ორდიპლომიანები... - გზაპრესი

ორდიპლომიანები...

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში ძველ ნაცნობს - ძია შოთას შევხვდი, რომელიც პედაგოგია და არაერთი თაობა დააფრთიანა ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე. დაახლოებით ათი წელი სკოლის დირექტორიც იყო და მის ხელში ისეთი მოწესრიგებული გახლდათ ის სკოლა, რომ უფროსებიც და უმცროსებიც ყველანი ერთნაირად ემადლიერებოდნენ. არ ვიცოდი, თანამდებობა თუ დაატოვებინეს და ამიტომ, მოკითხვის შემდეგ ვუთხარი:

- ალბათ, სექტემბერს მოუთმენლად ელით...

გაკვირვებულმა შემომხედა და მიპასუხა:

- რამდენიმე წელიწადია, რაც აღარც დირექტორი ვარ და სკოლიდანაც წამოვედი. ისე გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მიკროინფარქტიც კი მივიღე, მაგრამ რადგან სამოცდახუთი წელი შემისრულდა და პენსია დამენიშნა, კანონით, აღარ მქონდა უფლება დირექტორთა კონკურსში მონაწილეობის. უფლება რომც მოეცათ, იმდენად მიუღებელია ჩემთვის პედაგოგთა და დირექტორთა საკონკურსო წესები, არ ვიკადრე ამ დონეზე დაცემა და თავი არ გავაპამპულავებინე იმათ, ვინც იმის ნახევარიც არ იცის, რაც ჩვენმა მასწავლებლობამ, თორემ ბევრად უკეთესი წესების შემუშავება შეიძლებოდა, რომ არც მასწავლებელს ეგრძნო თავი შეურაცხყოფილად და მათი პროფესიონალიზმის შემოწმებაც რეალურად ყოფილიყო შესაძლებელი... წამოვედი და როგორღაც გადავიტანე პირველი საშინელი თვეები. ახლა კმაყოფილიც კი ვარ, რომ ასე მოხდა: პედაგოგის შრომა ურთულესია. თუ მართლა გულით ეკიდები ბავშვთა აღზრდის საქმეს, მუდმივად სტრესში ხარ და გულიც ამიტომ "გამიცვდა", ალბათ. ჩემს ბიძაშვილს მარკეტი აქვს და რადგან უსაქმოდ ყოფნა არ შემეძლო, ვთხოვე და ღამის დარაჯად ამიყვანა...

- სკოლის დირექტორობიდან ღამის დარაჯად წახვედით?! - გამიკვირდა და გულიც დამწყდა ძია შოთას გამო.

- რა მოხდა, მერე, შვილო, ამაში ვერც სამარცხვინოს ვხედავ რამეს და ვერც დასაძრახს. ჩვენი პარლამენტარებივით და მთავრობის წევრებივით ხომ არ დავაკვდებოდი თანამდებობას და სავარძელს? მუშაობა მინდოდა და აქაც მომაქვს სარგებელი. პენსიას ცოტა ხელფასიც ემატება და გამაქვს თავი...

- ორი დიპლომი?!

- მათ უკვე გააკეთეს თავისი საქმე და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები დღემდე სიყვარულით მხვდებიან, დანარჩენი კი წარმავალია და ადრე თუ გვიან, ყველა უნდა შეეგუოს "ჩამოლაბორანტებას"... - დამამშვიდა და კეთილი ღიმილით დამემშვიდობა.

მე მაინც ავფორიაქდი. წარმოდგენაც არ მინდა იმის, რა დამემართება, ვინმემ წერა რომ ამიკრძალოს...

ძია შოთასთან შეხვედრის შემდეგ შედარებით ახალგაზრდა ახლობელი - გურამი შემხვდა, რომელსაც ერთ-ერთ ფირმაში დისტრიბუტორად დაუწყია მუშაობა და არც მტვირთავობაზე ამბობს უარს, როცა საქმე მოითხოვს. არადა, მასაც ორი დიპლომი აქვს: სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და რადგან მრეწველობა უიმედოდ განადგურდა საქართველოში, მეორედ პრესტიჟულ საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე მოეწყო:

- ვიდრე პროფესიით დასაქმებას ვეღირსებოდი, დამიწყდებოდა ცოლ-შვილი შიმშილით. ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში ნაცნობობისა და გავლენიანი ახლობლების დახმარების გარეშე, მნიშვნელოვან თანამდებობას არავინ გაღირსებს. არც ბუნებით ვარ ისეთი, რომ დამოუკიდებლად "წავისვა ვაზელინი". ახლა იმას უფრო ვნანობ, სწავლით თავს რომ ვიკლავდი. შვილებს არაფერს დავაძალებ. მხოლოდ შრომის სიყვარულს ვასწავლი და არც დისტრიბუტორობაა ცუდი, როცა ალღოს აუღებ...

ტაქსისტებს არ ვახსენებ-მეთქი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩემი ახლობლის შვილმა - 22 წლის ზურამ დაიწყო ტაქსის მძღოლად მუშაობა, რომელმაც წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი და წესით, მისი მსგავსების დასაქმებით სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ მან ვაკანსიაც ვერ აღმოაჩინა თავისი განათლების შესაფერისი (სამედიცინო აპარატურის ექსპერტ-შემფასებელი თუ რაღაც მსგავსია): ასეთი სპეციალისტი ქვეყანას სულ ასიოდე სჭირდებაო, - უთხრეს და თუ ასეა, ყოველ წელიწადს რაღას აცხადებენ მიღებას და ატყუებენ უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ვერასოდეს ეღირსება ალბათ დასაქმებას...

...დავინტერესდი და შემთხვევით შემხვედრებს ვკითხე, ჰქონდათ თუ არა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და ნახევარ საათში აღმოვაჩინე: გარემოვაჭრე პედაგოგის დიპლომით, სტილისტი ასევე პედაგოგის დიპლომით, ინჟინერი, რომელიც ბაზარში კონტროლიორად მუშაობს და მოვაჭრეებს ჩეკებს უწერს, მეეზოვე-ფილოსოფოსი, რომელმაც საკუთარ თავს დასცინა: დილიდან საღამომდე ვგვი ქალაქის უგრძეს ქუჩებს და ვფილოსოფოსობ ჩემთვის, წუთისოფლის ვერაგობაზეო...

...და მაინც, პარადოქსების ქვეყანაა საქართველო: ასეთ რეალობაშიც კი ყველა ცდილობს, შვილი უდიპლომოდ არ დაურჩეს და ტყავს იძრობს ხალხი, რომ მათი სწავლა დააფინანსოს. არადა, რისთვის? ცხადზე უცხადესია, რომ დიპლომიანთა მხოლოდ 5-10% ახერხებს განათლების შესაბამისად დასაქმდეს და დანარჩენები რატომ არ იაზრებენ რეალობას, რომელიც ასე ცხადია?!

ინგა ჯაყელი