"თუ არ "მისწორდება", ვერ ვიმღერებ" - რატომ იბრალებდა სხვის უსაქციელობას ანრი ჯოხაძე - გზაპრესი

"თუ არ "მისწორდება", ვერ ვიმღერებ" - რატომ იბრალებდა სხვის უსაქციელობას ანრი ჯოხაძე

ტოქშოუს ერთ-ერთი ტელეწამყვანია და თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. გადაცემის ფორმატი მარწუხებში არ აქცევს, თუმცა, გარკვეულ ჟურნალისტურ ჩარჩოებს მოითხოვს. ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაც "დაუბრეხვებია" (თავად ასე ამბობს) როგორც ანრის და არა - როგორც წამყვანს. მისი ნათქვამი არასწორად გაუგიათ, ამიტომ ნელ-ნელა საკუთარი თავის კონტროლსაც მიეჩვია.

გადაცემის ჩაწერისას და კულისებს მიღმა ბევრი საინტერესო რამ ხდება. ზოგიერთი სტუმრის სკანდალური განცხადება ეთერში არც გადის. "ასეთ ეპიზოდებზე ვერ ვისაუბრებ", - მეუბნება ანრი ჯოხაძე. მასთან სახალისო ამბების გახსენება ბავშვობის წლებიდან დავიწყეთ.

სტანდარტულად ცელქი ბავშვი

- დედამ ისე გამზარდა, რომ სიცელქის ზღვარი ყოველთვის ვიცოდი და როგორც ამბობენ, დაუკრეფავში არ გადავდიოდი. სკოლაში ძირითადად, იმის გამო იბარებდნენ, რომ ზოგჯერ არც ერთ გაკვეთილს, გარკვეული პროტესტის ნიშნად, არ ვსწავლობდი. სწავლა მეზარებოდა, მხოლოდ ჰუმანიტარულ საგნებს ვწყალობდი, განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარდა. გრამატიკა და მართლწერის საკითხები ყოველთვის მაინტერესებდა და მსიამოვნებდა ამაზე მუშაობა. სკოლის მერე კი დამავიწყდა, მაგრამ მოზრდილ ასაკში ისევ გავიხსენე. სხვათა შორის, ბავშვობაში მოთხრობებსა და ზღაპრებს ვწერდი. კატეგორიულად არ ვსწავლობდი გეოგრაფიას, რადგან პედაგოგს ამოჩემებული ვყავდი და მეც ამოვიჩემე არაჩვეულებრივი ქალბატონი მარინა ჩორგოლაშვილი. დღეს გეოგრაფია ყველა საგანზე კარგად ვიცი - მერე დამაინტერესა და გადავხედე წიგნს (იცინის). ჩემს ყმაწვილობაში მოდური იყო მასწავლებლისთვის ჭიკარტების დადება. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ მეც გამიკეთებია. თუ სხვა ვინმე მოიქცეოდა ასე, იმის უსაქციელობასაც მე ვიბრალებდი, რადგან მასწავლებლები მაინც ჩემკენ იშვერდნენ ხელს. ახლა რომ ვიხსენებ, სასაცილოა ეს ყველაფერი და ვინმესთვის შეიძლება, ცოტა მოსაწყენიც. ერთი სიტყვით, სტანდარტულად ცელქი ბავშვი ვიყავი.

"ინსტრუმენტი, რომელსაც ვერ გავუგე..."

- 4 წლიდან ვმღერი. პირველი სიმღერა კონსერვატორიის მცირე დარბაზში, დედაზე შევასრულე, შანდორ პეტეფის ლექსზე. არ ვნერვიულობდი, რადგან ეს ჩემთვის ორგანული იყო. რასაც სახლში ვმღეროდი, იქაც იგივე უნდა გამეკეთებინა - ასე აღვიქვამდი სცენაზე გამოსვლას. სამივე და-ძმა ბავშვობიდან ვმღეროდით და ამიტომ, სამეგობრო წრეში მუსიკალური მხარე ჩვენ გვებარა. ამჟამად, ოჯახის წევრებს ერთად მუზიცირების საღამოები იშვიათად გვაქვს, ისედაც საკმაო რაოდენობით ჟღერს მუსიკა ჩვენს სახლში. ბანტიან გიტარასთან შეხმატკბილება და ჩხინკი-ბრინკი შეიძლება, ვიღაცისთვის კარგია, მაგრამ ჩვენ უფრო მაღალ დონეზე ვუყურებთ ამას, რადგან მუსიკა ჩვენი პროფესიაა. სამეგობრო წრე სუფრასთან როცა ვიკრიბებით, თუკი გვემღერება, ვმღერით გიტარის თანხლებითაც და ისეც. პირადად მე, არ ვუკრავ გიტარაზე. დედაჩემს ბავშვობაში მცდელობა ჰქონდა, რომ მესწავლა. ალბათ, ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ვერ გავუგე. ისე, ვთვლი, რომ ფორტეპიანოს კარგად ვფლობ.

ყმაწვილობის გატაცება

- თინეიჯერობის ასაკში ერთგვარი თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩამერთო. კონკურსებზე დავრბოდი, რომ განვვითარებულიყავი და მენახა, სხვაგან რა ხდებოდა? იმ პერიოდში ინტერნეტი არ იყო. 14 კონკურსში ვმონაწილეობდი და გრან-პრიც ბევრჯერ ავიღე. კონკურსები ყმაწვილობის გატაცება იყო. გარდა ამისა, სურვილი მქონდა, ვიღაცისთვის რაღაც დამემტკიცებინა. ამას საპრიზო ადგილების ფულადი ჯილდოც ემატებოდა. მახსოვს, ვარნის საერთაშორისო კონკურსზე ჩავფრინდი და ერთ საათში სცენაზე გავედი, ვიმღერე "იუმორესკა". ერთ-ერთი ქვეყნის ჟიურის წარმომადგენელმა ძალიან დაბალი ქულა დამიწერა. წარმოიდგინეთ, ასეთ ქულას სუპერუნიჭოსაც ვერ დაუწერ. როცა ათბალიანი სისტემით ორიანს წერ, ეს ნიშნავს შემდეგს: მომღერალს არც ხმა აქვს, არც სმენა, საერთოდ არაფრად ვარგა და ამასთან, არც ნამუსი აქვს. ითქვა, რომ ეს არ იყო სიმღერა. ბულგარეთის ავტორიტეტული ვარსკვლავი და სახალხო არტისტი იორდანკა ხრისტოვა პირდაპირ კიოდა და ჟიურის წევრებს რუსულად მიმართავდა, - თქვე დებილებო, ვერც კი გაიგეთ, რა კომპოზიცია იმღერა ბიჭმა და მით უმეტეს, როგორ იმღერაო? - ამ ქალმა, რადგან ჟიურის თავმჯდომარე იყო, ყურადღება არ მიაქცია იმ ერთი წევრის შეფასებას და გადაწყდა, რომ გრან-პრი მოენიჭებინათ. GzaPress

ქალების როლები

- მომღერლისთვის ძალიან საინტერესოა მუსიკალურ შოუებში მონაწილეობა, განსაკუთრებით "ერთი ერთში" გამოვარჩევ. ამ პროექტმა ბევრი რამ მომცა. სხვა მომღერლებისგანაც მომისმენია და მეც ასე ვფიქრობ, როცა შენს ვოკალს ადაპტაციას უკეთებ სხვა მომღერლის ხმაზე გადასაწყობად, ბევრ საინტერესო ფერს აღმოაჩენ, როგორც მუსიკოსი და ეს მაგარია. გარდა ამისა, შოუ არტისტიზმსაც აღვივებს. უცებ ისეთი წარმოუდგენელი არტისტიზმი შეიძლება აღმოაჩინო საკუთარ თავში, რასაც ვერც მოიფიქრებდი. სიმღერებზე მუშაობა არ გამჭირვებია. შედეგი სასიამოვნო და საინტერესო საყურებელი იყო, ცოტა ხმაურიანიც. ყველაზე საპასუხისმგებლო ეთერ კაკულიას როლის ჩვენება იყო, რადგან დარბაზში იჯდა. პირველად მნახა ამგვარად, მართლა გაჭრილი ვაშლივით ვგავდი. ეთოს გაუკვირდა, აღფრთოვანდა და ერთადაც ვიმღერეთ. ის იყო თბილი, უკეთილშობილესი, საოცრად ოპტიმისტური, იშვიათი ფენომენის ქალი. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით. ყველას დაგვაკლდა ლეგენდარული კოლორიტი ეთერ კაკულია. ნინო ბურჯანაძის როლიც, კლიპში "ბედნიერი ერი", მხიარულად მოვირგე. არავის სჯეროდა, რომ ამდენ პერსონაჟს განვასახიერებდი. ბოლოს, როცა მთელი მასალა ნახეს მეგობრებმა, შოკიც კი მიიღეს.

რეჟისორი ბავშვობიდან და წითელი ათმანეთიანები

- ბავშვობაში რეჟისორობა მინდოდა და სპექტაკლებს ვდგამდი. მთელი უბანი ჩემთან მოდიოდა. სახლის პირველ სართულზე ვრეჟისორობდი, სადაც ფარდები დედას დავაკიდებინე. წავიყვანდი დედას ქსოვილების მაღაზიაში და ნაირ-ნაირი ფარდების ყიდვას ვთხოვდი. მერე ორთაჭალაში ახალგახსნილ ტექნიკის მაღაზიაში გადავინაცვლებდით, სადაც საოცარი განათებები და სხვა რამეები იყიდებოდა. ეს საწყალი დედაჩემი თავის პორტმანს გახსნიდა, ამოიღებდა წითელ ათმანეთიანებს (იცინის) და ათასგვარ სისულელეს ყიდულობდა. თუმცა, ამ ფაქტორმა ჩემს შემოქმედად ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა მოახდინა. ყველა მშობელს ვურჩევ, ხელი შეუწყეთ შვილის ფანტაზიებს და აჰყევით თუნდაც, ბავშვურ ახირებებში.

კლიპებზე მუშაობისას კომფორტულ გარემოს ვქმნი, რადგან ვიცი, ეს ადამიანები საინტერესო პროდუქტის შექმნაში მეხმარებიან და გადასაღებ მოედანზე დაძაბულობა სრულიად დაუშვებელია. ჩემი ცხოვრების საამაყო ეპიზოდია გენიოს, ლეგენდარულ და შეუდარებელ მსახიობებთან მუშაობის ფუფუნება: ლეილა აბაშიძე, ზურა ყიფშიძე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, დოდო ჭიჭინაძე, ოთარ კობერიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი... სხვათა შორის, კახი კავსაძეს კლიპში "გავა დრო და მოვუყვებით შვილებს", რაც ვუთხარი, იმაზე არ დამყვა. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, იმ ეპიზოდში რაც უნდა გაეკეთებინა ბატონ კახის, ის დაუვიწყარი იქნებოდა. ასეთ არტისტებთან დირექტივები და რეჟისორის თამაში არ მჭირდებოდა. აქ უნდა აგეხსნა, რაზეა ვიდეოკლიპი და რა ემოცია გჭირდება. თქვენ ნახეთ, როგორია გივი ბერიკაშვილი! როდესაც მისი ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ გივი ასეთი არსად ყოფილა, ეს ჩემთვის მთელი ცხოვრების სამყოფი კომპლიმენტია.

დუეტები

- დუეტში სიმღერას თავისი ხიბლი აქვს. ნუცა შანშიაშვილთან დუეტში, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ინტიმური თემა ძალიან ემოციურად და ცოტა სექსუალურადაც იყო გადმოცემული. ვერიკო ტურაშვილთან ერთად, სოლო კონცერტზე "რაც ამქვეყნად სიყვარული სუფევს" ვიმღერე, სადაც სინაზე და კიდევ სხვა სენტიმენტები გამოჩნდა. აღარაფერს ვამბობ ნინი ბადურაშვილზე, რომელიც თავისი ენერგიული ხმით სცენაზე მთლიანად გავსებს. როდესაც დუეტში მღერი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ იმ ადამიანთან სიმღერა უნდა "გისწორდებოდეს". ჟარგონის ენაზე აგიხსენით, მაგრამ არსი სწორედ ესაა: თუ არ "მისწორდება", ვერ ვიმღერებ. ამას წინათ მე და ნინი სანქტ-პეტერბურგში კორპორაციულ საღამოზე ვიყავით. კარგი დრო გავატარეთ, თეთრი ღამეები იდგა და პრაქტიკულად, არ გვიძინია.

"როგორი ვარ?"

- არ ვბილწსიტყვაობ. ხანდახან ცოტა უხამსი სიტყვა თუ წამომცდება, ისიც სიტუაციიდან გამომდინარე. დღეს ვის უკვირს მაგალითად, ტრაკი რომ ვთქვა, გთხოვთ, რა... თუ ვინმეს ეტყვი, ნუ გაატრაკე საქმე, რატომ უნდა გაუკვირდეს? ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით და ღლიცინში, მაგრამ ტელეეთერში ვცდილობ, უცენზურო არაფერი წამომცდეს. მერე ვიღაცები არასწორად იგებენ ამას და ნერვიულობენ. მე კი უნდა ვიდარდო, რადგან კაცთმოყვარე ვარ (იღიმის). კიდევ, კარგი გაგებით, გულგრილი ადამიანი გახლავართ არაპოზიტიური ამბების მიმართ. საერთოდ არ მაინტერესებს, ჩემზე რას ფიქრობენ. არ მაღელვებს ირგვლივ არსებული დისონანსი. სულსწრაფი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ დიდი დოზით მაქვს მოთმინების უნარი. საერთოდ, როცა ვინმე რაღაცას გულით აკეთებს და ასე თუ ისე, კარგად გამოსდის, ეს უკვე საკმარისია. მე ხომ გულით დავწერე, გულით ვიმღერე და ბედნიერი ვარ, თუკი ვინმე კომპლიმენტს მეტყვის.

"მეამაყება..."

- შარშან, 30 აგვისტოს "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში ჩემი პირველი გრანდიოზული სოლო კონცერტი გავმართე. მეამაყება, რომ ეს შევძელი. ხალხის გამოხმაურებამ მაგრძნობინა, რომ ძალიან მაგარი კონცერტი გამოვიდა. "იმედის" ეთერში ორჯერ გადაიცა ჩანაწერი და ორჯერვე სუპერრეიტინგი დადო, რაც ძალიან იშვიათია კონცერტის შემთხვევაში. მაყურებლის ასეთი დიდი მხარდაჭერა მახარებს. ამაზე მეტი მონაპოვარი რა უნდა ჰქონდეს არტისტს?

წლების წინ, როდესაც ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს პირადად შევხვდი, პირველი, რაც მითხრა, იყო, - "შენ ძალიან კარგი მომღერალი ხარ". ისე გამიხარდა, ფეხები მომეკვეთა. ამ ქალბატონისგან ერთი პატარა კომპლიმენტიც ბევრს ნიშნავს და იმის მოტივაციას გაძლევს, რომ იმღერო.

ნანული ზოტიკიშვილი