რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ოჯა­ხი - მა­მა­კა­ცია, სის­ხ­ლი უდუღს ძარ­ღ­ვებ­ში და თუ აც­დუ­ნე­ბენ, ცდუნ­დე­ბა - გზაპრესი

რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ოჯა­ხი - მა­მა­კა­ცია, სის­ხ­ლი უდუღს ძარ­ღ­ვებ­ში და თუ აც­დუ­ნე­ბენ, ცდუნ­დე­ბა

"ხშირად ვკითხულობ თქვენს ჟურნალს და ვბრაზობ იმ ქალებზე, რომლებიც ქმრებისგან გარბიან, ოჯახებს ანგრევენ, კაცებზე იხოცავენ ხელებს. მეც ქალი ვარ. ბევრჯერ მეც ამიტანია სიმწარე, მაგრამ გადამიყლაპავს და ცხოვრებას შევბრძოლებივარ - სხვანაირად უბრალოდ, ვერ შეძლებ ბედნიერი იყო", - ეს სიტყვები 90 წლის ქალბატონ მარიამს ეკუთვნის, რომელმაც ინტერვიუს ჩასაწერად შინ მიმიპატიჟა. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ და მივხვდი, მასაც თავისი წილი სიმართლე აქვს, თუმცა, ვერაფრით დავარწმუნე, რომ ზოგჯერ მამაკაცები ყოველგვარი მიზეზის გარეშეც სცემენ ან სიტყვიერად შეურაცხყოფენ ქალებს. ყველაფერზე ჰქონდა თავისი პასუხი და ახლა სურს, საკუთარი გამოცდილება ახალგაზრდებს გაგვიზიაროს. წუხს, ოჯახები რომ ინგრევა და იმედოვნებს, - იქნებ, ჩემი ჩაგონებით გადავარჩინო ერი თუ არა, რამდენიმე სიყვარულით შექმნილი ოჯახი მაინცო...

- შვილო, ქალი ვარ მეც და ქალების მხარეს დავიჭერ ყოველთვის, მაგრამ ხშირად, ჩვენც ვცოდავთ კაცების წინაშე და მთავარია, ეს გავიაზროთ, რომ მაშინვე მივხვდებით, ყველა კაცი ერთნაირი არ არის. ძალიან მტკივა გული, ოჯახები რომ ინგრევა, განსაკუთრებით კი მაშინ განვიცდი, როცა ჩემს ახლობლებს ენგრევათ ცხოვრება, ასეთ დროს ვცდილობ, ქალს ვეჩიჩინო, რომ სამუდამოდ ნუ დაკარგავს იმას, რაც წლების მანძილზე უშენებია. თუმცა, ზოგიერთი ისეთი თავნებაა, თავისუფლებისკენ ისე მიეჩქარება, მოსწონს კიდეც ქმართან დაშორება და არანაირი აზრი არ აქვს მასთან საუბარს. რა ვქნა, შვილო, ასეთ ქალებს ვერასდროს გავუგებ...

- იქნებ იმდენად მძიმე ცხოვრება ჰქონდა ქმრის გვერდით, რომ უხარია, თავისუფლად სუნთქვის საშუალება თუ მიეცა...

- აი, რას ეძახით ახალგაზრდები თავისუფლად სუნთქვის საშუალებას? რა, მე თუ ქმარი მყავდა, ე.ი. მისი მონა ვიყავი? არავითარ შემთხვევაში! მოსიყვარულე ქმარი ცოლს მონად არ გაიხდის. უბრალოდ, ქალი ჭკვიანი უნდა იყოს და იცოდეს, მეორე ნახევარს როდის რა უთხრას, მისთვის სასურველი საქმეები როგორ გააკეთებინოს. ქალმა სიყვარული იარაღად უნდა აქციოს. კაცის მართვა სულაც არ არის ძნელი, მაგრამ ზოგჯერ, სუსტ სქესს აიტანს ხოლმე თავისი წერა და გამოსავალს გაშორებაში ხედავენ. იმას კი არ უფიქრდებიან, რამ მიიყვანა აქამდე საქმე. ოდესღაც სიყვარულით სავსე გული რამ გააცივა. იქნებ მიზეზი თვითონ არიან? მაგრამ არა, ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება გაცილებით იოლია.

- ვერ დაგეთანხმებით, თითქოს ყოველთვის ქალია ოჯახის დანგრევის მიზეზი...

- მერედა, რატომ? უმეტესწილად, ასეა, დამიჯერე. აი, წარმოიდგინე, კაცი მიდის მივლინებაში, რამდენიმე დღე იქ მუშაობს და თავისუფალ საათებში, თავს დასვენების უფლებას აძლევს. შემთხვევით ხვდება ქალს, რომელიც მას მაცდურად უღიმის და სთავაზობს იმას, რასაც შინ მყოფი მისი თავდაჭერილი ცოლი არასდროს იკადრებს. თქვენი აზრით, ასეთ დროს კაცი როგორ უნდა მოიქცეს?

- თავი უნდა შეიკავოს ღალატისგან...

- მე კი გეტყვით, რომ ნამდვილი კაცი ასე ვერასდროს მოიქცევა. ის მამაკაცია, სისხლი უდუღს ძარღვებში და თუ აცდუნებენ, ცდუნდება, მაგრამ ამით კი არ დამთავრებულა ყველაფერი! ეს ერთჯერადი გატაცებაა, წუთიერი ვნება, მერე კი კაცი ოჯახს უბრუნდება, სითბოთი და სიყვარულით სავსე ზრუნავს მეუღლეზე, შვილებზე. აი, იმ ქალს რომ გაჰკიდებოდა სამუდამოდ, რომელმაც ერთხელ აცდუნა, სხვა საკითხია, მაგრამ თუ ოჯახს დაუბრუნდა, ე.ი. ცოლი მისთვის ძვირფასია.

ცოლმა თუ გაიგო ეს ყველაფერი, ისე უნდა მოიქცეს, როგორც ყველა ღირსეული ქალი მოიქცეოდა: ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში გააგრძელოს. კაცს არ აგრძნობინოს, რომ რაიმე იცის და ეწყინა. შეიძლება, ძნელი ასატანია, მაგრამ შენ იმისთვის გქვია მეორე ნახევარი, რომ შეეცადო მის გაგებას. კაცია, ბოლოს და ბოლოს, ღალატობს ნებისყოფა, უძლურია გარკვეულ საკითხებში და რა ქნას? შეიძლება, არც უნდა ღალატი, მაგრამ თავს ვერ იკავებს. ვინ იცის, მერე როგორ დარდობენ ამას... წარმოიდგინეთ, აბა, ბავშვი მშიერია; რამდენიმე დღეა, არაფერი უჭამია. ვიღაცამ ცხვირწინ სასუსნავები ჩამოუტარა, საოცარი სურნელი აქვს ყველაფერს. ბავშვი ნერწყვმა ლამის დაახრჩოს. თქვენ მისი დედა ხართ, მაგრამ ვერაფერს შოულობთ, რომ აჭამოთ. ჰოდა, პატარამ საკვებს ხელი რომ წაავლოს დაუკითხავად და შეჭამოს, ამის გამო დატუქსავთ? იყვირებთ, რომ ბავშვმა საჭმელი მოიპარა და თავი გადაირჩინა? შვილს დაკარგავთ ცუდი საქციელის გამო?

- მაგრამ ეს სულ სხვა მაგალითია...

- არაფერიც! კარგად თუ დაფიქრდებით, იგივეა, დამშეულმა ბავშვმა სხვის ჯამში რომ ჩაიხედოს. კაცი წასულია რამდენიმე დღით, ცოლი გვერდით არ ჰყავს, მოთხოვნილებები აქვს და ვინმე თუ მის ცდუნებას გადაწყვეტს, შეუძლებელია, არ ცდუნდეს. ბებია მეუბნებოდა (ბრძენი ქალი იყო): ყველა კაცი ძაღლია. სადაც მოუნდება, იქ მოისაქმებს, მაგრამ გულს არ აჰყვე, გონიერება გამოიჩინე და ბედნიერი ოჯახი გექნებაო. მართალი იყო. რაც ჩემი ქმარი სხვა ქალებთან არის ნაძრომიალები, ყველა ვიცი და ყოველთვის რომ წიოკი ამეტეხა, ბუდეს ვერ შევინარჩუნებდით. ცხოვრება ისე გავლიეთ, იმას ჩემზე უკეთესი არავინ ჰყავდა და ჩვენი ბედნიერებით, გარშემო მყოფებიც ვერ ფარავდნენ სიხარულს. უკვირდათ, რომ ჩვენი გრძნობა წლებმა ვერ გააცივა. რა გააცივებდა, ყველანაირად და ყველაფერში ხელს ვუწყობდი და ისიც ხვდებოდა, მე მისთვის საოცარი განძი რომ ვიყავი და პატივით მეპყრობოდა.

- დავიჯერო, არასდროს გიეჭვიანიათ ისე, რომ ქმრისთვის გესაყვედურათ?

- რა მოხდა მერე, მეც მიეჭვიანია, მაგრამ ვცდილობდი, ეს ეჭვიანობა თავადვე გამეფანტა: მიდიოდა ერთი დღით, შემდეგ კი აუცილებლად უკან ბრუნდებოდა. კაცი თუ ყოველთვის თავისი სახლის კარს აგნებს, ე.ი. ყველაფერი კარგადაა. იცით, ჩემთვის გაუგებარია კაცისა და ქალის თანასწორობის საკითხი. არ შეიძლება, ქალისა და კაცის გათანაბრება. მაშინ, უნდა შემოვიღოთ წესად, რომ ერთდღიანი გართობა გათხოვილი ქალისთვისაც მიზანშეწონილი იყოს, მე კი ვფიქრობ, ეს საზიზღრობაა. თანაც, გარკვეულ საკითხებში, ქალი კაცზე ჭკვიანია, მეტი გონიერების გამოჩენა შეუძლია და ნაკლებადაა გრძნობებს აყოლილი. ქალი რომ აცდუნო, თუ თავად არ აქვს ამის სურვილი, ძალიან ძნელია, კაცის სხეული კი ისეა აწყობილი, რომ ყველაფერი გაცილებით იოლია. ქალი დედაა და არ შეიძლება, ყველა შემთხვევა წუთიერი სიამოვნებისთვის გამოიყენოს და მერე არ იცოდეს, სინამდვილეში ვინ არის მისი შვილის მამა. ქალისა და მამაკაცის ბუნება რადიკალურად განსხვავებულია და ამას თუ გავითავისებთ, უფრო მეტი ბედნიერი ოჯახი გვეყოლება საქართველოში.

რაც შეეხება სხვა საკითხებში თანასწორობას: ზოგჯერ იმაზე მეტის უფლებაც კი გვაქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია, მაგრამ მაინც ვამბობთ, რომ გვჩაგრავენ ჩვენი სქესის გამო. ვერ დავიჯერებ, რომ არ მოგწონთ, როცა კაცი გზას გითმობთ ან სკამს გთავაზობთ და თვითონ, შეიძლება ძალიან დაღლილიც კი, ფეხზე მდგარი ცდილობს, სახლამდე გაუძლოს მუხლის მოხრის ცდუნებას. ვერ დავიჯერებ, რომ არ მოგწონთ, როცა კაცი გემსახურებათ. მაშ, რაში გჭირდებათ ეს თანასწორობა? როცა თქვენც მოგიწევთ გზა დაუთმოთ ვაჟკაცს, როცა ვერ იგრძნობთ იმას, რომ ქალი ხართ და მაშასადამე, უპირატესი? თან, თანასწორუფლებიანობის გარეშეც, ვინ გართმევთ უფლებას, რომ იმუშაოთ, სახლი არ დაალაგოთ, საჭმელი არ მოამზადოთ და ა.შ. ვიცოდი, ოჯახში კაცი იყო მთავარი, მაგრამ ბევრჯერ, ჩემს ქმარს თავად მოუმზადებია კერძი, დაულაგებია სახლი... როცა წყვილს უყვარს ერთმანეთი, პატივს სცემენ ურთიერთს და ეს პატივისცემა ორივეს აიძულებს, ხელი შეუწყონ, დაეხმარონ ერთურთს ყველაფერში. ბევრჯერ, როცა ვიცოდი, რომ ძალიან დაღლილი ან უგუნებოდ იყო, მე წავსულვარ ბაზარში და მომითრევია საოცრად მძიმე ჩანთა, მაგრამ ამას ჩემი ქალურობა არ შეუბღალავს. სამაგიეროდ, ისიც მეხმარებოდა, როგორც შეეძლო და მე ამას ვუფასებდი. სახლს რომ ვაშენებდით, კაცივით, გვერდში ვედექი, ანუ სიტუაციის შესაბამისად ვიქცეოდით ყოველთვის და არასდროს, 60 წლის მანძილზე, ჩვენ შორის არ ყოფილა ისეთი დაძაბულობა, რომელიც დაგვაფიქრებდა, ცალ-ცალკე ცხოვრება ხომ არ ჯობიაო? ბედნიერი 60 წელი გავატარე მის გვერდით და მიხარია, რომ ჩემი შვილები ტრადიციას აგრძელებენ. საუკეთესო ქმრები არიან და მათი ცოლებიც ამართლებენ ჩემს იმედს.

- ალბათ, რძლებს ასწავლეთ და გაუზიარეთ წარმატების თქვენეული გამოცდილება...

- რა თქმა უნდა და კმაყოფილები არიან ახლა, როცა თავიანთ დაქალებს ან ახლობლებს იმავე სიტყვებს ეუბნებიან, რასაც მე ვეუბნებოდი მათ. კარგი მოსწავლეები გამოდგნენ, უდავოდ (იცინის). იცით, როცა ქალები გწერენ, ქმარი მცემსო, ცუდად მექცევაო, ყოველთვის მინდა ვუთხრა მათ, რომ კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს.

- მაგრამ თქვენ ძალიან ცდებით, ყოველთვის ცუდი ცხენობისთვის არ ხვდებათ მათრახი.

- არ მჯერა, რომ მოსიყვარულე ქმარს შეუძლია, ქალს ხელი მოუქნიოს. ეტყობა, არ უყვართ ერთმანეთი ან უყვარდათ და ქალმა ვერ შეძლო, თავისი ქცევით, ეს სიყვარული შეენარჩუნებინა.

- კი, მაგრამ სიყვარულისა და ოჯახის შესანარჩუნებლად მხოლოდ ქალმა რატომ უნდა იბრძოლოს?

- იმიტომ, რომ ეს გვევალება, როგორც ქალებს. ჩვენ ჩვენი ფუნქცია გვაქვს ოჯახში და დაკვირვებით, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრების პერიოდში. რატომ არის, რომ ოჯახის შექმნის დროს კაცი აუცილებლად გამოცდილი უნდა იყოს? იმიტომ, რომ სუსტი სქესი არ დატანჯოს. წარმოიდგინეთ, პირიქით რომ მოხდეს, ეს ხომ საშინელება იქნება? კაცი დომინანტია, ჩვენ კი ხელშემწყობები ვართ, ასეა ეს ქვეყანა მოწყობილი და გვინდა თუ არა, ქალებმა ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ სხვა მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელში ყველანაირი იარაღი საიმისოდ, რომ კაცები ჩვენი გუნების მიხედვით, ციბრუტივით ვატრიალოთ, უბრალოდ, ეს რომ მოხდეს, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრების მომენტში კაცის სუსტი წერტილი. გათხოვების შემდეგ ზოგი თმას რომ არ ივარცხნის, პირიქით, ამის შემდეგ უნდა იყო მუდამ გაპრანჭული, რომ ქმრისთვის ყოველთვის სასურველი იყო. დაღლილი რომ მოვა, კი არ უნდა ეწუწუნო და გუნება უფრო მეტად კი არ უნდა მოუშხამო, უნდა ეცადო, შინ შესულმა პრობლემები დაივიწყოს. კაცს სახლში უნდა მიეჩქარებოდეს, თორემ ისეთ პირობებს თუ შეუქმნის ცოლი ან სხვა ვინმე, რომ სახლისკენ გახედვაც კი ზარავდეს, ცხადია, ნერვებს აყოლილი, ხელსაც აღმართავს და სხვასთანაც გაიქცევა. კაცია, კაცები კი ძაღლებივით არიან: გრძნობებს აყოლილებს წამში შეუძლიათ იმის დანგრევა, რასაც წლების მანძილზე აშენებდნენ, მაგრამ თუ გრძნობენ, რომ ირგვლივ სითბო და მყუდრო გარემოა, თქვენს ყურმოჭრილ მონებად იქცევიან...

P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია