"ხერთვისის აჩრდილი" - "ის ჩემთვის ცოცხალია და ისევ ველოდები" - გზაპრესი

"ხერთვისის აჩრდილი" - "ის ჩემთვის ცოცხალია და ისევ ველოდები"

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოცეკვავე, მსახიობი, სახალხო ანსამბლ "ხერთვისის" სამხატვრო ხელმძღვანელი - ვანო წიკლაური მუხანათურად გამოასალმეს წუთისოფელს. ამ გამორჩეულად თბილ, მოსიყვარულე და კეთილ ადამიანზე მისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნაცნობების მონოლოგები თითქმის ყოველდღიურად, უწყვეტად ვრცელდება სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, თბილისში, ქერჩის ქუჩაზე არსებულ სარეპეტიციო დარბაზში, 30 წლის ვანო წიკლაური მოკლეს. სარეპეტიციო დარბაზში ანსამბლის ხელმძღვანელი ჩვეულებისამებრ, ანსამბლის წევრებზე ადრე მივიდა, მკვლელიც მალევე შეჰყვა და თავში ორჯერ მიჯრით ესროლა. სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ზაზა ალექსიძე (მასობრივი ღონისძიებების წამყვანი მსახიობი):

"მე ასეთი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, წარმატებული ახალგაზრდა იშვიათად შემხვედრია. ანსამბლს ასეთი შემართებით გაუძღვე და წინაპართა დანერგილი ტრადიციები და სტილი, ასე ერთგულად მოიტანო დღემდე, ამ თანამედროვეობაში - ეს ადვილი არ არის. ვანო მარტო ამ თვითმყოფადობით კი არ იყო გამორჩეული, არამედ თავისი ცეკვითაც, მსგავსი ტრიუკების დახუნძვლის დიდოსტატი ცოტა მინახავს და შემხვედრია. თუ ვინმემ ვანო წიკლაური დაკარგა, პირველ რიგში, ქართულმა ქორეოგრაფიამ. მე ის გარდაცვლილი არ მინახავს და ამიტომაც არ ვთვლი, რომ ამქვეყნად აღარ არის. ის ჩემთვის ცოცხალია და ისევ ველოდები, ყველგან და ყოველთვის..."

ზურა ბარბაქაძე, ფანდურა (მომღერალი): "ვანო ოჯახს, სამეგობროს, ანსამბლ "ხერთვისს" და მთელ საქართველოს დააკლდა. როგორი მართალი ქართველიც ვანო იყო, ისეთები ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას. უღალატო და უანგარო იყო ყველაფერში. ვენაცვალე მის სულს..."

ზალიკო გამყრელიძე (საქართველოს ეროვნული ფილარმონიის გენერალური მენეჯერი): "გაოგნებული ვარ ასეთი შესანიშნავი ახალგაზრდის, ღირებული ქორეოგრაფისა და ამ უდავოდ წარმატებული ვაჟკაცის მკვლელობით. როგორ გაიმეტეთ, როგორ შეძელით, ვანოსთვის ტყვია გესროლათ? მადლიანი, მორიდებული, თავაზიანი ბიჭი უფროსებს მოკრძალებით ესაუბრებოდა, თანაც ისე, რომ სახეზე ღიმილი გადაჰკრავდა. რამდენჯერმე მოგიბოდიშებდა, შეგაწუხეთო. იუნესკოს საბჭოს პრეზიდენტმა - ალკის რაფტისმა, რომელმაც ნახა და გაიცნო, აღფრთოვანებული დარჩა მისი შემართების განუმეორებლობით. დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და უშურველად გადასცა ვანოს ჩID-ის წევრობის სერტიფიკატი, უფრო მეტიც, სერიოზულად ფიქრობდა მის დაფინანსებაზე და ქორეოგრაფიის საერთაშორისო სასწავლებელში გაშვებაზე. გვთხოვა კიდეც, იქნებ ენის ბარიერი როგორმე დააძლევინოთო. მისი ანსამბლის საგასტროლო გეგმაც დაისახა მიზნად...

დღემდე ვწუხვართ, განვიცდით და დიდი გულისტკივილით ვგოდებთ. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს..."GzaPress

თამუნა ალადაშვილი (მომღერალი, რომელმაც მიუძღვნა სიმღერა "ვერ დაგაბრუნებ"):

"ადამიანები ვიბადებით და მერე ვიბრძვით დამკვიდრებისთვის. რჩეულთათვის ნაცნობია და შესაბამისად, საპასუხისმგებლოც, სიყვარულით გადადგმული ყველა ნაბიჯი და თვალებში არეკლილი საკუთარი შემოქმედება. მესმოდა მისი სულისკვეთება, როგორც ნამდვილი ხელოვანის... ადვილი არ არის, ყველაფერი აკეთო სიკეთით და სიყვარულით, მას კი ეს შეეძლო... თუმცა, დიდხანს აღარ დაგვცალდა. ისე მეტყოდა, - რა დროს დაღლაა, იცეკვე და გადაგივლისო, რომ აუცეკვებლადაც გადამივლიდა. რატომღაც ამოვიჩემეთ "ხერთვისის აჩრდილი". აჩრდილი - არა, ის "ხერთვისის" მფარველი ანგელოზია. მისი ნაბიჯების კვალდაკვალ ისევ იზრდება მომავალი თაობა და მადლობა იმ დიდ ოჯახს იმისთვის, რომ ვანო დღესაც ცოცხალია..."

ნინო ღავთაძე (მომღერალი):

"ჩვენ ერთად ვმუშაობდით. საოცრად აქტიური ადამიანი იყო, უთბილესი და უსაყვარლესი. მანებივრებდა ვარდებით... გული მტკივა, რომ კონკრეტული ადამიანების გამო, ის მეგობრებს აღარ გვყავს..."

ლაშა ხვიბლიანი (მოცეკვავე):

"ბავშვობა ერთად გავატარეთ. მე ანსამბლ "ხერთვისის" მეორე თაობის მოცეკვავე ვიყავი, ვანო - მესამე თაობისა. ჯემალ სამხარაულის გარდაცვალების შემდეგ, მცირე ასაკის მიუხედავად, ვანომ ქორეოგრაფობა შეითავსა და შეუძლებელიც შეძლო. ჩემი უფროსი ქალიშვილი მისი აღზრდილია. სამწუხაროდ, ჩემს უმცროს ვაჟს ვანოს შემდეგ მოუწია ცეკვის დაწყებამ... ახლა ვანოს გარეშე, სიფრთხილითა და გულისყურით მივყვებით ცხოვრების დინებას..."

ნინო (მთისა) ყველაშვილი (პოეტი):

"ვერ მოკლეს, მაინც დარბაზშია, სცენაზე და რეპეტიციაზე, კულისებში, ჩვენს გულებში... ის რომ მოკლათ, ყველა მისი მეგობარი უნდა ამოხოცოთ, რათა მასზე მოგონებები აღარ დაგვრჩეს, ასეთები კი ბევრნი ვართ და კიდევ დიდხანს და უსასრულოდ გავიტანთ მის სახელს..."

ლიკა ჯანანაშვილი