ქართველი მხატვარი, რომელიც საკუთარ ქელეხზე თამადობას გეგმავს - გზაპრესი

ქართველი მხატვარი, რომელიც საკუთარ ქელეხზე თამადობას გეგმავს

"ახლა ხუმრობით ერთი რამ მოვიფიქრე: სადღეგრძელოებს ვწერ... მე სიკვდილსაც ვაშაყირებ და მეცინება, როდესაც მეუბნებიან, ასი წელი უნდა იყოო... ყველაფერი იუმორია, სიკვდილიც კი! მთავარია, ახალგაზრდები არ წავიდნენ იმ ქვეყნად, ეს უდიდესი ტრაგედიაა! სადღეგრძელოებს იმიტომ ვწერ, რომ მსურს, თამადა ვიყო ჩემს ქელეხზე. ეკრანი იქნება დამონტაჟებული და იქიდან მოვუწოდებ ხალხს - "ახლა მაინც მომისმინეთ, მკვდარი ვარ!"... - ამბობს ცნობილი მხატვარი მურაზ მურვანიძე... იგი ქართული სუფრის ტრადიციებზე გვესაუბრა...

- სუფრა არ მიყვარს აკადემიური, მე შემოქმედებითი სუფრა მიყვარს... მახსოვს, ჩემს ოჯახში საოცარი სუფრები იშლებოდა, სადაც არაჩვეულებრივი საზოგადოება იკრიბებოდა. ბაბუაჩემი მათემატიკოსი გახლდათ, რომელიც წიგნებს წერდა სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. თან ძალიან კარგად მღეროდა და ამიტომაც, მის ირგვლივ სულ მათემატიკოსები და მუსიკოსები იკრიბებოდნენ... ბრწყინვალე პიროვნებები იყვნენ, ნამდვილი ინტელიგენცია... ჯერ "აპერიტივით" იწყებდნენ - სამი პატარა არყის ჭიქა, შემდეგ გადადიოდნენ გადასარევ ღვინოზე და იყო საუბარი, შთაბეჭდილებებისა და სიახლეების ერთმანეთისთვის გაცნობა... იმ სუფრებიდან მთვრალი არავინ მახსოვს...

- საუკეთესო თამადებიდან ვინ გახსენდებათ?

- ბაბუაჩემი, ნიკო გიორგობიანი საკმაოდ კარგი თამადა იყო. სხვებს ბევრს ვერ ვიხსენებ, რადგან სუფრებზე ხშირად არ ვიყავი. დიდუბელი ბიჭი გახლდით და სხვა გატაცებები მქონდა... ბავშვობიდან კარგი თამადა მახსოვს ასევე როინ ბაშალეიშვილი. ჩვენს უბანში იყო დათო აფაქიძე, არაჩვეულებრივი თამადა... ახლა კი ჩემს სამეგობროში არიან ძალიან კარგი თამადები: თამაზ ტყემალაძე, ელდარ ნადირაძე...

- ბადრი პატარკაციშვილთან მეგობრობდით... ამბობენ, კარგი თამადა იყო...

- ბადრისთან მე ვიყავი ხშირად თამადა. რუსი სტუმრები რომ ჩამოდიოდნენ, ყოველთვის მირეკავდა - ბორის ბერეზოვსკი ჩამოვიდოდა თუ ანდრეი კანჩალოვსკი, თამადა მე გახლდით... მე არასოდეს ვიცავ გარკვეულ და მოგონილ წესებს. მოდაში შემოვიდა, ყველამ ერთი და იგივე გაიმეოროს. არ მიყვარს თუთიყუშები. მიყვარს შემოქმედი ხალხი და მიმაჩნია, რომ რიგითობამ კი არ უნდა მოიტანოს სადღეგრძელოები, არამედ მოვლენამ, შემთხვევამ ან ვინმეს მონაყოლმა... სუფრა აუცილებლად ინტერპრეტაციაზე უნდა იყოს დაფუძნებული და მხოლოდ მაშინ არის საინტერესო... სულ ერთი და იგივე რომ გესმის, მერე დგები სუფრიდან... ეს არის სიმახინჯე და დაცემა ჩვენი ერის!

- როგორ ახერხებთ, ხმაური რომ არ იყოს სუფრაზე?

- ჩემს სუფრაზე ხმაური არ არის... საქართველოში ზრდილობის ძალიან დიდი დეფიციტია და მოსმენის კულტურა თითქმის არ არსებობს! თითქმის ყველა ერთად საუბრობს და ამიტომ სუფრებზე ძალიან იშვიათად დავდივარ. თამადობასაც არავითარ შემთხვევაში არ ვთანხმდები, თუ დიდი სუფრაა... მიმაჩნია, რომ დიდი სუფრა საჩემო არ არის. კამერული სუფრა უნდა იყოს - 10-15 ადამიანი. ბოლო დროს კიდევ კარგი წესი შემოვიდა, ერთი მთლიანი სუფრა რომ აღარ არის და დაყოფილია რამდენიმედ. ბევრისგან ისმის, ეს ქართული არ არისო, მაგრამ რაც სილამაზეა, ის არის ქართული! მე ახლა დაწყებული მაქვს ნახატი: თამადა დგას და საუბრობს, რომელსაც კაციშვილი არ უსმენს! ზოგი მთვრალია, ზოგი ჩხუბობს, ზოგსაც აღარაფერი აინტერესებს და როგორც ბოქსშია, რაუნდებს შორის შიშველი ქალბატონი რომ მოდის და მოაქვს აბრა "პირველი რაუნდი", "მეორე რაუნდი"... ასე მოდის სუფრასთან შესანიშნავი ქალბატონი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს, არის ჩხუბი და დავიდარაბა და ამას აბრა მოაქვს, რომელზეც წერია - "მოუსმინეთ თამადას!"... ძალიან სასაცილო სურათი გამოდის, დღევანდელი ჩვენი სუფრაა გაშარჟებული.

- სოფლებში გლეხებთან ერთად მოლხენა გიყვართ?

- ძალიან მიყვარს... მე საერთოდ გლეხები მიყვარს, თუ ნამდვილი გლეხები არიან! დღეს იშვიათად ნახავ ნაღდ გლეხს, მუშას, ინტელიგენტს... არაფერი სჯობს, სოფელში უბრალო ადამიანებთან ერთად მოლხენას! ძალიან მიყვარს კახეთში ასეთი სუფრები, რადგან ძალიან კარგი მოლხენა იციან! გურიაში მიყვარს, რადგან გურული ვარ და იქ საოცარი იუმორია... ძალიან მიყვარს სუფრა ქუთაისში!

- როგორ უყურებთ სერვისს - "თამადა გამოძახებით"?

- კი ბატონო იყოს, დიდ სუფრას მორევა უნდა! პროფესიად გადაიქცა დღეს თამადობა! მართლაც პროფესიონალები არიან, რადგან დიდი ნიჭია ამხელა სუფრების მოვლა, დისციპლინა და საინტერესოდ წაყვანა... ბარაქალა მათ ნიჭს! იუმორით გეტყვით, მხატვარი რომ არ ვიყო, ამ პროფესიით დავკავდებოდი. მიმაჩნია, რომ ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში უნდა იყოს! გადაიხდიან ხუთასკაციან ქორწილს და ნახევარ წელიწადში წყვილი ერთმანეთს შორდება... ქორწილი ძალიან მყუდრო უნდა იყოს, მხოლოდ ახალშეძენილი ახლობლებისა და უახლოესი მეგობრებისთვის... ძალიან მინდოდა, სილამაზე შემეტანა ქორწინების რიტუალში... მთაწმინდაზე მსურდა ვაშლის ფორმის ნამუშევრის დადგმა, რომელიც შვიდ-ნახევარი მეტრია. მთლიანად შუშაა, აჟურული მაქმანებით, იატაკიც შუშაა... შევლენ წყვილები, ლამაზი მუსიკის ფონზე, ზემოდან ჩამოდის სიყვარულის სიმბოლო - ამური, რომელსაც ხელში სიყვარულის ისარი (ვერცხლი მოოქრული) უჭირავს... ამ ისარში არის კალამი, რომელსაც გამოართმევენ გოგო-ბიჭი და ხელს მოაწერენ. წყვილს კალამი საჩუქრად გადაეცემა... ფსიქოლოგიურად განმტკიცებაა ახალი ოჯახისთვის ასეთი ლამაზი რიტუალი... ეს საკითხი დავაყენე, ბადრი პატარკაციშვილს ძალიან მოეწონა, მაგრამ შემდეგ მასზე სხვამ მოახდინა გავლენა და არ განხორციელდა.

- რატომ არ მოგწონთ საქართველოში ქელეხის სუფრა?

- ეს კიდევ უფრო დიდი საშინელებაა... დავიწყოთ სასაფლაოების კულტურიდან. რომელიმე ქვეყანაში რომ ჩავდივარ, უპირველეს ყოვლისა, სასაფლაოზე მივდივარ. იქ ყველაზე მეტად ჩანს, როგორია ერის შეგნება! არსად ხდება სასაფლაოზე მისასვლელი გზა არ დატოვონ!M მხოლოდ ჩვენთან ასაფლავებენ მიცვალებულს გზის ხარჯზე... ახლა ვიყავი ერევანში, სადაც მთავარ პანთეონში ცნობილი მომღერლის ძეგლზე ვმუშაობ... გაოცებული დავრჩი, იმდენად ფართო გზაა დატოვებული საფლავებს შორის. უზარმაზარი ქელეხები ბოლოს აუცილებლად ღრეობაში გადადის. Aამიტომაც ქელეხზე არასოდეს ვრჩები. ახლა ხუმრობით ერთი რამ მოვიფიქრე: სადღეგრძელოებს ვწერ... მე სიკვდილსაც ვაშაყირებ და მეცინება, როდესაც მეუბნებიან, ასი წელი უნდა იყოო... ყველაფერი იუმორია, სიკვდილიც კი! მთავარია, ახალგაზრდები არ წავიდნენ იმ ქვეყნად, ეს უდიდესი ტრაგედიაა!სადღეგრძელოებს იმიტომ ვწერ, მსურს, თამადა ვიყო ჩემს ქელეხზე. ეკრანი იქნება დამონტაჟებული და იქიდან მოვუწოდებ ხალხს - "ახლა მაინც მომისმინეთ, მკვდარი ვარ!" მინდა, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც იცინოს ხალხმა... ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს და ზედმეტად არაფერს უნდა მოვეპოტინოთ.

- ქართულ სუფრას რომ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამ მოვლენას როგორ შეხვდით?

- იმ სუფრებზე, სადაც მე ვარ ხოლმე, რასაკვირველია, ის ქეიფი მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძია... თუმცა, უცხოელი ვერ მიხვდება, რატომ მიანიჭეს იმ ღრეობას კულტურული ძეგლის სტატუსი, რომელიც ხშირად არის ხოლმე დიდ სუფრებზე. ერთეულებია ისეთი გამორჩეული, კოტე მახარაძის სუფრა რომ იყო... მთელ მსოფლიოში გამორჩეული სუფრები საქართველოში მინახავს. რასაკვირველია, სხვა ქვეყნებში თავიანთი სილამაზე აქვთ, ისეთი რამეები, რაც ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ბოლო დროს ტრანსფორმაციას განიცდის ქართული სუფრაც, შეგნებულ და განათლებულ წრეებშიც.

- რა გახსენდებათ სუფრიდან განსაკუთრებული, რომელიც მთელი ცხოვრება მეხსიერებაში დაგრჩათ?

- პარიზში ძალიან ვმეგობრობდი და ფაქტობრივად ჩემი მეორე მამა იყო - ვიქტორ ხომერიკი. სპექტაკლი "ვეფხისტყაოსანი" გავაფორმე, რომელმაც პარიზში დიდი წარმატებით ჩაიარა... სპექტაკლზე მთლიანად ქართული დიასპორა იყო მოსული და თავიანთ სახლებში მეპატიჟებოდნენ. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ქართული რესტორანი "ოქროს საწმისი". ამ რესტორნის მეპატრონეები ძმები, აპოლონ და თათარხან მიქაძეები იყვნენ. აპოლონთან ვიყავი დაბადების დღეზე, ასი წლის რომ გახდა. თავად ნიცაში ცხოვრობდა, უშველებელი ამერიკული მანქანა ჰყავდა და პარიზში რომ ჩამოვიდა, საჭესთან თავად იჯდა ასი წლის იუბილარი... ხუმრობდა, - რა გინდათ პარიზში, ნიცაში სანაპიროზე ისეთი ლამაზი ქალები დადიანო... ამ ხალხთან ქეიფს არაფერი სჯობდა. ყოველდღე ორ საათზე მეგობრული სადილი იყო - ლობიო, მწვანილი, ფრანგული ღვინო, რომელიც გემოთი ქართულის გამოძახილი იყო. სასწაული საზოგადოება იკრიბებოდა... ყველაფერს ვიდეოზე აღვბეჭდავდი, მაგრამ ერთხელ ვიღაც შემოვიდა და ჩემზე თქვა, - "კაგებეს" აგენტი იქნებაო. მე პარტიის წევრიც არ ვყოფილვარ არასოდეს და ბუნებრივია, ამ სიტყვებზე გავცოფდი. ნაცვლად იმისა, იმ ვაჟბატონისთვის ჭკუა მესწავლებინა, გაბრაზებულმა კამერა დავახეთქე, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. უნიკალური კადრები დამეკარგა... სულ ნოსტალგიით ვიგონებ იმ წარჩინებულ საზოგადოებას. მახსოვს, ერთი ემიგრანტი ჰყვებოდა, ქართველი მოვიდა და მთხოვა, აქ დავრჩებიო. გავუბრაზდი, - ჩვენ მოგვდევდნენ და იმიტომ დავრჩით აქ, თორემ ნეტავ ახლა საქართველოში გადამახედაო... ძალიან ენატრებოდათ თავიანთი სამშობლო, შემონახული ჰქონდათ ტრადიციები და საოცრად ქართული ატმოსფერო სუფევდა შუა პარიზში, მათ გვერდით.

მანანა გაბრიჭიძე