"18 წე­ლია, პრო­თე­ზი ჩე­მი მე­გო­ბა­რი­ა" - 20 წლის ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბე­ბი - გზაპრესი

"18 წე­ლია, პრო­თე­ზი ჩე­მი მე­გო­ბა­რი­ა" - 20 წლის ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბე­ბი

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ვარშავაში, საქართველოს ღირსებას ორ ასაკობრივ ჯგუფში იცავდა. 23 წლამდელებში ხმლით ფარიკაობაში ოქროს, ხოლო რაპირით ფარიკაობაში - ვერცხლის მედალი აიღო.

- ფარიკაობით 2 წლის წინ დავინტერესდი. ჩემი მწვრთნელის, მალხაზ მესხის შვილები ჩემი მეგობრები არიან. მათ მითხრეს, ბედი ფარიკაობაში მეცადა და ვარჯიში დამეწყო. მეგობრების რჩევა გავითვალისწინე. ვერ ვიტყვი, რომ სპორტის ეს სახეობა ძალიან მომწონდა და მოხიბლული ვიყავი, თან, ვარჯიშის დაწყების პერიოდი აბიტურიენტობას დაემთხვა, გამოცდებისთვის ვემზადებოდი, სულ ვმეცადინეობდი. ხშირად, დროის უქონლობის გამო ვერ ვვარჯიშობდი. გამოცდები რომ ჩავაბარე, ისე დაემთხვა, რომ ბათუმში შეკრება გვქონდა. იქ ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ, ფარიკაობისადმი სხვაგვარი ინტერესი გამიჩნდა, თანდათან მომეწონა, შემიყვარდა... საქართველოს ჩემპიონატზე ყველაფერი წავაგე, რაც წასაგები იყო (იცინის). მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, - ასე არ შეიძლება, აუცილებლად ბევრი უნდა ვივარჯიშო და ვიშრომო, რომ წარმატებები მქონდეს-მეთქი. მას შემდეგ მუხტი არ დამიგდია, გამარჯვებები მიზნად დავისახე და პირველი წარმატებაც მოვიდა: მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს 2 მედალი ავიღე. ყოველი წარმატება მახარებს და სულ სხვადასხვაგვარი ემოციით ვივსები.

დადიხარ დარბაზში, ვარჯიშობ და გგონია, შენს საქმეში ძალიან ძლიერი ხარ, მერე გადიხარ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ცდილობს გამარჯვების მიღწევას და უეცრად ხვდები, როგორ ძლიერ კონკურენციაში აღმოჩნდი. ეს ძალიან მომწონს, მაძლიერებს.

- ვარშავაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ორ ასაკობრივ ჯგუფში გადიოდი, ეს შენთვის ორმაგი დატვირთვა იქნებოდა. ცხადია, სირთულეებს არ უფრთხი.

- მე გავდივარ, როგორც დიდების, ასევე 23 წლამდელთა კატეგორიაში - პარაფარიკაობაში ეს დაშვებულია. დიდებში ტარდებოდა მსოფლიო თასი, ხოლო 23 წლამდელებში - მსოფლიო ჩემპიონატი. დიდებში ცოტა დამაკლდა თასის მოსაპოვებლად, ხოლო 23 წლამდელებში ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი ავიღე, ხოლო რაპირით ფარიკაობაში - ვერცხლის.

- შენ ხარ პარასპორტსმენი, ეტლით მოფარიკავე, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტლის გამოყენება არ გჭირდება?

- დიახ. მე ტრავმა არ მიმიღია, დაბადებიდან ბარძაყის ანომალია მაქვს. დღეს პროთეზის საშუალებით ვმოძრაობ. ბარძაყი არ მაქვს, მუხლი და მუხლს ქვემოთ ნაწილი კი მაქვს, ოღონდ, ჩვეულებრივ ფეხთან შედარებით, განუვითარებელი. ეს ნაწილი ატანილია მაღლა, მაგრამ პროთეზი მთლიან ფეხზე მაქვს.GzaPress

- რის შედეგადაც ეტლით სარგებლობა აღარ გჭირდება.

- დიახ. 2 წლის ვიყავი, პროთეზი რომ გამიკეთეს და შეიძლება ითქვას, რომ უკვე 18 წელია, ის ჩემი მეგობარია (იღიმის). ყავარჯნებიც არასდროს გამომიყენებია. დღეს ტკივილი საერთოდ არ მაწუხებს, არც გადაადგილება მიქმნის დისკომფორტს, უბრალოდ, სიარულის მანერა ვერ გამოვასწორე. რადგან მარცხენა ფეხზე, ბარძაყის ადგილას მუხლი მაქვს, მუხლის მოძრაობის სისტემა სხვაგვარია, ეს წონასწორობის შენარჩუნებაში მიშლის ხელს და გამართულად ამიტომ ვერ დავდივარ.

- ვარჯიშის შედეგად სიტუაციის გამოსწორება შეიძლება?

- პრობლემა ნაწილობრივ მაინც დარჩება. პროთეზი სიმაღლეში ზრდის პარალელურად იცვლება. რამდენჯერმე შეიძლება სიმაღლეში დაამატო, 1 სანტიმეტრსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ზრდა სრულდება, მერე ახალი პროთეზი კეთდება. ბოლოს 2 კვირის წინ გამოვიცვალე, სიმაღლეში ცოტათი მომატებული ვიყავი. ამ ყველაფერს საქართველოში კარგად აკეთებენ. ბავშვობაში გერმანიაში ვიყავი, აქ გაკეთებული პროთეზი მოეწონათ, - სხვაგვარად აქაც ვერაფერს გავაკეთებდითო. თურქეშიც იმავენაირად აკეთებენ. ფეხი ამპუტირებული რომ მქონდეს, ისეთ პროთეზს გააკეთებდნენ, არც შემეტყობოდა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა სხვა საშუალებას არ გვაძლევს.

- მიამბე, როგორ ცხოვრობ, სად სწავლობ?

- სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მესამე კურსზე გადავედი. ბავშვობიდან ხატვა მიყვარდა. ერთი პერიოდი ექიმობა მინდოდა, მერე - ჟურნალისტობა, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ აუცილებლად ხელოვნებასთან უნდა მქონოდა კავშირი. რომ დავფიქრდი, გადავწყვიტე, სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ეს პერსპექტიული სპეციალობაა, მომავალში გამომადგება. იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა. ამ ბოლო დროს ძალზე დაკავებული ვიყავი, დილით უნივერსიტეტში მივდიოდი, შემდეგ დარბაზში მოვდიოდი, საღამომდე ვვარჯიშობდი, მერე სახლში ვბრუნდებოდი და ვმეცადინეობდი. როცა პროექტი ჩასაბარებელი მქონდა, ხელით ვხაზავდი, რაც დიდ დროს მოითხოვდა. ამიტომ მიწევდა ღამეების თენება, დილით ისევ უნივერსიტეტი, გამოცდები, ვარჯიში... ყველა საგანი წარმატებით ჩავაბარე.

სასწავლებელში ჩემი წარმატების ამბავი, რა თქმა უნდა, იციან და ეს ყველას ახარებს. კარგია, როცა გეუბნებიან, - შენით ვამაყობ, ყოჩაღი გოგო ხარო (იცინის).

ვარშავაში მსოფლიო ჩემპიონატზე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანიც გამოდიოდა, მაგრამ მე და ირმა ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, რადგან სხვადასხვა კატეგორიაში გავდივართ. ირმა გმირია. ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, 40 გრადუსამდე ტემპერატურა იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა. ყველა ურჩევდა, მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ ის ჩემპიონატზე მაინც გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

- ირმა ჩემი რესპონდენტი არაერთხელ იყო, ვულოცავ მას ამ წარმატებას!

- მერიისგან, სახელმწიფოსგან დიდი ხელშეწყობა გვაქვს. შემთხვევით ვისარგებლებ და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც საქართველოში პარასპორტის განვითარებაზე ზრუნავს. ეს ცენტრი ჩვენი მეორე სახლია.

- დღეს ძლიერი და წარმატებული ადამიანი ხარ. შენს ცხოვრებაში თუ იყო ეტაპი, როცა შენი მდგომარეობა დამთრგუნველი გეჩვენებოდა?

- რა თქმა უნდა, ეს ეტაპი უკვე გავიარე. ბავშვობაში, როცა პატარა ხარ, ყველაფერი გულთან უფრო ახლოს მიგაქვს და ემოციურად აღიქვამ. მახსოვს, ქუჩაში უცნობები მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, - ვაიმე შვილო, ეს რა გჭირს? მე კი ვერ ვხვდებოდი და დღესაც ვერ ვიგებ, უცხო ადამიანს შენი პირადი ამბები რატომ უნდა მოუყვე? მაშინ იმასაც კი ვერ ვხვდებოდი, ამ კითხვას რატომ მისვამდნენ. იმის ხაზგასმა, რომ მე განსხვავებული ვიყავი? ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ მეორე მხარეს იდგა ჩემი ძლიერი და თბილი ოჯახი, მეგობრები, რომელთა დამსახურებაც იყო ის, რომ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვგრძნობდი. ხანდახან მთრგუნავდა, ხანდახან ვაანალიზებდი მდგომარეობას. ჩემი აზრით, გაცილებით ადვილია, როცა პრობლემა ბავშვობიდან გაქვს: ამას ეჩვევი, შენი ხდება. ხანდახან მინდოდა, უტაქტო ადამიანებისთვის კითხვა შემებრუნებინა, - მე რამე მჭირს? დედა ბავშვობიდანვე სწორად მზრდიდა. ბაღში რომ მიმიყვანა, პროთეზი არ მეკეთა, დამსვა და მითხრა, - შეგიძლია, ბავშვებთან ერთად ამ მდგომარეობაშიც იყოო. დამოუკიდებლობას მიმაჩვია და ყოველთვის მარწმუნებდა იმაში, რომ ჩემი მდგომარეობა ხელს არაფერში შემიშლიდა, მე ისედაც შემეძლო, ყველაფრისთვის მიმეღწია.GzaPress

- ფაქტი სახეზეა.

- რა თქმა უნდა! და-ძმა მყავს, ოჯახში ყველაზე პატარა ვარ, ყოველთვის მიფრთხილდებოდნენ და მანებივრებდნენ. დიდ სიყვარულში გავიზარდე.

- ნინა, დღესაც არიან ბავშვები, რომლებსაც ქუჩაში აჩერებენ და ეკითხებიან: რა გჭირს? მათ რას ეტყვი?

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემები არ არის იოლი. ყოველთვის მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ადამიანები უბრალო დაბრკოლების გამო დეპრესიაში ვარდებოდნენ. რასაც ეშველება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს და რასაც არ ეშველება, იმის გამოსწორებაც შეიძლება. შესაძლოა, ის მინუსი შენს ძლიერ მხარედ და პლუსადაც აქციო. რაც უნდა ცუდი ხდებოდეს, იმ მდგომარეობას სხვა მხრიდან უნდა შეხედო და დადებითი დაინახო. წინ და წინ უნდა იარო. დღეს ძალიან მეცინება ჩემს მეგობრებზე, რომლებიც ჭარბი წონის გამო დეპრესიაში არიან. ეს ნერვიულობად ღირს?

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- გათხოვილი არ ვარ. წარსულში მიყვარდა, მაგრამ ამჟამად შეყვარებულიც არ ვარ. სამეგობროდ ან მეორე ნახევრად უნდა აირჩიო ისეთი, რომელიც შენს მინუსებსაც შეიყვარებს. მე გვერდით ისეთი ადამიანები მყავს, რომლებმაც მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ და ვინც ვერ მიმიღებს, მისი ადგილი ჩემ გვერდით არც არის.

- ახლა ისვენებ. სექტემბრიდან სწავლას განაახლებ. ფარიკაობაში შენი სამომავლო გეგმები როგორია?

- სექტემბრიდან ვარჯიშს განვაახლებ. ჩვენი მომავალი შეჯიბრება იქნება რომში, მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში. დავიწყებთ მზადებას რომისთვის და ასევე, ჩვენი მთავარი მიზანია 2020 წლის ოლიმპიადა ტოკიოში, სადაც იმედია, მოვხვდებით და იქიდანაც წარმატებით დავბრუნდებით. გარდა ამისა, ძალიან მინდა, მომავალში პროფესიით ვიმუშაო და ვიყო წარმატებული.

- რა არის ფარიკაობა შენთვის, რით მოიხიბლე?

- ძალიან მიყვარს და მომწონს. ეს არ არის ძალისმიერი, გონებრივი სპორტია. ყველაფერი წამებში ხდება. როცა ფარიკაობ, ტვინი ძალიან სწრაფად მუშაობს. ყველა სვლა მოფიქრებული გაქვს, მოწინააღმდეგის მოძრაობას ელოდები. მომწონს, რომ ელეგანტური სპორტია, ამას ყველაზე კარგად მოფარიკავეები მიმიხვდებიან.

- ამ სპორტმა რა გასწავლა, რა თვისებები გამოგიმუშავა?

- ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული გამხადა. მიზნამდე დაუზარლად სვლა - ეს სპორტშიც და ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

თამუნა კვინიკაძე