო, დაწყებული იტალიურით, დამთავრებული იაპონურით. მომწონს ახალ-ახალი კერძების გასინჯვა. მადლობა ღმერთს, წონის პრობლემა არასოდეს მქონია. თუმცა, ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო ვცდილობ წონა ვაკონტროლო... მოგეხსენებათ, საქართველოში ძირითადად, საღამოობით არის შეხვედრები, იშლება სუფრები, მე კი ვცდილობ, საღამოს თავი შევიკავო ჭამისგან... ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს! ჩემი შვილები ღომზე გიჟდებიან და კვირაში ერთხელ, მეგრული ვახშამი გვაქვს... მეგრული, სვანური, კახური, იმერული თუ აჭარული - საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძებიდან ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, ყველა უგემრიელესია. სხვათა შორის, მიყვარს ზღვის პროდუქტებიც.GzaPress

- დასვენების სეზონია... თქვენს გემოვნებაში ზღვის კურორტები უფრო მეტად ზის თუ მთის?

- განსაკუთრებით, მთაში ყოფნა მომწონს, იქ საოცარ ენერგეტიკას ვგრძნობ! ბუნება არანორმალურად მიყვარს! შარშან შემთხვევით მოვხვდი სვანეთში და მთელი წელი გამომყვა ის სიამოვნება, რაც იქ განვიცადე. მართლაც, არაჩვეულებრივი ბუნება გვაქვს ქართველებს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი! სამწუხაროდ, ბევრი მხარე და კუთხე ჯერ კიდევ არ გვინახავს და მსურს, ერთხელაც ჩემი შვილები მანქანაში ჩავსხა, რათა ერთად მოვიაროთ მთელი საქართველო... ზაფხულში ბავშვები ჯერ მთაში მიგვყავს, მერე ზღვაზე. ზაფხული ზღვის გარეშე წარმოუდგენელია.

მანანა გაბრიჭიძე