პოზიტივის მარცვლები - 4 ტყუპისა და მათი და-ძმის ამბავი - გზაპრესი

პოზიტივის მარცვლები - 4 ტყუპისა და მათი და-ძმის ამბავი

4 ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ექიმების თქმით, ასეთი რამ დაახლოებით 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება. რადგან ასეა, გამოდის, ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახი 700 ათასს შორის ის ერთი და გამორჩეულია, სადაც 4 ტყუპი იზრდება: 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავშვების დედა თავადაც ტყუპისცალია. ტყუპს - ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას უფროსი და - ნინი და უმცროსი ძმა - ალექსანდრე ჰყავთ. ექვსშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ბავშვები მათი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

სადაც კი მიდიან ბავშვებთან ერთად, ყველგან თბილი, ღიმილიანი და სიკეთით სავსე მზერა დაჰყვებათ. ესენი ბავშვები კი არა, პოზიტივის მარცვლები არიან. მართალია, თითოეული ამტკიცებს, რომ უკვე "დიდია", მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი ხნით მაინც ვერ გვითმობენ დედას, რომ ინტერვიუ ჩავწეროთ. ამიტომ, ჩვენი დიალოგი ასეთ რეჟიმში ჩაიწერა: კითხვა, პასუხი, თამაში; კითხვა, პასუხი, თამაში...

- პირველად დედობის ბედნიერება 23 წლის ასაკში შევიგრძენი. 4 ტყუპი მეორე მშობიარობის შემდეგ შემეძინა, მაშინ უკვე 36 წლისა ვიყავი. კარგად მახსოვს, ექიმთან ორსულობის დასადგენად რომ მივედი, მან ექოსკოპია გადამიღო და მითხრა: ორსულობა კი არა, ერთდროულად, 4 კვერცხუჯრედია განაყოფიერებული, 4 ტყუპი გეყოლებათო. დავიბენი. ორი მესმის, მეც ხომ ტყუპისცალი ვარ, მაგრამ ოთხი? - ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. შინ რომ მოვედი და ეს ამბავი მეუღლეს ვაცნობე, გადაირია - გაიღიმა და დარჩა გაღიმებული. იმავე საღამოს სასეირნოდ გამოვედით, ქუჩას მოვუყვებოდით ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ჩაკარგულები. მშობლებს რომ ვუთხარით ეს სიახლე, ეგონათ, ვეხუმრებოდით, დაჯერება უჭირდათ...

- რთული ორსულობა გქონდა?

- ორსულობისას ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მამყოფებდნენ. დამჯერი და არაპრეტენზიული ორსული გახლდით. რაც მთავარია, სულ დადებითად ვიყავი განწყობილი. წონაშიც, პირადად მე, თითქმის არ მომიმატია, მაგრამ იმხელა გავხდი, რომ ვიჯექი, მუხლებში მედო მუცელი. მიუხედავად ამისა, ბოლო დღემდე ვმოძრაობდი, სამშობიაროშიც ჩემი ფეხით წავედი: წინ მუცელი მიდიოდა და უკან მივყვებოდი მე (იღიმის). საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2, 200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები იყვნენ. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. პირველ თვეში ბუნებრივ კვებაზე იყვნენ, მერე კომბინირებულზე გადავედით. არ იყვნენ ცუდი გასაზრდელები. სიძნელეს მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ ჭამაც, დაძინებაც... ჰოდა, მეხმარებიან ხან ჩემი ტყუპისცალი, ხან უფროსი გოგონა, მშობლები... მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ძიძებიც ავიყვანე. ყოფილა პერიოდი, 4 ძიძაც მყოლია. დასასვენებლად დამოუკიდებლად წასვლა რომ მოვინდომო, ვერ მოვახერხებ. ამიტომ დავდივართ ძიძებთან ერთად. ახლაც ბახმაროში ვისვენებთ, სამ ძიძასთან ერთად და უფროსი ქალიშვილიც მახლავს. GzaPress

- 4 ივლისს ტყუპი 5 წლისანი გახდნენ, არა?

- დიახ და შინაურულად აღვნიშნეთ. ყველას პერსონალური ტორტი რომ მივართვით, გადაირივნენ სიხარულით. ტყუპის შემდეგ მეექვსე შვილი შეგვეძინა - ალექსანდრე, რომელიც ახლა 3 წლისაა. ცდილობს, არაფერში ჩამორჩეს და-ძმებს.

- ნაბოლარა რომ დაიბადა, ხომ არ იეჭვიანეს უფროსებმა?

- არა, ეფერებიან, ეთამაშებიან. იმხელაა, არც გეგონება, ტყუპის ასაკის თუ არ არის, სანამ მეტყველებას არ დაიწყებს. დიდი ბავშვია - 4,600 კგ დაიბადა. ტყუპის ყურებაში, დროზე ადრე განვითარდა ალექსანდრეც.

- რამდენად ჰგვანან ერთმანეთს გარეგნობით, ხასიათით?

- უფრო ჰგვანან ქალ-ვაჟი და ქალ-ვაჟი. ერთი წყვილი არის შედარებით ღია ფერის თვალებითა და ქერა თმით, მეორე წყვილი - მუქი თვალის ფერითა და მუქი თმით. ამ წყვილებიდან ქერები უფრო დინჯები არიან, შავგვრემნები მეტად სხარტები. ოთხში აშკარად შავგვრემნები ლიდერობენ და თუ რამე დააშავეს, ინიციატორებიც ისინი არიან. ხასიათებითაც ჰგვანან წყვილები. ოთხივე ერთად კი თამაშობს, მაგრამ წყვილებად როდესაც ნაწილდებიან, თამაშის წესებიდან გამომდინარე, ყოველთვის ანდრია და ბარბარე ერთ გუნდშია, დიმიტრი და მაია - მეორეში. როდესაც ერთ-ერთ ტყუპისცალს წაიყვანს ვთქვათ, ბებია, სახლში დაბრუნებისთანავე ჯერ მის წყვილს მოძებნის ხოლმე და მერე დანარჩენებს ჩაეხუტება. დასაძინებლად ოთხივეს რომ დავაწვენ "არეულად", დილით ანდრიას და ბარბარეს ერთად ჩახუტებულებს სძინავთ, დიმიტრის და მაიას - ერთად. უკვე დიდები არიან. გადავწყვიტე, გოგონები ერთ ოთახში დავაწვინო, ბიჭები მეორეში და არ იცით, როგორ განიცდიან, აპროტესტებენ. გარეთ თუ გავლენ სათამაშოდ, ყოველთვის ერთად არიან, თითქოს უხილავი ძაფით შეკრულები; ერთს თუ აწყენინეს, დანარჩენი სამი იცავს. ის კი არა, ერთ-ერთი თუ იცელქებს და ამის გამო კუთხეში დადგომას დაიმსახურებს, სოლიდარობის ნიშნად, დანარჩენებიც კუთხეებს მიაშურებენ ხოლმე. ანდრია სხარტია, დემეტრე კი უფრო დინჯია, ნელა მოქმედებს. ბარბარეც ანდრიასავით სხარტია, ფეთხუმი და თუ რამის გაკეთება უნდა, ანდრიას ხელებით აკეთებს. მაია - დინჯია, ფრთხილი, ექსტრემალური რაღაცები არ უყვარს და კოპწიაა. ანდრიას უყვარს ლეგოები. ყველაფერი დაშალა და ამ დეტალებით თვითონ ააწყო სულ სხვა ნაგებობები, საკუთარი ფანტაზიით. ყველაფერს ალაგებს ფერის, ზომის მიხედვით და საოცარი "ნაგებობები" გამოსდის. - მე მშენებელი ბიჭი ვარო, - ამბობს ხოლმე. დემეტრეს ამის ნიჭი არ აქვს, სამაგიეროდ, ენებისკენ აქვს მიდრეკილება...

- საბავშვო ბაღში არ დადიან?

- მეექვსე ბავშვზე რომ დავრჩი ორსულად, ტყუპი საბავშვო ბაღში შევიყვანე. კვების დრო რომ მოსულა, ანდრიას, სანამ თავისი და-ძმები არ მიუყვანია მაგიდასთან და არ დაუნახავს, რომ ისინიც მიირთმევდნენ, მანამდე არც თვითონ უსაუზმია. დღემდე ასეა, თუ ერთს რაიმეს ვუყიდით, მაშინვე გვთხოვს, დანარჩენებსაც ვუყიდოთ. თავ-თავიანთი ფერები აქვთ არჩეული და საჩუქარს ამ ფერებში ვუფუთავთ. ასე ადვილად ხვდებიან, რომელი საჩუქარი რომლისაა.

- ბევრისგან გამიგია, როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, ქალი მეტწილად მასზე გადაერთვება და მეუღლისთვის ნაკლებად იცლისო...

- ჩვენ წლებმა და ბავშვებმა უფრო დაგვაახლოვა, უფრო მეტად გავიგეთ ერთმანეთის ფასი. დიმაც ჩართულია აღზრდაში, გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები. როდესაც პატარებს ვაძინებთ, მერე ვიცლით ერთმანეთისთვის. წელიწადში რამდენჯერმე საზღვარგარეთ გვიშვებენ დასასვენებლად. აქაც, საღამოს რომ დავაძინებთ შვილებს, მერე გავდივართ ხან ჭიქა ყავის დასალევად, ხან ფილმს ვუყურებთ. მოკლედ, ბედნიერებაა, ერთმანეთი რომ გვყავს, ეს პატარა არსებები კი ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. შინაურები გვეხუმრებიან, - 6 სატანის ციფრია და მეშვიდე შვილზეც იფიქრეთო...

ეკა სალაღაია