...და კიდევ იკითხავენ, რატომ არ თხოვდებიო? - გზაპრესი

...და კიდევ იკითხავენ, რატომ არ თხოვდებიო?

საქართველოში გოგონა 18-20 წელს რომ მიაღწევს, პირველივე შეკითხვა, რასაც მეგობარ-ნაცნობ-ნათესავებთან შეხვედრისას ისმენს, ესაა: "არ თხოვდები?" ზოგისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს პასუხს, მთავარია, დასვას შეკითხვა.

ფიფქია

უწინ საქართველოში ნათესავები ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეწყობოდა ოჯახური სადილები, დაბადების დღეები თუ სხვა დღესასწაულები, ყველა ერთად იკრიბებოდა და როცა საკუთარი აღარ ჰყოფნიდათ, მეზობლებისგან ნათხოვარ მაგიდებსა და სკამებზე რამდენიმე თაობა ერთად ისხდა სუფრასთან. ახლა სიტუაცია შეიცვალა, დღევანდელი ცხოვრების პირობებსა და რეჟიმში, ზოგჯერ არათუ შორეულ ნათესავს, არამედ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, დეიდაშვილებს ვერ ხვდები ხშირად და ვერც ალალ დედმამიშვილს ნახულობ ყოველდღე. ნათესავებს, კლასელებს, ჯგუფელებს ალბათ, ყველაზე ხშირად მაინც, პანაშვიდებსა და დაკრძალვებზე ვხვდებით. და როცა ჩემს ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, რომ კითხვამ - "არ თხოვდები?" მასობრივი ხასიათი მიიღო, თავიდან ძალიან ვბრაზობდი, მერე მივეჩვიე. მოვიფიქრე აბეზარი ადამიანებისგან თავის დაღწევის მეთოდი - მათ ვპასუხობდი: "კი, გაზაფხულზე" ან "კი, შემოდგომაზე ვთხოვდები". ეს ორი სეზონი განსაკუთრებულად ამოვიჩემე და მინდა გითხრათ, ამართლებდა. თუ ზოგიერთი უფრო მეტად დაინტერესებული გამოდგებოდა და ვის მიყვებიო? - იკითხავდა, ასეთი შემთხვევისთვისაც მქონდა პასუხი: "ქორწილში გაიცნობთ"...

ერთ დღესაც, პანაშვიდზე ისეთი შორეული ნათესავი დაინტერესდა ჩემი პირადი ცხოვრებით, რომელმაც პირველად ფლანელის "პილიონკაში" გამოკრულ-გახვეული მნახა, ახლა მეორედ მხედავდა და თან იმის გარკვევით იყო დაკავებული, დედას უფრო დავემსგავსე თუ მამას? როდის ვთხოვდებოდი? "გარდაიცვალა... ვისაც ცოლად მივყვებოდი, ავარიაში დაიღუპა. მაპატიეთ, ამ თემაზე მიჭირს საუბარი", - გაბზარული ხმით ვუთხარი. გაშრა ქალი, შემოიკრა სახეზე ხელი. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ბოლოს, - მთელი ცხოვრება წინ გაქვსო, - ჩაიბუტბუტა...

საქართველოში ქალები დაახლოებით 30 წლამდე ისმენენ ასეთ შეკითხვებს, მერე ფორმულირება იცვლება და დიდაქტიკური დარიგებების სერია იწყება, რომელიც შენს თავმოყვარეობაზე გადალაჯებით გრძელდება: "შენი მოსაწონი კაცი როგორ ვერ ნახე?" "რა იყო, ამდენს დადიხარ, მუშაობ და ერთი კარგი ბიჭი ვერ გამოიჭირე?" "ალბათ, ძალიან წუნია ხარ, ასე არ შეიძლება, რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭო. არავინაა იდეალური, ჭვიანი გოგო ხარ და კი უნდა იცოდე ეს... შენ რა, იდეალური ხარ?" ანდა: "შვილი მაინც არ გინდა? გათხოვდი, გააჩინე და თუ არ მოგეწონა, წამოდი სახლში. დღეს ისეთი დროა, გაშორება აღარავის უკვირს, სიბერეში მომვლელი ხომ გინდა?!"

როცა უკვე 35 წლის ხდები, თითქმის აღარავინ არაფერს გეკითხება. შენი თანატოლების უმეტესობას, უკვე დიდი ხნის ოჯახები აქვთ, ზოგს მეორე ან მესამეც კი, ერთი-ორმა უკვე შვილიც გაათხოვა. ადრეულ ასაკში დაოჯახებულ რამდენიმე ადამიანს მეორე ნახევართან აღარაფერი აქვს საერთო, მხოლოდ შვილი ან შვილები აკავშირებთ, მაგრამ ბედს შეგუებული ცხოვრებისეულ დინებას დუნედ მიჰყვებიან და სულაც არ აპირებენ რამე შეცვალონ.

ბევრის აზრით, როცა ქალი 30 წელს გადააბიჯებს და არ თხოვდება, უკვე "ჩაწოლილი საქონელია" ანდა "კარადაში დანაფტალინებული ძველი სამოსი", რომელიც მოდიდან ისე გადავიდა, არავინ მოირგო. ასე რომ, ის უკვე აღარ არის საინტერესო, ახალი თაობა მოდის, ახლა ისაა სამიზნე...

თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ, არც განსაკუთრებული გარეგნული მონაცემებით გამოვირჩევი და ალბათ, არც ზებუნებრივი ნიჭით. სკოლისა და უმაღლესის დამთავრების შემდეგ, სამსახური დავიწყე და მას მერე წლებია, ერთ პროფესიას ვემსახურები. საყვარელ საქმეს ვაკეთებ და არ მბეზრდება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შრომის შესაბამისი ანაზღაურება მაქვს. ვცხოვრობ ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ვერ იტყვი, ლამაზიაო, თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდა. თუმცა, ეს სიტყვა არ მიყვარს, კერპთან ვაკავშირებ. ჰოდა, მეც არავის კერპი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ბევრ მამრობითი სქესის წარმომადგენელს მოვწონდი. ზოგჯერ დავფიქრდები, მინდა დავითვალო, მაგრამ შეუძლებელია, რადგან ზოგიერთის არც სახე მახსოვს, არც სახელი. ალბათ, ასე ხდება მაშინ, როცა შენ ვიღაცის მიმართ ინტერესი არ გაქვს ან მისი სიტყვებისა და რაიმე ქმედების გამო კარგავ თავდაპირველად გაჩენილ ინტერესს. მაგრამ მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია, არა?! ჰოდა, იყვნენ როგორც "ხარისხიანები", ისე "უხარისხოებიც". ეს უკანასკნელი ალბათ, უფრო ხშირად. უზრდელებიც, მატყუარებიც, უპრინციპოებიც, შეუგნებლებიც, თუმცა, ალბათ ჯობია, ის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, რომელსაც დღემდე ვერ ივიწყებენ ჩემი დაქალები...

მოკლედ, იყო ერთი ბიჭი, სამხედრო. პირველ შეხვედრაზე რუსთაველზე გავისეირნეთ, ასე - 40-45 წუთით. მეორე შეხვედრაზე მასშტაბები გაზარდა და, - ფუნიკულიორზე ავიდეთ. რუსთაველის მეტროსთან ავტობუსი ჩერდებაო. იქ შევხვდით. ჩავსხედით. "ბომბორასთან" ასულები, ავტობუსიდან რომ ჩავდიოდით, წინ ის იდგა. ვატყობდი, ბილეთის აღებას არ აპირებდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ კონტროლიორები და არავინ გამოწმებდა. დავიბენი, შემრცხვა. ეტყობა, სახეზე დამეწერა და განმიმარტა: მე ავტობუსში ბილეთს არასოდეს ვიღებ, შენც ისე ჩამოდიო. მომერიდა ბილეთი მეყიდა. ვიფიქრე, მამაკაცური ღირსება შეელახება-მეთქი და ქურდივით ჩავიპარე. რომელ "საქანელაზე" დავსხდეთო? - არც ერთი არ მინდა-მეთქი. - რას დალევ, წვენი არ გინდაო? - არც ეგ მინდა-მეთქი. ვფიქრობდი, ეს ავტობუსში არ იხდის ფულს და რამეს როგორ ვაყიდვინებ-მეთქი? ვიარეთ ბევრი, მერე სკამზე დავსხედით. ძირითადად ის ლაპარაკობდა, მე ვუსმენდი. ბოლოს ვუთხარი, - მგონი, დროა, წავიდეთ-მეთქი. ბოლო ავტობუსი ხალხით იყო გაძეძგილი, ამიტომ მითხრა, - მოდი, ფეხით გავიაროთო. დავადექით გზას და თან ვფიქრობ, უკვე ბნელა, ირგვლივ ტყეა, ვიღაც მანიაკი რომ აღმოჩნდეს და რომელიმე ნაძვის ძირში ყელი გამომჭრას, ხომ ვარ ღირსი-მეთქი? ტაქსები მოძრაობენ და მეც იმედს ვებღაუჭები, აი, ახლა აუწევს რომელიმეს ხელს, აი, ახლა, მაგრამ შენც არ მომიკვდე! სამსახურიდან დაღლილი და უჭმელი, პირდაპირ მასთან შესახვედრად მისული, ფეხებს ვეღარ მივათრევ. ჩამოვედით ტაბახმელის გადასახვევთან და ისევ ვფიქრობ, - ახლა მე რომ ტაქსი გავაჩერო, ამით თავმოყვარეობა არ შევულახო-მეთქი. ბოლოს ფეხის ყველა კუნთი, თითი და ტერფი რომ ამტკივდა და ეს ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ამოვიკნავლე, - შენ ალბათ შეჩვეული ხარ კილომეტრობით სიარულს, მეც ბევრს დავდივარ, მაგრამ ახლა ძალიან დავიღალე, მშია, მცხელა, ფეხები მტკივა, სახლში მინდა, ტაქსს გავაჩერებ-მეთქი. მომიბრუნდა და სრული სერიოზულობოთ მითხრა: ფეხზე ფრჩხილები გექნება დასაჭრელი და მაგიტომო...

სახლში როგორ შევლასლასდი, ვერ აღვწერ. ფეხზე რომ გავიხადე, ყველა თითიდან სისხლი მდიოდა. სახლიდან სამი დღე არ გავსულვარ. ის კი რეკავდა და რეკავდა, რატომ აღარ მხვდებიო? ახსნა არ შემეძლო ან რა მეთქვა?! ბოლოს დაასკვნა, - საუბარში ვთქვი, რომ მამაჩემს მეხუთე ცოლი ჰყავს და ალბათ ამან შეგაშინა, იფიქრე, შვილსაც მისი გენები ექნება და ამიტომ აღარ მხვდები. არადა, მას სულ არ ვგავარ, მაგრამ რადგან ჩემი უკეთ გაცნობა არ გინდა, რა გაეწყობაო. არა, რა დასკვნა "დადო"?..

სხვა შემთხვევებიც არანაკლები ორიგინალურობით გამოირჩევა. ასე მაგალითად: შემთხვევით გავიცანი კაცი, რომელმაც პირველსავე ნახვაზე გული გადამიშალა და თავისი სიყვარულის ტრაგიკულობას გაუსვა ხაზი. საზღვარგარეთ ცხოვრებისას ქართველი შეყვარებული ჰყავდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღესაც, იმ გოგონამ სთხოვა, მანქანის ტარება მასწავლეო და ამანაც, საჭესთან დასვა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, ტრასაზე გასულებს მანქანა დაეჯახათ. გოგონა ადგილზევე დაიღუპა, ეს გადარჩა, თუმცა მძიმედ იყო და საავადმყოფოში იწვა. მის გარდაცვალებას უმალავდნენ, მაგრამ მერე კაცს პოლიციამ მიაკითხა. როგორც მითხრა, იქაური კანონმდებლობით, სადაც ცხოვრობდა, ავტომანქანის მფლობელს არ ჰქონდა უფლება საჭესთან სხვა დაესვა. ამის გამო დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს... ძალიან შემეცოდა, ვიტირე კიდეც. რამდენჯერმე კიდევ შევხვდი. ზაფხული იყო და მაისურებს არ იცვამდა. სულ გრძელსახელოებიანი პერანგით დადიოდა. მითხრა, რომ სხეულზე უამრავი ტატუ ჰქონდა და გამოჩენის ერიდებოდა. ერთ-ერთს ხელის თითზე, ბეჭდით ფარავდა. არ მიკითხავს, ისე ამიხსნა, რომ ეს იმ გუნდის ემბლემა იყო, სადაც დაჭერამდე ვარჯიშობდა, მერე ზედ გარდაცვლილი გოგონას სახელი ამოისვირინგა. მოშორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მე გამიცნო და ვინაიდან საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო, მთხოვა გამეკითხა სპეციალისტი, ვინც ტატუს გაუქრობდა. რა თქმა უნდა, დავფაცურდი და მივიყვანე. მე ოთახის გარეთ ველოდი. მოაშორეს. მერე იოდიც კი წავუსვი გასივებულ თითზე, სულიც ვუბერე დიდხანს და ბოლოს ბინტით გადავუხვიე. გავიდა რამდენიმე დღე და ტატუს ოსტატი ქუჩაში შემხვდა. მეუბნება, როგორაა შენი მეგობარი? მუშაობისას ამხელა კაცი ლამის ხელში ჩამაკვდა. ისე ეშინოდა, ორჯერ მოვასულიერე, მაგრამ კარგია, თუ ციხეში გაკეთებული ყველა ქურდული ტატუს მოშორება და ცხოვრების წესის შეცვლა გადაწყვიტაო. ვიფიქრე, რას ბოდავს, რა ქურდი, რის ქურდი-მეთქი, მაგრამ თურმე, სად ვარ?! არანაირი გარდაცვლილი შეყვარებული და ავტოკატასტროფა არ ყოფილა მის ცხოვრებაში. ის ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი იყო, რომელიც ჩვენი გაცნობიდან რამდენიმე თვეში საქართველოშიც დაიჭირეს და როგორც მერე გავიგე, ციხიდან გამოსული ბერად აღიკვეცა.

ეს მესამე ამბავი ჩემი სადაქალოს ფავორიტია: გამოფენაზე საერთო ნაცნობმა მხატვარმა საკმაოდ სიმპათიური და დახვეწილი მისი უმცროსი კოლეგა გამაცნო. საუბარში გალერეებთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებით დაინტერესდა და ნომერი მთხოვა. რა თქმა უნდა, ჩავაწერინე. როგორც მერე მითხრა, პირველსავე დანახვაზე მოვეწონე და გალერეა საბაბი იყო ჩემთან დასაკავშირებლად. ჰოდა, საქმიანი ურთიერთობიდან კომპლიმენტებზე გადავიდა. სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით. ერთ საღამოს ყავაზე დამპატიჟა. წავედი. თავად ჯერ ლუდი დალია, მერე ვისკი შეუკვეთა. მალევე დათვრა. იმავე დღეს მიამბო, რომ ცოლს იყო გაშორებული, ორი შვილი ჰყავდა. დაშორების ერთ-ერთი მიზეზი მატერიალური პრობლემები იყო. ვინაიდან ეს ბიჭი ოჯახს შეკვეთებისა და ნამუშევრების გაყიდვით შემოსული თანხით არჩენდა, ცოლი იძულებული გახლდათ, ორ სამსახურში ევლო, ერთ-ერთში კვირაში რამდენჯერმე ღამისთევა უწევდა. კაცი ამის წინააღმდეგი იყო, ამ თემაზე კონფლიქტის პირველი ნიშნებიც მალე გაჩნდა და საბოლოოდ, ოჯახი დაინგრა. ის ძალიან მესიმპათიურა და ურთიერთობა გავაგრძელე. მეორედ უფრო გაიხსნა, თავის უიღბლობასა და დაუფასებელ ნიჭზე ალაპარაკდა, - ვალებში ვიხრჩობი. ახლახან შემოთავაზება მომივიდა საზღვარგარეთ გამოფენა-გაყიდვაზე მონაწილეობის მისაღებად და წასასვლელი ფული არ მაქვს. იქნებ ინტერნეტსესხი გამაკეთებინო, ნახატებს რომ გავყიდი, გადავიხდიო. უარი ვუთხარი, რადგან იმ დროს უკვე "დიდი გოგო" ვიყავი და წარსულში მიღებული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ახალგაცნობილებს მარტივად აღარ ვენდობოდი. გასამგზავრებელი თანხა ბიძაშვილმა თუ მამიდაშვილმა მისცა და ესეც წავიდა. 3 კვირით იყო წასული. დროდადრო მწერდა, რომ ძალიან ვენატრებოდი და ერთი სული ჰქონდა, როდის დაბრუნდებოდა...

სოციალურ ქსელში ფოტოებს რომ აქვეყნებდა, მის გვერდით სულ ვიღაც წითელთმიანი ქალი იდგა. მარტივად შეატყობდი, რომ ბიჭს თვალებში შესციცინებდა. მიუხედავად იმისა, რომ დედად ერგებოდა, ეს მზერა არ იყო დედობრივი. ეგრევე ვიფიქრე, ამ ქალს მოსწონს-მეთქი და ჩემს უიღბლო მხატვარს ვკითხე კიდეც, მაგრამ ისე მტიცედ იუარა, ჩემი კითხვის თავადვე შემრცხვა.

ჩამოვიდა, ვნახე, სულ ხელები მიკოცნა. დღე და საათი ჰქონდა დათვლილი, რაც არ ვენახე. მხოლოდ ორიოდე ნამუშევარი გაეყიდა და ისიც იქვე დაეხარჯა. გამოსამგზავრებელი ბილეთის ფულიც კი იქ კოლეგებმა შეუგროვეს, მაგრამ როგორც მითხრა, ნამუშევრები უკან რომ წამოეღო, თავისი პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის დატოვებამ მოუწია, მათ შორის, საყვარელი მაისურების. მოვკვდი და აღარ დავრჩი. დავამშვიდე, დავაიმედე. ისიც გაინაბა. ყველა კაცს გვერდით შენნაირი ქალი უნდა ჰყავდესო, - თქვა და საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე ჩამოაგდო. იმ დღეს ფეხით წავიდა სახლში. მომდევნო დღეებშიც ჩემს სანახავად ფეხით მოდიოდა და მიდიოდა. თმა ჰქონდა შესაჭრელი, გაბურძგნილი დაიარებოდა. ერთ დღეს, ვითომ ძალიან მინდოდა თმის შეჭრა, ვუთხარი, - დღეს თმას ვიჭრი, შემოდი შენც, წინასწარ უკვე გადახდილი მაქვს-მეთქი. "შევჭერი" თმა და წავიდა ისევ ფეხით სახლში. მერე მაღაზიაში წავედი, მაისური ვყიდე და სახლში დავადექი, "დავუსიურპრიზე". გაუხარდა, მადლობა გადამიხადა. მაისური გავუუთოე, ჩავაცვი და გამოვედით გარეთ, სასეირნოდ... იმ საღამოს ბევრი ვიჯამბაზე, რომ გამერთო და მისთვის კომპლექსები მომეხსნა.

გათენდა მომდევნო დღე და თუ აქამდე დილაუთენია მწერდა, იმ დღეს არ გამოჩენილა. მივწერე, არ მიპასუხა, დავრეკე - არ მიპასუხა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. ვიფიქრე, ალბათ ცუდ ხასიათზეა და თავად გამოჩნდება-მეთქი. ხუთი დღის მერე მომწერა: სოფელში ბებიასთან წავედი, თან უცხოელი სტუმრები მყავს და საქართველო უნდა დავათვალიერებინოო. "გაუჩინარებიდან" ათი დღის თავზე კი სოციალურ ქსელში მის გვერდზე გაჩნდა ფოტო, რომელზეც ფუნიკულიორზე პოზირებდა წითელთმიან ქალთან (იმასთან, რამდენიმე კვირის წინ საზღვარგარეთ რომ გაიცნო), ახალგაკრეჭილი თავითა და ჩემი ნაჩუქარი მაისურით. კომენტარებში ვკითხულობ: "გილოცავთ, ბედნიერები იყავით!" "ვაიმე, როგორ უხდებით ერთმანეთს". "სუპერწყვილი", "გკოცნით" და იქვეა მრავალი გული.

ერთად არიან დღესაც. წითელთმიანმა ეს ბიჭი თავისთან წაიყვანა. სახელოსნო მოუწყო, გამოფენებს უმართავს, აპიარებს. ცხოვრობენ სამნი: ქალი, კაცი და იმ წითელთმიანის შვილი, რომელიც, როგორც ჩანს, პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ნუთუ, საკმარისი არ არის ეს ყველაფერი იმისათვის, რომ აღარ დაისვას შეკითხვა: "არ თხოვდები?" ამიტომ, აქ გავჩერდები...

დაბოლოს, ისიც უნდა ვთქვა, რომ სულ უკუნი კი არაა, ზოგჯერ ცაზე მზეც ანათებს. რასაკვირველია, ჩვენს რეალობაში საბედნიეროდ, არსებობენ ისეთი მამაკაცებიც, რომლებსაც ზემოთ მოყვანილ სამ შეთხვევასთან არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ მათ უკვე დიდი ხანია, ნაპოვნი აქვთ თავშესაფარი და თავისი თბილი ბუდე.

და, რა თქმა უნდა, მეც შევხვედრივარ ასეთს, მიყვარდა და ალბათ, მასაც ვუყვარდი, მაგრამ ეს უკვე ის შემთხვევაა, რომელზეც საჯაროდ არ ვლაპარაკობ. ეს ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული იყო, რომელმაც დატოვა ტკივილი და ამ ყველაფერს არც ერთი სიტყვა, ფრაზა და ფურცელი არ იტევს...