"მეტროში პატარა გოგონები დამდევდნენ" - მალხაზ ჩიდრაშვილის პირადი ცხოვრება - გზაპრესი

"მეტროში პატარა გოგონები დამდევდნენ" - მალხაზ ჩიდრაშვილის პირადი ცხოვრება

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ტრანსგენდერზე მოძალადე მამაკაცის - სოსოს როლის შემსრულებელი, მალხაზ ჩიდრაშვილი 20 წელიწადია, თელავის თეატრის მსახიობია. ასევე, თელავის მერიასთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრიც გახლავთ...

- ეტყობა, სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" წარმომადგენლებს კასტინგიდან მოვეწონე, დამიბარეს და მითხრეს, - ასეთი როლია და რას იტყვიო? ვუთხარი, - მსახიობი ვარ და რა პრობლემაა-მეთქი? დავთანხმდი და ვითამაშე.

- ეს ნაბიჯი არასოდეს გინანიათ? მაყურებლები მსახიობებს პერსონაჟებთან ხშირად აიგივებენ, განსაკუთრებით - "ჩემი ცოლის დაქალებში"...

- მსახიობობა ჩემი საქმეა. მოგეხსენებათ, სერიალის სცენარი ნელ-ნელა იწერება. როცა გადავხედე, ისეთი არაფერი ეწერა, რომ როლის შესრულებაზე უარი მეთქვა. გასაგებია, ჩემს პერსონაჟს კაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მსახიობი ვარ და პრინციპში, უარი რატომ უნდა მეთქვა?

- ალბათ, უცხო ადამიანები გცნობენ. თქვენს დანახვაზე როგორი რეაქცია აქვთ?

- თელაველი ვარ. წლებია, თელავის თეატრში ვმუშაობ. ჩვენს ქალაქში ყველა ერთმანეთს იცნობს. იციან, რომ სპექტაკლებში ვთამაშობ, ვმღერი, ფესტივალებში ვმონაწილეობ... ისე არ ყოფილა, რომ "კადრში მოვხვდი" და მერე ხალხის რეაქციები "დამემუღამებინა" - როგორ სხვანაირად მიყურებენ-მეთქი... ხალხის ყურადღებას თავიდანვე ვგრძნობდი. ამ მხრივ, სერიალში ჩემი გამოჩენის შემდეგ, ცვლილება არ მიგრძნია.

- თელავში გიცნობენ, მაგრამ მაგალითად, თბილისში თქვენი დანახვისას როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე? "არტ-გენის" ფესტივალზე, ხალხური ანსამბლის წევრის ამპლუაში თქვენი გამოჩენა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა...

- თბილისში როცა დამინახავდნენ, მეკითხებოდნენ, - თქვენ სოსო არ ხართო? უფრო მეტად, მანდილოსნები ინტერესდებოდნენ. მაგალითად, ტელევიზიაში გადაღებებზე მეტროთი მივდიოდი. მეტროში ჩასულს, პატარა გოგონები დამდევდნენ - შენ ის არ ხარო? - ჰო, კარგი, გენაცვალე, მე ვარ-მეთქი, - ვპასუხობდი (იცინის). ზოგს ჩემთან ერთად სელფის გადაღება უნდოდა - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასე რომ, განსხვავებული შეგრძნება არ მქონია.

- მსახიობები ხშირად ამბობენ, რომ როლის უკეთ მოსარგებად, პერსონაჟთან რაღაც საერთო თვისებების მოძებნას ცდილობენ...

- (იცინის) არა, ამ გმირთან საერთო არაფერი მაქვს. ჩემს ზოგიერთ მეგობარს გაუკვირდა, რომ ასეთი როლი მივიღე. მეუბნებიან, - პერსონაჟისგან ძალიან განსხვავდები, "სუფთა" კახელი ხარ. განსხვავებულად თამაშობ, ამიტომ მოგვწონს და ვუყურებთო... მათ ნათქვამს "გავატარებ" ხოლმე - როგორც ყველა მსახიობია განსხვავებული, მეც ისეთივე ვარ.

- როგორ როლს არ შეასრულებდით?

- პრინციპში, ამაზე არ მიფიქრია... სცენაზე ყაჩაღი ქალის როლიც მითამაშია: კოლჰოტიც მეცვა, ტუჩსაცხიც მესვა და საყურეებიც მეკეთა, მაგრამ ყურები "გაჩვრეტილი" არ მაქვს, რადგან ჩემთვის ასეთი რაღაცები მიუღებელია.

- კინოსფეროში კიდევ, რა გამოცდილება გაქვთ?

- წინათ, თუკი რამე ქართული სერიალი ყოფილა, ეპიზოდური როლები ყველგან მითამაშია, მაგრამ ისეთი, როგორიც სოსოს პერსონაჟი იყო, არასოდეს განმისახიერებია. ძირითადად, ჩემი საქმე სცენას უკავშირდება - ეს სულ სხვა განწყობაზე მაყენებს. ახლა სცენის მტვერზე ლაპარაკს არ დაგიწყებთ, მაგრამ როცა სცენაზე ვდგები, სხვა ხალისი მეუფლება. იმაზე კარგი არაფერია, როცა ადამიანს შენი საქმე გიყვარს და გსიამოვნებს.GzaPress

- მსახიობობა როგორ გადაწყვიტეთ?

- წლების წინ, ტელევიზიით გადმოსცეს, რომ თელავში თეატრალური ჯგუფი იქმნებოდა. პედაგოგი ალექსანდრე ქანთარია იყო. ბატონი ალექსანდრე ისეთი ნიჭიერი კაცია და თავისი საქმე ისე მაგრად იცის, რომ მასთან მუშაობა მომინდა. ზოგს ასეთ პროფესიონალთან მუშაობა მთელი ცხოვრება სურს და ვერ ახერხებს... რეპეტიციები თელავის თეატრში გვქონდა და ზოგჯერ, დილის 11 საათზე რომ დავიწყებდით, მეორე დილის 3-4-ზე ვამთავრებდით. ერთხელ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ საკუთარი სახლის ნაცვლად, შეცდომით, სხვის ბინაში ავედი. მკითხეს, - აქ რა გინდაო? ვუპასუხე, - ჩემი სახლიდან ვინ მაგდებს-მეთქი (იცინის)? მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ბოდიში მოვიხადე... ნორმალურ ადამიანს თავისი სახლი როგორ უნდა შეეშალოს? საქმეზე "გადართულები" ვიყავით. ხელმძღვანელი რაიმე ეტიუდს რომ გაგვაკეთებინებდა, მთელი ღამე სიზმარში ვხედავდი... შეიძლება, დაიღალო და თქვა: აღარ მინდა თეატრი, ეს სად შემოვყავი თავიო? დრო რომ გადის, ეჩვევი და ამ საქმით "კაიფობ"... თავდაპირველად, როცა გამოცდები ჩავაბარე და ჯგუფში მოვხვდი, 2 კვირის მერე დავფიქრდი - მინდოდა ეს საქმე? საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ჯობდა, გადაწყვეტილება მანამდე მიმეღო, ვიდრე დიდ ნაბიჯს გადავდგამდი. თეატრი კი მიყვარდა, მაგრამ ასეთ რთულ რეჟიმს მიუჩვეველი ვიყავი. ბოლოს გადავწყვიტე, სწავლა გამეგრძელებინა და პროფესიულად დავხვეწილიყავი. "დავიქოქე" და 4 წელი ვისწავლე. მერე პირდაპირ თეატრში დავიწყე მუშაობა. ახლა ჩემი საქმე მაგრად მსიამოვნებს.

- უკვე 20 წელია, მსახიობი ხართ. თქვენი საქმე არასდროს მოგბეზრებიათ?

- გეტყვით, როგორი სიტუაციაა: ადამიანს რაღაცის გამო ნერვები რომ მოგეშლება და უხასიათოდ ხარ. ფიქრობ, - ნეტავ, სხვა რამეზე ჩამებარებინაო. მსახიობობა რთული პროფესიაა. სოფელში კი ამის თქმა იციან ხოლმე, - ცეკვავთ, ხტუნავთ, დროს ატარებთ, მეტი რა გინდათო? არადა, ძალიან დიდი შრომა, დაფიქრება, კითხვა, ინფორმაციის მოძიება სჭირდება. ტვინმა სულ უნდა იმუშაოს, რომ მსახიობი ფორმაში იყოს, ადვილად შევიდეს როლში.

- სცენაზე შესრულებული როლებიდან, თქვენთვის ყველაზე საინტერესო, საყვარელი რომელია?

- "ხანუმაში" ადრეც ვითამაშე და ახლაც. ეს სპექტაკლი ჯერ ბატონმა ნუკრი ქანთარიამ დადგა, სადაც ფანტიაშვილის როლი შევასრულე (96-ჯერ ვითამაშე), მერე დათო მღებრიშვილმა კიდევ "გააკეთა" "ხანუმა" და ამჯერად, კოტეს როლი მოვირგე, ახლახან კი კახა გოგიძემაც "ხანუმა" დადგა (ძალიან წარმატებული) და ისევ ფანტიაშვილის როლი მხვდა წილად (იცინის)... ასე რომ, ამ სპექტაკლში სამჯერ მაქვს ნათამაშები... ასევე, ბატონმა ნუკრი ქანთარიამ ბადურ ბალარჯიშვილის ლექსები სცენაზე მოქმედებაში შეგვასრულებინა. ამას სიტყვებით ვერ აგიხსნით, უნდა ნახოთ... ძალიან მაგარი გამოვიდა! ტრაბახი "ჩემი" არ არის - საბოლოო ჯამში, სცენაზე 50-მდე როლი მაქვს ნათამაშები.

- როგორც ვიცი, თელავის მერიასთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრი ხართ. სიმღერის გარდა, ცეკვავთ კიდეც?

- არა. როცა 1-2 ჭიქას დავლევ, მაშინ ვცეკვავ (იცინის). ტანი ხელს არ მიწყობს, თორემ მგონი, ცეკვასაც კარგად მოვახერხებ. ანსამბლში ვმღერი. სიმღერით ბავშვობიდან დავინტერესდი. 7-8 წელი თელავში, ბავშვთა ანსამბლში ვმღეროდი. ჩვენი პედაგოგი ლოტბარი - ჯუმბერ ჯანგულაშვილი გახლდათ. ძალიან კარგი კაცი იყო... შემდეგ, თეატრალურზე რომ ჩავაბარე, ის 4 წელი აღარ ვმღეროდი - თეატრში რეპეტიციების გამო არ მეცალა. სწავლა რომ დავასრულე, მერე თელავის ანსამბლი ჩამოყალიბდა. მივედი და 6-7 წელია, ანსამბლის წევრი ვარ. თან, კარგი, მეგობრული ბიჭები არიან, ასეთ ადამიანებთან კი სიმღერაც კარგია და ურთიერთობაც. ვძმაკაცობთ, ვმღერით, ხალხს ვართობთ... კვირაში სამჯერ რეპეტიციები გვაქვს. ახალ სიმღერებს ვამუშავებთ. ძირითადად, კახურ სიმღერებს ვასრულებთ. უამრავი ქართული სიმღერა არსებობს, რაც ხალხმა არ იცის. რასაც "ამოვკრებთ", იმას ვამუშავებთ ხოლმე - გვინდა, არ დაიკარგოს და ხალხმა მოისმინოს.

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- უკვე 10 წელია, რაც მეუღლე - მარიამ კორინთელი მყავს. ჩვენი შვილი - თამარი 9 წლისაა. ახლა მეორე შვილს ველოდებით... ცოტა ხნის წინ დედა გარდამეცვალა. მყავს მამა და 88 წლის ბებია, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ. პაპაჩემი (დედაჩემის მამა) ზამთარში 100 წლის უნდა გახდეს. ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი კაცია. როცა პატარა ვიყავი, სტალინის ამბებს მიყვებოდა (მაშინ მაინტერესებდა). მეუბნებოდა, - სტალინმა ხელი ჩამომართვა და თვე-ნახევარი ხელს არ ვიბანდიო, წარმოგიდგენიათ (იცინის)?!. საინტერესო პიროვნება გახლავთ.

- თქვენი გოგონას შესახებ მოგვიყევით - მოსწონს თქვენი საქმიანობა?

- ჩემი შვილი რომ დაიბადა, პრობლემები ჰქონდა - ყრუ-მუნჯი იყო. მერე, ხალხის დახმარებით, ოპერაცია გავუკეთეთ. "ვის უნდა 20 ათასში" ვმონაწილეობდით - მსახიობმა როლანდ ოქროპირიძემ ითამაშა (რომელიც ჩემი შვილის ნათლიაა) და თანხა შეგროვდა. თელავის თეატრში საქველმოქმედო კონცერტიც მოვაწყვეთ... 3 წლის იყო, როცა ოპერაცია გავუკეთეთ. ახლა 9 წლისაა და უკვე ლაპარაკი დაიწყო, კარგ ლექსს ამბობს, სკოლაში სწავლობს... "ბავშვურ კალაპოტში" ჩადგა. სპექტაკლები აინტერესებს, უყურებს და უთქვამს კიდეც, - კარგიაო, მაგრამ ჯერ იმ დონემდე არ მისულა, რომ გამოხატოს, რა აინტერესებს, რაღაცები მკითხოს... პრობლემა ნელ-ნელა ეხსნება...

- წარმატებას გისურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი