"წა­მი­კითხავს წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც გუ­ლა­მოს­კ­ვ­ნით მი­ტი­რი­ა" - გზაპრესი

"წა­მი­კითხავს წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც გუ­ლა­მოს­კ­ვ­ნით მი­ტი­რი­ა"

დღეს მეგობრების რჩევებს ითვალისწინებს. თანამშრომლები ხშირად ერთმანეთში წასაკითხ ნაწარმოებებს ცვლიან და მერე შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ. წიგნებთან ხელმეორედ მიბრუნებაც სჩვევია. უყვარს დოსტოევსკის, შექსპირის, გალაკტიონის და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება.

- მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად რეპეტიციებზე ყოფნა მიწევს და ხშირად გასტროლიც გვაქვს, მხატვრული ლიტერატურისთვის დროის გამონახვას მაინც ვახერხებ. რეპეტიციებს შორის 1 ან 2-საათიანი შუალედი ჩემთვის წიგნების წასაკითხად საუკეთესო დროა. გასტროლზე ყოფნისას მიყვარს კითხვა, მით უმეტეს მგზავრობისას, როცა დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი.

ამჟამად არაფერს ვკითხულობ, ვთხოვდები და მთლიანად საქორწილო სამზადისზე ვარ გადართული. არ მიყვარს, როცა წიგნს იწყებენ და შუა გზაში ტოვებენ. მე თუ ვიწყებ, აუცილებლად მალე უნდა დავასრულო.

წიგნების გმირები, ამ ქალაქში ჩვენთან ერთად რომ დადიოდნენ, რომელთან ვიმეგობრებდი, არასდროს მიფიქრია. ძალიან ბევრი საინტერესო ტიპაჟია, ხშირად წარმომიდგენია, ამა თუ იმ გმირის ადგილზე თავად როგორ მოვიქცეოდი. დოსტოევსკის შემოქმედება ძალიან მიყვარს, ანა კარენინას და ძმებ კარამაზოვებს დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ვიმეგობრებდით.

გაცილებით რთული სათქმელია, მამაკაცი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა. ჩემს მეორე ნახევრად ვერც ერთ პერსონაჟს ვერ წარმოვიდგენ.

წიგნის კითხვის დროს იქ აღწერილ სიტუაციას, როგორც ფილმს, ისე ვხედავ. გმირები ჩემს წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ მათ შორის მამაკაცის იდეალი არ დამინახავს. რომეოსაც ვერ დავასახელებ, მიუხედავად იმისა, რომ შექსპირი და მისი "რომეო და ჯულიეტას" ამბავი ძალიან მიყვარს. დიდი სურვილი მაქვს, ოდესმე სცენაზე ჯულიეტას როლი შევასრულო.

საკუთარი თავი არც ერთი პერსონაჟისთვის არ მიმიმსგავსებია, მაგრამ საერთო პიროვნულ თვისებებს ძალიან ბევრ პერსონაჟთან ვპოულობ.

ბოლოს "ნაზია ღამე" წავიკითხე, ამ ნაწარმოებში არის მთავარი პერსონაჟი, ერთი შეხედვით ძალიან რაციონალური, გაწონასწორებული, მაგრამ მეორე მხრივ მას აქვს აფექტური ხასიათი. რაღაც მომენტში, ამ პერსონაჟს საკუთარი თავი იმდენად მივამსგავსე, ცოტათი გამიკვირდა კიდეც.

ყველა წიგნსა და ავტორს თავისი ასაკი აქვს. "დიდი სახლის პატარა დიასახლისი" ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი იყო.

წიგნის კითხვისას ხმაური ძალიან მაწუხებს. მართალია, უმეტესად მგზავრობის დროს ვკითხულობ, მაგრამ ჩემთვის წიგნის კითხვისთვის იდეალური ადგილი ბუნებაში ყოფნაა, ჰამაკში ჩავწვებოდი და... სამწუხაროდ, ამის ფუფუნება აღარ მაქვს.

წიგნის კითხვის დროს არაერთხელ მიტირია. მგონია, რომ ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, გარშემო მყოფებიც ასე მახასიათებენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ემოციურობა მომეძალა. წამიკითხავს წიგნები, რომლებზეც გულამოსკვნით მიტირია, მაგალითად "პიეს, მე შენ მიყვარხარ", ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმიც არის გადაღებული, მაგრამ ჯერ წიგნი უნდა წაიკითხო და ფილმი მერე ნახო. მე ჯერ გერმანულად წავიკითხე, მერე ქართულად და ორივეჯერ ბევრი ვიტირე.

- რომელი იმპრესიონისტი მხატვრის შთაგონების წყარო იყო ბალეტი?

- ედგარ დეგას.

- 1824 წელს, პარიზში გამოვიდა ფრანგი დედოფლის, მარია ანტუანეტას მოდელიერი ქალის, მადმუაზელ ბეხტეინის მემუარები. რომელი ფრთიანი გამონათქვამის ავტორი გახდა ის მას შემდეგ, რაც დედოფლის ძველი კაბა განაახლა?

- ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

- რომელი ცნობილი მწერალი წერდა: "ჩემი ცნობილი დეტექტიური რომანების სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვის დროს ვიფიქრებ. ეს ისეთი სულელური საქმეა, რომ ძალაუნებურად მოდის თავში აზრები მკვლელობაზე".

- აგათა კრისტი.

- დაასრულე მონიკა ბელუჩის ცნობილი გამონათქვამი: "სილამაზე ქალისთვის პრობლემად გადაიქცევა მხოლოდ ორ შემთხვევაში: როდესაც ის არ გაქვს, ან..."

- გაქვს.

- "...მის გარდა არაფერი გაქვს".

- ო, ლოგიკური დასასრულია.

- რომელი ქართველი მწერლის სახლ-მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი კახეთში, ქართლსა და დედაქალაქში?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ: ის წმინდანადაა შერაცხილი.

- ილია ჭავჭავაძის.

- "ქალია დილა,/ მიწა - ქალი,/ საღამო - ქალი./ წვიმა ქალია,/ ყველაფერი ქალივით მიყვარს/ და როცა ვინმე,/ ჩემზე უფრო ადიდებს დილას,/ ასე მგონია, მე რომ მიყვარს,/ მართმევენ იმ ქალს". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- მუხრან მაჭავარიანი. მას ვიცნობდი, ერთმანეთს სუფრასთანაც შევხვედრივართ. ძალიან სიტყვაძუნწი იყო, მაგრამ საოცრად დადებითი აურა ჰქონდა.

- მოგზაურობა გიყვარს?

- ხშირად მიწევს.

- 1972 წელს ერთმა ბიჭმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ საამისოდ თანხა არ ჰქონდა და სთხოვდა დახმარებოდა. ლენონმა მისწერა, დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ, ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოსახვაში. გავიდა ძალიან ცოტა ხანი და ამ ბიჭმა სამოგზაურო ფული იშოვა. როგორ?

- ლენონის დახმარებით იშოვა?

- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ მას თანხა არ მიუცია.

- აზრი გაყიდა მედიტაციაზე?

- ცდები. გაყიდა, მაგრამ რა?

- ლენონის წერილი?

- დიახ. საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო რთულია, ვიდრე ნავთობის. რაზეა ლაპარაკი?

- სასმელ წყალზე.

- ბერძნულ მითოლოგიაში რომელი მცენარე ითვლება ქორწინების სიმბოლოდ?

- არ ვიცი.

- ბროწეული. დღე-ღამის განმავლობაში როგორი საათი უჩვენებს სწორ დროს ორჯერ?

- (იცინის) გაჩერებული.

- "იაგუარი", "ბენტლი", "როლს-როისი", "ლენდ როვერი" - რომელი ქვეყანა აწარმოებს ამ ავტომობილებს?

- არ ვიცი.

- ინგლისი. რა ჰქვია ლომების გუნდს?

- არ ვიცი.

- პრაიდი. ვინ ითვლება ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლად?

- მელიტონ ბალანჩივაძე.

- "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ-მასკარადი" - ვინ არის ამ ცნობილი ოპერების ავტორი?

- ჯუზეპე ვერდი.

- რა ფერის თმა აქვს მალვინას "ბურატინოს თავგადასავალში"?

- ცისფერი.

- რა ნათესაური კავშირი არსებობდა ქართლის მეფე ლუარსაბსა და გიორგი სააკაძეს შორის?

- ვერ გეტყვი.

- მეფეს სააკაძის და ჰყავდა ცოლად.

- როგორ მეტყობა, რომ აქ არ მისწავლია, გერმანიაში ვსწავლობდი.

- რომელ ქვეყანაში გამოიგონეს დომინო?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ: გერმანიასთან ახლოსაა.

- ვერ გიპასუხებ.

- საფრანგეთში. "ყურადღება, თქვენ გელით აქამდე არნახული სანახაობა". ამ სარეკლამო აბრის წყალობით, ფილმის პროდიუსერებმა დიდი შემოსავალი ნახეს. ეკრანზე ნაჩვენები იყო "ჯაზის მომღერალი", რომელიც 1927 წელს გამოვიდა. რით იყო ეს ფილმი მნიშვნელოვანი?

- პირველი ხმოვანი ფილმი იყო.

- ფრიდრიხ შილერის კალამს ეკუთვნის შესანიშნავი დრამა "ორლეანელი ქალწული". ვინ არის ცნობილი ორლეანელი ქალწულის სახელით?

- ჟანა დ"არკი.

- დაასახელე ამერიკის ქალაქი, რომელიც გადმოცემით განგსტერებმა დააარსეს და დღეს კაზინოებისა და საქმიანი შეხვედრების ადგილად არის ცნობილი.

- ლას-ვეგასი.

- ხელოვნების რომელი სფეროს წარმომადგენლებს აჯილდოებენ გრემით?

- მუსიკოსებს.

- დაასახელე ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია. ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვენაში.

- მოცარტი.

- ბახი არანაკლებ განთქმული იყო სხვა სფეროში. მან თავისი გატაცების შესახებ წიგნიც კი შექმნა, რომელმაც დახმარება ბევრ რომანისტს და დრამატურგს გაუწია თავისი გმირების ასეთივე გატაცებით აღწერაში. რით იყო ბახი გატაცებული?

- არ ვიცი.

- ბანქოს თამაშით. ის პირველად ძველ ეგვიპტეში გვხვდება, მისი ტარება ფარაონებისა და მათთან დაახლოებული პირების პრივილეგია იყო. ძველ საბერძნეთში კი მისი ტარება ნებადართული იყო ყველა ზრდასრული ადამიანისთვის, გარდა მონებისა, რაზეა ლაპარაკი?

- რამე აქსესუარია? ჩვენც ვატარებთ?

- ამ რაღაცის გარეშე სახლიდან არ გავდივართ.

- მგონი ფეხსაცმელზეა ლაპარაკი, გამოვიცანი?

- დიახ. დაბოლოს, დაასრულე ოვიდიუსის ცნობილი გამონათქვამი: "ქალთა უმრავლესობა თეატრალურ სანახაობაზე მხოლოდ იმიტომ დადის, რომ თავად გახდეს..."

- ვერ დავასრულებ.

- "...თავად გახდეს სანახაობა".