რა­ტომ იგი­ნე­ბი­ან კა­ცე­ბი - გზაპრესი

რა­ტომ იგი­ნე­ბი­ან კა­ცე­ბი

მარიკა უკვე დიდი გოგოა. ახლობლები შეხვედრისთანავე უსვამენ კითხვას: "არ თხოვდები?" ან "ამდენ ხანს რას უყურებ, დროა, საკუთარ ოჯახსა და შვილებზე იფიქრო", ან სულაც _ "რა იყო, ასეთი წუნია ვის ჰგავხარ? დაილია შენი მოსაწონი კაცი დუნიაზე?" მარიკას ეს კითხვები აღიზიანებს, მაგრამ არც იმდენად, რამდენადაც გაუთხოვრობის მიზეზი: სძულს კაცები, რომლებიც იგინებიან. არ ესმის, რატომ უნდა განიჭებდეს სიხარულს ბილწსიტყვაობა ან ვინ დაადგინა, რომ გინება თუ შეგიძლია, ე.ი. ნამდვილი მამაკაცი ხარ...

"ბევრჯერ მიფიქრია, კაცი რომ ვიყო, ნუთუ, მეც ისეთი სასტიკი ვიქნებოდი, როგორებიც ძლიერი სქესის წარმომადგენლები არიან? შეიძლება, ყველას არ ეხება ჩემი გულისწყრომა, მაგრამ უმეტესად რომ ასეთები არიან, ეს ხომ ფაქტია? არ მეგულება ქმარი, რომელიც ცოლს არ აგინებს, სიმთვრალეში მაინც არ აყენებს შეურაცხყოფას. მაინცდამაინც ხელი უნდა გაგარტყას და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენოს, რომ ქმარს ცუდ, უფრო სწორად, უხეშ მოპყრობაში დასდო ბრალი? რომ გაგინებს და დაგცინის, ეს არაფერია?..

მადლობა ღმერთს, პირადად მე, მსგავსი პრობლემა არ მაქვს, რადგან ჯერ კიდევ გასათხოვარი ვარ, მაგრამ სხვების გამოც კი, ბრაზს ვერ ვფარავ. მტერი რომ გაგინებს, ძნელად ასატანია და საყვარელი ადამიანი თუ გაგათახსირებს, ორმაგად ძნელი იქნება.

გული მტკივა, ამდენი "კეთილებისა" და "კარგების" მოსმენით. განსაკუთრებით ცუდად ვხდები, როცა სადმე წვეულებაზე ამოვყოფ თავს და ვაკვირდები ცოლ-ქმრებს. თავიდან ისე შემოვლენ დარბაზში, თითქოს ერთმანეთზე ჭკუა ეკეტებოდეთ, მაგრამ რაც უფრო მეტს სვამს კაცი, მით უფრო ეტყობა, რომ ყველაფერს მოჩვენებითად აკეთებს, დიდი ხანია ცოლი მობეზრებული ჰყავს და უბრალოდ, ისე იქცევა, რომ ხალხს მოაჩვენოს თავი მოსიყვარულე პარტნიორად...

...და როცა თვრება, როცა გონებას ალკოჰოლი ჯაბნის, აი, მაშინ კი ყველაფერი აშკარა ხდება და კაცი იბღინძება, დამცინავად უყურებს ცოლს, სხვა ქალებისკენ აცეცებს თვალებს და თუ მეუღლე გაუბედავს და უსაყვედურებს, მაშინვე მუშტებზე იყურება, გინებას იწყებს.

მინდა, მამიდაჩემის ქმარზე გიამბოთ. მე მათთან ვიზრდები, რადგანაც შვილი არ ჰყავთ. ჩემს მშობლებს 4 შვილი ჰყავთ, თავს ძლივს ირჩენენ და მამიდას გაატანეს ნაბოლარა, _ შენ უკეთ მოუვლი და როცა გაიზრდება, იმედია, ამაგს დაგიფასებსო. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მიყვარს მამიდა, მშობლებზე მეტადაც კი. მართლა ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მისი ქმარი ნამდვილი ჯოჯოა. ყოველ სიტყვას გინებას აყოლებს, ცოლის გაკეთებული არაფერი მოსწონს. მართალია, მე კარგად მექცევა, მაგრამ იმდენად სასტიკია ცოლის მიმართ, რომ მისი შეყვარება ვერ შევძელი. სიმთვრალეში ბევრჯერ წამოუძახებია, _ შენ გამოა, შვილი რომ არ მყავს. აბა, რა ქალი შენ ხარო? ალბათ არ ეგონა, მისი სიტყვები თუ მესმოდა, თორემ ჩემი თანდასწრებით ასეთ რამეებს არ ლაპარაკობს, როგორი მთვრალიც უნდა იყოს, გინებით კი იცოცხლე, არც დედამისის ერიდება, არც ჩემი და არც _ მეზობელ-ნათესავების.

მამიდას ვეკითხები, _ როგორ უძლებ ამ კაცს ან რატომ აბედვინებ ამდენს-მეთქი? _ რა ვქნა, თავიდან კარგი ქმარი იყო, ხუმრობით თუ შემაგინებდა და მეც არაფერს ვეუბნებოდი, ახლა კი აზრიც არ აქვს რაიმეს თქმას, შეჩვეულს ვერ გადააჩვევო. _ თავიდან რატომღა აბედვინებდი. რას ჰქვია ხუმრობით გინება-მეთქი? _ მერიდებოდა ქმართან შეკამათების. თანაც, არ მეგულება კაცი, გინება რომ არ იცოდეს: მამაჩემიც იგინებოდა, მამაშენიც და ბუნებრივი მეგონა ეს ყველაფერი. ახლა კი ვხვდები, რამდენად ძნელი ასატანია საყვარელი კაცისგან გინება, მაგრამ მთავარია, მისი სიბრაზე ამით შემოიფარგლება და სხვებივით, დღეში ათჯერ არ მიბრაგუნებს დოლივითო.

ჰოდა, მამიდაჩემის ქმრის, მამაჩემის, ბაბუაჩემის, ჩემი მეზობლებისა და ნაცნობი კაცების შემხედვარეს, ახლა გათხოვებას ვერც მიხსენებ. სულაც არ მინდა, ვიღაცებმა ჩემი გინებით იჯერონ ხოლმე გული და შეურაცხყონ ჩემი გამზრდელი, მშობელი, კეთილები და კარგები...

თუ ოდესმე მაინც გადავწყვეტ გათხოვებას, ქმარს გინების უფლებას თავიდანვე არ მივცემ. XXI საუკუნეში ქალი კაცის თანაბარიაო, არადა, ეს ნამდვილად არ იგრძნობა საქართველოში. აბა, გაბედოს ქალმა და თუნდაც, შინაურებში შეაგინოს კაცს, ნახავს, რასაც მიიღებს. ქალი მამაკაცებისთვის მაინც დიასახლისია, რომელსაც საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებასაც არ აძლევენ ნორმალურად. ნუ გგონიათ, რომ მამიდა თავის საქმეში წარუმატებელია, პირიქით _ ძალიან კარგად აიწყო კარიერა, დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში, რეალიზებული ადამიანია. ჰოდა, ორმაგად მიკვირს, ამდენს რომ ითმენს.

სიყვარულმა მე კი არა, გადარია ტარიელიო, _ ვიღაცას უთქვამს და სწორედ ამ სიყვარულშია ეტყობა საქმე. ეს სიყვარული აძლევს ქალს მოთმენის უნარს, მაგრამ დავიჯერო, იგივე გრძნობა კაცებზე არ მოქმედებს. თუ გიყვარს ადამიანი, მაშინ არ მესმის, როგორ შეიძლება მას შეურაცხყოფა მიაყენო და მისი ტირილი არაფრად ჩააგდო? სულ რომ არაფერი გაგრძნობინოს ქალმა, როგორ შეიძლება, საყვარელი ადამიანის გამზრდელს შეაგინო წარამარა, თანაც, არაფრის გამო?!.

თუმცა, ბევრი საკუთარ დედას აგინებს და რატომ უნდა გვიკვირდეს, თუ სხვის დედას შეაგინებენ?..

მინდა, დადგეს დღე, როცა ქართველი კაცები მიხვდებიან, რომ გინება მავნე ჩვევაა, რომელიც ადამიანს სიგარეტის, ცემის, ალკოჰოლიზმის მსგავსად კლავს! ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა შეიძლება, მოუშუშდეს ადამიანს, მაგრამ ენით დაკოდილი გული კი თურმე, მართლა არასდროს გამრთელდება..."

P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია