"ცოლ-ქმარი ბავშვებს ფერმაში, უმძიმეს პირობებში ზრდიდა" - ალაზნის არხში დამხრჩვალი მამა-შვილის სულისშემძვრელი ამბავი - გზაპრესი

"ცოლ-ქმარი ბავშვებს ფერმაში, უმძიმეს პირობებში ზრდიდა" - ალაზნის არხში დამხრჩვალი მამა-შვილის სულისშემძვრელი ამბავი

როგორც ჩანს, სიცხისგან გათანგულებმა, ალაზნის სარწყავ არხში ბანაობა გადაწყვიტეს. მამაკაცს არ უფიქრია იმაზე, თუ რა საფრთხის შემცველი იყო ხელოვნურად გაჭრილ არხში ბანაობა. ზაქარია 6 წლის შვილთან ერთად წყალში შევიდა და სამწუხაროდ, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს, ორივე მდინარეში დაიხრჩო. მაშველებმა 6 წლის ანზორის ცხედარი სოფელ ვეჯინში იპოვეს, ხოლო მამამისს მთელი დღე ეძებდნენ. სარწყავი არხი გადაკეტეს და დღის ბოლოს ისიც იპოვეს.

როგორც შევიტყვეთ, ამ ოჯახს უმძიმესი ცხოვრება აქვს გამოვლილი. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ზაქარია იყო, რომელიც წლების მანძილზე მოჯამაგირედ მუშაობდა. გარდაცვლილის მეუღლე _ ნაზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მცხოვრებია. მათი ოჯახი დიდხანს ცხოვრობდა ამ სოფელში, შემდეგ კი იძულებულები გახდნენ სამსახურის საძებნელად სხვაგან წასულიყვნენ. ამჟამად, ზაქარია გურჯაანში მუშაობდა მწყემსად.

ავთანდილ შიშნიაშვილი, გურჯაანის სოფელ ჯიმითის რწმუნებული:

_ მომხდარით შეწუხებულები ვართ. უკიდურესად უჭირდა ამ ოჯახს. ვერ წარმოიდგენთ, რა სიდუხჭირეში იყვნენ. გარდაცვლილის მეუღლეს სოფელში ერთოთახიანი კორპუსის ბინა აქვს. ნაზის მშობლები ადრე გარდაეცვალა, მამამისს ტრაქტორი გადაუბრუნდა და დაიღუპა. დედისერთა იყო ნაზი, გვერდში მდგომიც არავინ ჰყავს. მისი მეუღლე სოფელ გურჯაანიდან იყო. ოჯახი ჩვენს სოფელში ცხოვრობდა. სოციალურად დაუცველები არიან და სახელმწიფოსგან დახმარებასაც იღებდნენ. მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, სარჩო რომ ჰქონოდათ, სხვადასხვა ადგილას გადადიოდნენ საცხოვრებლად. ზაქარია მოჯამაგირედ მუშაობდა. ადრე ფერმაში იყო, იორში და წარმოიდგინეთ, ამ ფერმაში ცხოვრობდა მისი ცოლ-შვილიც. შვილი ფერმაში გააჩინა ნაზიმ და იქ, უმძიმეს პირობებში გაზარდა ბავშვები. უფროსი გოგონა 12 წლის იქნება. თავიდან სკოლაში დადიოდა, მაგრამ როგორც ვიცი, ბოლო წლებში არ უვლია. არავის არაფერს უშავებდნენ, როგორღაც გაჰქონდათ ცხოვრება. ზაქარია ახალგაზრდობაში მძღოლი ყოფილა. ალბათ, ცურვაც იცოდა, მაგრამ ვინ იცის, იქ რა მოხდა. იმ ფერმის მეპატრონე, სადაც ზაქარია მუშაობდა, ორი წლის წინ გარდაიცვალა და ამის შემდეგ დარჩა უმუშევარი, სხვა სამსახურის ძებნა მოუხდა. გურჯაანში ალბათ, ნაქირავებში იყვნენ, სოფელში კი კარგა ხანი არ გამოჩენილან... როგორც ამბობენ, იმ დღეს სარწყავ არხში პატარა გოგონამაც იბანავა, სწორედ მან დაუწყო ძებნა დაკარგულ მამას და ძმას, მერე განგაშიც ატეხა.

"თურმე, ჯერ გოგონა აბანავა მამამ, ის ამოიყვანა ნაპირზე, მერე შეუყვანია ბიჭი და გოგოსთვის უთქვამს, _ წადი, გაიქეცი, ნახირი მიდის და მოაბრუნეო. გოგონა საქონლისკენ გაიქცა და რომ მობრუნდა, ვერც მამა იპოვა და ვერც ძმა. ტირილით გამოქცეულა და ვიღაცისთვის უთქვამს, ვერ ვპოულობო. მერე სამაშველო სამსახურები გამოიძახეს. საშინელი ტრაგედიაა. ყველა შეძრა ამ ამბავმა", _ მიამბო გურჯაანის მცხოვრებმა. მისი თქმით, იმ ადგილას საბანაოდ არავინ ჩადის: "ალაზნის მაგისტრალური არხი გადის იქ, ამით ირწყვება ნაკვეთები. სათავეს იღებს კონდონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელში და მთავრდება ქიზიყში. არხი ხელოვნურად არის გათხრილი და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ იცურაონ, რადგან ძალიან ღრმაა. სავარაუდოდ, მათ ვერც ვერავინ დაეხმარებოდა და დამნახავიც არავინ იყო, ისე ჩაითრია ისინი წყალმა. მართლა საფრთხის შემცველი ადგილია, ძალიან ცუდი კალაპოტი აქვს. დასანანია, რაც მოხდა. საშინელი სანახავი იყო მისი სასოწარკვეთილი მეუღლის ხილვა, ისტერიკულად კიოდა და დახმარებას ითხოვდა... არ ვიცნობდი მათ, მაგრამ ყველანი განვიცდით მომხდარს, ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია..."

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამა-შვილს ერთად დაკრძალავენ, ხოლო 12 წლის გოგონას და მის დედას ცხოვრების უმძიმესი ტვირთის ტარება მარტოებს მოუწევთ. იმედია, მათზე ვინმე იზრუნებს და რაც მთავარია, საქმეში ჩაერთვება სოცმუშაკი, რათა პატარა გოგონას სკოლაში სიარულის საშუალება მიეცეს.

თეა ხურცილავა