იმე­დი­ა­ნი ქე­თი და უპა­სუ­ხოდ დარ­ჩე­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი - გზაპრესი

იმე­დი­ა­ნი ქე­თი და უპა­სუ­ხოდ დარ­ჩე­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი

რამდენიმე წლის წინ, დიდი ენთუზიაზმით დავიწყე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე მუშაობა. საქართველოში შშმ პირები ჯერ კიდევ ითვლებიან "ზედმეტ" ადამიანებად და ამის საფუძველი ის არის, რომ თავად ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები არ მოითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას ორგანიზებულად. არც ის იქნება ახალი, თუ ვიტყვი, რომ შშმ პირების მენტალური და ფიზიკური პროგრესირების მცდელობას ამოფარებულმა ადამიანებმა, მილიონობით თანხა არამიზნობრივად დახარჯეს, რის გამოც, პრობლემები პრობლემებადვე დარჩა. არაერთხელ დამიწერია ძლიერი სულის ადამიანებზე, თუმცა, დგება დრო, როცა ისინიც იღლებიან უპერსპექტივობის გამო.

ქეთევან ჭიღლაძე პირველად ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ვნახე. დღის ცენტრის სანახავად მაშინ ჭიათურიდან ჩავედი და რადგან ეს დაწესებულება არც ისე იოლი მისაგნები იყო, "ონლაინნაცნობი" ქეთევანი გზის პირას დამხვდა. ცივი ქარი ქროდა, ის კი მოთმინებით, ეტლში მჯდომი მელოდა. იმ დღეს მის შესახებ გავიგე, რომ თავისი და სხვა პირების უფლებებისთვის სამაგალითოდ იბრძოდა, თუმცა, წლების მერე ვხედავ, რომ ამ ბრძოლის შედეგი არც ისე მომხიბვლელია...

ქეთევანი ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაიბადა. ლაღი, მოუსვენარი და ენერგიული ბავშვი იყო. 6 წლის ასაკში მოიწამლა (სავარაუდოდ, კიტრით) და 7-საათიანი კლინიკური სიკვდილის შემდეგ, ამქვეყნიურობას დაუბრუნდა. თითქოს ყველაფერი კარგად გრძელდებოდა, სწავლობდა სანიმუშოდ, უყვარდა სპორტი (განსაკუთრებით, ხელბურთი), მაგრამ 15 წლისას მდგომარეობა გაუუარესდა. კუნთების ატროფიამ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირად აქცია და უკვე 11 წელია, ეტლით გადაადგილდება.

საზოგადოების სტიგმური დამოკიდებულება გულს უკლავდა, მაგრამ სტერეოტიპის დამსხვრევას იმ დროს ბევრი არც ცდილობდა. "სახლში გამოკეტილი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, დისკომფორტი ყოველთვის მქონდა. თავიდან ეტლი ჩემთვის უცხო ნივთი იყო, ძალიან გამიჭირდა მასში ჩაჯდომა. როდესაც ქუჩაში გავდიოდი, ისეთი თვალებით მიყურებდნენ, ვხვდებოდი, რომ მათ ვეცოდებოდი. ხშირად მესმოდა შეძახილები: "საცოდავი", "რა კარგი გოგოა, რა სჭირს?" სიბრალულით და ცრემლით სავსე თვალები გულს მტკენდა. შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: "ქეთი, ცხოვრება გრძელდება, შენ უნდა შეძლო ეტლით ცხოვრება, ეს არ არის ტრაგედია!" - იხსენებს ჩემი რესპონდენტი.

ამის მერე დაიწყო თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა. თუმცა, ძნელია, შშმ პირმა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ამტკიცო იმ ქვეყანაში, სადაც შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონეებისთვისაც არ არსებობს ნორმალური შრომითი ბაზარი...

"2006 წელს ვისვენებდი ურეკში, სადაც შშმ პირთა ორგანიზაციის წევრები გავიცანი. მათ დავუმეგობრდი და გამიჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი იმ ორგანიზაციის წევრი, რომლის ხელმძღვანელი ქალბატონი გულიზა ჯავახაძეა. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეცვალოს შშმ პირების ცხოვრება სასიკეთოდ. დღესდღეობით, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი გვაქვს. ქალბატონი გულიზას გაცნობის შემდეგ, ჩემი ცხოვრება აქტიური გახდა. ნელ-ნელა გავიარე ადაპტაციის პერიოდი, უფრო მოტივირებული გავხდი, აღარ მქონდა დისკომფორტი ხალხის უცნაური მზერის გამო", - ამბობს ქეთი.

იმ ორგანიზაციის წევრები, რომელზეც ქეთი ამბობს, ძირითადად, ხელსაქმით არიან დაკავებული: ქარგავენ, ქსოვენ, ქმნიან ხატებს და შესაძლებლობის ფარგლებში, მონაწილეობენ სახელოვნებო და სპორტულ ღონისძიებებში. ქეთისთვის ქარგვა სულიერი სიმშვიდის გარანტიაა. ასეთ დროს ნაკლებად ფიქრობს თავის მდგომარეობაზე და შინაგანი სამყარო ნაქარგზე გადმოაქვს. სამწუხაროდ, ქართული ბაზარი არც ნაქარგებისთვისაა შესაშური...

სულიერი სიმტკიცის წყალობით, ქეთი 2007-2010 წლებში აქტიურად ჩაერთო ფოკუს-ჯგუფებთან სამუშაოდ, ატარებდა ტრენინგებს, გაიცნო ბევრი საინტერესო ადამიანი და თავადვე გახადა საკუთარი ცხოვრება ბევრად საინტერესო. საარჩევნო ადმინისტრაციაშიც იმუშავა, აქტიური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობაც შეძლო, 2015 წლიდან სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის მონიტორინგისა და იმპლემენტაციის საბჭოს მიწვეული წევრიცაა. ბავშვობიდან ოცნებობდა ჟურნალისტობაზე და სტატიებს აწვდიდა "განსაკუთრებულ ჟურნალს", თუმცა, ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმიდან ამოვარდნის დიდი საშიშროება თანდათან იზრდება. ამის შესახებ ერთმა მეგობარმა მომწერა, ქეთის სერიოზული პრობლემა აქვს და ეგებ, "გზამ" ყურადღება დაუთმოს, მცდელობას მუდამ აქვს აზრიო.GzaPress

პრობლემის შესახებ თავად ქეთის დავეკითხე. გაირკვა, რომ არსებობს ორი შესაძლებლობა, ორივე თითქმის შეუძლებელი ქეთის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით: ხერხემლის ოპერაცია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს თურქეთში და 60 ათას დოლარზე მეტი ღირს ან სარეაბილიტაციო კურსი გაიაროს, რომლის ფასიც 7 ათას დოლარს აღემატება.

ქეთი ჭიღლაძე: "ეს ოპერაცია არის ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ხერხემალზე მაქვს წამონაზარდი, რომელიც უნდა მოიკვეთოს. ის თანდათან იზრდება, აწვება ნერვს, შეიძლება, გაწყვიტოს ნერვი და შეგრძნება დამეკარგოს. ამ ოპერაციით, შანსი მეძლევა, გავიარო ფეხზე, მაგრამ ჩემს ოჯახს ამის საშუალება არა აქვს. დასახმარებლად მივმართე ჯანდაცვის მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ყველასგან უარი მივიღე. მინდოდა მონაწილეობა სატელევიზიო შოუებში, მაგრამ არანაირი პასუხი არც ერთი პოპულარული გადაცემიდან არ მიმიღია და გული ძალიან დამწყდა. სამწუხაროდ, საქართველოში ყველგან ახლობელი და კარგი ნაცნობი უნდა გყავდეს, ყურადღება რომ მოგაქციონ. 25 მაისს კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართე დახმარების თხოვნით, წერილს დავურთე ყველა საჭირო დოკუმენტაცია და 1 თვის შემდეგ მომივიდა წერილობით პასუხი: მეთქვა უარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მეგონა, სარეაბილიტაციო ხარჯებს მაინც ამინაზღაურებდა სახელმწიფო, რომლის მეთაურებსაც ჩამოჰყავთ უცხოელი მომღერლები, მათ 5 მილიონს სიამოვნებით უხდიან, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის კი 7 ათასი დოლარი არ აქვთ. კატასტროფის ტოლფასია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მოხუცები კვდებიან შიმშილით, უწამლოდ; ბავშვებიც კვდებიან, თუ არ წაიყვანეს საზღვარგარეთ. როცა ამხელა სახელმწიფოში არ გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირებისათვის, არ შეიძლება, უამრავი ფული გადაყარო ტაშ-ფანდურაში. სრულწლოვნები ვერანაირ რეაბილიტაციურ-აბილიტაციურ მკურნალობას ვერ გავდივართ და ჩვენი ჯანმრთელობის ზოგადი თუ ფიზიკური მდგომარეობა დღით დღე უარესდება..."

საყოველთაო დაზღვევის მოცულობა 12 ათას ლარს მოითვლის, მაგრამ ქეთი ამ დაზღვევას ვერ იყენებს, რადგან დაზღვევა არ აფინანსებს არც ტომოგრაფიას, არც რეაბილიტაციას. შშმ პირთა რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7%-ს შეადგენს და სოციალურად გამართულ სახელმწიფოებში ისინი მუდმივად სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არიან. რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში შშმ პირებს და მათზე მზრუნველებს დაუჯერებელ სერვისებს სთავაზობენ, საქართველოში კი სიცოცხლე და ადამიანი ისევ "იაფია"...

ქეთის საქართველოს დატოვებაც არ უნდა (წესით, არც ერთი ევროპული სახელმწიფო მას უარს არ ეტყვის მიღებაზე, რადგან ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი აქვს მიღებული...) და ყოველ დილით ლოცულობს სამშობლოზე, მადლიან ადამიანზე, რომელიც შესაძლოა, გამოჩნდეს და დაეხმაროს.

შესაძლოა, თქვას ვინმემ, ქეთევანს ოჯახი ჰყავს, დედ-მამა, და-ძმა, ისინი რატომ არ ეხმარებიანო? ისინი, შესაძლებლობის ფარგლებში, მცდელობას არ აკლებენ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა რომ არ არის?!.

"ჩემს დედიკოს, რომელმაც მთელი თავისი ჯანმრთელობა შემომწირა და საერთოდ, ყველა შშმ პირის დედას, გმირად ვთვლი. დედიკო ყველაფერს აკეთებს, რომ კარგად ვიყო, ის ჩემი პირველი მესაიდუმლეა. დედა ყველაფერია ჩემთვის. მე თუ დღეს რამეს წარმოვადგენ და რამეს ვაკეთებ, ეს ყველაფერი ჩემი მშობლების და ჩემი ძმის დამსახურებაა", - ამბობს ქეთი...

ყველაზე დიდხანს ცოცხლობს იმედი. ქეთის აქვს იმედი, რომ უკეთ იქნება ყველაფერი და ოდესმე საოცნებო იერუსალიმის სიწმინდეებსაც მოილოცავს.

როლანდ ხოჯანაშვილი