ფა­რა­ო­ნის სა­მარ­ხის წყევ­ლა - გზაპრესი

ფა­რა­ო­ნის სა­მარ­ხის წყევ­ლა

თავის დროზე, მთელი მსოფლიოს არქეოლოგები ააფორიაქა ცნობამ იმის თაობაზე, რომ გიზაში, სადაც დიდ პირამიდაში, გადმოცემის თანახმად ფარაონ ხეოფსის მუმიფიცირებული ცხედარი უნდა განისვენებდეს, აღმოჩენილია საიდუმლო ოთახი-კამერა, სადაც ჯერჯერობით შესვლა ვერ მოხერხდა. შესვლის მცდელობას კი რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

"უფალო, შენ დაგვიფარე განსაცდელისაგან, - ამბობდა არქეოლოგი ედვინ სტოუნმეიერი, - თუკი 4500 წლის წინანდელი ფარაონის განსასვენებელს მაინც გახსნიან. ჩემი აზრით, უმჯობესი იყო, საერთოდ ვერ აღმოეჩინათ ეს სამარხი".

რამდენიმე წლის წინ, გიზაში შემზარავი მოვლენების ჯაჭვი დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა ორმა ფრანგმა ეგვიპტოლოგმა ხეოფსის პირამიდის (ელინისტურმა სამყარომ გიზაში არსებული პირამიდები, მათ შორის ყველაზე უდიდესია ხეოფსის პირამიდა, "სამყაროს შვიდ საოცრებას" მიაკუთვნა) შიგნით, საიდუმლო ოთახი-კამერისკენ მიმავალი, მანამდე უცნობი, კამაროვანი დერეფანი აღმოაჩინა. ამ ფაქტის ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ეგვიპტის ძეგლთა დაცვის უმაღლესმა საბჭომ განგაშის ზარს შემოჰკრა. როგორც ცნობილია, ეგვიპტის სახელმწიფო კანონმდებლობით კატეგორიულად აკრძალულია პირამიდებში აღმოჩენილი მუმიფიცირებული ცხედრების ხელყოფა. სინამდვილეში კი, ამ აკრძალვას ცოტა ვინმე თუ უწევს ანგარიშს.

მოყვარულმა არქეოლოგებმა: ჟილ დორმიონმა და ჟან-ივ ვერდიურმა ზემგრძნობიარე რადარისა და ეგვიპტოლოგთა პროფესიონალური ცოდნის გამოყენებით, აღმოაჩინეს, რომ ეგრეთ წოდებული დედოფლის კამერის ქვეშ მდებარეობდა კიდევ ერთი კამერა, რომლის შესასვლელი დერეფანიც გრანიტის ბლოკებით იყო ამოქოლილი. მათი აზრით, სწორედ იქ განისვენებს ფარაონ ხეოფსის, უფრო სწორედ კი - ხუფუს მუმიფიცირებული ცხედარი. ადამიანები ათასწლეულების მანძილზე ამაოდ ცდილობდნენ ამ განსასვენებლის პოვნას. სავარაუდოა, რომ ბოლოს და ბოლოს, ფარდა აეხდება ეგვიპტის მბრძანებლის საფლავის საიდუმლოს.

ლეგენდის თანახმად, თუკი ოდესმე ვინმე ფარაონ ხუფუს ცხედრის ხელყოფას გაბედავს, კაცობრიობის ისეთი საშინელი განსაცდელი დაატყდება თავს, რომელთან შედარებითაც არაფერი იქნება ისტორიულ წარსულში გადატანილი ომები და უბედურებები.

"ის ყოველივე, რაც დაუყოვნებლივ მოჰყვა აკლდამის აღმოჩენასთან დაკავშირებულ ხმებს, - განაგრძობს არქეოლოგი სტოუნმეიერი, - ადასტურებს იმ ხიფათის არსებობას, რაც ფარაონის საფლავის საიდუმლოს გამჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს".

ხმების გავრცელების შემდეგ, ხელისუფლებამ პირამიდის დასაცავად შეიარაღებული დაცვა დააყენა, მაგრამ თავგადასავლების მაძიებლები თუ თავზე ხელაღებული მაროდიორები, რომლებმაც სამეფო საგანძურით ხელის მოთბობა გადაწყვიტეს, არც დაცვას შეუშინდნენ... მალე დაცვამ გრანიტის კედლის სანგრევი ბურღებით შეიარაღებული სამი მძარცველი დააკავა და ციხეში, გისოსებს მიღმა მიუჩინა მათ ადგილი. დილით, ციხის კამერაში სამივე მკვდარი იპოვეს. გარდაცვლილებს ლამის ბუდიდან ჰქონდათ თვალები გადმოცვენილი. ექიმ-პათოლოგანატომმა დაასკვნა, რომ ისინი გულის უკმარისობით გარდაიცვალნენ. გასაოცარი კი ის არის, რომ არც ერთ მათგანს არასოდეს აწუხებდა გული და თანაც, სამივე ახალგაზრდა ასაკის - ოც წელს ცოტათი იყო გადაცილებული.

ორი კვირის შემდეგ, საბედისწერო სამარხის მახლობლად, კიდევ ოთხი მძარცველის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც დინამიტითა და ალპინისტური ნაჯახებით იყვნენ შეიარაღებულები. მათი გასივებული, უფორმო მასად ქცეული ცხედრები შემზარავი სანახავი იყო, სახე კი ოთხივე მათგანს არაბუნებრივად გასჭარხლებოდა. გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა, რომ კობრას შხამი გახლდათ მათი სიკვდილის მიზეზი. კობრას ვერსად მიაგნეს, მით უმეტეს, რომ პირამიდებში არც ადრე შეუმჩნევია ვინმეს ქვეწარმავლები.

რამდენიმე კვირის შემდეგ, უკვე პირამიდის გარეთ აღმოაჩინეს კიდევ ხუთი ბოროტმოქმედის ცხედარი. როგორც ჩანს, ისინიც ფარაონის სამარხის ხელყოფის მცდელობისთვის დაისაჯნენ. ცხედრებს არაბუნებრივად გადმოკარკლული თვალები და გატეხილი თავები ჰქონდათ. თავზე მიყენებული ჭრილობები კი იმაზე მიანიშნებდა, თითქოს სიკვდილის წინ ამ ადამიანებმა თავად ურტყეს კედელს თავი.

"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათ რაღაც საოცრად შემზარავი რამ ნახეს, რამაც მათ გულები დაუხეთქა", - ამბობდა შემთხვევის ადგილზე მისული ერთ-ერთი სასამართლო ექსპერტი.

მართალია, ფარაონის მუმიამდე მიღწევა ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი წყევლა ამოქმედდა.