"შემრცხვა, როგორ გამოვყევი ჩემი ფულის ნაკვალევს?.." - როცა სხვების დახმარება შეგიძლია... - გზაპრესი

"შემრცხვა, როგორ გამოვყევი ჩემი ფულის ნაკვალევს?.." - როცა სხვების დახმარება შეგიძლია...

ამ წერილის დაწერა მეგობარი ემიგრანტის შეკითხვამ გადამაწყვეტინა. დამეკითხა ერთ ახალგაზრდა კაცზე: რატომ უნდა უჭირდეს ისე, რომ უკვე მესამედ მთხოვა ფული? ადრე გამოვუგზავნე, იმას არ დასჯერდა, დღე და ღამე სოციალურ ქსელში მორალისტურ პოსტებს წერს და არ სჯობს, რამე აკეთოსო? - სად სცალია სამუშაოდ, შენნაირებს თვეში რამდენჯერმე "აახევს" ფულს და სინდისის ძაფების შეურხევლად დახარჯავს-მეთქი, - ვუპასუხე.

თუ ადამიანი ჯანმრთელია, მისთვის დახმარება გამრყვნელია და ფულს კეთილი გზა თუ არ უჩვენე, შენ გაძარცულად იგრძნობ თავს და ვისაც აჩუქე, ის სიზარმაცისა და თაღლითობის მორევში ნებიერად ჩაიძირება... ამჯერად, სხვაგვარ ორ შემთხვევაზე ვისაუბრებ და ორივე ჩემი ნაცნობების მონათხრობია:

"ამ ამბავს თავის მოსაწონებლად არ გიყვები. ჩემსავით შერცხვენილი რომ არ დარჩეს სხვა, ეგებ, ჩემი შემთხვევა გამოადგეს... მივდივარ ერთ დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე, ჩემი მეტრიანი ნაბიჯით და უცებ, მოხუცი ქალის ხმამ შემაჩერა. მხედველობადაქვეითებულის სათვალე, რკინის ჯოხი, ავადმყოფური იერი და მიტკალივით თეთრი სახე ჰქონდა. ოთახის ჩუსტები ეცვა - თავად აღნიშნა, თორემ არ ვაკვირდები ეგეთ რამეზე ადამიანებს.

- დამეხმარეთ, "დიალიზიდან" მოვდივარ, აქ ჩემს ნათლულთან მოვედი, ვიფიქრე, ცოტას დავისვენებ, ძალას მოვიკრებ და მერე შინ გამაცილებენ-მეთქი. აგერ, ნათლულის ბავშვისთვის ალუბალი ვიყიდე, ისინი კი სახლში არ დამხვდნენ. ხილი რომ ვიყიდე, ფული აღარ დამრჩა, - მითხრა მორიდებით.

მოხუცის უღონო ხელზე დაახლოებით ერთი კილო ალუბლით დატვირთული პარკი კონწიალობდა. რა გავაკეთო? ტაქსი გამოგიძახოთ? - დავეკითხე. - კი, თუ შეიძლება და გადამიხადეთ ტაქსის ფული. მე თან არ მაქვს და ხვალ ჩაგირიცხავთ ტელეფონზეო...

ქალი ჩიტივით უმწეო იყო და თანხის გადმორიცხვაზე უარი ვუთხარი: როგორ გეკადრებათ, გადავიდეთ გზის იქით, თქვენ ხელი მომკიდეთ-მეთქი.

გადავედით გზის მეორე მხარეს, აპლიკაციით ტაქსს ვიძახებ და მოხუცს ვეკითხები, - სად მიბრძანდებით-მეთქი?- ვაჩნაძის ქუჩაზე, კოლმეურნეობაზე, - მიპასუხა მორიდებით. შვლის ნუკრივით ადევნებულ ქალს ვუსმენ: მთელი ცხოვრება მანქანას ვმართავდი. ერთადერთხელ ჩავჯექი სხვის მანქანაში, ქორწილში მივდიოდით და ისეთ ავარიაში მომახვედრა, თავიდან ამაწყვეს: ერთი თირკმელი არ მაქვს, მეორე სუსტად მუშაობს, ორ დღეში ერთხელ დიალიზს ვიკეთებ. ორი წელი კომაში ვიყავი... ისე, რა გქვია, შვილო, ღმერთმა დაგლოცოს, როგორ ჩქარობდი და დაგაყოვნე, - მოხუცს ხმაში ბზარი გაერია.

ჩემი სახელი ვუთხარი და მერე მოკლე დიალოგი გაიმართა:

- შვილი გყავს?

- მყავს ერთი გოგონა, ლიზა, ელისაბედი.

- ახლა სადაა? მასთან ხომ არ მიდიოდი?

- არა, მეგობრებთან ერთადაა.

- რას გეტყვი, იცი, შვილო? მარტო არ დარჩე, შვილს თავისი ცხოვრება ექნება. მარტო არ დარჩე, ჩემსავით. მარტოობა, მარტოსულობა საშინელებაა!

- ძმა, და, არავინ გყავთ?

- მყავდა ძმა და დედა. ორივე იმ ავარიის დროს დაიღუპა. მე, კომიდან გამოსულს, ამ ამბავს მიმალავდნენ. მთელი ცხოვრება "გრუზობუვტორგში" ვმუშაობდი, ფეხსაცმელებით ვამარაგებდით უნივერმაღებს. ას წყვილს ოფიციალურად გავაფორმებდით, დანარჩენი ისე მიჰქონდათ, "ლევად". "ლევ" წყვილში 10 მანეთს მიტოვებდნენ და არაფერი მაწუხებდა, მარტოობის გარდა (ეტყობა, ეს მისი წარსულის ყველაზე ნათელი ეპოქა იყო, ხალისით იხსენებდა), ახლა კი, ხედავ, ოთახის ჩუსტებით ვარ გამოსული, მისივდება ფეხები, სხვას ვერაფერს ვიცვამ... როგორ დაგაყოვნე! სადაა აქამდე, ნეტავ, ტაქსი?

- ორ წუთში მოვა.

- ინგა, ოცდაათი წლის ხარ?

- არა, ორმოცდათორმეტის.

- გვიან გათხოვილხარ, მაგრამ კარგი გიქნია, შვილი გყავს. ჩემების დაღუპვა რომ გავიგე, თავს ვიკლავდი, აღარ მინდოდა, მარტოს გამეგრძელებინა სიცოცხლე. სიცოცხლე, თორემ ეს ხომ ცხოვრება არ არის?! კიდევ კარგი, ნათლულები მყავს. თორმეტი ნათლული. მათ მომხედეს, ისრაელშიც კი გამიშვეს სამკურნალოდ. ერთ ნათლულთან მივდიოდი ახლა, შინ არ დამხვდა, ისეთი კეთილია, მზა საჭმელსაც კი მატანს ხოლმე...

ტაქსი გამოჩნდა, სასწრაფოდ გავხსენი საფულე, კუპიურა ამოვიღე და ხელში ჩავუკუჭე მოხუცს, - მძღოლს გადაუხადეთ, საჭმელიც იყიდეთ. თავს გაუფრთხილდით...

მერე ტაქსის მძღოლს მივუბრუნდი და ვთხოვე, სუსტადაა, სახლამდე მიაცილეთ-მეთქი.

მარტო დავრჩი ფალიაშვილის ქუჩაზე, წავიდა მოხუცი ქალბატონი და მე რატომღაც, იმ წუთში გოდერძი ჩოხელი გამახსენდა, ყველა ადამიანი მოთხრობააო. ეგრეა! შემხვდა და წავიკითხე. ეგაა, სახელი არ მიკითხავს. სხვასაც მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა, - ბრიყვი ხარ, ეგ ქალი, ვინ იცის, რამდენ შენნაირს აცოდებს თავს და მოხერხებულად ძარცვავსო. ძალიან მეწყინა. არც გაძარცულად მიგრძნია თავი, არც ქველმოქმედად მაშინ. უბრალოდ, ადამიანების უძლურებაზე ვფიქრობდი. მეგობრის ნათქვამის მერე კი ეჭვის ჭია მიღრღნიდა გულს და გადავწყვიტე, გადამემოწმებინა, მომატყუა თუ არა მოხუცმა. ტელეფონის აპლიკაციას ჩაწერილი მისამართი დამახსოვრებული ჰქონდა და ერთხელაც, იმ მისამართზე მივედი. ეზოში პატარა ბიჭები თამაშობდნენ, სპინერებს ატრიალებდნენ ნერვიულად და თან, ზოგჯერ ხითხითებდნენ. მათ ბებოზე დავეკითხე, - ასეთ მოხუცს თუ იცნობთ-მეთქი? - კი, ვიცნობთ, ძალიან დასუსტებულია, მეზობლები ეხმარებიან, არავინ ჰყავსო. ისე ძლიერ შემრცხვა, როგორც არასდროს, როგორ გამოვყევი ჩემი ფულის ნაკვალევს?.."

GzaPress

ეს უკვე მეორე მეგობრის მონათხრობია: "საქართველოში იმდენი ვინმე იტყუება, საეჭვოა უკვე, მართლა ესაჭიროება თუ არა ადამიანებს დახმარება. ადრიანი გაზაფხულის საღამო იყო. "ფეისბუკზე" წერილი დამხვდა:

"არ ვიცი, როგორ და რატომ ვბედავ ამის მოწერას. ძალიან მჭირდება 150 ლარი. აუცილებლად დაგიბრუნებთ. ჩემს ძმას, ზაზას, დაუნისსინდრომიანს, განსხვავებული მოვლა სჭირდება. ზოგჯერ ისეთი რამის ყიდვას ითხოვს, 7 წლის ბავშვიც რომ არ მოითხოვს. მე მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია. ვიცი, დიდხანს ვერ იცოცხლებს და ყველა ბავშვური სურვილი მინდა ავუსრულო... დედა პენსიონერია და სახლის საქმეებს ძლივს აუდის. ვმუშაობ, მაგრამ შემოსავლები არ გვყოფნის. მანდარინის უზარმაზარი ბაღიც გვაქვს. ზარმაცი არ ვარ და არც უსინდისო. ახლა მეზობლის ბაღიდან მოვედი, ბაღში მანდარინის ძირები გამოვუბარე, მალე მომცემს ფულს და დაგიბრუნებ. მანამდე, გარანტიად, ჩვენს ბიბლიოთეკას ჩავდებ და თუ ვერ დაგიბრუნებ, მამაჩემის დატოვებული ყველა წიგნის პატრონი შენ გახდები..."

ჩემს იღბლად, იმ დღეს დამერიცხა ხელფასი და დახმარება შევძელი. რასაკვირველია, გარანტიის გარეშე მივეცი თანხა. არასდროს ისე არ გამომდგომია ინტერნეტბანკი, როგორც მაშინ. მეორე დილით მომწერა, ანგარიშზე დამერიცხა თანხა და დღეს გამოვიტან, მალე დავაბრუნებო. ვუთხარი, - არ იზრუნო დაბრუნებაზე, ძმას ჩემს სახელზე ბავშვური სურვილები აუსრულე-მეთქი. მადლობა გადამიხადა და რამდენიმე დღის მერე სურათები გამომიგზავნა, სადაც ასახული იყო 30 წელს გადაცილებული ზაზა, წყლის თოფით, მოზრდილი სათამაშო ავტომობილით და რაც მთავარია, ბედნიერი სახით... გულის სიღრმეში გამიხარდა, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, ფოტო გამომიგზავნა".

პს. ამ ამბების წაკითხვის მერე, ბევრს ისევ მოუნდება თანადგომის გაწევა სხვებისთვის, ოღონდ, მაინც, სიფრთხილე გამოიჩინეთ...

როლანდ ხოჯანაშვილი